X

რონდელის ბლოგი

საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?

2019 / 11 / 25

ვლადიმერ პაპავა, პროფესორი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

თანამედროვე მსოფლიოში შეუძლებელია მოიძებნოს ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის მეტ-ნაკლებად მწვავე დაპირისპირება ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებლებსა და მეცნიერ-ეკონომისტებს შორის. გამონაკლისი არც პოსტკომუნისტური საქართველოა. ამ ვითარებაში პასუხი უნდა გაეცეს იმ კითხვას, თუ რის გამო წარმოიქმნა ეს კონფლიქტი.

პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა არც თუ იშვიათად არა მარტო დაცილებულია ეკონომიკურ მეცნიერებებს, არამედ, ცალკეული შემთხვევებში, ეწინააღმდეგება კიდეც მის ელემენტარულ დებულებეს. ასეთ ეკონომიკურ პოლიტიკას კი, რომელიც არ არის ეკონომიკურ მეცნიერებასთან შესაბამისობაში “არაეკონომიკურ ეკონომიკურ პოლიტიკას”, ანუ, შემოკლებით “არაეკონომიკურ პოლიტიკას” ვუწოდებთ.

იმისთვის, რომ გავერკვეთ, თუ რა არის არაეკონომიკური პოლიტიკის გაბატონების ძირითადი წყარო, საჭიროა განვიხილოთ სამი ტიპი:

პირველი ტიპის არაეკონომიკური პოლიტიკის დროს ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები არ ითვალისწინებენ ეკონომიკური მეცნიერების მიერ შექმნილ ცოდნას;

მეორე ტიპის არაეკონომიკურ პოლიტიკას მაშინ აქვს ადგილი, როცა ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები ითვალისწინებენ ეკონომიკური მეცნიერების მიერ შექმნილ ცოდნას, თუმცა თავადვე ეს ცოდნა თავად არის მცდარი;

მესამე ტიპის არაეკონომიკურ პოლიტიკას კი წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა რომელიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა ჯერჯერობით შესწავლილი არ აქვს ეკონომიკურ მეცნიერებას, ამიტომ ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, ძალიანაც რომ უნდოდეთ, მაინც ვერ გამოიყენებენ ჯერ არ არსებულ ცოდნას.

თავის მხრივ, პირველი ტიპის არაეკონომიკური პოლიტიკა შესაძლოა გამოწვეულ იყოს შემდეგი მიზეზებით:

  • ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელები არ არიან პროფესიონალი ეკონომისტები ან არიან ძალზედ დაბალკვალიფიციური ეკონომისტები და, შესაბამისად, ჯეროვნად არ იცნობენ ეკონომიკური მეცნიერების არა მარტო მიღწევებს არამედ, ხანდახან მის საფუძვლებსაც კი;
  • ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელები შეიძლება იყვნენ საკმაოდ კვალიფიციური ეკონომისტები, მაგრამ არანაირად არ აწყობდეთ ეკონომიკურ პოლიტიკაში ეკონომიკური მეცნიერების მიღწევების ასახვა.

საყურადღებოა, რომ არც თუ იშვიათად, პოლიტიკოსები ქვეყანას უყურებენ როგორც კომპანიას, რის გამოც ითვლება, რომ ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ თანამდებობებზე უნდა დაინიშნონ მენეჯერები და არა პროფესიონალი ეკონომისტები ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის პოლ კრუგმანის ცნობილ სტატიაში „ქვეყანა არ არის კომპანია“ თვალნათლივ არის ნაჩვენები ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ქვეყანასა და კომპანიას შორის პრინციპული ხასიათის განსხვავებაა, სამწუხაროდ, პოლიტიკოსების დიდ ნაწილს გაცნობიერებული არ აქვს. სინამდვილეში მენეჯერების (რომ არაფერი ვთქვათ თავად ბიზნესმენებზე) ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ ბიზნესშია.

როცა ეკონომიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე მმართველ პირებს არ აქვთ სპეციალური ეკონომიკური განათლება, მათი ეს მდგომარეობა, როგორც წესი, კომპენსირდება იმ პირების პროფესიონალიზმით, რომლებიც ამ მმართველი პირებისათვის ამზადებენ გადაწყვეტილებების პროექტებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც სავსებით შესაძლებელია ისეთი სიტუაცია შეიქმნას, როცა მმართველი პირები მათთვის მომზადებული ხსენებული პროექტების მიუხედავად გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელებენ მისი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით.

მაშინაც კი, როცა ეკონომიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე მმართველ პირებს აქვთ სპეციალური ეკონომიკური განათლება, ხშირია შემთხვევები, როცა ისინიც გადაწყვეტილების მიიღებისას ხელმძღვანელობენ არა იმდენად ეკონომიკური მეცნიერების მიერ დაგროვილი ცოდნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით.

ეს ფენომენი, როცა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისას ეკონომიკურ მეცნიერებასთან შედარებით პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ენიჭება უპირატესობა ახსნილია საყოველთაოდ ცნობილი „საზოგადოებრივი არჩევანის“ თეორიის მიერ.

მეორე ტიპის არაეკონომიკური პოლიტიკის გამომწვევი მიზეზი თავად ეკონომიკური მეცნიერების მიერ დაშვებული შეცდომებია. ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეფ სტიგლიცის თანახმად, ამის თვალსაჩინო მაგალითია 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი. კერძოდ, ეკონომიკური მეცნიერების მიერ ეკონომიკის რეგულირებისადმი შემუშავებული მიდგომები, სამწუხაროდ, მცდარი აღმოჩნდა ეკონომიკურ მეცნიერებასა და ეკონომიკურ პოლიტიკას (უფრო ზუსტად, კი საჯარო პოლიტიკას) შორის მიმართება შეიძლება შევადაროთ ბიოლოგიასა და მედიცინას, ან ფიზიკასა და ინჟინერიას შორის არსებულ კავშირს, რის საფუძველზეც კეთდება დასკვნა, რომ, თუ რაიმე შეცდომა იქნა დაშვებული მედიცინაში, ეს ბიოლოგიის ბრალი არ არის, ისევე როგორც ინჟინერიაში დაშვებული შეცდომის გამო ფიზიკის დადანაშაულება გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ამგვარი ინტერპრეტაცია აშკარად არ არის მართებული, რადგანაც თუ შეცდომის სათავე, მაგალითად, ბიოლოგიაში აღმოჩნდა, ის შესაბამისად აისახება მედიცინაშიც.

მესამე ტიპის არაეკონომიკური პოლიტიკის თვალსაჩინო მაგალითია მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზროზე გადასვლა, შესაბამისი ეკონომიკური თეორიის არ არსებობის პირობებში.

არანაკლებ საყურადღებოა კრიპტოვალუტის მსოფლიოში გავრცელების ფენომენი, ისე, რომ ეკონომიკურ მეცნიერებას მის შესახებ მეტ-ნაკლებად დასაბუთებული თეორია ჯერ-ჯერობით არ შეუქმნია. ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის რობერტ შილერის თანახმად კრიპტოვალუტის ემისიის ეკონომიკური მექანიზმი დღემდე ბუნდოვანია. ამის მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფოდის ყოფილი მმართველი დირექტორი, ამჟამად კი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ქრისტინ ლაგარდი ოპტიმისტურად უყურებს კრიპტოვალუტის მომავალს. რაც ქმნის იმის საფრთხეს, რომ კრიპტოვალუტის მიმართ მესამე ტიპის არაეკონომიკური პოლიტიკა ჩამოყალიბდეს.

საყურადღებოა, რომ ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე ადგილი ჰქონდა მესამე ტიპის არაეკონომიკურ პოლიტიკას, ხოლო საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, წინა პლანზე გამოდის პირველი ტიპის არაეკონომიკური პოლიტიკა. ეს პოსტკომუნისტური საქართველოს გამოცდილებითაც დასტურდება.

საქართველოში 1992 წლის დასაწყისში დაიწყო რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გატარება „შოკური თერაპიის“ ცნობილი მეთოდის პოლონური ვერსიით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა ე.წ. „ბალცეროვიჩის გეგმა“, რომელიც ატარებს მისი შემმუშავებლის, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში პოლონეთის ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის ლეშეკ ბალცეროვიჩის სახელს.

საქართველოსთვის „ბალცეროვიჩის გეგმა“, სამწუხაროდ, თავიდანვე განწირული იყო წარუმატებლობისთვის, რადგან იმ დროისათვის საქართველოს პოლონეთისა და რუსეთისგან განსხვავებით, „შოკური თერაპიის“ ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი - საკუთარი ვალუტა - არ გააჩნდა.

2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში მთავრობის მოწვევით მოსკოვიდან ჩამოსული ბ-ნი კახა ბენდუქიძის სახელთან არის დაკავშირებული ლიბერტარიანისტული შეხედულებების გაბატონება საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში. ქართული ლიბერტარიანიზმის ეკონომიკური პოლიტიკა დაეფუძვნა ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების დიდი რაოდენობის გაუქმებას, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას, და სხვ.  

ლიბერტარიანიზმად შერაცხული რეფორმების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა ხელყოფდა ადამიანის უფლებებს, ზღუდავდა მედიის თავისუფლებას სისტემატურად არღვევდა საკუთრების უფლებას, რითაც განახორციელა საკუთრების იძულებითი გადანაწილება. ამ მომენტების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, მაშინდელი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფასადი ლიბერტარიანულ ხასიათს ატარებდა, თუმცა, როგორც ჩემი, ისე ზოგიერთი მკვლევრის შეფასებით, შინაარსით ისინი ნეობოლშევიკური იყო. აშკარაა, რომ ქართული ლიბერტარიანიზმი თავისი არსით პირველი ტიპის არაეკონომიკური პოლიტიკაა.

2016 წლიდან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა „მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმას“ დაეფუძვნა, რომელიც ეკონომიკური პრიმიტივიზმის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენდა, რადგანაც ის საერთოდ არ ითვალისწინებდა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას და ძირითადად ორიენტირებული იყო საქართველოში მხოლოდ ტურისტული ბიზნესის. ეკონომიკური პრიმიტივიზმის კიდევ უფრო მკაფიო მაგალითია 2015 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაცია. შედეგად, სამინისტრო დღემდე იძულებულია შენობა დაიქირავოს.

ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპზე საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, რომელიც დაუფუძვნება ეკონომიკური მეცნიერების მიღწევებს, რისთვისაც აუცილებელია მთავრობის ეკონომისტებთან ინტენსიური თანამშრომლობა.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.