X

რონდელის ბლოგი

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში

2020 / 02 / 08

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ასადის რეჟიმის ძალებმა და მათმა მოკავშირე პროირანულმა ნაწილებმა რუსეთის სოლიდური მხარდაჭერით მასირებული შეტევა დაიწყეს სირიის იდლიბის პროვინციაში გამაგრებულ ჯიჰადისტებსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ოპოზიციაზე.

 

რატომაა მნიშვნელოვანი იდლიბი?

იდლიბის პროვინცია ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ბოლო ფორპოსტია, სადაც ჯერ კიდევ ძლიერია ანტიასადური განწყობები. ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ სწორედ იდლიბში შეძლებდა ძალების შემოკრებას და კონტრშეტევაზე გადასვლას.

თუმცა, მეორე მხარემ დასწრებაზე იმოქმედა - მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ დროა დაასრულოს სირიაში 2011 წელს დაწყებული კონფლიქტი, რომელშიც თავად 2015 წელს ჩაერთო და დიდი მატერიალური და სამხედრო რესურსი დაიხარჯა. მან იმითაც ისარგებლა, რომ ანკარამ, „გარდიანის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ათასობით სირიელი მებრძოლი გადაისროლა ლიბიაში პროთურქული მთავრობის მხარდასაჭერად, რითაც შემცირდა იდლიბის პროვინციის დამცველთა რაოდენობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აქ საჰაერო სივრცეს სწორედ რუსეთი აკონტროლებს, რაც უმეტეს შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორია.

ამ რეგიონში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ნაწილი დევნილია სირიის სხვა პროვინციებიდან. შესაბამისად, იდლიბზე მიტანილი შეტევები ნიშნავს დიდი რაოდენობით ლტოლვილის დაძვრას თურქეთის მიმართულებით. თურქეთს კი ისედაც 5 მილიონამდე ლტოლვილი ჰყავს შეფარებული, რომელებიც არაერთ გამოწვევას ქმნიან ამ ქვეყნისთვის და ამასთან ერთად, მათი რჩენა ანკარას უკვე 40 მლრდ. აშშ დოლარი დაუჯდა (ამ მიზნით ევროკავშირის მიერ შეპირებული 6 მლრდ. ევროდან თურქეთმა დღემდე მხოლოდ 3 მლრდ-ის მიღება შეძლო). ეს სიტუაცია კი მძიმე ტვირთად აწვება ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ თურქეთის ეკონომიკას. ამიტომ ანკარა უკვე წლებია ლობირებს ჩრდილოეთ სირიაში, საზღვრის გასწვრივ, ე.წ. „ბუფერული ზონის“ შექმნას სირიელი ლტოლვილების განსათავსებლად. ამასთან, ეს ტერიტორიები, ერთი მხრივ, მოექცეოდა მისი გავლენის ქვეშ და მეორე მხრივ, ანკარას აღარ ექნებოდა პირდაპირი შეხება მისადმი მტრულად განწყობილ ასადის რეჟიმთან.

 

შეტევა იდლიბზე

სახმელეთო შეტევა იდლიბის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილზე ა.წ. 27 იანვარს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მას თან  ახლავს რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ განხორციელებული ინტენსიური დაბომბვები (რის შედეგადაც იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები), რამაც გააადვილა სირიის სახმელეთო დანაყოფების წინსვლა.

ასადის რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა გაარღვიეს ოპოზიციისა და ჯიჰადისტი მებრძოლების კარგად გამაგრებული თავდაცვითი ხაზი და დაიკავეს არა მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი M4 (ალეპო-ლატაკიას დამაკავშირებელი) და M5 (ალეპო-დამასკოს დამაკავშირებელი) საავტომობილო გზები, არამედ ალყაში მოაქციეს იქ არსებული რამდენიმე თურქული სადამკვირვებლო პუნქტიც (რეალურად, სამხედრო ბაზები). შესაბამისად, ლტოლვილთა ახალი ნაკადები დაიძრა ჩრდილოეთით, თურქეთის მიმართულებით. ანკარამ ამ ეტაპზე შეძლო ამ პირველი ნაკადის აფრინის (თურქეთის მიერ 2018 წელს დაკავებული რეგიონი ჩრდილოეთ სირიაში) მიმართულებით გადამისამართება. თუმცა, კიდევ უფრო დიდი ლტოლვილთა ნაკადის შეჩერება მას გაუჭირდება.

ამიტომ ანკარამ, სიტუაციის შემობრუნების იმედით, 3 თებერვალს დამატებითი სამხედრო ტექნიკა (მათ შორის, ტანკებიც) და ცოცხალი ძალა გაგზავნა იდლიბის პროვინციაში. აღნიშნული სამხედრო კოლონა დაბომბა ასადის რეჟიმმა, რასაც 5 თურქი ჯარისკაცის და 3 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. საპასუხოდ, თურქეთმაც გახსნა საარტილერიო ცეცხლი, რასაც ათეულობით სირიელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში იდლიბის პროვინციაში წამოწყებულ ინტენსიურ ბრძოლებს FSB-ის (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) 4 რუსი თანამშრომელიც ემსხვერპლა (დეტალები არ საჯაროვდება), რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. 

ადგილზე ჩასულმა თურქულმა სამხედრო ნაწილებმა დამატებითი სადამკვირვებლო პუნქტები მოაწყვეს, რომელებსაც უნდა შეეჩერებინა შედარებით სუსტი ასადის ნაწილები. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის მხრივ მკაცრად გააფრთხილა ასადი, რომელსაც უკან დახევა და თურქული ნაწილებისგან ალყის მოხსნა კატეგორიულად მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებითაც დაიმუქრა. თუმცა, მათ ეს მუქარა ყურად არ იღეს და შეტევა განაგრძეს.

ასადის რეჟიმის ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა 6 თებერვალს დაიკავეს M4 და M5 საავტომობილო გზების შემაერთებელი სტრატეგიული მნიშვნელობის ქ. სარაქიბი, ალყაში მოაქციეს ამ ქალაქის გარშემო ახლადშექმნილი 4 თურქული სადამკვირვებლო პუნქტი და, რაც ყველაზე მთავარია, 4 კმ-ზე მიუახლოვდნენ ქ. იდლიბს, სადაც 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რომლის აღებაც დაწყებული ოპერაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

 

მხარეთა პოზიციები 

კონფლიქტში ყველაზე დიდი მსხვერპლი, ერთი მხრივ, ასადის რეჟიმმა, მისმა მომხრეებმა და მეორე მხრივ, ოპოზიციამ გაიღეს. თუმცა, ისინი მაინც ე.წ. proxy-ებად (ადგილზე საკუთარი მომხრეები) განიხილება, რადგან პირველის უკან რუსეთი და ირანი, მეორის უკან კი თურქეთი მოიაზრება.

ამიტომ ბუნებრივია, რომ იდლიბში სამხედრო ესკალაციაში და სამშვიდობო ხელშეკრულებების (სოჭისა და ასტანის შეთანხმებები) დარღვევაში მოსკოვმა და ანკარამ ერთმანეთი დაადანაშაულეს. საგულისხმო ფაქტია, რომ სამხედრო ესკალაციის დაწყების შემდეგ, 4 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩაფრინდა, სადაც უკრაინის არმიას დახმარება აღუთქვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთი არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად. ეს კი მოსკოვში ბევრმა არამეგობრულ ჟესტად და გამოწვევად მიიჩნია.

ამის მიუხედავად, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარიც გამართეს. მაგრამ მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა იდლიბის პროვინციაში მიმდინარე კონფლიქტის დეესკალაციაზე. თუმცა, თავშეკავებული კრიტიკის მიუხედავად, მხარეები მაინც ერიდებიან ხიდების ბოლომდე დაწვას.

კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით ირანმა, ბუნებრივია, დიდი ხნის მოკავშირე ასადს დაუჭირა მხარი, ხოლო ვაშინგტონმა და ლონდონმა მკაცრად დაგმეს ასადის ქმედებები და თურქეთის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

 

დასკვნები:

  • ანკარამ იდლიბში განვითრებული მოვლენების ფონზე კიდევ ერთხელ დაინახა, რამდენად „სანდო“ პარტნიორია მოსკოვი, რომელთანაც პრაგმატული მოსაზრებებით ურთიერთობების დათბობას და სამხედრო-პოლიტიკური სარგებლის მიღებას დიდი ხანია ცდილობდა. მისთვის თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დასავლეთის საპირწონედ მოსკოვზე დაყრდნობა შეუძლებელია;
  • თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, რუსეთი და თურქეთი ვერ იქნებიან სტრატეგიული პარტნიორები, რადგან ამ ქვეყნებს გრძელვადიან პერსპექტივაში განსხვავებული (და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის საწინააღმდეგო) ეროვნული ინტერესები აქვთ. სირიის გარდა, ამის ნათელი მაგალითია მთიანი ყარაბაღი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო და ლიბია, სადაც ეს ორი ქვეყანა კონფლიქტში მონაწილე სხვადასხვა მხარეს უთანაგრძნობს;
  • სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება ავტომატურად არ ნიშნავს რუსეთ-თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესებას, რადგან  ფინანსურად მომგებიანი კავშირების შენარჩუნება ორივე მხარის ინტერესებშია. ამიტომ, ამ ეტაპზე მაინც, ისინი მაღალ დონეზე არ აკეთებენ მკვეთრ განცხადებებს და პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებასაც ერიდებიან. თუმცა, როგორც მოვლენათა განვითარებამ წარსულშიც გვიჩვენა, ასეთი რისკი საომარი მოქმედებების დროს ყოველთვის არსებობს;
  • რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება არ ნიშნავს, რომ თურქეთის პოლიტიკა დასავლეთის მიმართ კარდინალურად შეიცვლება. მხარეებს შორის კვლავ რჩება მთელი რიგი ფუნდამენტური განსხვავებები (მაგალითად, ტრამპის ახალი სამშვიდობო გეგმა და მასში აღნიშნული  იერუსალიმის სტატუსი, პალესტინის სახელმწიფოს საკითხი, დამოკიდებულება ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ პროქურთულ YPG-სთან, ირანთან ურთიერთობები და ა.შ.) რომლებიც ადვილად ვერ აღმოიფხვრება;
  • თუმცა, გამოჩნდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შემდეგ ანკარა უფრო გააქტიურდა რეგიონში მოკავშირეების მხარდაჭერის მიმართულებით. ამ მხრივ მოიმატა საქართველოს პოლიტიკურმა ფასმაც. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით გაკეთებული განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ;
  • იდლიბის რეგიონიდან თურქეთის მიმართულებით ლტოლვილთა დიდი მასების გადაადგილების შემთხვევაში, ამ მასაში თავისუფლად შეიძლება შეერიონ რადიკალი ჯიჰადისტი მებრძოლები, რომელთა გამორჩევაც ძნელი იქნება. ისინი, თურქეთში გადასვლის შემთხვევაში, შესაძლოა მთელ მსოფლიოში გაიფანტონ და ახალი საფრთხეები შექმნან არაერთ ქვეყანაში;
  • ასეთ შემთხევაში საქართველოს შესაბამის უწყებებს გაათმაგებული ყურადღებით მოუწევთ მუშაობა, რათა მათ რიგებში მყოფი კავკასიური წარმოშობის მებრძოლები არ შეეცადონ საქართველოში შემოღწევას. როგორც  ჩატაევისა და მისი რაზმის შემთხვევამაც გვიჩვენა, ასეთი საფრთხე საკმაოდ რეალურია და შესაბამისად, ყურადღების მიქცევას საჭიროებს.   

 

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.