X

რონდელის ბლოგი

სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი

2020 / 02 / 27

ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 

2020 წლის 19 თებერვალს ოკუპირებულმა ცხინვალის რეგიონმა აღმოაჩინა, რომ სამომხმარებლო კრიზისის პირასაა და ეს განსაკუთრებით  აისახება  ყველაზე „მტკივნეულ“ პროდუქტებზე - საკვებსა და მედიკამენტებზე. აღნიშნული ფაქტი არ ყოფილა სიურპრიზი. რეგიონის ეკონომიკა ღრმა კრიზისშია, ამავდროულად სრულიად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. ბრუნვაში რუსული რუბლით, ფინანსური რესურსი მოედინება მოსკოვიდან და ბრუნდება რუსეთში, სასიცოცხლო იმპორტის საფასურის სახით. ახლა, როგორც აღმოჩნდა, პრობლემა შეიქმნა საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთისთვის“ განკუთვნილ საქონლის გატარებაზე.

ამ ყველაფერს ემატება ბიუროკრატია და კორუფცია - ფართოდ გავრცელებული მანკიერება რუსეთის სახელმწიფო სამსახურებში, განსაკუთრებით, საბაჟო სამსახურში, სადაც მრავალი მიზეზი აფერხებს ტვირთის გადაზიდვას რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მაგალითად, რადგან რეგიონის ბაზარი ძალიან შეზღუდულია, სხვადასხვა კატეგორიის საქონელი გადასაზიდად ერთად იტვირთება და ეს იწვევს პროცედურულ პრობლემებს საბაჟო დეკლარაციის შევსებისას. ამგვარი ვითარება დამახასიათებელია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის არსებულ სავაჭრო პროცესებისთვისაც.

წყარო: russian-trade.com

აღსანიშნავია, რომ ანალიზისთვის უფრო საინტერესოა ევრაზიული კავშირის ჩამოყალიბების შემდეგ რეგიონში ვაჭრობის თვალსაზრისით განვითარებული ზოგადი მდგომარეობა. ფაქტია, რომ ევრაზიული კავშირის დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ, განსაკუთრებით საბაჟო კოდექსზე, სიტუაცია რეგიონული ვაჭრობის მხრივ რადიკალურად შეიცვალა. 

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბაჟო კოდექსის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა მოსკოვში 2017 წლის 11 აპრილს. კოდექსი საკმაოდ სერიოზული დოკუმენტია, რომელიც 1169 გვერდს და 2 დანართს შეიცავს, ამომწურავად მოიცავს პროდუქტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და არეგულირებს ყველა სფეროს, რომელიც ხელმომწერი ქვეყნების საბაჟო აქტივობებს უკავშირდება. კოდექსი მიუთითებს ევრაზიულ ეკონომიკურ კომისიაზე - ინსტიტუტზე, რომელიც უზრუნველყოფს კოდექსით დადგენილი წესების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ ევრაზიული ეკონომიკური კომისიის რეგულაციებით კომისია  იერარქიულად წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებაზე მაღლა მდგომ ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო თანამშრომლობის ბევრ მიმართულებაზე და საკმაოდ მრავალფეროვანი ბერკეტები აქვს. კომისია პასუხისმგებელია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მაკროეკონომიკა, კონკურენცია, ენერგოპოლიტიკა და ა.შ. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი შემთხვევისთვის, რადგან კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება ნებისმიერ მესამე სახელმწიფოსთან სავაჭრო რეჟიმის დაწესება.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო ვაჭრობა  ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთთან“, რეალურად, არსებითი ნაწილია ზოგადი საგნისა - ევრაზიული კავშირის ვაჭრობა საქართველოსთან. ამ რეალობამ გარკვეულ დონეზე უკვე მოახდინა ზეგავლენა ჩვენს ვაჭრობაზე. მაგალითად, წელს საქართველოს ექსპორტზე სომხეთში აისახება ევრაზიული კავშირის გადაწყვეტილებები, კერძოდ, რეექსპორტირებული მანქანებთან დაკავშირებული შეზღუდვები. როგორც აღმოჩნდა, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ამ შემთხვევაში არ მოქმედებს.

თუ დავუბრუნდებით რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სავაჭრო ურთიერთობებს, ევრაზიული კავშირის სამართლებრივი ბაზა (ვგულისხმობთ კავშირის პასუხისმგებლობას და სამართლებრივ კომპეტენციას მესამე ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის ჩამოყალიბებაზე) დამატებით სივრცეს უქმნის საქართველოს დიპლომატიური მანევრებისთვის. რუსეთთან ერთად ევრაზიული კავშირის წევრია საქართველოს ოთხი მეგობარი სახელმწიფო - ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნებოდა ამ სახელმწიფოებთან კონსულტაციები ჩაგვეტარებინა და ყურადღება გაგვემახვილებინა შემდეგ საკითხებზე:

  • რუსეთის ვაჭრობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან რეალურად წარმოადგენს ევრაზიული კავშირის ვაჭრობას საქართველოსთან.
  • ევრაზიული კავშირის ვაჭრობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან, როგორც საქართველოს შემადგენელ ნაწილთან, არალეგალურია საქართველოს შესაბამისი ნებართვის გარეშე და შეუთავსებელია იმ მეგობრულ ურთიერთობასთან, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევრაზიული კავშირის ზემოხსენებულ ოთხ სახელმწიფოს შორის.
  • რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების შემთხვევაში, ევრაზიული კავშირი აღმოჩნდება იმ პასუხისმგებლობის პირისპირ, რომელიც მოჰყვება შესაბამის პროცესს, სავაჭრო ურთიერთობების კუთხით მაინც.

გარდა ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი შეხვედრებისა, ზემოჩამოთვლილი საკითხები შესაძლებელია მთავარი საკონსულტაციო თემა იყოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის (მაგალითად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის) შეხვედრისას ევრაზიული ეკონომიკური კომისიის საბჭოს თავმჯდომარესთან - მიხაილ მიასნიკოვიჩთან. ეს უკანასკნელი ხშირად ჩადის მოსკოვიდან წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში და შესაძლებელია ხსენებული შეხვედრა  მისთვის მშობლიურ მინსკსა თუ ერევანში გაიმართოს...

ცხადია, სტატიაში მოყვანილი არგუმენტები სრულად შეესაბამება ევრაზიული კავშირის სავაჭრო ურთიერთობებს როგორც საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონთან - აფხაზეთთან, ისე მოლდოვის ოკუპირებულ დნესტრისპირეთთან,  უკრაინაში, ანექსირებულ ყირიმთან, ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ოლქებთან და ა.შ. აღნიშნული გარემოება ქმნის პირობებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების (მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის) მქონე ქვეყნებისათვის, რომ ევრაზიული კავშირის მიმართ  საერთო სტრატეგია შეიმუშაონ.

ამრიგად, კვლავაც უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ვითარება კიდევ ერთი ნათელი დასტურია ისედაც კარგად ნაცნობი ფაქტისა, რომ ცხინვალის რეგიონის ეკონომიკა ვერ შეინარჩუნებს მდგრადობას დანარჩენი საქართველოს ბაზრისგან იზოლაციის პირობებში. რეგიონის პერსპექტივას წარმოადგენს ტრანზიტული გადაზიდვები და ტურიზმი - ორი წამყვანი სექტორი საქართველოს ეკონომიკისა. სწორედ ამის შეთავსება იქნებოდა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის საწინდარი, მაგრამ ამგვარი თანხვედრა შეუძლებელია რუსეთის ფედერაციასთან, განსაკუთრებით ოკუპაციის პირობებში, მარტივი მიზეზის გამო - რუსი აგრესორების მიერ დაკავებული ტერიტორია გარდაიქმნა ჩიხად, ყველა თავისი მახასიათებლით და შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ  ცხინვალის რეგიონში ამჟამად შექმნილი კრიზისი არ იქნება უკანასკნელი.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.