X

რონდელის ბლოგი

„არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები

2020 / 03 / 27

მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

2020 წლის 22 მარტს აფხაზეთში ვადამდელი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. პროგნოზები გამართლდა და „არჩევნებში“ გაერთიანებული ოპოზიციური ძალების ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ბჟანიამ ხმების 56.5% მიიღო, ყოფილმა დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ - 35.42%, ყოფილმა დე ფაქტო შს მინისტრმა ლეონიდ ძაპშბამ - 2.22%. „არჩევნებში“ მონაწილეობა 95 109 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩეველის 71.56%-ია. ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 23 აპრილიდან შეუდგება.

ფოტო: apsnypress.info

ბჟანიას გამარჯვება ყოფილ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და მის მოსკოველ კურატორებზე 2014 წლის მოვლენებისთვის ერთგვარი რევანშია, როდესაც ხაჯიმბას მომხრეებმა ანქვაბს გადადგომა აიძულეს. ბჟანია მაშინ ანქვაბის გუნდის წევრი იყო. რევანშის სიმბოლური გამოხატულება ბჟანიას მიერ ალექსანდრე ანქვაბის პრემიერ-მინისტრად დასახელებაა. ანქვაბი ბჟანიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო. მან თავად ასაკობრივი შეზღუდვის გამო ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა.

რატომ ჩატარდა ვადამდელი „არჩევნები“

ვადამდელი „არჩევნები“ მას შემდეგ ჩატარდა, რაც მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა შიდა პოლიტიკური ზეწოლისა და აფხაზეთის რუსი კურატორების (რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი) შუამავლობის შედეგად იძულებული გახდა 12 იანვარს თანამდებობიდან გადამდგარიყო. მის გადადგომას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. ხაჯიმბამ „საპრეზიდენტო“ პერიოდში (2014-2019 წლები) ვერ შეძლო შიდა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 2019 წლის არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მისი გამარჯვების ლეგიტიმურობა. მისი მმართველობის დროს კრიმინოგენური ვითარება ისე გაუარესდა, რომ მისი ხელისუფლება აფხაზეთში რუსეთის „ელჩმაც“ კი გააკრიტიკა. მას მხარდამჭერები მოაკლდნენ, როგორც აფხაზეთში, ასევე მოსკოვში. 9-12 იანვრის კრიზისის პერიოდში ხაჯიმბას მომხრეებმა, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობასა და ძალოვან უწყებებში, პასიურობა გამოავლინეს. მის სისუსტეზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ 9 იანვარს „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღება 200-მდე ადამიანმა მოახერხა.

 

ხაჯიმბა - რუსეთის ფავორიტი

ვლადისლავ არძინბას გარდაცვალების შემდეგ ხაჯიმბა კრემლის ფავორიტი აფხაზი პოლიტიკოსი გახდა. თუმცა, პუტინის მხარდაჭერის მიუხედავად, ხაჯიმბა პირველი მცდელობით ვერ გახდა დე ფაქტო პრეზიდენტი. მან წარმატებას მხოლოდ მეოთხე მცდელობით, 2014 წელს ჩატარებულ ვადამდელ „არჩევნებში“, მიაღწია. ვადამდელი „არჩევნები“ კი მას შემდეგ ჩატარდა, რაც 2014 წლის მაისში განვითარებული შიდა პოლიტიკური კრიზისის შედეგად, დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს ხაჯიმბას ლიდერობით ოპოზიცია დაუპირისპირდა. კრიზისის მოსაგვარებლად სოხუმს მაშინაც სურკოვი და ნურგალიევი ეწვივნენ. კრემლიდან მოვლენილმა შუამავლებმა ანქვაბი გადადგომის აუცილებლობაში დაარწმუნეს.

 

ვინ არის ასლან ბჟანია

ასლან ბჟანია აფხაზეთის რიგით მე-5 დე ფაქტო პრეზიდენტია. იგი 1963 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში დაიბადა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსები გაიარა. 1991-1992 წლებში მუშაობდა აფხაზეთის უშიშროების კომიტეტში, 1992-1993 წლებში კი – აფხაზეთის უშიშროების სამსახურში. 1994 წლიდან ბჟანია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და კომერციული საქმიანობა დაიწყო. 2010 წელს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ბჟანია უშიშროების სამსახურის უფროსად დანიშნა. ბჟანიამ აღნიშნული თანამდებობა 2011 წლის საპრეზიდენტო „არჩევნების“ შემდეგაც შეინარჩუნა, როდესაც დე ფაქტო პრეზიდენტი ანქვაბი გახდა. 2014 წელს ბჟანიას გენერალ-მაიორის წოდება ანქვაბმა მიანიჭა. 2014 წელს, ანქვაბის ვადამდე გადადგომის შემდეგ, ბჟანია ხაჯიმბას არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში (2014 წლის აგვისტო) დაუპირისპირდა და ხმების 35.9% მიიღო, ხაჯიმბამ – 50.1%. ამის შემდეგ ბჟანია ოპოზიციურ ძალთა გაერთიანების თავმჯდომარე გახდა და 2017 წელს დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატადაც აირჩიეს. 2019 წელს ბჟანიამ მონაწილეობა ვერ მიიღო მორიგ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ხაჯიმბამ მეორე ტურში გაიმარჯვა, რადგან გავრცელებული მოსაზრებით, პოლიტიკიდან მისი ჩამოშორების მიზნით, იგი სოჭში ვიზიტის დროს მოწამლეს.

 

ბჟანიას გამოწვევები

ბჟანიას მთავარი გამოწვევა აფხაზეთში არსებული კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესება იქნება. ხაჯიმბას კრიტიკის მთავარი საგანი სწორედ კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ზრდა იყო. ამ მხრივ ბჟანიასთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო. არჩევნების მეორე დღესვე, 23 მარტს, გუდაუთაში, აფხაზეთის „გმირი“ ვალერიან აიბა ჩაცხრილეს.

ბჟანიას გამარჯვება მალევე მიულოცა დამარცხებულმა კანდიდატებმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამაც. თუმცა, ბჟანიასთვის გამოწვევა იქნება შიდა სტაბილურობის მიღწევა. არძინბას შემდგომი აფხაზური პოლიტიკა ხაჯიმბას მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებით ხასიათდება. არჩევნების შედეგები კი ცხადყოფს, რომ ბჟანიას მოწინააღმდეგეების რაოდენობა არ არის მცირე, რაც მომავალში პოლიტიკური არასტაბილურობის ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

იანვარში რუსეთის მთავრობაში აფხაზეთის კურატორები შეიცვალნენ. ბჟანიას მოუწევს, როგორც ახალ კურატორებთან ურთიერთობის აწყობა, ასევე ხაჯიმბას მოსკოველ მხარდამჭერებთან ურთიერთობის დალაგებაც, რომლებიც სხვადასხვა უწყებაში კვლავაც ინარჩუნებენ პოზიციებს.

ბჟანიას მმართველობის გამოწვევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც იქნება. ბჟანიას მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ იგი 2019 წელს მოწამლეს, რათა მას 2019 წლის საპრეზიდენტო „არჩევნებში“ მონაწილეობა არ მიეღო. 22 მარტის ვადამდელ „არჩევნებამდეც“ იგი შეუძლოდ გახდა და მას მკურნალობის კურსის გავლა რუსეთში მოუწია. ამ შემთხვევაში მან მოასწრო გამოჯანმრთელება და „არჩევნებში“ მონაწილეობის მიღება. თუმცა, როგორც ჩანს, იგი სრულად გამოჯანმრთელებული არ არის, რაც პოლიტიკური სტაბილურობისთვის გამოწვევა იქნება.

 

რა იცვლება რუსეთისთვის

ბჟანიას „დამაჯერებელი“ გამარჯვება  მიულოცა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ ვლადისლავ არძინბას შემდეგ რუსეთი პირდაპირ თუ ირიბად მხარს ხაჯიმბას უჭერდა, მოსკოვში დარწმუნებული არიან, რომ ბჟანია ან ნებისმიერი სხვა კანდიდატი საგარეო-პოლიტიკურ ვექტორს ვერ შეცვლის. კრემლში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტების პრორუსულ განწყობებში ეჭვი არ ეპარებათ. აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერების პრორუსული ორიენტაციის შენარჩუნების გარანტი აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები და საქართველოს დე ფაქტო ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებული რუსი მესაზღვრეებიც არიან.

 

იქნება თუ არა დიალოგი თბილისთან

ბჟანია და მისი გუნდის წამყვანი ფიგურები ძველი თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ქართულ მხარესთან ურთიერთობა 1990-იან წლებამდეც ჰქონდათ. მათი ხედვები თბილისთან დიალოგის საკითხზე განსხვავდება ომის შემდგომი თაობის ხედვებისგან, რომელიც უფრო რადიკალურია თბილისთან ურთიერთობის საკითხში.

წინასაარჩევნო პერიოდში ბჟანიამ საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობაზე ისაუბრა, რაც აფხაზური საზოგადოების ნაწილმა მწვავედ მიიღო, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

თბილისთან დიალოგის საკითხზე ბჟანიამ „არჩევნებში“ გამარჯვების შემდეგადაც ისაუბრა. მისი თქმით:

  • ქართველები და ქართული სახელმწიფო ჩვენი მეზობლები არიან.
  • გვსურს თუ არ გვსურს, ჩვენ გვაქვს კონტაქტები საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ბევრი ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, იძულებულია იქ (საქართველოში) წავიდეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ხდება ისე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე  ჩადიან დანაშაულს და იმალებიან საქართველოში, ხდება პირიქითაც. ერთობლივად ხდება ენგურჰესის ექსპლუატაცია. მსგავსი საკითხების გადაწყვეტისა და მიმდინარე საკითხების განხილვისათვის მოლაპარაკებისა და კონტაქტების ფორმატი შესაძლოა სხვანაირი იყოს. ეს შეიძლება იყოს არა ისეთი მოშორებული ადგილი, როგორიც ჟენევაა. აქვე, საზღვარზე, ან სადმე ახლოს შეიძლება მსგავსი საკითხების განხილვა.
  • ქართულ და აფხაზურ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, შეუძლებელია, ეს ქართული მხარის ბრალია, რადგან საქართველო არ აღიარებს აფხაზეთს. საქართველოში მიღებულია კანონები, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიად არის აღიარებული. სხვა მხრივ, ჩვენ ვიღებთ გარკვეულ სიგნალებს სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან. ეს სიგნალები მოწმობს იმას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში სურთ უფრო ინტენსიური დიალოგის დაწყება.
  • გალის რაიონში ქართველი ეროვნების მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პრობლემა პოლიტიზებული იყო, რათა სიტუაციის დესტაბილიზაცია მომხდარიყო და საბოლოო ჯამში შეცვლილიყო ხელისუფლება. რაც 2014 წლის მაისში მოხდა კიდეც ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ხაჯიმბა მეთაურობდა (ხაჯიმბას „პრეზიდენტობის“ დროს აფხაზეთში პასპორტების გამოცვლა დაიწყეს. ახალი პასპორტები აღარ მისცეს გალის იმ მაცხოვრებლებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ. მათი ძველი აფხაზური პასპორტები კი გააუქმეს).

ბჟანიას განცხადებები შესაძლოა ერთგვარი სიგნალი იყოს, რომ აფხაზური მხარე მზად არის ქართულ მხარესთან ურთიერთობის განსხვავებული ფორმატი შემუშავდეს, რაც მიმდინარე საკითხებზე მუდმივი კავშირების არსებობას რუსეთის შუამავლობის გარეშეც გულისხმობს. თუმცა, ბჟანიას მზაობას, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის შიდა აფხაზური ზეწოლა და რუსეთი, რომელიც ქართულ-აფხაზური პირდაპირი ურთიერთობების განვითარებით არ არის დაინტერესებული.

უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზურ პოლიტიკაში მოდის ახალი თაობა, რომელიც უახლოეს ათ წელიწადში სრულად ჩაანაცვლებს ომამდელ თაობას. ახალი თაობა, რომელიც ომის შემდგომ აფხაზეთში დაიბადა, არ არის მზად თბილისთან დიალოგისთვის და მათ ხედვებში ანტიქართული განწყობები ჭარბობს. ამიტომაც ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლებასთან სხვადასხვა ფორმატში ურთიერთობების განვითარებისათვის არსებული მცირე რესურსის გამოყენება, შესაძლოა, ჩვენი მხრიდან აფხაზებთან პირდაპირი კავშირების დამყარების ბოლო შესაძლებლობა იყოს. აფხაზური პოლიტიკიდან ბჟანიასა და ანქვაბის თაობის წასვლის შემდეგ კი რაიმე სახის კავშირების განვითარება, გაცილებით რთული ამოცანა იქნება.

 

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.