X

რონდელის ბლოგი

From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით

2020 / 03 / 30

გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 

დღევანდელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოცდას გადის. ისე ჩანს, თითქოს რეალობაში ვუყურებთ, თუ როგორც ისხამენ ხორცს ჰოლივუდის მიერ სამყაროს დასასრულის შესახებ ურიცხვი ოდენობით გამოშვებული ფილმების სიუჟეტები. წლების განმავლობაში ისინი გვთავაზობდნენ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული არმაგედონის მრავალნაირ სცენარს, მათ შორის – მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების ამსახველს. მაგრამ მიუხედავად მდიდარი ფანტაზიისა, რომლითაც კინემატოგრაფისტები უდგებიან ადამიანთა რეაქციას და მთავრობების მოქმედებებს, არ მახსენდება ფილმი, რომელშიც პანდემიის პასუხად პროპაგანდაზე ზრუნვა უფრო პრიორიტეტული ხდება, ვიდრე სიცოცხლეთა გადასარჩენად აუცილებელი სასწრაფო ზომები. როგორც წესი, მსოფლიო კრიზისი აერთიანებს მთავრობებს საერთო საფრთხესთან ბრძოლაში, ხოლო ხალხი, თავდაპირველი პანიკით და თვითგადარჩენის ინსტინქტით გამოწვეული გარკვეული სამარცხვინო საქციელის შემდეგ, ბოლოს მაინც საუკეთესო ადამიანურ თვისებებს ავლენს: მტრული მთავრობები თანამშრომლობენ კაცობრიობის სახელით, დიდი ხნის დაშორებული ოჯახის წევრები  კვლავ ერთიანდებიან, თვალცრემლიანი რიგდებიან. პლანეტა გადარჩება. ბედნიერი დასასრული.

ამ კონტექსტში, კრემლის რეაქცია კონონავირუსის პანდემიაზე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. მისი პირველი ინსტინქტი აღმოჩნდა დეზინფორმაციის ახალი ფრონტის გახსნა დასავლეთის წინააღმდეგ მის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში. მიზანი, როგორც ჩანს, პანიკის დათესვაა. ამისთვის კრემლი უკვე გამოცდილ იარაღს იყენებს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედიისა და ყალბი სოციალური ქსელების პლატფორმებს (რომლებიც მისივე ტროლების ფაბრიკებიდან იმართებიან). ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უჩვეულოდ მკვეთრი ოფიციალური განცხადების თანახმად, „COVID-19-თან დაკავშირებით მიმდინარეობს მასშტაბური  დეზინფორმაციის კამპანია, რომელსაც აწარმოებს რუსეთის სახელმწიფო მედია და კრემლთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები“. იქვე ნათქვამია, რომ „კრემლის დეზინფორმაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაამძიმოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში შექმნილი კრიზისი დასავლეთის ქვეყნებში… რომელიც შეესაბამება კრემლის უფრო ფართო სტრატეგიას ევროპული საზოგადოებებისთვის ძირის გამოსათხრელად“.

თუმცა შინ კრემლის მიდგომა ვირუსის საფრთხისადმი მკვეთრად განსხვავდება მისი ქმედებებისგან ევროპაში. ტიპიურად საბჭოთა სტილში, საკმაო ხანს ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ რუსეთში კორონავირუსის შემთხვევები თითქმის საერთოდ არ იყო და ახლაც ამბობენ, რომ დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. მაგრამ ასეთ მტკიცებებს საყოველთაო სკეპტიციზმი მოჰყვა, პირველ რიგში, თავად რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებიც მიჩვეული არიან, რომ მათ საკუთარი მთავრობები მუდმივად ატყუებენ. უფროს თაობას კარგად ახსოვს, რომ საბჭოთა ხელისუფლება ჩერნობილის კატასტროფის დამალვას იქამდე ცდილობდა, სანამ განგაშის ზარებს უცხოურმა მედიამ არ შემოკრა. მანამდე კი რადიაციის გავრცელების ზონაში, უკრაინასა და ბელარუსში, ხალხი მისი ზემოქმედებისთვის იყო განწირული, მაგალითად, მრავალრიცხოვანი საპირველმაისო აღლუმის დროს კიევში, რომელიც ხელისუფლებამ მიუხედავად კატასტროფისა, მაინც ჩაატარა (აფეთქებიდან ხუთი დღის შემდეგ). 

მაგრამ თუკი კრემლისგან უჩვეულო არაა საკუთარი მოსახლეობისთვის ინფორმაციის დამალვა და ბაქიბუქი, რომ მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოდ აგვარებს პანდემიის პრობლემას, ამგვარ გარემოებაში, რამდენადაც სახამუშო არ უნდა იყოს, არც დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებაა უცხო და პუტინის ეს პროპაგანდისტული ოპერაცია საგარეო-პოლიტიკურ ფრონტზე საკმაოდ საინტერესოა. აქ ვგულისხმობ რუსეთის მიერ იტალიისთვის გაწეულ „ჰუმანიტარულ ოპერაციას,“ რომელიც მაშინვე ევროპისა და რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. აქ შესაძლოა ვინმემ რუსეთის მიმართ პარანოიაში დამადანაშაულოს, ან იფიქროს, რომ მეტისმეტი ცინიზმია კრემლის კეთილშობილი მოტივების მიმართ, რომ არ მჯერა, რომ რუსეთის ჰუმანიტარულ მისიას იტალიაში სხვა, ქვენა მიზნები არ გაჩნია. ვაღიარებ, რომ ჩემი პირველი რეაქცია სწორედ ეჭვი იყო, რომელიც საქართველოს და ჩვენი მეზობლების უშუალო გამოცდილებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინაში გაგზავნილი „ჰუმანიტარული“ დახმარების შემდეგ. არც ისე დიდი ხნის წინ ოფიციალური მოსკოვი და მისი ტროლოსფერო სისხლის გამყინავი საშინელებათა გამოგონილი ისტორიებით თავს ესხმოდნენ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას, რომელიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეერთებული შტატების მთავრობისგან  საჩუქრად მიიღო, თითქოს ის ბიოლოგიურ იარაღს ამზადებდა და ცდების ჩატარების შედეგად ათეულობით ადამიანი დახოცა. ახლა კი, ირონიაა, რომ რუსეთის ადგილობრივი სასარგებლო იდიოტებიც კი აღიარებენ, რომ ლაბორატორია ცენტრალურ როლს თამაშობს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში.

როიტერსის სააგენტო იუწყება, რომ კვირის, 22 მარტის შემდეგ „რუსეთმა, სულ მცირე, 15 რეისი შეასრულა იტალიაში თავისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით, რომლებმაც სატვირთო მანქანებზე განლაგებული სადეზინფექციო სისტემები ჩაიტანეს. რვა სამედიცინო ბრიგადა და კიდევ 100 კაციანი პერსონალი ყველაზე მაღალი დონის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის სამხედროებისგან შედგება“.  იტალიური და საერთაშორისო მედია წალეკა რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების გამოსახულებებმა, რომლებიც იტალიური ქალაქების ქუჩებში ამაყად აფრიალებენ რუსეთის დროშებს და ლოზუნგებს „From Russia with love“ – „რუსეთიდან სიყვარულით“. ირონიას რომ თავი დავანებოთ, რომელსაც იწვევს ალუზია 1963 წლის ამავე სახელწოდების მქონე ჯეიმს ბონდის ფილმთან, მალევე აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. იტალიურმა La Stampa-მ, რომელიც ეყრდნობა მაღალი რანგის სამთავრობო წყაროებს, დაწერა, რომ „რუსული დახმარების ოთხმოცი პროცენტი იტალიისთვის გამოსაყენებლად უვარგისია. მოკლედ, ეს უფრო რაღაცის საბაბია“. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ის 100 „მედიკოსი“ ბიოლოგიური იარაღის სპეციალისტები იყვნენ, რაც აცოცხლებს მოგონებებს ყველაზე ცნობილი ორი რუსი „ტურისტის“ შესახებ, რომლებსაც ასე ძლიერ სურდათ სოლსბერის საკათედრო ტაძრის შპილის ნახვა. სურათის დასასრულებლად ასევე ცნობილი გახდა, რომ იტალიაში ჩასული რუსული პერსონალის თითქმის ნახევარი მედიის წარმომადგენლებისგან შედგებოდა (ანუ პროპაგანდის მუშაკებისგან).   

ვეცდები ავხსნა, თუ, ჩემი აზრით, რის მიღწევას ცდილობს რუსეთი. თუ დეზინფორმაციის შეტევის და პროპაგანდისტული ფანდების მიღმა გავიხედავთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ თანმიმდევრული გეოპოლიტიკური სტრატეგია, რომელსაც საკმაოდ რაციონალური მოკლე და გრძელვადიანი მიზნები აქვს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციები შემოიღო ყირიმის ანექსიის პასუხად, კრემლი მეთოდურად მუშაობს, რომ ძირი გამოუთხაროს ცალკეულ ევროპულ მთავრობებს და დასავლურ ერთიანობას. ამ მხრივ საეჭვოა, დამთხვევა იყოს, რომ სირიის დაბომბვის პარალელურად, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებდა მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებსა და სკოლებს, რამაც ევროპის მიმართულებით მიგრაციის ტალღები გამოიწვია, კრემლმა დაიწყო ევროპაში ყველანაირი ჯურის ანტისაიმიგრაციო და ევროკავშირის მოწინააღმდეგე ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა (მათ შორის, ფინანსურის).

თუ პუტინის „იტალიური ოპერაცია“ სასურველ შედეგს მოიტანს, მეტი იტალიელი დაუჭერს მხარს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც უკვე რაღაც ხანია მოითხოვენ რუსეთის მიმართ სანქციების გაუქმებას. თუ/ან როცა იტალია ოფიციალურად მოითხოვს სანქციების გაუქმებას, ეს კრემლისთვის წაუგებელ სიტუაციას შექმნის: ეს ან სანქციების გაუქმებას გამოიწვევს, ან ამაზე უარი გააღრმავებს უკვე გაჩენილ ბზარს იტალიას და მის ევროპელ პარტნიორებს შორის. მრავალი იტალიელი უკვე მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა დღემდე არასაკმარისი სოლიდარობა გამოიჩინა. ამგვარი დამოკიდებულების გავრცელება კი ევროკავშირის საბოლოო დაშლას უფრო შესაძლებელს გახდის.   

ეს კი ზუსტად ისაა, რასაც კრემლი თავისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს: დასავლეთის ინსტიტუციური ერთიანობა მის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ნატოს და შემდეგ ევროკავშირის შექმნის დროიდან. ნატო ცივი ომის დროს ევროპას უსაფრთხოების ქოლგით უზრუნველყოფდა და მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაახლა აგრესიული ქცევა, ეს სულ უფრო აქტუალური ხდება; ევროკავშირმა კი, მიუხედავად მიმდინარე კრიზისისა (ვგულისხმობ ბრექსიტს და გაზრდილ სხვა სახის ევროსკეპტიციზმს), მოიტანა ერთიანობის და კეთილდღეობის უპრეცედენტო ხანა.

ასე რომ, მათ, ვინც თვლიდა,  რომ კომუნიზმის დასასრულის გამო რუსეთს და დასავლეთს შორის დაპირისპირების ყველა მიზეზი უნდა გამქრალიყო, ახლიდან უნდა დაფიქრდეს. რუსული ექსპანსიონიზმი არ დაწყებულა კომუნისტური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ – მან მხოლოდ ძველი ლოზუნგის ახალი ფორმულირება მოახდინა: ცარიზმის დროინდელი „მოსკოვი – მესამე რომი“ შეიცვალა ლოზუნგით „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ (რა თქმა უნდა, მოსკოვის ხელმძღვანელობით). ცარისტული პერიოდის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ტრადიციები, თუნდაც სხვა საბაბებით, გაგრძელდა კომუნისტების დროს და არც საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ გამქრალა. ვინც სხვა შედეგს ელოდა, უბრალოდ სასურველს რეალობად ასაღებდა. თანამედროვე რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები საკმაოდ მსგავსია იმისა, რაც კომუნისტების და მეფის რუსეთის დროს არსებობდა, ისევე, როგორც პოლიტიკური სისტემის საფუძველი, თავისი „ძალაუფლების ვერტიკალით“, რომელიც მთლიანად კრემლიდან იმართება.    

მოკლედ, თავისი საშინაო პოლიტიკური სტრუქტურის გამო ექსპანსიონიზმი რუსეთის საგარეო პოლიტიკის მუდმივი მახასიათებელი იყო, ხოლო დასავლეთის ერთიანობა იყო და რჩება  იმის წინაღობად, რასაც რუსეთის ლიდერები რუსეთის „უსაფრთხოების ლეგიტიმურ ინტერესებად“ მიიჩნევენ. მართებულად თუ მცდარად, ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთის უსაფრთხოება და სტაბილურობა მხოლოდ ექსპანსიის პროცესში მიიღწევა, მაშინ, როცა საშინაო განვითარებაზე ზრუნვა და რეფორმა ყოველთვის ისეთი კატასტროფით სრულდება, როგორიც პერესტროიკა იყო.

ეს ხსნის რუსეთის მოტივს, თუ რატომ ცდილობს ევროპული მთავრობების მიმართ უნდობლობის ატმოსფეროს შექმნას და პანიკის და ქაოსის პროვოცირებას და ამავე დროს თავის წარმოჩენას იმ ევროპელების საუკეთესო მეგობრად, რომლებიც მზად არიან მიიღონ მისი „გულუხვი დახმარება“. თუმცა, ამგვარი ქცევის პრიორიტეტად არჩევა მსოფლიოს თანამედროვე ისტორიაში შესაძლო ყველაზე დიდი გამოცდის ჟამს, მრავლისმეტყველია.       

მე ასევე მოწიწებით უნდა გავაფრთხილო ისინი, ვინც, ხშირად არა უმიზეზოდ, კრიტიკულად არიან განწყობილი ევროკავშირის მიმართ, ზოგჯერ იმდენად, რომ მისი რეფორმირების მოთხოვნის ნაცვლად, მზად არინ დაშლილი ევროკავშირი იხილონ. ამ ხალხის უმრავლესობას (და მათში ულტრანაციონალისტებს არ ვგულისხმობ) შეუძლია ბევრი ლეგიტიმური ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზის დასახელება, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ამგვარი ევროკავშირი არაა სიცოცხლისუნარიანი. მათ შევახსენებდი, რომ მრავალი ნაკლის მიუხედავად, ევროპული ინტეგრაციის პროცესმა ევროპის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის ხანა წარმოშვა. მეტიც, ევროკავშირის გარეშე ევროპა ძველი, თვითდამანგრეველი პაექრობების გაღვიძების რისკის წინაშე აღმოჩნდება. სანამ დაიწყებოდა ევროპული ინტეგრაციის პროექტი, რომელმაც ისტორიული ფრანგულ-გერმანული დაპირისპირება თანამშრომლობით შეცვალა, ევროპის მშვიდობას ძალთა ბალანსის სისტემა უზრუნველყოფდა. ის, როგორც წესი, მოქმედებდა საერთო ევროპული შეთანხმების მიღწევის შემდეგ (როგორიც იყო 1648 წლის ვესტფალიის ზავი ან 1815 ვენის კონგრესი), მორიგ საყოველთაო ომამდე. მაგრამ 1871 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ, რის შედეგადაც ევროპის ცენტრში ყველაზე ძლევამოსილი ევროპული სუპერსახელმწიფო წარმოიქმნა, ამგვარი წონასწორობის აქტის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.  მეტიც, გერმანიის და რუსეთის ურთიერთობებს – მათ მტრობას თუ დროებით ალიანსებს, მათი მეზობლებისთვის მუდმივად დრამატული შედეგები მოჰქონდა, ზოგისთვის კი - კატასტროფული. სანამ გერმანიამ ევროპული თანამეგობრობის ერთ-ერთი ლიდერის ისტორიული როლი არ შეითვისა, რუსეთთან მისი დაპირისპირება დამანგრეველ ომებს იწვევდა, რომელებიც უმეტესად მათ შორის მდებარე მეზობლების ტერიტორიაზე ტარდებოდა, ხოლო მათი ალიანსები, როგორც წესი, ამ მეზობლების ტერიტორიების ერთმანეთში გაყოფით სრულდებოდა (შეგიძლიათ გადახედოთ პოლონეთის ისტორიას). 

რომ შევაჯამოთ, რუსეთის ქმედებაში არაფერია ახალი, ისინი, ვინც ფიქრობდა, რომ ამ დრამატულ პირობებში რუსეთს შეეძლო, თუნდაც დროებით გამოცხადებინა ცეცხლის შეწყვეტა თავის ჰიბრიდულ ომში, შეცდნენ. რუსეთის ამგვარი ქცევა საჭიროებს უფრო დიდ ყურადღებას მათი მხრიდან, ვინც თვლიდა, რომ რუსეთის აგრესიულობა იყო რეაქცია მის მიმართ დასავლეთის მხრიდან ჩადენილ რაღაც უსამართლობაზე. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების და მისი საშინაო-პოლიტიკური სტრუქტურის კომბინაცია მას ავტომატურად აგრესიულს ხდის. როგორც კი კრემლი შეწყვეტს უსასრულოდ საუბარს მტრული გარესამყაროს (განსაკუთრებით დასავლეთის) შესახებ, რომლის ძალისხმევის მიუხედავად, პუტინი მაინც წარმატებით აღადგენს რუსეთის ყოფილ დიდებას, რუსები მეტ ყურადღებას მიაპყრობენ ისეთ საკითხებს, რაც ხალხს ჩვეულებრივად აინტერესებს: უკეთეს ხელფასებს და პენსიებს, უკეთეს ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას, ნაკლებ კორუფციას და ა.შ.  ყველა ამგვარი საკითხის მოგვარება ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე „პატარა გამარჯვებული ომების“ წარმოება სამეზობლოში. მაგრამ ამ სამეზობლოში მოქმედების მეტი თავისუფლების მისაღწევად პუტინს სჭირდება დასავლეთის წინააღმდეგობის ნეიტრალიზება იმის მიმართ, რასაც ისინი ღია აგრესიად განიხილავენ.  

მაგრამ ყველაფერი რუსეთით არ მთავრდება. ევროპამ უნდა გამოიჩინოს მეტი სოლიდარობა და არ ერიდებოდეს მისი თვალსაჩინოდ წარმოჩენაც, მაგალითად, რუსული სპეცოპერაციისგან განსხვავებით, თითქმის შეუმჩნეველი დარჩა გერმანიის მიერ იტალიაში გაგზავნილი დახმარება და მასიური ფინანსური დახმარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ იმ შემთხევაში, თუ იტალიელები, ესპანელები და ყველა ევროპელი არ დაინახავს მეტ ერთობლივ ძალისხმევას, მათი ამოცანა, ვინც ცდილობს ევროპის დანაწევრებას და დასუსტებას, ბევრად უფრო გაადვილდება.

 

 

 

 

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.