X

რონდელის ბლოგი

კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე

2020 / 04 / 13

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

ახალი კორონავირუსის (Covid-19) ფართოდ გავრცელებამ საფუძვლიანად შეცვალა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დღის წესრიგი მსოფლიოში. პანდემიასთან ბრძოლამ ახლებურად დაალაგა ქვეყნების პრიორიტეტები. ეს ცვლილებები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო და მათ შორის – თურქეთსაც.

 

თურქეთში არსებული სიტუაცია

მართალია, პირველი კორონავირუსის შემთხვევა თურქეთში შედარებით გვიან, 11 მარტს, დაფიქსირდა, მაგრამ ეპიდემია სწრაფად გავრცელდა და 12 აპრილის მონაცემებით, ამ ქვეყანაში გარდაცვლილი იყო 1 198 მოქალაქე და დაფიქსირებული იყო 56 956 შემთხვევა (რაოდენობის მხრივ მე-9 ადგილი მსოფლიოში). ამავე დროს კარანტინში იმყოფებოდა 122 500 ადამიანი.

შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ თურქეთს ყველაზე ცუდ დროს მოუსწრო: ქვეყანა აქტიურადაა ჩართული სირიასა და ლიბიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ეკონომიკაში კი სერიოზული პრობლემებია – 2019 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 0,9% იყო, მაღალია ინფლაცია, ეროვნული ვალუტა განიცდის საგრძნობ დევალვაციას, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა, მაღალია უმუშევრობის დონე, სწრაფად შემცირდა სავალუტო რეზერვების რაოდენობა და ა.შ.

თურქეთში ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია მოსახლეობის რაოდენობა – 83 მილიონი საკუთრივ თურქეთის მოსახლეობა და დაახლოებით 5 მილიონი ლტოლვილი, ჯამში, 88 მილიონი. ასეთი დიდი რაოდენობის მოსახლეობის შინ გაჩერება და სოციალური დისტანცირება კი ყოველთვის ვერ ხერხდება. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ თურქეთში ეპიდემიის ცენტრად იქცა ქ. სტამბოლი, ქვეყნის ყველაზე დიდი მეგაპოლისი 16 მილიონი მოსახლეობით, სადაც დაფიქსირდა შემთხვევების დაახლოებით 60%.

კორონავირუსის გავრცელების არეალი თურქეთში

თურქეთში პანდემიის საწინააღმდეგოდ მიღებულ იქნა სერიოზული ზომები: ბევრ დასახლებულ პუნქტში გამოცხადდა კარანტინი, მოქალაქეთა გადაადგილებისთვის დაიკეტა საზღვრები (თუმცა, ღიაა სატვირთო მანქანებისთვის), დაიხურა დიდი სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ბარები, შეიზღუდა 65 წლის ზევით და 20 წლის ქვევით მოქალაქეების ქუჩებში გამოსვლა, შეჩერდა ადგილობრივი და საერთაშორისო ფრენები, ასევე საავტობუსო და სარკინიგზო მიმოსვლა, შეიზღუდა ავტომანქანებით შესვლა და გამოსვლა 31 დიდ ქალაქში, დაიწყო დამატებითი საავადმყოფოების მშენებლობა, აიკრძალა პირბადეების გარეშე გადაადგილება ბაზრებსა და მარკეტებში, გამოცხადდა ეკონომიკის წახალისების 100-მილიარდლირიანი (დაახლოებით 15 მლრდ აშშ დოლარი) პაკეტი, 2 მილიონ შეჭირვებულ ოჯახს გაეწია 1 000-ლირიანი დახმარება და ა.შ. მაგრამ ამან ვერც ვირუსის გავრცელება შეაჩერა და ვერც მისი უარყოფითი შედეგები აღმოფხვრა.

თურქეთის ეკონომიკის გარკვეული დარგების გაჩერების შედეგად დამატებით დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი იქცა დროებით უმუშევრად და დაემატა 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ 4,5 მილიონ უმუშევარს (დეკემბრისთვის უმუშევრობის დონე ისედაც საკმაოდ მაღალი იყო – 13,7%).

ასევე სრულად გაჩერდა ტურიზმის სექტორი, რომელიც თურქეთის ეკონომიკის 12%-ს შეადგენდა 34,5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლით 2019 წელს. ასევე ამ სექტორში დასაქმებულ 1,2 მილიონ ადამიანსაც უმუშევრად დარჩენის საფრთხე დაემუქრა.

გარკვეული პრობლემები შეექმნა სოფლის მეურნეობის გარკვეულ დარგებსაც, რადგან ბევრი ფერმერი 65 წლის ზევითაა და მათ არ აქვთ სახლიდან გასვლის უფლება. შესაბამისად, ვერ ახერხებენ მიწის დამუშავებას. ამასთან, გადაადგილება შეეზღუდათ ამ დარგებში დასაქმებულ სეზონურ მუშებსაც, რომლებიც ვერ მიდიან ადრინდელ სამუშაო ადგილებამდე.

მარტის თვეში 18%-ით შემცირდა თურქული პროდუქციის ექსპორტიც უცხოეთში (შესაბამისად, იკლო შემოსავალმაც). ამასთან, მოახლოვდა თურქული კერძო სექტორის მიერ უცხოეთში აღებული მილიარდობით ვალის გადახდის პერიოდი (მათ მომავალ 12 თვეში 175 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ), რაც დამატებითი სტრესია თურქული ეკონომიკისთვის.  

ხელისუფლებას კი, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, არ სურს დახმარებისთვის IMF-ს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მიმართოს.  ყველაფერმა ამან, საბოლოო ჯამში, ეროვნული ვალუტის დაახლოებით 13%-იანი გაუფასურება გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებელიც.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეკონომიკა სრულად არ უნდა გაჩერდეს, რადგან ქვეყანაში არ არსებობს იმის ფინანსური საშუალება, რომ ამხელა მოსახლეობა (88 მილიონი ადამიანი) უზრუნველყოს ფინანსური დახმარებით სრული კარანტინისა და კომენდანტის საათის შემთხვევაში. ამიტომ ქვეყანაში არ შეჩერებულა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე მუშაობენ დიდი ქარხნები და ფაბრიკები.

ასეთი სიტუაცია კი, ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ქმნის ვირუსის სწრაფად გავრცელების საფრთხეს. ქ. სტამბოლის მერი ოპოზიციური „სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან“ (CHP) ექრემ იმამოღლუ უშედეგოდ ითხოვს ქალაქში ხანგრძლივი ვადით კომენდანტის საათის შემოღებას.

ხელისუფლებამ 10 აპრილს სტამბოლსა და კიდევ 30 დიდ ქალაქში მხოლოდ 48-საათიანი კომენდანტის საათი შემოიღო, რათა შაბათ-კვირას ხალხის დიდი მასა არ გასულიყო ქუჩებში. თუმცა, ამ ამბის გამოცხადების შემდეგ ბევრი ადამიანი მიაწყდა სასურსათო მაღაზიებს, რამაც ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების საფრთხე შექმნა. შექმნილ სიტუაციაში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო გავლენიანმა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ და 12 აპრილს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. თუმცა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არ მიიღო მისი გადადგომა.

თურქეთის მთავრობამ სტამბოლის მერს არც დახმარების შეგროვების საშუალება მისცა, მიიჩნია რა ეს უფლება ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციად.

 

პრობლემების ასახვა საქართველოზე

თურქეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები ბუნებრივად აისახა საქართველოსა და იქ მომუშავე მის მოქალაქეებზე. ეს ბუნებრივიციაა, რადგან თურქეთი საქართველოსთვის კვლავაც რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე მუშაობს ამ ქვეყანაში (თურქული მხარის მონაცემებით, 27 000 საქართველოს მოქალაქეზეა გაცემული გრძელვადიანი ვიზები. თუმცა კიდევ უფრო მეტია იმათი რაოდენობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არალეგალურად მუშაობენ მეზობელ ქვეყანაში):

  • თურქეთში სამუშაოდ მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უკვე დაავადდა კორონავირუსით და ისინი გადიან მკურნალობის კურსს (ერთი მათგანი გადმოიყვანეს საქართველოში). მომავალში მოსალოდნელია მათი რაოდენობის ზრდა;
  • თურქეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა ნაწილმა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. თუ დიდი ქალაქებიდან (სტამბოლი, ანკარა, ანტალია) საქართველოში წამოსვლისას მათ შეძლეს გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვების აღება,  შედარებით პატარა ქალაქებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ დიდ ქალაქებში ჩაღწევა (შეჩერებულია ავტობუსების მიმოსვლა ქალაქებს შორის ან მოხვდნენ კარანტინის ზონებში), რათა იქიდან სპეციალური ავტობუსებით საქართველოში წამოვიდნენ;
  • საქართველოში ჩამოსული ჩვენი მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ უკან, თურქეთში, დაბრუნებას სამუშაოებზე, რადგან საზღვრები დაკეტილია (ღიაა მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეებისთვის). შესაბამისად, ისინი და მათი ოჯახის წევრები შემოსავლის გარეშე დარჩნენ;

 

 

  • საზღვრების ჩაკეტვის გამო თურქეთში გადასვლას ვერ ახერხებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ტრადიციულად სეზონურ სამუშაოებზე საქმდებოდნენ ხოლმე, ძირითადად საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში. 2019 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა დაახლოებით 40 000 იყო და ისინი ძირითადად ჩაისა და თხილის პლანტაციებში მუშაობდნენ. არადა, ჩაის პლანტაციებში მუშაობის სეზონი აპრილის მეორე ნახევარში იწყება. შესაბამისად, ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც მნიშვნელოვანი შემოსავლის გარეშე დარჩნენ;
  • საზღვარზე მიმოსვლას ასევე ვერ ახერხებენ ჩვენი ქვეყნების ბიზნესმენები, სტუდენტები, ავადმყოფები, რომლებიც თურქეთის კლინიკებში მკურნალობას საჭიროებენ;
  • მართალია, სატვირთო მანქანებისთვის მოძრაობა არ ჩაკეტილა, მაგრამ მარტის თვეში ბუნებრივად შემცირდა ვაჭრობის მოცულობა თურქეთსა და საქართველოს შორის (ზუსტი ციფრები ჯერ არ დასახელებულა). ხოლო აპრილის თვეში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება.

 

დასკვნები:

  • ახალი კორონავირუსის გავრცელება უარყოფითად აისახა მთელ მსოფლიოზე და მათ შორის, თურქეთზეც. გარდა ადამიანური დანაკარგებისა, დიდია ეკონომიკური ზარალიც. თუ ეს სიტუაცია დროშიც გაიწელა, მომავალში შესაძლოა პოლიტიკურ სიტუაციაზეც უარყოფითად აისახოს, რისი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრის შემთხვევაში;
  • თურქეთში პანდემიის პიკი ჯერ არ დამდგარა (მის დადგომას ელოდებიან მაისში). ამასთან, ზუსტად არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს;
  • შესაბამისად, ამ ეტაპზე ძნელია იმ დანაკარგის ზუსტად დაანგარიშება, რაც პანდემიით თურქეთს მიადგება;
  • თუმცა, თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ვერ მოხერხდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. მსოფლიო ბანკმა,  თურქეთის ეკონომიკის 2020 წლის მოსალოდნელი 3%-იანი ზრდის მონაცემები,  კორონავირუსის გამო 0,5%-მდე შეამცირა. თუმცა, თუ პანდემია დროში გაიწელა, გამორიცხული არაა ამ პროგნოზის გადახედვა და საგრძნობი რეცესიის დაწყებაც;
  • თურქეთის ეკონომიკაში შექმნილი სირთულეები უარყოფითად აისახება საქართველოსა და მის მოქალაქეებზე. გამომდინარე იქიდან, რომ უცნობია, თუ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია მსოფლიოში და მათ შორის თურქეთშიც, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტი ზარალის დასახელება;
  • თურქეთში პანდემიის დიდი ხნით გაგრძელების შემთხვევაში, გამორიცხული არაა მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიღებაც, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებს, ისე უარყოფითად აისახება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე და ქართული ლარის კურსზეც.

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.