X

რონდელის ბლოგი

საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა

2020 / 05 / 26

გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღეს უპრიანია გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის მიერ განვლილ გზას და ვკითხოთ თავს, თუ რამდენად გამოვიყენეთ ის ისტორიული შანსი, რომელიც კომუნიზმის და საბჭოთა იმპერიის ჩამოშლას მოჰყვა შედეგად და როგორ გავუმკლავდით იმ გამოწვევებს, რომლებიც გზად შეგვხვდა.

თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ ქართული სახელმწიფოს ბედს ყოველთვის გარე და შიდა ფაქტორების ურთიერთქმედება განსაზღვრავდა. თითქმის სამი ათასი წლის განმავლობაში ქართველებს მუდმივად გვიწევს დიდი იმპერიების მიჯნაზე ცხოვრება. ჩვენი სახელმწიფოს წარმატება თუ მარცხი ყოველთვის იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერი იყო მორიგი დამპყრობელი და რამდენად ქმედითუნარიანი იყო ჩვენი საკუთარი ხელისუფლება ახალ გამოწვევასთან მიმართებაში.  მაგალითად, არსებობდა პერიოდები, როდესაც ძლიერი აგრესორის გამოჩენის მიუხედავად, ქართულ სახელმწიფოს წარმატებით დაუცავს თავი და რეგიონში მნიშვნელოვანი ძალა გამხდარა. პირიქითაც ყოფილა, როდესაც სასიკეთო გარე ფაქტორები ვერ გამოგვიყენებია საშინაო არეულობის თუ სხვა მიზეზების გამო. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში დამოუკიდებლობა ნაწილობრივ ან მთლიანად მრავალჯერ დაგვიკარგავს და უამრავი ტრაგედია გადაგვხდენია თავს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფენიქსის მსგავსად ჩვენი ერი ამდენჯერვე ახლიდან შობილა. ამით არ მსურს იმის თქმა, რომ ქართველი ერი განსაკუთრებული ან სხვაზე უკეთესია, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ ისტორია ჩვენს თაობას, რომელსაც დამოუკიდებლობის და თავისუფლების შანსი მიეცა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს.   

მეოცე საუკუნეში სულ მცირე ორჯერ მოგვეცა უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა, როდესაც ჯერ 1917 წელს რუსული იმპერია ჩამოიშალა, ხოლო 1991 წელს - მისი მემკვიდრე - საბჭოთა კავშირი. ორივე ჯერზე ქართველმა ხალხმა თავისუფლება არჩია და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი სხვა ერის მსგავსად დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო. 1918 წლის 26 მაისს შექმნილი ახალგაზრდა ქართული  რესპუბლიკის მესვეურებმა უაღრესად ამბიციური მიზანი დაისახეს და იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ პოლიტიკურ სისტემას ჩაუყარეს საფუძველი. საქართველოში სტუმრად ნამყოფმა დასავლეთ ევროპული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა - ემილ ვანდერველდემ, კარლ კაუცკიმ და დიდი ბრიტანეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა რემზი მაკდონალდმა ჩვენი ქვეყანა ევროპაში თავისუფლების შუქურად და მისაბაძ მოდელად აღიარეს. დიპლომატიურ ფრონტზე საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, როდესაც შეძლო მრავალი ქვეყნის აღიარების მიღწევა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ახლად აღორძინებული ქართული სახელმწიფო ბოლშევიკური აგრესიისგან ვინმეს დაეცვა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. კაცობრიობის ისტორიაში აქამდე ყველაზე სისხლისმღვრელი პირველი მსოფლიო ომი, რომელმაც ევროპას არნახული მსხვერპლი და ზარალი მოუტანა, ახალი დასრულებული იყო და მიუხედავად ბოლშევიკების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა, მასთან ახალი ხანგრძლივი ომის ხალისი არავის ჰქონდა. თეთრი მოძრაობის მხარდაჭერის და მოკლევადიანი ინტერვენციის შემდეგ ბრიტანეთი და საფრანგეთი საკუთარი პრობლემების მოგვარებას, ხოლო შეერთებული შტატები იზოლაციონიზმს დაუბრუნდა. გარდა ამისა, 1920 წელს ბოლშევიკების მიერ ბაქოს დაკავებამ ის ბოლო არგუმენტიც მოსპო, რომელის გამოც ბრიტანელებს შეეძლოთ თუნდაც შეზღუდული სამხედრო კონტინგენტის დატოვება საქართველოში, რომელიც აზერბაიჯანული ნავთობის ბათუმში მოწოდების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სამწუხაროდ, ვერც საშინაო ფაქტორებს ავუვლით გვერდს - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მარცხში თავისი წვლილი მაშინდელი ხელისუფლების გამოუცდელობამ და სამოქალაქო საზოგადოების სისუსტემაც შეიტანა თავისი წვლილი.

მიუხედავად მარცხისა, პირველმა რესპუბლიკამ უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობა დატოვა. მან მთელ მსოფლიოს შეახსენა თითქმის მთლიანად დავიწყებული უძველესი ერის არსებობის შესახებ და შექმნა ახალი რეალობა, რომელის უგულებელყოფა საბჭოთა რუსეთმაც ვეღარ შეძლო: მართალია, გარკვეული ტერიტორიული დანაკარგებით, მაგრამ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩენილ საქართველოს სწორედ პირველი რესპუბლიკის საზღვრები დაედო საფუძვლად, რომლის გარეშეც მომავალში ქართველი ერის მიერ ერთიანი  სახელმწიფოს აღდგენა თითქმის შეუძლებელი გახდებოდა. 1925 წელს რუსული იმპერიალიზმის ისეთი აღიარებული იდეოლოგიც კი, როგორიც ცნობილი რუსი მეცნიერი, პროფესორი ნიკოლაი ტრუბეცკოი იყო, წერდა, რომ 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცდილების გამო, განახლებული რუსული იმპერია ვეღარ შეძლებდა ქართველებისთვის თუნდაც შეზღუდულ ავტონომიაზე უარის თქმას.

1991 წელს ახდა გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსის და პოლიტიკოსის ალექსი დე ტოკვილის სიტყვები: „ყველაზე სახიფათო მომენტი ბოროტი ხელისუფლებისთვის მაშინ დგება, როდესაც ის საკუთარი თავის გარდაქმნას ცდილობს“. საბჭოთა კავშირი სწორედ მაშინ ჩამოიშალა, როდესაც ღრმა სისტემური კრიზისის მოგვარება, რაც განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში გამოიხატა, გარდაქმნის გზით - ეგრეთ წოდებული „პერესტროიკით“ სცადა. „ბოროტების იმპერიად“ შერაცხულმა საბჭოთა სახელმწიფომ თავისი წინამორბედის - რუსეთის იმპერიის ბედი გაიზიარა და მასავით, ხანგრძლივი ექსპანსიის შემდეგ უეცრად დაინგრა.

სამოცდაათი წლის შემდეგ საქართველომ ახლიდან მიიღო შანსი, რომ აღედგინა დამოუკიდებლობა და თავისუფალი სახელმწიფო აეშენებინა. განსხვავებით პირველი მსოფლიო ომის დასასრულისგან, როდესაც ევროპული სახელმწიფოები ბოლომდე არ იყვნენ შეგუებული ერთა თვითგამორკვევის იდეას და მათ მიერ შექმნილმა ერთა ლიგამ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მისია, ცივი ომის დასრულების შემდეგ კომუნიზმისგან ახლად განთავისუფლებული ქვეყნები და ის ერები, რომლებმაც დამოუკიდებლობა ახლახან მოიპოვეს, უფრო მეტ საშინაო გამოწვევას წააწყდნენ, ვიდრე საგარეოს. დღესაც, ამ მოვლენებიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც, ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს სრული თანხმობა იმაზე, თუ რატომ დაიწყო ჩვენი სახელმწიფოებრიობა სისხლისღვრით და იმ ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობით, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ტრაგიკული რეალობაა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი პირდაპირ ეთერში თავისი გადადგომის შესახებ აცხადებდა, რაც ამ სახელმწიფოს დასასრულს ნიშნავდა და მის შემადგენელ რესპუბლიკებს საერთაშორისო აღიარების გზას უხსნიდა, რუსთაველის გამზირზე ომი იყო გაჩაღებული. იანვრის პირველ დღეებში კი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს უკვე აღიარებული ჰქონდა, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დამხობილი იყო და ქვეყანა სრულ ქაოსში იყო ჩაფლული. რა თქმა უნდა, არსებობდა ძლიერი გარე ფაქტორიც - ისევე, როგორც სამოცდაათი წლით ადრე, რუსეთი არ აპირებდა საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის დაშვებას და ყველანაირად უწყობდა ხელს როგორც შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას, ისე ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებას. მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებლობისთვის უკეთ მომზადებული საზოგადოების არსებობის პირობებში მას ამის განხორციელება ბევრად უფრო გაუჭირდებოდა.

ალბათ ამგვარი რთული სტარტის ბრალიც იყო, რომ სრულად ვერ გამოვიყენეთ ეს ისტორიული შანსი, რის გამოც რუსეთის ორბიტას ბოლომდე ვერასდროს გავცდით, მათ შორის მაშინ, როცა ის ყველაზე მეტად იყო დასუსტებული. 1998 წელს, როდესაც რუსეთი მორიგ კოლაფსთან იყო ახლოს და დეფოლტის გამოცხადება მოუწია, საქართველო ბოლომდე არ იყო გამოსული 90-იანი წლების დასაწყისის შოკიდან. სულ მალე, 2001 წლის 11 სექტემბერმა ახალი გეოპოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია, რამაც დიდწილად გადაწყვიტა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოხვედრა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ამ ისტორიული შანსით ვისარგებლეთ - მიუხედავად გარკვეული  პროგრესისა,  საქართველომ მაშინ დააგვიანა დასავლური ინტეგრაციის მატარებელზე, რომელმაც ჩვენი თანამოძმე ბალტიის ქვეყნები სამშვიდობოს გაიყვანა და მათი უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა სამუდამოდ უზრუნველყო.

თავისი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მკითხველმა უნდა აღიაროს, რომ  მომდევნო ხელისუფლებას უფრო რთულ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებაში მოუწია მოღვაწეობა. ვგულისხმობ ღრმა კრიზისიდან რუსეთის გამოსვლას და მის ეკონომიკურ და სამხედრო ძალის ზრდას. მართალია, ამავე პერიოდში საქართველომ უფრო დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე ოდესმე. 2005 წლის 10 მაისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე წარმოთქმულ სიტყვაში საქართველო „დემოკრატიის შუქურადაც“ მოიხსენია. ქართულ რეფორმებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ ევროპაშიც. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მრავალმილიარდიანი დახმარება გაგვიწიეს. მაგრამ ეს მხარდაჭერა საქართველოს ვერ იცავდა სწორედ ამ პერიოდში ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებული პუტინის რუსეთისგან, რომელიც, ელცინის ხელისუფლებისგან განსხვავებით, უკვე ღიად დაუპირისპირდა დასავლეთს და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ აგრესიის შენიღბვით აღარ იწუხებდა თავს. 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის ხელისუფლების თავდაჯერების პიკს დაემთხვა, რასაც გარკვეულწილად ალბათ ნავთობის ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდაც განაპირობებდა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქმეს ურთულებდა ქართულ დიპლომატიას, იყო დასავლეთის მუდმივი ზრუნვა, რომ რუსეთის ქცევაზე მკაცრი რეაგირებით მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზა არ მოეჭრათ. ასე იყო 1990-იან წლებში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა არჩევდა არ შეემჩნია რუსეთის როლი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებში. თუმცა მათი გამტყუნება შეიძლება  ბოლომდე სამართლიანი არც იყოს, რადგან რუსეთი შუამავლად და მშვიდობისმყოფელად   თავად საქართველოს ხელისუფლებას ჰყავდა აღიარებული (თუნდაც იძულებით). კეთილი ნების ნიშნად 1998 წელს რუსეთი დიდ შვიდეულშიც კი მიიწვიეს, რომელშიც მას არაფერი ესაქმებოდა, რადგან ის არც განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა იყო და არც მოწინავე ეკონომიკა გააჩნდა.  2009 წელს, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ღია აგრესიიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც შეერთებულმა შტატებმა პუტინის ხელისუფლებას ურთიერთობების „გადატვირთვა“ შესთავაზა. ევროპის ქვეყნებიც არ კარგავდნენ რუსეთთან ნორმალური პარტნიორობის იმედს და ომის გამო მისთვის ზურგი არ შეუქცევიათ.

ეს ყველაფერი 2014 წელს მკვეთრად შეიცვალა. უკრაინაზე თავდასხმის და ყირიმის ანექსიის შედეგად დასავლეთის მოთმინების ფიალა აივსო და პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციები დაწესდა. ამგვარად, პირველად დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოს გაუჩნდა შანსი, რომ რუსეთისგან თავის დასაცავად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ბევრად უფრო ეფექტურად გამოეყენებინა. მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ უკრაინასთან ერთიანი დიპლომატიური ფრონტის შექმნის ნაცვლად ამჯობინა გამიჯვნოდა თავის სტრატეგიულ მოკავშირეს და პირიქით, არწმუნებდა დასავლეთის ქვეყნებს, რომ უკრაინაში და საქართველოში რუსეთს სხვადასხვა მიზნები ჰქონდა და რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეძლო. სამწუხაროდ, ეგრეთ წოდებული „არგაღიზიანების პოლიტიკას“ რუსეთმა ბორდერიზაციით და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის გაგრძელებით უპასუხა.

კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს თვალწინ იკარგება, საქართველოს დემოკრატიული რეპუტაციის გამყარებაა. მიუხედავად კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებული სერიოზული ხარვეზებისა, რის გამოც სააკაშვილის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდნენ, 2012 წლის ოქტომბერში ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები საქართველოს მიმართ ალბათ ყველაზე დიდი იმედით იყვნენ განწყობილი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად მოხდა ერთი არჩეული  მთავრობის მიერ მეორისთვის ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა. შესაბამისად, იყო მოლოდინი, რომ ახალი მთავრობა გაითვალისწინებდა იმ პრობლემებს, რომლებსაც ოპოზიციაში ყოფნისას თავად მუდამ უსვამდა ხაზს, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს, 2020 წელს, დემოკრატიის რეიტინგით სამხრეთ კავკასიაშიც კი აღარ ვართ პირველ ადგილზე. მეტიც, თუ ჩვენს არჩევნებს და დემოკრატიის ხარისხს შევარდნაძის და სააკაშვილი დროსაც აკრიტიკებდნენ, საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურობის გულწრფელობა  პირველად დადგა ეჭვის ქვეშ. სავარაუდოდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს გახშირებული ანტიდასავლური ძალების, განსაკუთრებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების ღია გამოხდომები ამგვარ ეჭვებს მხოლოდ აძლიერებს. 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამწუხაროდ, 1990-იან წლებში საქართველომ ვერ შეძლო აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად ნატოში გაწევრიანებით საბოლოოდ გაემყარებინა თავისი უსაფრთხოება. ამის გამო ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული რჩება და რუსული აგრესიის მუქარა ჩვენს თავზე მუდამ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. ჩვენს შთამომავლებს ახლიდან რომ არ მოუწიოთ დამოუკიდებლობის აღდგენაზე ოცნება, უბრალოდ არ გვაქვს უფლება, რომ ხელიდან გავუშვათ ის შესაძლებლობები, რომლებსაც მრავალ სირთულესთან ერთად ისტორია თუ განგება პერიოდულად გვარგუნებს. ჯერაც არ არის გვიან, რომ 2020 წლის შემოდგომის არჩევნებზე საქართველომ დაანახოს თავის პარტნიორ ქვეყნებს, რომ მის მიერ განცხადებული ამბიცია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის და დასავლურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის შესახებ მხოლოდ ფინანსური დახმარების მისაღები სატყუარა არაა.  ამის გარეშე საქართველოს რისკავს, რომ არა მხოლოდ დასავლეთის გულუხვი დახმარება დაკარგოს, არამედ საბოლოოდ გამოემშვიდობოს წარმატებული სახელმწიფოს აშენების ოცნებას და რუსეთის აგრესიის თუ სხვა გარე საფრთხეების წინაშე დაუცველი დარჩეს.

        

  

 

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.