X

რონდელის ბლოგი

ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია

2020 / 09 / 24

გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
 

2020 წლის 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებიც ლუკაშენკოს სასარგებლოდ ტოტალურად გაყალბდა, ბელარუსში უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. ხელისუფლებამ გაუძლო ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღის საწყის ეტაპზე შექმნილ კრიტიკულ სიტუაციას და ახლა ცდილობს საპროტესტო მუხტი თანდათანობით მინიმუმამდე დაიყვანოს.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთა შეფასებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე ხმების მხოლოდ 10-13% მიიღო, ხოლო მას შემდეგ, რაც მან საპროტესტო აქციები უხეში ძალის გამოყენებით დაარბია, მისი რეიტინგი 3%-მდე დაეცა. შესაძლოა, ეს შეფასებები ცოტათი გადაჭარბებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ლუკაშენკოს რეიტინგი ბელარუსში საკმაოდ დაბალია, ხოლო საპროტესტო მუხტი კი - საკმაოდ მაღალი. მიუხედავად ამისა, იგი მაინც ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ამაში მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეხმარება.  

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ლუკაშენკო კარგა ხანით ადრე ემზადებოდა მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის. იგი წლების განმავლობაში ცდილობდა მაქსიმალურად დაესუსტებინა ოპოზიცია. მათ შორის, პოლიტიკური სცენიდან ჩამოეცილებინა ისეთი კანდიდატები, რომლებსაც მოსკოვი მის შესაძლო ალტერნატივად  განიხილავდა. რუსეთის მოკავშირეობის მიუხედავად, ლუკაშენკო მოსკოვს არ ენდობა, რადგან ფიქრობს, რომ მისი ჩანაცვლება უფრო ლოიალური პოლიტიკური ფიგურით რუსეთის ხელისუფლების ინტერესებშია. შესაბამისად, პრორუსული ალტერნატივის გარეშე დარჩენამ მნიშვნელოვანწილად უზრუნველყო მოსკოვის მხრიდან ლუკაშენკოს მხარდაჭერა. 

საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ლუკაშენკოს ხელისუფლებამ  მძლავრი ზეწოლა მოახდინა მის მოწინააღმდეგეებზე. შედეგად, რამდენიმე მათგანს მოუწია ბელარუსის დატოვება, ზოგიერთი კი დააკავეს. სწორედ ხელისუფლების  ზეწოლის გამო, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე ბელარუსი დატოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ამ არჩევნებზე ლუკაშენკოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო და ბელარუსის ოპოზიციისა და სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს შეფასებით, სწორედ მან გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. მოსახლეობაში არსებული მძლავრი საპროტესტო მუხტის მიუხედავად, გამოკვეთილი ლიდერების გარეშე დარჩენამ გაართულა ოპოზიციისთვის პოლიტიკური ამოცანების რეალიზება.

ყველაზე უფრო კრიტიკულ სიტუაციაში ბელარუსის ძალოვანმა სტრუქტურებმა  შეინარჩუნეს ხელისუფლების მიმართ ერთგულება. შესაბამისად, ლუკაშენკომ შეინარჩუნა მძლავრი იარაღი, რომლითაც იგი საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და  საკუთარ ოპონენტებზე ზეწოლას ახორციელებდა.

გამოკვეთილი ლიდერის გარეშე დარჩენილმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა მძლავრი საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ დივიდენდებად გარდასხვა. ლუკაშენკოს ხელისუფლების მიერ არჩეული ტაქტიკის თანახმად, საპროტესტო ტალღა დროში გაიწელა ისე, რომ არსებითი შედეგებისთვის არ მიუღწევია. პარალელურად,  ხელისუფლებამ დაიწყო საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავება (არა მასობრივი, არამედ შედარებით მცირემასშტაბიანი) და დაშინება, რათა პროტესტი თანდათანობით შეესუსტებინა. ლუკაშენკომ უარი თქვა „ოპოზიციურ საბჭოსთან“ ყოველგვარ მოლაპარაკებებზე და, ამავდროულად, ეს საბჭო ხელისუფლების უკანონო გზით ხელში ჩაგდებაში დაადანაშაულა, თუმცა საპროტესტო მუხტის შესასუსტებლად იგი მაინც წავიდა გარკვეულ დათმობებზე. კერძოდ, მან თანხმობა განაცხადა საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომლის შემდეგაც ბელარუსში ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს ის გარემოება, რომ ზოგიერთი წყაროს ცნობით, საკონსტიტუციო რეფორმისა და ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე ლუკაშენკომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იგი კრემლიდან წარგზავნილ მაღალჩინოსნებს შეხვდა.  ეჭვი იმის თაობაზე, რომ ბელარუსში საკონსტიტუციო რეფორმის იდეა მოსკოვს ეკუთვნის, კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც სოჭში 14 სექტემბერს გამართულ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრაზე ბელარუსში საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას აუცილებლობაზე პირველმა სწორედ ვლ. პუტინმა ისაუბრა.  

რუსეთის როლი ბელარუსში მიმდინარე პროცესებში მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია. ცხადია, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია საპროტესტო აქციების შედეგად ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან ჩამოცილება. იგი მკვეთრად უარყოფითად არის განწყობილი „ხავერდოვანი რევოლუციების“ მიმართ. ერთი მხრივ, მოსკოვი მიიჩნევს, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ წარმატების შემთხვევაში ბელარუსში დასავლეთის პოზიციები გაძლიერდება, მეორე მხრივ კი, ბელარუსში „ხავერდოვანი რევოლუციის“ გამარჯვება გააძლიერებს საპროტესტო ტალღას თავად რუსეთში და გაზრდის ანალოგიური სცენარით პროცესების განვითარების ალბათობას.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკოს მიმართ ნდობა უკვე დიდი ხანია შესუსტებულია, მოსკოვში მაინც მიიღეს ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერის გადაწყვეტილება. მაგრამ ამავდროულად, ამ მხარდაჭერის შედეგად, კრემლმა ასევე უნდა გადაწყვიტოს ბელარუსზე საკუთარი კონტროლის  გაძლიერების ამოცანა.

უნდა ითქვას, რომ კრემლის მიერ ბელარუსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ ამოცანის თანმიმდევრულად შესრულებას ისახავს მიზნად. საპროტესტო ტალღის საწყის ეტაპზევე მოსკოვმა მინსკში მიავლინა პიარტექნოლოგები, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები და სამხედრო მრჩევლები. ამის შედეგად, მან ბელარუსის ისეთ სტრუქტურებში შეაღწია, რომლებიც ადრე მისთვის დახურული იყო, რადგან ლუკაშენკო მოსკოვს არ ენდობოდა.

სოჭში გამართული ვლ. პუტინისა და ალ. ლუკაშენკოს მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ბელარუსს 1.5 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო. ექსპერტთა შეფასებით, ამ თანხის დიდი ნაწილი გასული წლებში რუსეთის მიმართ ბელარუსის ვალის მომსახურებას მოხმარდება. მოსკოვის მხრიდან ეს ერთგვარი მექანიზმია, რომელსაც იგი სხვა ქვეყნების მიმართაც იყენებს. კერძოდ, ახალი კრედიტის გამოყოფით კიდევ უფრო იზრდება ამა თუ იმ ქვეყნის დავალიანება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაც მოსკოვისთვის გავლენის მოხდენის ერთ-ერთი მექანიზმია.

ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების მოლაპარაკებებზე, რომლის უდიდესი ნაწილი ერთი ერთზე წარიმართა, ვლ. პუტინმა ერთმნიშვნელოვნად მოითხოვა რუსეთთან ბელარუსის უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია და, რაც მთავარია, ბელარუსში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რუსეთის კონტროლისთვის გადაცემა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მოსკოვი უკვე კარგა ხანია დაინტერესებულია ბელარუსში რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსებით. როგორც ჩანს, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია  მოსკოვისთვის, რადგან სოჭში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ა.წ. 16 სექტემბერს, მინსკში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკური  თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. თუმცა, ვიზიტის კვალდაკვალ, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ღიად ალაპარაკდა ბელარუსში რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგებაზე.   

საყურადღებოა ისიც, რომ ბელარუსში საპროტესტო ტალღის გაძლიერების ფონზე ლუკაშენკომ კვლავ მკაფიოდ კრიტიკული პოზიცია დაიკავა აშშ-ის მიმართ. სოჭში მის ვიზიტამდე რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ სწორედ აშშ დაადანაშაულა ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში. ამით მან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბოლო ხანებში დაწყებული აშშ-ბელარუსის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რაც ასევე მოსკოვის ინტერესებში შედის.

საერთო ჯამში, ბელარუსში განვითარებული პროცესებიდან იკვეთება, რომ ლუკაშენკო ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას. მაგრამ ამავე დროს იგი ხდება დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე. ლუკაშენკო იძულებულია ამაზე წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მოსკოვს არ ენდობა.

თავის მხრივ, არც მოსკოვში ენდობიან  ლუკაშენკოს, რადგან მიიჩნევენ, რომ  პოზიციების გამყარების შემდეგ იგი კვლავ შეეცდება მოსკოვისგან დისტანცირებას, რაც წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ბელარუსში არსებული კრიზისი იქ კონტროლის განსამტკიცებლად გამოიყენონ და ლუკაშენკო გადააქციონ მარიონეტად რუსეთის ხელში. ამდენად, ძალაუფლების შენარჩუნების მიუხედავად, მომავალში ლუკაშენკოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ დარჩენის შანსები დღევანდელი გადასახედიდან მკვეთრად  შემცირებულია. 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.