X

რონდელის ბლოგი

რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად

2020 / 11 / 15

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
 

2020 წლის 9 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობით შედგა შეთანხმება აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს შორის, რომლითაც განისაზღვრა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის პირობები. ოქტომბრის თვეში, ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, სამი შეხვედრა გაიმართა (მოსკოვი - 10 ოქტომბერი, პარიზი -17 ოქტომბერი და ვაშინგტონი - 25 ოქტომბერი),  9 ნოემბრის შეთანხმება კი რუსეთის ცალმხრივი ინიციატივის პირობებში მოხდა, ეუთოს და მინსკის ჯგუფის წევრების გვერდის სრულად ავლით და ამით რუსეთის ფედერაციამ აშკარად გაზარდა თავისი სამხედრო და პოლიტიკური გავლენა რეგიონში.

პრესა, პოლიტიკოსები და ექსპერტები ხაზს უსვამენ თვენახევრიან ომში აზერბაიჯანის უპირობო გამარჯვებას. თუ სამხედრო ოპერაციების შედეგებით ვიმსჯელებთ, აზერბაიჯანის წარმატება ეჭვს არ იწვევს. სომხეთს მოუწია ზავის დადება უაღრესად არასასურველ მდგომარეობაში, რის გამოც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შემდგარი აქტი სომხეთის „კაპიტულაციად“ დაახასიათა. 

მაგრამ როგორია რეალური (ემოციური შეფასებებისგან თავისუფალი) შედეგი სომხეთისთვის?

  • სომხეთის მხარეს არ განუცდია სრული მარცხი და ცეცხლის შეწყვეტის პირობებით თავად მთიანი ყარაბაღის სამ/მეოთხედზე  (შესაძლოა მეტზე) ინარჩუნებს კონტროლს.
  • სომხეთმა შეინარჩუნა ყარაბაღთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობის უფლება - ლაჩინის დერეფნის ხუთკილომეტრიანი ზოლი, რომელსაც მისი მოკავშირე რუსეთის „სამშვიდობო ჯარები“ გააკონტროლებენ.
  • მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში ნიკოლ ფაშინიანს ნიშნის მოგებით შეახსენა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი დეკლარაციაში არ შესულა, რეალურად, ეს არა მარტო იმას ნიშნავს, რომ ყარაბაღის დამოუკიდებლობა ვერ შედგა, არამედ იმასაც, რომ აზერბაიჯანმა ვერ აღიდგინა სუვერენიტეტი ამ რეგიონზე და ამ თვალსაზრისით, ომში დამარცხების მიუხედავად, სომხეთისთვის არაფერი შეცვლილა.
  • შეთანხმება დაშორიშორებული მხარეების სამხედრო ძალებს შორის ზღვარს იქვე აწესებს, სადაც ისინი ცეცხლის შეწყვეტამდე იმყოფებოდნენ. ყარაბაღში  „ცეცხლის შეწყვეტის ხაზსა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ“ განლაგდება რუსეთის სამშვიდობო ძალები (იქიდან, ანუ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან,  სომხეთის საჯარისო შენაერთების გაყვანის პარალელურად), რაც იმას ნიშნავს, რომ სომხური მხარის სამხედრო ძალებს შეუძლიათ ამიერიდან ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩნენ განუსაზღვრელი რაოდენობითა და დროით. აზერბაიჯანის მხარეს (ამ შეთანხმებით) არ აქვს არავითარი ბერკეტი, რომ გააკონტროლოს სომხეთის საჯარისო ფორმირებებისა და იარაღის გადაადგილება ყარაბაღის მიმართულებით, შესაბამისად, მათი ყარაბაღში „შეშვება-არშეშვების საკითხი სრულად იქნება დამოკიდებული რუსეთის ნებაზე. ეს სომხებს გარკვეულ უხერხულობას უქმნის, მაგრამ ეს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე იქნება დამოკიდებული და არა - აზერბაიჯანის ნებაზე.
  • არაფერია ნათქვამი ყარაბაღის არმიის შესახებ. ესე იგი, თავად ყარაბაღს რჩება საკუთარი შეიარაღებული ძალების ყოლის უფლება და გასაგებია, რომ იგი სომხეთის (სავარაუდოა, ასევე, რუსეთის) დახმარებით შეეცდება აღადგინოს და გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები.
  • სომხური მხარე ყარაბაღში კარგავს კონტროლს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ შუშაზე, მაგრამ იქვე,  მის შემოგარენში, რუსული სამშვიდობო ძალები განთავსდება, რომელიც იოლად აღკვეთს აზერბაიჯანის მხრიდან სტეპანაკერტზე ნებისმიერი ფორმით შეტევის მცდელობას, რაც თავისთავად ქალაქ შუშის სტრატეგიულ მნიშვნელობას დააკნინებს.   
  • სომხეთი უარს ამბობს და  სრულად ათავისუფლებს აღდამის, ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებს, ყარაბაღის გარშემო არსებულ „ექსტრატერიტორიებს“, რომელთა ოკუპირებაც სომხეთმა ყარაბაღის პირველი ომის დროს, 1993 წელს, მოახდინა. დანარჩენი ოთხი რაიონის გათავისუფლება ამ ბოლო დაპირისპირების დროს აზერბაიჯანის არმიამ იარაღის ძალით მოახერხა. ამ რაიონებზე სომხეთს ტერიტორიული პრეტენზია არასდროს ჰქონია 1989-1994 წლების ომამდე შვიდიდან ხუთ სრულად ოკუპირებულ რაიონში ეთნიკურად სომხური მოსახლეობა მხოლოდ 0,1%-ს შეადგენდა. მათი ოკუპირება სტრატეგიული მოსაზრებებით მოხდა. სომხებს არც მათი ათვისება უცდიათ (მცირედი გამონაკლისის სახით, კერძოდ, სამი რაიონის ათამდე მიტოვებულ სოფელში სირიელი დევნილების ჩასახლების შემთხვევის გარდა), რადგან რომც სდომოდათ, ამისთვის საკმარისი არც მატერიალური და არც ადამიანური რესურსი არ გააჩნდათ.  სომხეთის მხარე არ მალავდა, რომ ეს ტერიტორიები მას, პირველ რიგში, ყარაბაღის სამხედრო უსაფრთხოების გარანტირებისთვის ესაჭიროებოდა. გარდა ამისა, სომხეთი ცდილობდა აზერბაიჯანისთვის მათი დაბრუნება მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხთან დაეკავშირებინა და ვაჭრობის საგნად ექცია. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოება (ისევე, როგორც აზერბაიჯანი) მათ დაბრუნებას სომხეთს უპირობოდ სთხოვდა და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ხელიც კი მოეწერა „მადრიდის პრინციპებს“, რომლის მიხედვითაც, სომხეთს უნდა გაეთავისუფლებინა ეს ტერიტორიები, რის შემდგომაც გაიმართებოდა მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის სტატუსის თაობაზე. ამიტომ ამ ტერიტორიების „ჩაბარება“ არ შეიძლება სომხეთისთვის „ტრაგედიად“ მივიჩნიოთ, რადგან, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის პირობებში (ეუთოს ფარგლებში, ე.წ. „მადრიდის პრინციპები“, რომლესაც სომხეთმა 2007 წელს  მოაწერა ხელი, სწორედ ამას ითვალისწინებდა) მათი დაბრუნება სომხეთს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა.
  • ერთადერთი მიუღებელი მოულოდნელი ტერიტორიული დანაკარგი სომხეთისთვის იყო ქალაქი შუშა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დაახლოებით 15-20 პროცენტი სამხრეთ ნაწილში. აქვე შეიძლება ისიც გავიხსენოთ, რომ 1989 წლამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის 25 პროცენტს აზერბაიჯანელები შეადგენდნენ, შესაბამისად, სომხები მზად უნდა ყოფილიყვნენ ისეთი სცენარისთვის, როდესაც მათ ანალოგიური ზომის ტერიტორიის დათმობა მოუწევდათ, თუ საუბარი მათ დამოუკიდებლობას შეეხებოდა.
  • ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესაბამისად, ყარაბაღის დე ფაქტო დამოუკიდებლობა  მეტად   დაცული გახდა, ვიდრე მანამდე იყო, რადგან, თუ მას აქამდე სომხეთის შეიარაღებული ძალები იცავდნენ, დღეს უკვე აზერბაიჯანის ნებისმიერ მცდელობას, ძალის გამოყენებით დაიბრუნოს იგი, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური რესურსი დაუპირისპირდება. მართალია, ხშირია იმაზე საუბარი, რომ ახლა სომხეთი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთის ნებასა და დახმარებაზე,  მაგრამ, რეალურად, სომხეთს არც არასდროს ჰქონია საკუთარი თავის იმედი აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში. რუსეთზე ეს დამოკიდებულება ყოველთვის განმსაზღვრელი ფაქტორი იყო მთიან ყარაბაღზე კონტროლის შესანარჩუნებლად. სომხეთისთვის (და, განსაკუთრებით, ყარაბაღელებისთვის) სასურველი იყო რუსული ჯარის იქ ყოფნა, რაც გრძელვადიან გარანტიებს შეუქმნიდა სომხურ ანკლავს აზერბაიჯანის და, შესაძლოა (სომეხ-ყარაბაღელების რწმენით), თურქეთისგან თავის დასაცავად. უბრალოდ,  რუსი სამშვიდობოების დისლოცირების საკითხი, საერთაშორისო სამართლით, აზერბაიჯანის გადასაწყვეტი იყო (რომელიც ამას არ თანხმდებოდა) და არა სომხეთის. ომის შედეგად კი გამარჯვებულმა აზერბაიჯანმა უკან დაიხია და რუსებს ჯერ ხუთი წლით, მაგრამ, სავარაუდოდ - დიდი ხნით, საკუთარ ტერიტორიაზე ყოფნის უფლება დაუკანონა. ეს შედეგი აშკარად სომხეთის სასარგებლოდ გადაწყდა.

 

დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სომხეთში ატეხილი ისტერია, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის დადანაშაულება „მოღალატეობრივ გარიგებაში“ და მიღებული შედეგის „კატასტროფასთან“ გაიგივება არასწორია. ეს დაბნეულობითა და შედეგების ცუდად გააზრებით გამოწვეული საზოგადოებრივი პანიკური რეაქციაა. სინამდვილეში, სომხეთი ბევრად უფრო „მშრალად“ გამოვიდა შექმნილი ვითარებიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, როცა ათასობითაა დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. თუმცა, როცა ამას ვამბობ, ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ შედეგს. რაც შეეხება გრძელვადიან ჰუმანიტარულ შედეგს, შესაძლოა, ის  მომგებიანი აღმოჩნდეს სომხეთისთვის, რადგან რეგიონული მნიშვნელობის გზებისა და კავშირების გახსნა, რომელზეც დეკლარაციაშია საუბარი, სომხეთს მომავალში (თუ მათი რეალიზაცია მოხდა) მნიშვნელოვან ეკონომიკურ და, შესაბამისად, სოციალურ სარგებელს მოუტანს. ასევე უსამართლოა ნიკოლ ფაშინიანის დადანაშაულება  ცეცხლის შეწყვეტის „დამამცირებელ“ პირობებზე ხელმოწერის გამო. შექმნილ ვითარებაში მან შესაძლებლობების ზღვარზე იმოქმედა. სინამდვილეში, მისი შეცდომა იყო, რომ ანგარიშს უწევდა სწორედ იმ ძალების პოპულისტურ და რადიკალურ განწყობებს, რომლებიც ახლა მის გადადგომას მოითხოვენ. მას არ ეყო გამბედაობა, რომ დროულად დათახმებოდა აზერბაიჯანის სამართლიან მოთხოვნას მთიანი ყარაბაღის გარშემო ტერიტორიების დეოკუპაციის თაობაზე. ოპოზიციური ძალების ზეწოლის პირობებში პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ვერ ბედავდა განეახლებინა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები, 2007 წელს ეუთოს მადრიდის სამიტზე მიღებული პრინციპების თანახმად. შედეგად, სომხებმა მთიან ყარაბაღში, ეუთოს საერთაშორსო-სამშვიდობო მისიის ნაცვლად, მიიღეს რუსული საჯარისო კონტინგენტი, ხოლო „მადრიდის პრინციპებით“ გათვალისწინებული დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ნაცვლად - აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება, რომ ყარაბაღის სტატუსის შესახებ „არავითარი საუბარი აღარ იქნება“. თუმცა, თუ საკითხის განხილვა ეუთოში დაბრუნდა, ამ კონტექსტში ჯერ არაფერია დაკარგული. აზერბაიჯანს პრაგმატულად შესაძლოა აწყობდეს კიდეც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილის  დათმობა, მისი ქვეყნიდან რუსეთის ჯარებისა და სომხური სეპარატისტული ანკლავის - მუდმივი არასტაბილურობის კერის მოშორების სანაცვლოდ. მიუხედავად ყველაფრისა, სომეხი ხალხისთვის აუცილებელია იმის გაგება, რომ შექმნილ ვითარებაში ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან მყიფე ზავის და მთიან ყარაბაღზე სომხეთის კონტროლის შესანარჩუნებლად, ყარაბაღის სტატუსის თაობაზე შემდგომი მოლაპარაკებების წარსამართად, ამავე დროს, სომხეთში დემოკრატიზაციისა და ევროპული ინტეგრაციის კურსის გასაგრძელებლად ერთადერთი ადეკვატური პოლიტიკური ფიგურაა და მისი „ჩამოგდება“ შესაძლოა ძალზე ძვირად დაუჯდეს ქვეყანას.    

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.