X

რონდელის ბლოგი

ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!

2021 / 02 / 05

ალექსი პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 
 

2021 წლის 2 თებერვალს მოსამართლე რეპნიკოვამ 2 წელი და 8 თვე მიუსაჯა ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს შრომა-გასწორების კოლონიაში მოიხდის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე მოსამართლე ოკუნევამ უარი განაცხადა ამ ფარსში მონაწილეობაზე. მისი სახელი მაშინვე გაქრა სასამართლოს ვებგვერდიდან (გულწრფელად გეტყვით, ასეთი გვერდის არსებობაც კი გამიკვირდა იმ ფონზე, როდესაც მოსკოვის ხიმკის „მილიციის“ რაიგანყოფილების კედლებს იაგოდას და სხვა ჯალათების ფოტოები ამშვენებს), ხოლო სასამართლოს თავმჯდომარემ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

რაც არ უნდა რიტორიკულად ჟღერდეს, ყველა საფუძველი გვაქვს, დავსვათ შეკითხვა: ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლე რეპნიკოვამ: ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რუსეთის „სამუდამო“ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თუ 145-მილიონიან რუსეთს?

პრინციპში, განაჩენი ალექსეი ნავალნის თავად ვლადიმერ პუტინმა და მისმა სისტემამ გამოუტანა, როდესაც მოწამვლის გზით მისი მკვლელობა გადაწყვიტა. საბედნიეროდ (ვისთვის – როგორ?!), ნავალნი გადარჩა. საერთაშორისო გამოძიებამ, მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების დიდი წინააღმდეგობისა, საკმარისზე მეტი მტკიცებულება მოაგროვა იმის დასადასტურებლად, რომ მოწამვლის დროს გამოყენებული იყო ავად სახსენებელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ და ამ ოპერაციის შემსრულებლების ვინაობის დადგენით ყველა გზა კრემლისკენ მიდიოდა.

როდესაც ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა, რუსეთის ხელისუფლებაში ალბათ მხოლოდ იმის იმედი რჩებოდათ, რომ ის უკან აღარ დაბრუნდებოდა და ევროპიდან გააგრძელებდა კრემლის კრიტიკას. ამ ფუჭი იმედების გასამყარებლად სულ უფრო ძლიერდებოდა მუქარა რუსეთის მსჯავრის აღსრულების ფედერალური სამსახურის მხრიდან. მათი მტკიცებით, ნავალნი უხეშად არღვევდა პირობითი სასჯელით გათვალისწინებული სავალდებულო გამოცხადების რეგულაციებს და რუსეთში ჩასვლის შემთხვევაში, მას აუცილებლად შეეფარდებოდა პატიმრობა.

ნავალნი მართლაც იდგა არჩევანის წინაშე: მან იცოდა, რომ რუსეთში დაბრუნებისთანავე დააპატიმრებდნენ. შესაბამისად, მას შეეძლო, მისივე სიტყვებით, „მოეწყო შედარებით მომცრო ზომის ბუნკერი გერმანიაში“ და იქ გამაგრებულიყო, ან დაბრუნებულიყო რუსეთში, გაეწირა თავი უმძიმესი გამოცდისთვის და იქ მიეღო უმკაცრესი სასჯელი. როგორც ყველამ ვნახეთ, მან აირჩია რთული, მაგრამ მისი ამბიციის მქონე პოლიტიკოსისთვის ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება.

მოხდა ის, რასაც პრაქტიკულად ყველა ელოდა. ბრალდებისთვის, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 2017 წელს სამართლებრივად სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია, ნავალნის პირობითი სასჯელი 2.8-წლიანი პატიმრობით შეეცვალა.

ცუდი ამბები რუსეთის ხელისუფლებისთვის ნავალნის რუსეთში დაბრუნებით არ დასრულებულა. მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ციხეში, „მატროსკაია ტიშინაში“, ეტაპირების შემდეგ ნავალნის გუნდმა „იუთუბზე“ ატვირთა ფილმი, რომელიც აღწერს გელენჯიკში ვლადიმერ პუტინის 1.5-მილიარდ დოლარად შეფასებულ სასახლეს. ნახვის რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, რითაც თავად ნავალნიც კი სასიამოვნოდ განცვიფრებული იყო. პუტინი იძულებული შეიქნა, სასახლე „თავის თავზე აეღო“ მისი უახლოესი გარემოცვის წევრს, მილიარდერ არკადი როტენბერგს. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება იყო დაგვიანებული და ძალიან არადამაჯერებელი.

ნავალნის აეროპორტში დაპატიმრებას და მისთვის 30-დღიანი პატიმრობის მისჯამ უაღრესად კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია მთელ რუსეთში. თუ აქამდე მხოლოდ შორეული ხაბაროვსკი ინარჩუნებდა (მინდა გითხრათ, სასწაულებრივად, თუმცა ძალიან სიმპტომატურად) საპროტესტო მუხტს, ნავალნის მოწოდებაზე, გაეპროტესტებინათ ქვეყანაში არსებული კორუფცია, კლეპტოკრატია და განუკითხაობა, უფრო ზუსტად კი სპეცსამსახურების, ძალოვანი სტრუქტურების, შეიარაღებული ფორმირება „როსგვარდიას“ და კადიროვის კრიმინალური დაჯგუფების ძალაზე დამყარებული რეჟიმის მმართველობა, 23 იანვარს რუსეთის 100-მდე ქალაქში 100-დან 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე. მიუხედავად ყინვისა, მიუხედავად „ომონის“ მხრიდან გამოჩენილი სისასტიკისა, ხალხი აღარ შეუშინდა სისტემას. დაიჭირეს ათასობით ადამიანი, მაგრამ განმეორებით აქციაზე, 30 იანვარს ისევ ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვების თანახმად, დემონსტრანტების უმეტესობას შეადგენდნენ 18-დან 35-წლამდე ადამიანები. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, დემონსტრანტთა 40%-ზე მეტი პირველად გამოვიდა საპროტესტო აქციაზე. საინტერესო ფაქტია, რომ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში აქციებზე გამოსულთა 5% საერთოდ არ ენდობა პირადად ნავალნის (https://www.svoboda.org/a/31080892.html), ხოლო 55-60% (https://www.svoboda.org/a/31080892.html) - ნაწილობრივ. მიუხედავად ამისა, მათ საჭიროდ ჩათვალეს გამოსულიყვნენ აქციაზე, რომ გაეპროტესტებინათ ქვეყანაში არსებული უმძიმეს მდგომარეობა.

რუსეთის ხელისუფლება, როგორც 23 და 30 იანვარს, ისე 2 თებერვალს საპროტესტო აქციების დაშლის დროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით. თუ რატომ ასეთი ბრუტალური მეთოდები, ეს საუკეთესოდ თავად ნავალნიმ ახსნა სასამართლოზე: „იჭერენ ერთს, რათა დააშინონ მილიონები“.

ნავალნისთვის პატიმრობის მისჯამ უაღრესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია დემოკრატიულ თანამეგობრობაში. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მკაცრად დაგმო რუსეთის ხელისუფლების ქმედება და მოითხოვა როგორც ნავალნის, ისე ათასობით უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ანალოგიური მოთხოვნებით და მწვავე კრიტიკული განცხადებებით გამოვიდნენ გერმანიის კანცლერი მერკელი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონსონი, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბორელი და მსოფლიოს სხვა ლიდერები.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს პერიოდში რუსეთში და რუსეთსა და დასავლეთს შორის ისედაც უაღრესად დაძაბულ ურთიერთობებში?

რუსეთში გამართულმა აქციებმა ერთმნიშვნელოვნად აჩვენა, რომ საზოგადოებაში აკუმულირებულია ძალიან სერიოზული საპროტესტო მუხტი, რომელიც არამხოლოდ ნავალნის დაპატიმრების შედეგად არის წარმოქმნილი და რომელიც აუცილებლად კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ა.წ. შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი როლი ხელისუფლებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ზრდაში უკანასკნელი წლების განმავლობაში რადიკალურად გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. გარდა ამისა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით რუსეთში შექმნილმა ვითარებამ ძალიან ბევრს მძიმე საბჭოთა წარსულის მოგონებები გაუცოცხლა. რაც ყველაზე მთავარია, რუსეთის მოქალაქეები უბრალოდ დაიღალნენ უცვლელად ერთი და იმავე პრეზიდენტის ცქერით და კიდევ უფრო გამწარდნენ, როდესაც მისი „უკვდავყოფის“ რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ აღარ სურთ ისეთი პრეზიდენტის მმართველობის ქვეშ ყოფნა, რომელიც პრაქტიკულად კეთროვანია დემოკრატიულ თანამეგობრობაში და მისი ქმედებების გამო რუსეთის მიმართ მსოფლიოში დამოკიდებულება დღითიდღე უარესდება.  როგორც ჩანს, „მეფე ვლადიმერი - რუსული მიწების შემომკრების“ ლეგენდას ექსპლოატაციის ვადა ეწურება და არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინი ისტორიაში ისე შევიდეს, როგორც ალექსეი ნავალნიმ მას უწინასწარმეტყველა - „ვლადიმერ - ტრუსების მწამლავი“ (მე მაინც იმედი მაქვს, რომ ის აუცილებლად ჰააგის ტრიბუნალში ამოყოფს  თავს).

ასეთი ლიდერი, სისტემის თავი, გნებავთ, „მაფიის ბოსი“, შეიძლება საფრთხე გახდეს თავად სისტემისთვის და კორუფციული გარიგეგებებით ზღაპრულად გამდიდრებული ოლიგარქებისთვის, რაც მათ ცვლილებაზე ფიქრისკენ უბიძგებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ დემოკრატიულმა თანამეგობრობამ იმოქმედოს სწრაფად და ეფექტურად. ამერიკული „ატალანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევრების, ცნობილი ამერიკელი დიპლომატის დენიელ ფრიდისა და ასევე ცნობილი ექსპერტის ანდრეს უმლანდის შეფასებით, დასავლეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა პუტინის უახლოეს გარემოცვას სანქციების დაწესებით. მათი აზრით, ამ სიაში შესაძლოა შევიდნენ თუნდაც ის ადამიანები, რომელთა სიაც გამოაქვეყნა ლონდონში განთავსებულმა „ანტიკორუფციულმა ფონდმა“. სიის სათავეშია ცნობილი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი. პირველ შვიდეულში შედიან აგრეთვე: „ვითიბი“ ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კოსტინი, უშიშროების პირველი პირების პატურშევისა და ბორტნიკოვის შვილები (პატრუშევის შვილი სოფლის მეურნეობის მინისტრია, ხოლო ბორტნიკოვის - „ვითიბი“ ბანკის ვიცე-პრეზიდენტი), ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ მურაშკო და რუსული პროპაგანდისტული მანქანის ყველაზე გამორჩეული სახე - ვლადიმერ სოლოვიოვი.

იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეიძლება იმოქმედოს სანქციებმა, მრავლისმნახველ დენიელ ფრიდს ძალიან საინტერესო არგუმენტი აქვს: „როდესაც რეიგანმა საბჭოთა კავშირი „ბოროტების იმპერიად“ შერაცხა, ბევრმა არ მოუწონა მას ამერიკაში ეს ტერმინი. სამაგიეროდ, პოლონელი დისიდენტები, რომლებიც საპატიმროებში ისხდნენ, მიხვდნენ, რომ თავისუფალმა სამყარომ მათი ხმა გაიგო და ისინი მარტო არ არიან“.

არ შემიძლია არ დავეთანხმო დენიელ ფრიდს და მათაც, ვინც დაუყოვნებლივ მკაცრ გადაწყვეტილებებს უჭერს მხარს, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილებების გზით ძალის გამოვლინება არის ის, რაც ესმის პუტინს და მის გარემოცვას.

ასე რომ, თუ რუსეთში პროცესები ისე გაგრძელდა, რისი მომსწრეც ახალ ვართ, ხოლო თავისუფალი სამყარო იქნება მტკიცე და შეუვალი თავის პოზიციებსა და მოქმედებებში, მოსამართლე რეპნიკოვას მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება განაჩენი რუსეთის პრეზიდენტისთვის, ტრამპლინი რუსეთის ხელისუფლების მწვერვალისკენ - ალექსეი ნავალნისთვის (თუ ის საპატიმროს ცოცხალი გადაურჩა) და ახალი ფურცელი მრავლისმნახველი რუსეთის ისტორიისთვის. 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.