X

რონდელის ბლოგი

პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე

2021 / 04 / 19

სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი

ეთერ გლურჯიძე,  კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ესტონეთის დილომატიის სკოლის სტუდენტი და ჩრდილოეთი ჩინეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

 

2020 წლის ნოემბრის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ კრემლისგან მხარდაჭერილი იგორ დოდონი დაამარცხა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მიზნად დაისახავდა ქვეყნის დემოკრატიზაციასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში პროევროპული კანდიდატის გამარჯვებას ხალხი დემოკრატიული ცვლილებების დიდი მოლოდინით შეხვდა, მაგრამ მოლდოვაში რეფორმების გასატარებლად საჭიროა ქმედითუნარიანი და პრეზიდენტის ერთგული მთავრობა, რომელიც დამყარებული იქნება დემოკრატიის მომხრე საკანონმდებლო ორგანოზე. მაია სანდუს მცდელობები, დაეშალა წინამორბედი ოლიგარქიული რეჟიმის მომხრე პარლამენტი, უშედეგო აღმოჩნდა. მოლდოვა პოლიტიკურ „ჩიხშია“ მოქცეული და ცვლილებები კვლავაც გამოწვევად რჩება. ეს ყველაფერი კი ცხადყოფს, რომ ქვეყნის არადემოკრატიული ძალები საკმაოდ ძლიერია.

 

გავლენიანი ოლიგარქებთან „ჭიდილი“

მოლდოვაში კორუფციის დონე გასული ათწლეულის განმავლობაში უცვლელად მაღალი იყო და მოიცავდა სახელმწიფო ინსტიტუტებსაც. საერთაშორისო გამჭვირვალობის შედგენილ 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში კორუფციის მასშტაბით მოლდოვა 180 ქვეყანას შორის 115 ადგილზე იყო. იმავე წელს ევროსაბჭოს ანტიკორუფციულმა ორგანომ (GRECO) კორუფციის წინააღმდეგ წინა წლებში გატარებული არასაკმარისი მცდელობებისათვის მოლდოვა მწვავედ გააკრიტიკა. 

დემოკრატი და ანტიკორუფციული პროგრამის მქონე მაია სანდუს გაპრეზიდენტებისა და არჩევნებში იგორ დოდონის დამარცხების შემდეგ პრორუსმა პრემიერ-მინისტრმა იონ ჩიკუმ გადადგომა გადაწყვიტა. ახლანდელ პრეზიდენტს არ აქვს ძალაუფლება, რომ ან საკუთარი ამბიციური დემოკრატიული პროგრამის განსახორციელებლად გასცეს განკარგულებები, ან საერთაშორისო ფინანსური დახმარების მისაღებად გამართოს მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, მან  დემოკრატიის მომხრე მთავრობის ჩამოყალიბება პრიორიტეტად აქცია. თუმცა, ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, რომელსაც იგორ დოდონის პრორუსული სოციალისტური პარტია უდგას სათავეში, მაია სანდუს არ შეუძლია საკუთარი გეგმის განხორციელება და სწორედ ამიტომ სურს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. 

არსებული საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობის დასაშლელად ერთ-ერთი გზა ისევ წარუმატებელი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით წარადგინა პრეზიდენტმა სანდუმ  პრემიერის კანდიდატად ნატალია გავრილიტა - მან ამ თანამდებობისთვის საკუთარი პარტიის ყოფილი წევრი სტრატეგიულად შეარჩია, იმ გათვლით, რომ მას არ მიეღო მხარდაჭერა პარლამენტში. მიუხედავად ამისა, სოციალისტური პარტიის წევრმა პარლამენტარებმა და  წინამორბედი ოლიგარქიული რეჟიმის სხვა მომხრეებმა ჩამოაყალიბეს 54-წევრიანი საპარლამენტო უმრავლესობა (101-მანდატიან პარლამენტში) და პრემიერის პოსტზე წარადგინეს საკუთარი კანდიდატი - მარიანა დურლეშტეანუ, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოლდოვის ყოფილი ელჩია. პრეზიდენტმა სანდუმ უარი თქვა ამ კანდიდატურაზე და ხელმეორედ წარადგინა ნატალია გავრილიტა, იმ მოლოდინით, რომ პარლამენტის განმეორებითი უარი  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიზეზი გახდებოდა.

სურათი 1. მაია სანდუ ნატალია გავრილიტას კანდიდატურას მეორედ წარადგენს პარლამენტში (წყარო: Balkan Insight).

ამის სემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელსაც პრორუსული სოციალისტები უძღვებიან, საკითხი გადაიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში.  სასამართლომ კი მაია სანდუს გადაწყვეტილებას „არაკონსტიტუციური“ უწოდა და ორივე მხარისათვის ხელსაყრელი კანდიდატის შერჩევა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ სანდუ  რეფორმების განხორციელების ერთგული რჩება, ქვეყანას ისევ არ ჰყავს მთავრობა და პოლიტიკურ ჩიხშია მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ სანდუს მოლდოვის ევროპული მისწრაფებების განახლებისა და დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო მყარი ნიადაგის მომზადების სურვილი აქვს, საგარეო ძალები, როგორიც რუსეთია, დიდ როლს თამაშობს მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაში.

 

კრემლი აძლიერებს საკუთარ გავლენას მაშინ, როდესაც ევროკავშირი თამაშგარეა

მოლდოვის პოლიტიკა პარადოქსულია - ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში იყო „პოლიტიკურ გზაჯვარედინზე“ დასავლეთსა და რუსეთს შორის, რადგან მისი საშინაო პოლიტიკა ხასიათდებოდა ბიპოლარული და ურთიერთგამომრიცხავი პროევროპული და პრორუსული პარტიების დაპირისპირებებით. მაშინაც კი, როცა სანდუს გამარჯვებით პროდასავლურმა ძალებმა ბალანსი დაარღვიეს, კრემლს სურს მოლდოვაში ძლიერი ბერკეტები შეინარჩუნოს და არ დაკარგოს ქვეყანა თავისი „გავლენის სფეროდან“. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი არ ფლობს მთავრობის შექმნის რეალურ ძალას, რუსეთი ცდილობს მხარი დაუჭიროს ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონის სოციალისტურ პარტიას, კრემლის მომხრე ძალების გასაძლიერებლად.

რუსული მასმედია ერთ-ერთი ხელსაყრელი ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი მოლდოვის პოლიტიკაში თავისი გავლენისათვის შესანარჩუნებლად იყენებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მედიის დაახლოებით 80 პროცენტს მოსკოვი აკონტროლებს, დოდონთან დაკავშირებული კომპანიების მეშვეობით, რომლებიც სოციალისტურ პარტიას აქტიურად უჭერენ მხარს. იგორ დოდონმა ისარგებლა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობით  და რუსული ტელემაუწყებლობის შეზღუდვის გაუქმების მეშვეობით ქვეყანა კრემლის პროპაგანდას გაუხსნა. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში მოსკოვის გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება, ევროკავშირი გარკვეულწილად მოწყვეტილია მიმდინარე პროცესებს. ამასთანავე, კრემლმა საკუთარი გავლენა გაზარდა „ვაქცინის დიპლომატიის“ გზით. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სანდუ რუსული წარმოების „სპუტნიკ 5“-ის დაბლოკვას  ცდილობდა, მოლდოვის მედიკამენტების მარეგულირებელმა  ორგანომ ვაქცინა მაინც დაარეგისტრირა.

ამასთან, 2021 წლის თებერვალში მაია სანდუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვის საიმედო პარტნიორად რჩება. ორგანიზაციამ გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას, კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ამის მიუხედავად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჩიხი  ევროკავშირის უფრო მეტ ჩართულობას საჭიროებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრემლი სანდუს მოწინააღმდეგეებს აქტიურად უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი  მოლდოვის პოლიტიკურ კრიზისში არ არის ჩართული. პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც ცოტა ხნის წინ მოლდოვაში იმყოფებოდა, მოლდოვის პოლიტიკური კრიზისი არ უხსენებია. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში არსებულმა არეულობამ ქვეყნის პოლიტიკაში ოლიგარქიული გავლენის ღრმა ფესვები გამოავლინა, ევროკავშირმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. ამასთან, ევროკავშირმა რეფორმატორ პრეზიდენტ სანდუს 2021 წელს ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად უპირობოდ უნდა დაუჭიროს მხარი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და მოლდოვის ურთიერთობა გაურკვეველია,  ევროკავშირმა შესაძლოა გამონახოს ახალი გზები ურთიერთობების გასაღრმავებლად. ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს სექტორული თანამშრომლობის გაზრდა ან ევროკავშირის ოთხი თავისუფლების - საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და შრომის სრულად განხორციელება მოლდოვასთან. გარდა ამისა, ევროკავშირთან „ევროკავშირი+3“ ფორმატის შექმნა  შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი უფრო მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. ორგანიზაციის მეტი ჩართულობა და ქვეყანასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყნის გაზრდილ ანგარიშვალდებულებას დემოკრატიული ღირებულებების მიმართ და შეიძლება მომავალში მსგავსი კრიზისული სიტუაციების აცილებას შეუწყოს ხელი.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.