X

რონდელის ბლოგი

ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი

2021 / 07 / 26

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
 

ევროკავშირთან ასოცირებულმა სამმა სახელმწიფომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ - სამოქალაქო და ექსპერტთა საზოგადოების რამდენიმეწლიანი რჩევისა და ადვოკატირების შემდეგ სამმხრივი თანამშრომლობა წამოიწყო.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ სამი ასოცირებული ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ექვსმა პლატფორმამ 2019 წლის დეკემბერში ბრიუსელში ხელი მოაწერა შეთანხმებას, რაც მიზნად ისახავდა გაერთიანებული ძალებით მიეცათ ბიძგი საკუთარი ხელისუფლებებისათვის, დამყარებულიყო ერთმანეთის მხარდაჭერასა და კოორდინაციაზე დაფუძნებული  რეგიონული თანამშრომლობა (Višegrad-4 ფორმატის მსგავსი). ასეთ თანამშრომლობას ხელი უნდა შეეწყო მათი ევროინტეგრაციისათვის და გაეღრმავებინა სავაჭრო და პოლიტიკური თანამშრომლობა, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორებიცაა უსაფრთხოება და სექტორთაშორისი თანამშრომლობა.

სამმა ქვეყანამ, რომლებსაც ახლა უკვე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ასოცირებულ ტრიოს“ (ტერმინი ლიტველ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს მიეწერება), საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2021 წლის 17 მაისს გააფორმა. მემორანდუმი „ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ - ასოცირების ტრიო“ აწესებს დიალოგს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საერთო ინტერესის, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხზეც. მემორანდუმით დადგენილი თანამშრომლობის ფორმა ჯერ კიდევ შორს არის იმ ამბიციისაგან, რის შთაგონებასაც სამოქალაქო საზოგადოება საკუთარ სახელისუფლებო სტრუქტურებში ცდილობს. მემორანდუმი ნაკლებად ეხება ტრიოს წევრთა შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დაფუძნებას, ის მეტად არის მიმართული ევროკავშირთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებში კონსულტაციებისა და ერთობლივი ჩართულობის მხარდაჭერისკენ. მიუხედავად ამისა, მას შეუძლია ხელი შეუწყოს ვაჭრობაზე, უსაფრთხოებასა (კერძოდ, ჰიბრიდულ საფრთხეებზე) და, ასევე, სექტორულ თანამშრომლობაზე (ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ.) ორიენტირებული ბლოკის შექმნას სამი ასოცირებული სახელმწიფოს ჩართულობით. ტრიოს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კი უდავოდ გაზრდის მათ შანსებს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.

აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტრიოს საპრეზიდენტო სამიტით გადაიდგა, რომელიც ბათუმში (საქართველო) 2021 წლის 20 ივლისს გაიმართა ევროკავშირის მონაწილეობით უმაღლეს დონეზე, კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით. სამიტის დეკლარაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამი სახელმწიფოს სწრაფვა, გააძლიერონ და განამტკიცონ  თავიანთი თანამშრომლობა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. მათ ასევე აიღეს ვალდებულება, იმუშაონ საერთო ინტერესის სფეროების „კონკრეტულ პრიორიტეტებზე“, რათა განამტკიცონ პოლიტიკური დიალოგი და ხელი შეუწყონ ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას სატრანსპორტო, მწვანე ეკონომიკის, ციფრული ტრანსფორმაციის, მწვანე ენერგეტიკის, სამართლისა და საშინაო საქმეების, სტრატეგიული კომუნიკაციის და ჯანდაცვის საკითხებში. დეკლარაციის თანახმად, პროგრესი მათ ურთიერთობებში გამოიკვეთება ინსტიტუციების გარდაქმნითა და მათი კანონმდებლობების ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებით. სამივე სახელმწიფოს მდგრადობის გაზრდა ხაზს უსვამს CSDP-ის, ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, და სტრატეგიული კომუნიკაციის  კოორდინაციის საკითხებში ევროკავშირთან მათი მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას. სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ამ სამი სახელმწიფოსთვის ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა და ისინი გაერთიანებული იდგებიან ევროკავშირის მიერ მათი ევროპული პერსპექტივის აღიარების მიღწევის პროცესში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღიარა და მხარი დაუჭირა ამ სამმხრივი თანამშრომლობის დაწყებას. ეს ფაქტი იმის იმედსაც გვაძლევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მიღმა ტრიოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის დამყარება შესაძლებელია. ოთხმხრივი დიალოგი შეიძლება ჩატარდეს მაღალ (სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა) და მინისტრების დონეზე. მომავალში „ტრიოსა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთქმედება ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს ექსკლუზიური ფორმატის შექმნით.

ტენდენცია იმედისმომცემია და ტრიო რეალური რეგიონული თანამშრომლობისკენაა მიმართული. ამ სამ ქვეყანას ევროკავშირთან სასაქონლო და მომსახურებით ვაჭრობის პრაქტიკულად ისეთივე პირობები აქვს, როგორიც ევროკავშირის უკვე  აღიარებულ პოტენციურ და ფაქტობრივ კანდიდატ დასავლეთ ბალკანეთის (WB) ქვეყნებს. ტრიოს ქვეყნებს ჯერჯერობით არ ჩამოუყალიბებიათ მსგავსი შიდარეგიონული ზონა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არსებული სავაჭრო პროცესი 1994 წლის დსთ-ისა და თავისუფალი ვაჭრობის (FTA) ორმხრივ შეთანხმებებს ეფუძნება. ზემოხსენებული შეთანხმებები არ არის ღრმა და ყოვლისმომცველი, შესაბამისად, არ ითვალისწინებს მათ შორის არასატარიფო ბარიერების მოხსნას. ასოცირების ხელშეკრულებები, როდესაც საქმე ევროკავშირთან ვაჭრობას ეხება, არ ცნობენ წარმოშობის წესების დიაგონალურ კუმულაციას აღნიშნულ სამ ქვეყანას შორის. სამივე სახელმწიფო მონაწილეობას იღებს ისეთ ფართო რეგიონულ ფორმატებში, როგორებიცაა სუამი (GUAM) და ბისეკი (BSEC), თუმცა არც ერთი მათგანის ორიენტირს არ წარმოადგენს ევროინტეგრაციის საკითხები.

ტრიოს ქმედებებიდან გამომდინარე, ძალზე მიზანშეწონილი იქნებოდა თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის განსაკუთრებული ფორმატის შექმნა და საერთო მიზნების მისაღწევად ერთმანეთის გვერდში დგომა. ამგვარ პრაქტიკას იყენებდნენ/იყენებენ სხვადასხვა დროს ევროკავშირის წევრობის მსურველი სახელმწიფოები, როგორებიც არიან: „ვიშეგრადის ოთხეული“, ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭო, რეგიონული თანამშრომლობის საბჭო (RCC) და ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონა (CEFTA) ბალკანეთში. ყველა ეს ფორმატი შეიქმნა ევროპული ინტეგრაციის ორმხრივად განმტკიცების და მეტად მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის განვითარებისათვის კონკრეტული რეგიონის „ევროკავშირის ასპირანტ“ ქვეყნებს შორის. მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ის სამი ქვეყანაა, რომლებსაც ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხების შესახებ თანამშრომლობისთვის რეგიონული ფორმატი/პლატფორმა/ორგანიზაცია ესაჭიროებათ. ფორმატი გააერთიანებს ზემოხსენებული ქვეყნების ძალისხმევას ევროპული ღირებულებების შემდგომი მიღებისა და მეტად ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და სხვა სახის (მათ შორის, მეტად ფართო სექტორული) თანამშრომლობის/ინტეგრაციის დამყარებისათვის. ასოცირებული ტრიოს ინტეგრაცია მიმზიდველ საერთო ბაზარს შექმნის ერთობლივი ინსტიტუტებით, რომელთაც შეეძლებათ მომავალში ევროკავშირთან მოლაპარაკებები აწარმოონ, 1992 წელს ევროკავშირსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის შექმნილი ევროპის ეკონომიკური არეალის (EEA) მსგავსი ფორმით ინტეგრაციის  განსავითარებლად.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.