X

რონდელის ბლოგი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე

2021 / 09 / 27

გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი


პუტინის  მმართველობის ერთ-ერთ ყველაზე „დიდ მიღწევად“ რუსეთის ფედერაციაში მართვადი პოლიტიკური გარემოს შექმნა მიიჩნევა. ასეთ გარემოში ყველა პროცესს უნდა მართავდეს ხელისუფლება, დაწესებულ კონკრეტულ ჩარჩოებში და, რა თქმა უნდა, ხელს უნდა უწყობდეს რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას. მართვადი პოლიტიკური  გარემო მოიცავს ყველაფერს, რაც პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, დაწყებული მედიასივრცის კონტროლით და დასრულებული უშუალოდ საარჩევნო პროცესით. 

მართვადი პოლიტიკური გარემოს ნაწილია რუსეთის პარლამენტიც, რომელში შემავალ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს რუსეთში უკვე კარგა ხანია სისტემურ ოპოზიციას უწოდებენ.  „სისტემურ ოპოზიციას“ ბოლო არჩევნებამდე სულ სამი პარტია მიეკუთვნებოდა - „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ და „სამართლიანი რუსეთი“, რადგან მხოლოდ ისინი ახერხებდნენ 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული პარლამენტში მოხვედრას.

ამ სისტემური ოპოზიციიდან ორი - „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ და „სამართლიანი რუსეთი“ - ე.წ. მართვადი ოპოზიციის კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ. რაც შეეხება „რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას“, ის თავის კოლეგებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის გარკვეულ ხარისხს ყოველთვის ინარჩუნებდა. მაგრამ ამავე დროს, სავარაუდოდ, ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ამ პარტიის რეიტინგი მილევადია  და, შესაბამისად, მასაც მართვადი პოლიტიკური გარემოს მისაღებ მოთამაშედ მიიჩნევდა.

პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციას რუსეთში „არასისტემურ ოპოზიციას“ უწოდებენ. „სისტემური ოპოზიციისგან“ განსხვავებით, ხელისუფლებას „არასისტემური ოპოზიციის“ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, რადგან მას მართვადი პოლიტიკური გარემოსთვის დამაზიანებლად მიიჩნევს.

რაც შეეხება მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“, მისი რეპუტაცია რუსეთის მოსახლეობაში უკვე კარგა ხანია საკმაოდ შელახულია. მას მოიხსენიებენ „გაიძვერებისა და ქურდების პარტიად“, რომელსაც  ბევრად უფრო დაბალი რეიტინგი აქვს ვიდრე, რუსეთის პრეზიდენტ ვლ. პუტინს. მიუხედავად ამისა,  „ერთიანი რუსეთი“ დამაჯერებლად იმარჯვებს ხოლმე არჩევნებში და, როგორც წესი, იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, რაც, რა თქმა უნდა, ზემოხსენებული მართვადი პოლიტიკური გარემოს პირობებშია მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი.

ერთი შეხედვით, თითქოს რუსეთის ხელისუფლებას მიმდინარე პროცესებზე მტკიცე კონტროლი აქვს, მაგრამ დრო და დრო მართვადი პოლიტიკური გარემოც აწყდება ხოლმე გარკვეულ სირთულეებს, საზოგადოებაში უკმაყოფილების ზრდისა და ოპოზიციური ძალების გააქტიურების ფონზე. ეს სირთულეები პირველად კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის ფედერაციაში ოპოზიციის საკმაოდ მძლავრი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, რუსეთში თანდათანობით გამკაცრდება მართვადი პოლიტიკური გარემოს რეჟიმი და გაიზარდა ზეწოლა „არასისტემურ ოპოზიციაზე“, არასამთავრობო სექტორსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებზე.

ამ ზეწოლის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. პუტინის რეჟიმი თავდაპირველად მას არ მიიჩნევდა სერიოზულ საფრთხედ. თუმცა მას შემდეგ, რაც 2013 წელს მოსკოვის მერის არჩევნებზე ნავალნიმ ხმების 27% მიიღო, რის გამოც ლამის მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, მის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. პუტინის რეჟიმმა გააძლიერა ზეწოლა ნავალნისა და მის თანამოაზრეებზე. მას აღარც არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა, რადგან უარს ეუბნებოდნენ საარჩევნო კანდიდატად რეგისტრაციაზე. ეს ზეწოლა, საბოლო ჯამში, გასული წლის აგვისტოში ჯერ ნავალნის მოწამვლით და შემდეგ კი, მიმდინარე წლის იანვარში, მისი დაპატიმრებით დასრულდა.

ნავალნის დაპატიმრებით გამოჩნდა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულად ემზადებოდა 2021 წლის სექტემბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის. ექსპერტთა დიდი ნაწილი ამას იმით ხსნის, რომ რუსეთში უკვე დაიწყო მზადება 2024 წელს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელშიც ვლ. პუტინს კვლავაც ექნება მონაწილეობის მიღების უფლება, რუსეთის ფედერაციის ახალი კონსტიტუციის თანახმად. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა რუსეთში არსებული პოლიტიკურ სიტუაციაზე კონტროლის განმტკიცება. ამავე დროს, უნდა ითქვას ისიც, რომ არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ რეიტინგი 25-30% ფარგლებში მერყეობდა, რაც  საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად, საჭირო გახდა უფრო მეტი ძალისხმევა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების უზრუნველსაყოფად და ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად.

აქედან გამომდინარე, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ფარგლებში, თანდათანობით კიდევ უფრო გაძლიერდა წნეხი ოპონენტებზე. ამ ფონზე, ნავალნისთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს მოუხდათ საკუთარი აქტივობის შეზღუდვა, ხოლო მისი თანამებრძოლების გარკვეულმა ნაწილმა რუსეთის ფედერაციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. 2021 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია, მედიასაშუალება და ჟურნალისტი დაემატა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს „უცხოელი აგენტების სიას“, რაც მათი საქმიანობის შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

ვლ. პუტინი, რომელიც აქამდე, როგორც წესი, დისტანცირებული იყო ხოლმე შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე მმართველი პარტიისაგან, ამჯერად სხვაგვარად მოიქცა. მართალია, მას აქტიური წინასაარჩევნო კამპანია არ უწარმოებია, მაგრამ პირადად მიიღო მონაწილეობა „ერთიანი რუსეთის“ წინასაარჩევნო ყრილობაში, რითაც საკუთარი თავი და პარტია ერთმანეთს მჭიდროდ დაუკავშირდა. უშუალოდ არჩევნების წინა დღეს კი მან პირადად მოუწოდა ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ, რაც ადრე არასდროს გაუკეთებია.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სადაც შიდაპოლიტიკურ საკითხებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო კურირებს, ამჯერად კიდევ უფრო აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო პროცესში. დიმიტრი მედვედევს, რომელიც რამდენიმე წლის წინ პრემიერობიდან სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმბოლურ თანამდებობაზე - რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ გადაიყვანეს, იმედი ჰქონდა, რომ გახდებოდა „ერთიანი რუსეთის“ პირველი ნომერი და ამ გზით კვლავ დაბრუნდებოდა აქტიურ პოლიტიკაში. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება დაბლოკა, რადგან ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩაითვალა, რომ მედვედევის დაბალი რეიტინგი ცუდად იმოქმედებდა მმართველი პარტიის ისედაც დაბალ რეიტინგზე. შესაბამისად, „ერთიან რუსეთს“ გაუჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც, მართალია, სხვა კუთხით, მაგრამ მაინც დაკავშირებულია რუსეთში მართვადი პოლიტიკური გარემოსთვის  შესაძლო რისკებთან. კერძოდ, ამ ვერსიის თანახმად, მედვედევის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას ხელი შეუშალეს იმიტომ, რომ მას პუტინის „მემკვიდრის“ ამბიციები არ გაღვიძებოდა.

ცალკე საუბრის თემაა გაყალბების ის უპრეცედენტო  მასშტაბები, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ  საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობა შეესაბამებოდა მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. ამან გააჩინა სერიოზული ეჭვი, რომ საარჩევნო უბნებზე ხელოვნურად გაზარდეს ამომრჩეველთა რაოდენობა, რათა „ერთიან  რუსეთს“ უპრეცედენტო მხარდაჭერა მიეღო. საექსპერტო გათვლით, მხოლოდ ამ ტიპის გაყალბების შედეგად, მმართველმა პარტიამ დამატებით 14 მლნ ხმა მიიღო. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს გაყალბების ერთადერთი მეთოდი არ ყოფილა, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებზე გამოიყენეს.  

საბოლოო ჯამში, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ვლ. პუტინის რეჟიმს სჭირდება მართვის კიდევ უფრო ხისტი მეთოდებით იმოქმედოს, რათა გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ამის რესურსი ხელისუფლებას კიდევ აქვს დარჩენილი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში თანდათანობით აქტუალური გახდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თემა. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ხისტ მეთოდებს, ვლ. პუტინის რეჟიმი მხოლოდ შიდა პოლიტიკაში არ მიმართავს. იგივე მიდგომები ვრცელდება რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკაზეც, რაც გვაფიქრებინებს, რომ თვალსაწიერ მომავალში რუსეთის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები მაღალი იქნება.         

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.