X

რონდელის ბლოგი

ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის

2021 / 11 / 02

ნინო ჩანადირი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
 

პოლონეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 7 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის კანონი უპირატესია ევროკავშირის კანონზე, თუ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში მოდის პოლონეთის კონსტიტუციასთან. ტრიბუნალმა კანონის უზენაესობის საკითხის გადახედვა ივლისში დაიწყო, მას მერე, რაც ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (European Court of Justice; ECJ) პოლონეთს მიუთითა, რომ ბოლო დროს მის სასამართლო სისტემაში შეტანილი ცვლილებები არღვევს ევროკავშირის კანონს, კერძოდ, აჩენს მოსამართლეებზე პოლიტიკური კონტროლის განხორციელების რისკს და სამართლებრივი სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად ნიშნავს ევროკავშირის ძირეული პრინციპის – მისი  კანონის პრიმატის – უარყოფას. ეს მოცემულობა კი უდავოდ ქმნის კრიზისს ევროკავშირისთვის.

პოლონეთის სასამართლო ხელისუფლებას საკმაოდ მტკიცედ და მკაფიოდ უპასუხა ევროკავშირმა და განაცხადა, რომ გააანალიზებს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამასთანავე, ბრიუსელმა ხაზგასმით გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ევროკავშირის კანონი უზენაესია ეროვნულ კანონზე, ECJ-ის გადაწყვეტილებების შესრულება კი სავალდებულოა კავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ხელისუფლებებისთვის, მათ შორის, ეროვნული სასამართლოებისთვის,  და აღნიშნა, რომ  არ დაიშურებს ძალისხმევას ამ პრინციპების დასაცავად.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ქვეყანაშიც გამოიწვია პროტესტი. ხალხი ევროკავშირის მხარდასაჭერად გამოვიდა. პროტესტს შეუერთდა  ევროკავშირის ყოფილი ლიდერი და პოლონეთის ექსპრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც. მან ხალხს მოუწოდა დაიცვან პოლონეთის დემოკრატიული მიღწევები და მისი განგრძობადი წევრობა ევროკავშირში.

დაპირისპირების ფონი

2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც პოლონეთის ხელისუფლებაში მმართველი მემარჯვენე კონსერვატიული პარტია – კანონი და სამართალი (Law and Justice) მოვიდა, პოლონეთი პერიოდულად  პრობლემებს აწყდებოდა ევროკავშირთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, კანონის უზენაესობის თაობაზე. პოლონეთმა დაიწყო საკამათო სასამართლო რეფორმების განხორციელება, რომელიც არაერთხელ დაგმო ევროკავშირმა. რეფორმებს საფუძვლად დაედო იდეა, რომ საჭირო იყო სასამართლოების გათავისუფლება კომუნისტური მენტალობისა და კორუფციისგან. კანონმდებლობაში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილებით  70-დან 65 წლამდე შემცირდა  უზენაესი სასამართლოს წევრების საპენსიო ასაკი.  შედეგად, ათეულობით მოსამართლემ დაკარგა კუთვნილი პოზიცია. ECJ-მა კი დაადგინა, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო და მოსთხოვა პოლონეთს პოზიციებზე აღედგინა მოსამართლეები. იგივე მოხდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებშიც, სადაც ასაკი შემცირდა 67-დან 60 წლამდე ქალებისთვის და 65 წლამდე კაცებისთვის. ამასთანავე, კანონი იუსტიციის მინისტრს უტოვებდა უფლებას გაეგრძელებინა მოსამართლის აქტიური სტატუსი, რაც,  ECJ–ის განმარტებით, ნიშნავდა იმას, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას შეეძლო გავლენა მოეხდინა სასამართლო სისტემაზე.

კრიტიკის ახალი ტალღა მოჰყვა პოლონეთის გადაწყვეტილებას მიეღო კანონი მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური ზომების შესახებ. ამ კანონით, დაშვებულია გამოძიების წარმოება მოსამართლის მიმართ და ასევე, მისთვის სანქციების დაწესება, რაც  პარლამენტის მიერ შერჩეული და დისციპლინურ მოსმენებზე მივლენილი მოსამართლეების გადაწყვეტილებით ხდება. ამასთან დაკავშირებით, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონის მიღებას შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს მოსამართლეთა გადაყენება, მათ მიერ, მაგალითად, ხელისუფლების რეფორმების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გამო. 2019 წლის მარტში კი ევროკავშირმა განაცხადა, რომ ახალი დისციპლინური რეჟიმი ძირს უთხრიდა სასამართლოს დამოუკიდებლობას და საკითხი განსახილველად ECJ-ს გადასცა. 2021 წლის ივლისში ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ დისციპლინური რეჟიმი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონს.

ECJ-ის ამ დადგენილების საპასუხოდ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება – ეროვნული კანონი დააყენოს ევროკავშირის კანონზე მაღლა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა უნგრეთმა, რომელიც იზიარებს პოზიციას, რომ ეროვნულ საკონსტიტუციო სასამართლოებს აქვთ უფლება შეისწავლონ და განსაზღვრონ ევროკავშირის კომპეტენციის საზღვრები.

არის თუ არა ეს გზა Polexit-ისკენ და რა სურს ხალხს?

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დამატებით ფინანსურ რისკს უქმნის ქვეყანას, რადგან მსჯელობა მისი დაჯარიმების შესახებ, ECJ-ის გადაწყვეტილებების იგნორირებისთვის, წინათაც მიმდინარეობდა.  თუმცა, ახლა დასავლურ მედიაში აქტიურად ისმის კიდევ ერთი ახალი კითხვა, კერძოდ, შესაძლებელია თუ არა, ეს იყოს გზა Polexit-ისკენ და  გამოიწვიოს „პოლონური ევრომაიდანი“. პოლონეთის მთავრობა აქამდე ამბობდა, რომ ის არ გეგმავს ევროკავშირის დატოვებას. მართლაც, პოლონეთისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ბრიტანეთისთვის იყო, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, იდეას საჯარო მხარდაჭერა არ გააჩნია.  სექტემბრის გამოკითხვებმა ცხადყო, რომ პოლონელების 88%-ს სურს ევროკავშირში დარჩენა და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია დიდ ქალაქებში. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ პოლონელთა 57% Polexit-ს რეალურ სცენარად არ მიიჩნევს, 30% კი თვლის, რომ ეს მართლაც შეიძლება მოხდეს. სავარაუდოდ, თუ საქმე Polexit-მდე მივა, ის  დიდ საზოგადოებრივ წინააღმდეგობას გამოიწვევს, რამაც შეიძლება სახიფათოდ გაამწვავოს სიტუაცია პოლონეთში.


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის და საქართველოსთვის?

დაბოლოს, ურთიერთობები პოლონეთსა და ევროკავშირს შორის მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის და შესაბამისად საქართველოსთვისაც. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ყოველთვის სარგებლობდა პოლონეთის სერიოზული მხარდაჭერით. 2008 წლის მაისში პოლონეთი, შვედეთთან ერთად გახდა ამ პროგრამის ინიციატორი. იგი დაინტერესებულია აღმოსავლეთ სამეზობლოს სტაბილიზაციით და რუსული გავლენების შემცირებით. პოლონეთი მხარს უჭერდა ასოცირების შესახებ შეთანხმების მქონე  ქვეყნებისთვის მყარი დასტურის მიცემას, რომ მათი ევროპული მისწრაფებები სერიოზულადაა აღქმული. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ინიცირებული იყო პოლონეთში სამოქალაქო პლატფორმის პარტიის მმართველობის პერიოდში, რომელიც დღეს ოპოზიციაშია. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ  სამოქალაქო პლატფორმასა და კანონის და სამართლის პარტიებს შორის, გავლენა იქონია პოლონეთის პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე, საგარეო ურთიერთობების ჩათვლით. თუმცა, ევროკავშირში ხშირად აღნიშნავენ, რომ პოლონეთი კვლავაც რჩება მნიშვნელოვან მხარდამჭერად, როდესაც საქმე ეხება ურთიერთობებს აღმოსავლეთ მეზობლებთან და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას. მაგრამ, თუ პოლონეთსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობების ტენდენცია გაგრძელდება, რთული სათქმელია, რამდენ ხანს ექნება მის ხმას გავლენა.

მეორე მხრივ, ევროკავშირის ძირეული პრინციპებისთვის გამოწვევაა წევრ სახელმწიფოებში გაჩენილი ტენდენციები, რომლებსაც ბრიუსელი არალიბერალურად მიიჩნევს. ამიტომ შესაძლოა, ევროკავშირმა გაძლიეროს შიდა ინტეგრაცია და ამ გამოწვევებთან გამკლავებაზე კონცენტრირდეს, რაც, დიდი ალბათობით, გავლენას მოახდენს ევროკავშირის დამოკიდებულებაზე სამეზობლო პარტნიორობებთან და შეამცირებს კავშირის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობას. ეს არ ნიშნავს სამეზობლო პოლიტიკის უგულებელყოფას. უფრო სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ევროკავშირი გააღრმავებს მათთან თანამშრომლობას და  ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება, თუმცა უახლოეს მომავალში მხარს არ დაუჭერს კავშირში მათ გაწევრიანებას.  

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.