X

რონდელის ბლოგი

როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში

2022 / 03 / 02

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

თურქეთი, ერთი მხრივ, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იარაღსაც აწვდის მას, თუმცა, მეორე მხრივ, ანკარას სჭირდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება რუსეთთან, განსაკუთრებით იმ სირთულეების ფონზე, რის წინაშეც ამ ბოლო დროს დადგა თურქეთის ეკონომიკა.

ოფიციალური ანკარა ბალანსირებულ პოლიტიკას ატარებდა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების პირველ ეტაპზე. თუმცა, რუსეთის შეჭრის შემდეგ ბევრ საკითხზე მოუწია უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება (უკრაინისთვის უფრო მეტი სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა, მონტროს კონვენციის მიხედვით სრუტეების დახურვა და ა.შ.).

ნატოს წევრი თურქეთისთვის, როგორც აქტიური საგარეო-პოლიტიკური აქტორისთვის, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი, რის შესაბამისადაც ის მოქმედებს, კერძოდ:

ა) ანკარის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის გავლენის შემდგომი ზრდის არდაშვება

ანკარის ინტერესებშია, არ დაუშვას რუსეთის შემდგომი გაძლიერება შავ ზღვაზე, სადაც ყირიმის ანექსიის შემდეგ თურქეთის საწინააღმდეგოდ შეიცვალა ძალთა ბალანსი. ამიტომ ანკარა ყველანაირად მხარს უჭერს როგორც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისე ამ ქვეყნის (ასევე საქართველოს) ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს.

თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არაერთხელ იქნა დაფიქსირებული. ბოლო ასეთი პოზიცია ვნახეთ რუსეთის მიერ ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარებიდან მალევე, 2022 წლის 22 თებერვალს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. კერძოდ, სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას.

რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება მიუღებელია და ჩვენ უარვყოფთ მას.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიმართ და მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ საღი აზრით და დაიცვან საერთაშორისო სამართალი“.

 იმავე დღეს მსგავსი პოზიცია დააფიქსირა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრისას. კერძოდ, ერდოღანმა გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილება ე.წ. „აღიარებასთან“ დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმ მომენტს, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ბ) სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან და უკრაინასთან

ანკარას მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთის ფედერაციასთან, რომელთა შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემების წინაშე მდგარი თურქეთის ეკონომიკისთვის (ეს განსაკუთრებით ეხება ენერგომატარებლების ექსპორტს, ტურიზმის  სფეროსა და თურქული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას).

აქ აუცილებლად ის ფაქტორიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის თვალში ანკარა არცთუ ისე ნეიტრალურ მხარედ გამოიყურება უკრაინის (მათ შორის, სამხედრო) მხარდაჭერის გამო, რის საილუსტრაციოდ 2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში („რასია“) გაშვებული გადაცემაც კმარა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის მოსურნეთა სიაში სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად თურქეთი და ერდოღანიც მოხვდნენ.

ტელეკომპანია „რასიას“ გადაცემა, სადაც ერდოღანი ომის მოსურნეთა და, შესაბამისად, რუსეთის მტერთა სიაში შეიყვანეს

ამრიგად, სრულიად ბუნებრივია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერდოღანის მიერ წამოყენებული სამშვიდობო ინიციატივები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვმა უპასუხოდ დატოვა.

გ) სამხედრო-სამრეწველო სფეროში უკრაინასთან თანამშრომლობა

მას შემდეგ, რაც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ კანადამ სომხური ლობის აქტიურობის შედეგად შეზღუდა ძრავების მიწოდება თურქული „ბაირაქთარებისთვის“ (რომელიც უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილ თურქულ მარკად იქცა), საჭირო გახდა ალტერნატივის მოძიება, რომელიც მალევე გამოჩნდა უკრაინის სახით, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა სამხედრო მრეწველობის (მათ შორის, სამხედრო თვითმფრინავების ძრავების წარმოების) დიდი ტრადიციები.

ამრიგად, სრულიად ბუნებრივი იყო, რომ როდესაც 2022 წლის 3 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კიევში ჩავიდა, კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დრონების ერთობლივი წარმოების დაწყების თაობაზე, რომელიც გულისხმობდა როგორც შესაბამისი ერთობლივი ქარხნის გახსნას უკრაინის ტერიტორიაზე, ისე დრონების მართვის სასწავლო ცენტრის ამოქმედებას.

ერდოღანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქ. კიევში 2022 წლის 3 თებერვალს, ერდოღან-ზელენსკის შეხვედრის წინ

 

თურქეთის პოზიციის ცვლილება ომის დაწყების შემდეგ

ომის დაწყების შემდეგ ანკარისთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ნათელი გახდა, რომ ელვის სისწრაფით გაიზარდა რუსეთიდან მომდინარე გეოპოლიტიკური საფრთხეები და გამოწვევები თურქეთისთვის. ამიტომ თურქეთმა ამ მიმართულებით რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი გადადგა:

  • ჩაკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული სამხედრო გემებისთვის (ამის საშუალებას მას ომის შემთხვევაში აძლევს მონტროს კონვენცია). თუმცა ამ ნაბიჯის ეფექტი მცირეა, რადგან რუსული გემების უმეტესობა ადრევე ამოვიდა შავ ზღვაში. მხოლოდ 4-მა რუსულმა გემმა ვეღარ შეძლო ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში ამოსვლა.
  • დაიწყო დამატებითი სამხედრო ტექნიკის (დიდი ალბათობით, თურქული „ბაირაქთარების“)  გაგზავნა პოლონეთში საჰაერო გზით, რასაც შემდგომში ხმელეთით უკრაინას აწვდიან. მართალია, ამ ნაბიჯის შესახებ ანკარას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ რადარის აპლიკაციაზე კარგად ჩანს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთიდან პოლონეთისკენ სამხედრო ტვირთი მიაქვთ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილ სატვირთო თვითმფრინავებს.

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ერთ-ერთი სატვირთო თვითმფრინავის ფრენა პოლონეთის მიმართულებით

- თურქეთმა უკრაინაში ასევე გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება ომით დაზარალებულთა დასახმარებლად.

რაც თურქეთს არ გაუკეთებია, არის ის, რომ არ შეერთებია (ამ ეტაპზე მაინც) დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს და არც საჰაერო სივრცე ჩაუკეტავს რუსული ავიაკომპანიებისთვის. ამით ანკარა ცდილობს რუსეთთან (როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური) ურთიერთობების შენარჩუნებას.

დაბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ძნელია პროგნოზირება, თუ როგორ შეიცვლება დიდი სურათი რუსეთ-უკრაინის ომში და მის გარშემო, რაც აუცილებლად აისახება ოფიციალური ანკარის შემდგომ ნაბიჯებზე.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.