X

რონდელის ბლოგი

რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)

2022 / 03 / 31

ფაბრიციო ნაპოლი, აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინარული კვლევებისა და სწავლების (MIREES) მაგისტრანტი, ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია

 

რუსეთის შეჭრა უკრაინაში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონფლიქტია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც ყველაზე ახლოს დაგვაყენა ბირთვული ესკალაციის საფრთხის წინაშე მას შემდეგ, რაც „ცივი ომი“ დასრულდა. 24 თებერვალს, რუსი ერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განმარტა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (როგორც თავად უწოდებს) მიზნად ისახავს უკრაინის დემილიტარიზაციასა და „დენაციფიკაციას“. უკრაინის სრული დემილიტარიზაციისა და არსებული რეჟიმის შეცვლის შემდეგ კიევი აღარ შეეცდება  გაწევრიანდეს ნატოში, რაც ზუსტად შეესაბამება რუსეთის ინტერესებს.

ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტის საკითხს განიხილავს, როგორც რუსეთის უკრაინიდან გასვლის წინაპირობას.

ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ახლანდელმა გარემოებებმა დასავლეთის დებატებში კვლავ აქტუალური გახადა ნატოს გაფართოების შეზღუდვის საკითხი, რომლის ოპონენტებს შორისაც იყვნენ აშშ-ის ავტორიტეტული პირები ‑ აწ გარდაცვლილი დიპლომატი ჯორჯ კენანი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლები უსაფრთხოების საკითხებში ჰენრი კისინჯერი და ზბიგნევ ბჟეზინსკი და ცნობილი მეცნიერი ჯონ მეარშაიმერი.

მათ მოსაზრებებზე დაყრდნობით, შვეიცარიის, ავსტრიის ან ფინეთის მოდელის  ნეიტრალური უკრაინა შეასრულებს ბუფერული სახელმწიფოს როლს რუსეთსა და დასავლეთს შორის; შესაბამისად, უზრუნველყოფს უსაფრთხოების დილემის დეესკალაციას, რაც კონფლიქტის გამომწვევად მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება შესაძლოა ეფექტურად გვეჩვენოს, ისინი, ვინც უკრაინისთვის ნეიტრალურ სტატუსს გვთავაზობენ და ამავდროულად ამართლებენ რუსეთის დამოკიდებულებას, როგორც ჩანს, ან არაფრად აგდებენ, ან უგულებელყოფენ სხვა ყურადსაღებ ფაქტებს.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კიევისთვის არ შეუთავაზებიათ ნატოს ფორმალური წევრობა, ხოლო აშშ არასოდეს გეგმავდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საზენიტო-სარაკეტო სისტემების განთავსებას. ნატო-უკრაინის ერთობლივი სამხედრო წვრთნები 1990-იანი წლების შუიდან დაიწყო.

მეორე, ნატოს იმ წევრ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ, არ არის განლაგებული ბირთვული იარაღი. უფრო მეტიც, ევროპაში განთავსებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი სტაბილურად მცირდება „ცივი ომის“ დასრულებიდან მოყოლებული. მათი რაოდენობა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგში, ნატოს დიდი ხნის წევრ ქვეყნებთან შედარებით (მაგ.: გერმანია, იტალია), აშკარად დაბალია.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის შფოთვა,  დაკავშირებული ნატოსთან, უფრო მოსკოვის წარმოსახვაა, ვიდრე კონკრეტულად არსებული საფრთხე. ჯერ კიდევ 1993 წელს რუსეთის საგარეო დაზვერვის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა, რომელიც მოგვიანებით დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, განაცხადა ალიანსის გაფართოების საფრთხის შესახებ, თუმცა ამ ფაქტს არ მიიჩნევდა რუსეთზე შეტევის წინაპირობად. მისი გაღიზიანების მიზეზი  ის იყო, რომ თვლიდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა სამხედრო და უსაფრთხოების უწყებებში ანტიდასავლური ძალების მობილიზებას.

უფრო მეტიც, 2000-იანი წლების დასაწყისში თავად პუტინიც არ ეწინააღმდეგებოდა აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებას. უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე თავისი მოსაზრების გამოხატვისას პუტინმა უსაფრთხოების მიმართულებით პრობლემების არსებობა უარყო. როგორც ჩანს, მისი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა.

მეცნიერი პოლ დ’ანიერი, რომელმაც საფუძვლიანად გამოიკვლია აღნიშნული საკითხი, ამტკიცებს, რომ უკრაინის კრიზისის გეოპოლიტიკური გარემოებებით ახსნა არ არის ამომწურავი, რადგან ეს გარემოებები სათანადოდ არ აფასებს კრემლის გადაწყვეტილებებზე შიდა მოსაზრებების გავლენის როლს. რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილებები ყოფილ საბჭოთა სივრცეში დემოკრატიული გარღვევების შედეგია. პუტინის ყველაზე დიდ წუხილს თავდაცვით სამხედრო ალიანსებში უკრაინის ინტეგრაცია კი არ წარმოადგენს, არამედ ის, რომ დემოკრატიისკენ სწრაფვამ შესაძლოა რუსეთის საზღვრებიც გადალახოს. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პროდასავლური განწყობა საბჭოთა რეპრესიების პერიოდამდელ უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში არსებულს შეადარა.

გარდა ამისა, პუტინისგან ეროვნული უსაფრთხოების საკითხების  აკვიატების ზრდა მიანიშნებს, რომ რუსეთის საარჩევნო ავტორიტარიზმი სახეს იცვლის და ტოტალიტარულ რეჟიმად გარდაიქმნება. გარე საფრთხეების გაძლიერება კი სჭირდება, რომ გაამართლოს ძალაუფლებაში უწყვეტად ყოფნა. 1990-იანი წლების დასაწყისში პრიმაკოვმა სწორედ შენიშნა: „რუსეთის ფედერაციაში ნატოს წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოებრივი აზრი დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა და ის ერთ საათში ვერ შეიცვლება“.

თუმცა, დავუშვათ, რომ ამ მოსაზრებების მიუხედავად, რუსეთის მოთხოვნა უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ ლეგიტიმურია და კეთილგანწყობას იმსახურებს. იქნება ეს შესაძლებელი?

გასათვალისწინებელია, რომ 2010-2014 წლებში კიევის მიერ წარმოებულმა  „არაბლოკურმა“ საგარეო პოლიტიკამ ვერ შეუშალა ხელი ყირიმის ანექსიასა თუ კონფლიქტს დონბასში. ეს მოვლენები უხეშად ეწინააღმდეგება მოსკოვის ადრეულ ვალდებულებებს - პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მცირედია შანსი, რომ მოსკოვი მისი სავარაუდო გავლენის სფეროში „ფინური მოდელის“ არსებობას შეეგუება.

მოლდოვა, კონსტიტუციის მიხედვით, ნეიტრალური სახელმწიფოა 1994 წლიდან. მისი ნეიტრალიტეტი მუდმივად ირღვევა რუსეთის სამხედროების დისლოცირებით დნესტრისპირეთში, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა მუდმივად ითხოვს მათ გაყვანას. 1 მარტს, ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს მიმართვის დროს, შემთხვევით გაასაჯაროვა რუკა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი რუსეთის ომის გეგმა და მოსკოვის განზრახვა - სამხრეთ უკრაინის გავლით შეუტიოს მოლდოვას.

ბელარუსის ოფიციალური პირები ნეიტრალიტეტსა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას ძირითად პრინციპებად ასახელებენ. ქვეყანა ასევე არის მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი. ომის დაწყებამდე ექსპერტებმა ბელარუსის რეგიონალური როლი პირველ მსოფლიო ომამდე ბელგიის მდგომარეობას შეადარეს, რაც გულისხმობს ბუფერული სახელმწიფოს, როგორც სამხედრო ინტერვენციის დერეფნის, პოტენციალის დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფას. მართლაც, რუსულმა ჯარებმა ბელარუსი უკრაინაში შეჭრის პლაცდარმად გამოიყენეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მალე დატოვონ მინსკი. ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი, რომელსაც ბელარუსი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ შესწორდა, რაც გულისხმობს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგების შესაძლებლობას.

აზერბაიჯანი ყოფილი საბჭოთა კავშირისა და მიუმხრობლობის მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლებიდან რუსები წვრთნიან და ამარაგებენ  სამხედრო აღჭურვილობითა და ცოცხალი ძალით სეპარატისტულ ძალებს აზერბაიჯანში, რაც ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანის მსგავსად, რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც ემუქრება.

წინა მაგალითებიდან ჩანს, რომ როდესაც პუტინი მეზობლების წინააღმდეგ ძალადობასა და იძულებას იყენებს, არ ითვალისწინებს ამ ქვეყნების ნეიტრალურ სტატუსსა და მოსალოდნელ საფრთხეს. ქვეყნის დისტანცირება „რუსეთის გავლენის სფეროდან“ (როგორც თავად უწოდებს) არის ის კრიტერიუმი, რომლითაც პუტინი ხელმძღვანელობს. სამშვიდობო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის რეჟიმის შეცვლა ისეთივე მნიშვნელოვანი საკითხია მოლაპარაკებებში, როგორც ნეიტრალიტეტი. ლუკაშენკომ ასევე აღიარა, რომ პუტინი უკრაინელებს სთავაზობს, გაიზიარონ ბელარუსის პრორუსული ორიენტაცია.

მიმდინარე მოვლენების ფონზე პუტინი გამოვიდა თავისივე ორგანიზებულ ომის მომხრეთა მასშტაბურ მიტინგზე. ამ შოუში მონაწილეობას იღებდნენ მომღერლები, რომლებიც მხარ უჭერენ კრემლსა და უსაფრთხოების მის მოთხოვნებს. ერთ-ერთმა მათგანმა, ოლეგ გაზმანოვმა, სიმღერის დროს გააჟღერა: „უკრაინა და ყირიმი, ბელარუსი და მოლდოვა: ეს ჩემი ქვეყანაა. ყაზახეთი და კავკასია და ბალტიისპირეთიც ასევე: ეს ჩემი ქვეყანაა“. ამგვარად, ზემოთ მოვიყვანეთ ფაქტები, რომლებიც კარგად აჩვენებს, თუ როგორ ესმის მოსკოვს ნეიტრალიტეტი.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.