X

რონდელის ბლოგი

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი

2022 / 04 / 21

დავით ნატროშვილი, კონტრიბუტორი, საერთაშორისო უსაფრთხოების და თავდაცვის კვლევების მაგისტრი, კავკასიის უნივერსიტეტი

 

შესავალი

2022 წლის 24 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რადიკალური მემარჯვენე პარტიის - „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. ასეთი დაპირისპირება ერთხელ უკვე იყო, 2017 წელს, და ის მაკრონის გამარჯვებით დასრულდა. 2022 წლის არჩევნები კი 2017 წლისაგან განსხვავებული პოლიტიკური კონტექსტის და განსხვავებული ელექტორალური მხარდაჭერის პირობებში მიმდინარეობს, რაც, თავის მხრივ, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ 2017 წლის შედეგები კვლავ განმეორდება.
 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

ისტორიულად, მეხუთე რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არასოდეს ყოფილა ლოკალური მნიშვნელობის. საერთაშორისო სისტემაში საფრანგეთის პოზიციონირებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვინაობა ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ევროპის პოლიტიკური მომავლისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ეს მოცემულობა კიდევ უფრო ხელშესახები გახადა და ერთიორად გაზარდა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა. უდავოა, რომ საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტის საგარეო-პოლიტიკური ხედვები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ამ კრიზისში დასავლური ბანაკის პოზიციებზე, სხვა ფაქტორებთან კომბინაციაში კი (ევროკავშირსა და ნატოში საფრანგეთის ადგილი)  - ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.
 

ომის ეფექტი  

24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა სამხედრო აგრესიამ საფრანგეთის წინასაარჩევნო კამპანიაში ძირეული ცვლილებები შეიტანა. თუ მანამდე საარჩევნო კამპანიის დღის წესრიგი მთლიანად განისაზღვრებოდა პოპულისტი ლიდერების მიერ შემოთავაზებულმა თემებით, როგორიც არის, იმიგრაცია, ისლამიზმი, კრიმინალი, შიდა უსაფრთხოება, სამოქალაქო დაპირისპირება და სხვა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ეს მოცემულობა შეცვალა და პირველი ტურის წინ პრიორიტეტად საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები აქცია. ამ ნიადაგზე სწრაფად მოხდა ამომრჩევლების გადაჯგუფება იმ პოლიტიკოსების გარშემო, რომლებმაც საერთაშორისო კრიზისთან მიმართებით თავი სხვებზე უკეთ წარმოაჩინეს. პირველ რიგში ეს ერიკ ზემურს და მარინ ლე პენს ეხებათ, რომლებიც რადიკალურ მემარჯვენე ფლანგზე ერთმანეთის ძირითად კონკურენტებად განიხილებოდნენ და ომამდე თანაბარი მხარდაჭერით სარგებლობდნენ. ლე პენმა სწრაფად აუღო ალღო საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებას და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე საკმაოდ მკვეთრი პრორუსული განცხადებებით იყო ცნობილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ღიად უწოდა აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინელი დევნილების უპირობო მიღებას საფრანგეთში. ლე პენისაგან განსხვავებით, ერიკ ზემური განაგრძობდა იმის მტკიცებას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ემსახურებოდა ფუნდამენტური პრობლემებიდან ფრანგი ამომრჩევლის ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანას. მისი თქმით, ეს ფუნდამენტური პრობლემები არა აღმოსავლეთიდან, არამედ სამხრეთიდან მომდინარეობდა. ამით ის ცდილობდა საზოგადოების ყურადღება კვლავ იმ საკითხებისკენ მიემართა, რომლებიც მისი საარჩევნო პროგრამის ძლიერ მხარეს წარმოადგენდა. თუმცა, ზემურის მცდელობა უშედეგო გამოდგა და მისი რეიტინგი სწრაფად დაეცა. ლე პენის რეიტინგი კი ასევე სწრაფად გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, სწორედ ზემურის თავდაპირველი ამომრჩევლის ხარჯზე მოხდა. რუსეთ-უკრაინის ომს ორი რადიკალური მემარჯვენე ლიდერის დაპირისპირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა - მან მარინ ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისკენ გაუხსნა გზა.
 

პირველი ტური და მისი შედეგების გავლენა წინასაარჩევნო გარემოზე

პირველი ტურის შედეგებმა საფრანგეთის შიდა პოლიტიკური პეიზაჟი მნიშვნელოვნად შეცვალა და შემოგვთავაზა ძალთა ახალი განაწილება, რომელშიც, 2017 წლისაგან განსხვავებით, რადიკალური მემარჯვენე ფრთის ლიდერის უპირობო მარცხი აღარ იკითხება. პირველი თვალშისაცემი ცვლილება საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური იდეების და შეხედულებების მომძლავრებაა. არჩევნებში რადიკალური მემარჯვენე ფრთიდან 4 კანდიდატი მონაწილეობდა, რომლებმაც პირველ ტურში, ჯამურად, ამომრჩეველთა საერთო ხმების 35.4% დააგროვეს, რაც ისტორიული შედეგია (2017 წელს ეს მხარდაჭერა 27.2%-ს შეადგენდა). მეორე სახასიათო ნიშანია რადიკალური მემარცხენე ფრთის ლიდერის ჟან-ლუკ მელანშონის გასვლა მესამე ადგილზე (22%). ნიშანდობლივია, რომ ჟან-ლუკ მელანშონის ამომრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე არსებული ხედვებით ძალიან ახლოს დგას რადიკალურ მემარჯვენე ფრთასთან და მათთან ერთად ქმნის ე.წ. „სუვერენისტების“ ბანაკს. მესამე ცვლილება ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებს უკავშირდება, რომელთა როლი საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ უფრო მცირდება და პოზიციებს რადიკალურ მემარჯვენე და რადიკალურ მემარცხენე პარტიებს უთმობს. მეოთხე ცვლილება გამოიხატება ე.წ. „ეროვნული ჯებირის“ მნიშვნელოვან შესუსტებაში, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში უკვე ორჯერ იმუშავა წარმატებით, ულტრამემარჯვენე ლიდერების საზიანოდ და მათი მეტოქეების სასარგებლოდ: 2002 წელს ჟაკ შირაკის და მამა ლე პენის, ხოლო 2017 წელს ემანუელ მაკრონის და შვილი ლე პენის დაპირისპირებაში. დაბოლოს, არჩევნების მეხუთე სახასიათო ნიშანი იმაში გამოიხატება, რომ მემარჯვენე ლიდერების დაპირისპირებაში გადამწყვეტი სიტყვა რადიკალური მემარცხენე შეხედულებების მქონე ამომრჩეველს ეკუთვნის, რაც მემარჯვენე ფლანგზე მოთამაშე პოლიტიკოსებისთვის რთულად დასაძლევი გამოწვევაა.
 

სად წავა დამარცხებული კანდიდატების ხმები

დამარცხებული კანდიდატების ერთმა ნაწილმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია პირველი ტურის დასრულებისთანავე საჯაროდ დააფიქსირა. ერიკ ზემურმა მხარი მარინ ლე პენს დაუჭირა, ხოლო ვალერი პეკრესმა, ან იდალგომ და იანიკ ჟადომ - ემანუელ მაკრონს. ჟან-ლუკ მელანშონმა მარინ ლე პენის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა, მაგრამ, ამავე დროს, არც ის უთქვამს საკუთარი ამომრჩევლებისთვის, რომ მეორე ტურში ხმა ემანუელ მაკრონს მისცენ.

ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი სათანადოდ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს კომპლექსურ ხასიათს და თითოეული ამომრჩევლის ხმისთვის იბრძვიან. ეს უკვე დაეტყო მათ დისკურსს, რომელიც პირველი ტურის შემდეგ ნაწილობრივ  მარცხნივ გადაიხარა, რაც გასაგებიცაა, ვინაიდან არჩევნების ბედს ახლა მემარცხენე მელანშონის მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი განსაზღვრავს. თუმცა დისკურსის ცვლილებას გამოწვევაც ახლავს, რაც საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნებას და მემარჯვენე შეხედულებების მქონე დამატებითი ელექტორატის მოზიდვას უკავშირდება. 
 

რა მოხდება, თუ მარინ ლე პენი გაიმარჯვებს

კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს შემდეგია: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მარინ ლე პენი გაიმარჯვებს? ლე პენი დიდი ხანია უკვე ცნობილია თავისი ამბიციური გეგმებით, როგორც შიდა, ისე საგარეო ასპარეზზე. შიდა პოლიტიკაში მის უპირველეს სამიზნეს იმიგრაცია, რადიკალური ისლამი და შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს. საგარეო ასპარეზზე კი ლე პენი პირველ რიგში გეგმავს გააძლიეროს საფრანგეთის სუვერენიტეტი, რომელიც მისი მოსაზრებით, საერთაშორისო ინსტიტუტების ზეწოლის შედეგად იზღუდება. ეს გულისხმობს საფრანგეთის პოზიციების გადასინჯვას ნატოს და ევროკავშირის შიგნით. ლე პენი აცხადებს, რომ არ აპირებს ამ ორგანიზაციებიდან საფრანგეთის გამოყვანას, თუმცა შეაჩერებს საფრანგეთის მონაწილეობას ნატოს ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში და შექმნის ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციას - ევროპული ერების ერთობას, რომელიც, მისი თქმით, „ფედერალისტური მისწრაფებების მქონე ევროკავშირისაგან განსხვავებით, ისტორიულად ჩამოყალიბებული ევროპული ერების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს“. რაც შეეხება რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ის არ შეცვლილა და კვლავ პირვანდელ პოზიციაზე რჩება, რაც გულისხმობს პარტნიორულ ურთიერთობებს პუტინის რუსეთთან, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს და აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეჩერებას.
 

და თუ მაკრონი გაიმარჯვებს

მაკრონის გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთს და ევროპას რადიკალური ცვლილებები არ ელოდება. მაკრონი არ აპირებს საერთაშორისო ურთიერთობებში საფრანგეთის პოზიციების გადასინჯვას. ის ეცდება რუსეთ-უკრაინის ომში მედიატორის როლის შენარჩუნებას და გააგრძელებს კრიზისის დიპლომატიური გზებით დარეგულირების პოლიტიკას. ამავე დროს მაკრონის მიზანი იქნება ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიანი თავდაცვის სისტემის ფორმირება. ის ასევე შეინარჩუნებს ტრანსატლანტიკურ პარტნიორობას და ხელს შეუწყობს მის განმტკიცებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპაში ძლიერი ნატოს საჭიროებას.
 

არჩევნების შედეგების გავლენა საქართველოზე

მარინ ლე პენის გამარჯვება, რომელიც გამოიწვევს ნატოს და ევროკავშირის დასუსტებას და ხელს შეუწყობს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის  ინტერესების აღიარებას (უკრაინის ნეიტრალიზაცია და ყირიმის ანექსია), მნიშვნელოვნად შეცვლის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს და მას ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს.

მაკრონის გამარჯვების შემთხვევაში კი, უსაფრთხოების გარემოში არსებული სტატუსკვო შენარჩუნდება და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მისი გაუარესების ან გაუმჯობესების დამატებით ფაქტორად არ იქცევა.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.