X

რონდელის ბლოგი

არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?

2022 / 05 / 11

მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

 

ქართულ-ოსური კონფლიქტის დასრულების შემდეგ ცხინვალის რეგიონში მე-6 არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი არჩევნების მე-2 ტურში ალან გაგლოევთან დამარცხდა. დე ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტების უმრავლესობა მეორე ვადით არჩევას ვერ ახერხებს და ეს უკვე ერთგვარ ტრადიციადაც ჩამოყალიბდა.

 

რა ხდებოდა 2022 წლამდე?

ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პრეზიდენტის პირველი არჩევნები 1996 წელს ჩატარდა, რომელშიც ლუდვიგ ჩიბიროვმა გაიმარჯვა. 2001 წელს ჩიბიროვი, მოსკოვის მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთიდან დაბრუნებულ ბიზნესმენ ედუარდ კოკოითთან დამარცხდა. კოკოითი ამ დრომდე ერთადერთია, ვინც მეორე ვადით გამარჯვება მოახერხა. მან 2006 წელს ხმების 98.1% მიიღო.

შემდეგი არჩევნები 2011-2012 წლებში პოლიტიკური კრიზისის პირობებში ჩატარდა. ანატოლი ბიბილოვი მოსკოვის მხარდაჭერის (არჩევნებამდე მას პირადად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი) მიუხედავად დამარცხდა, რის შემდეგაც დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რასაც  ხელახალი არჩევნების ჩატარება მოჰყვა. განმეორებით არჩევნებში, რომელშიც ბიბილოვი აღარ მონაწილეობდა, ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა. 2017 წლის არჩევნებში ბიბილოვმა უკვე შეძლო თიბილოვის დამარცხება. თიბილოვი არჩევნებამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა, მაგრამ არჩევნების ბედის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი პუტინის გავლენიანმა თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა შეასრულა, რომელიც, როგორც ამბობენ, ბიბილოვის კანდიდატურას ლობირებდა.

 

2022 წლის არჩევნები

წინასაარჩევნო კამპანია

ბიბილოვმა თავიდანვე დაიჭირა თადარიგი და რამდენიმე ძლიერი კონკურენტი, სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით, „პრეზიდენტობის“ კანდიდატებად არ დაარეგისტრირებინა. მათ შორის: ყოფილი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასიევი და დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი დავით სანაკოევი. ბიბილოვის მთავარი კონკურენტები იყვნენ პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, „დეპუტატი“ გარი მულდაროვი, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრე პლიევი და ყოფილი „დეპუტატი“ დიმიტრი ტასოევი.

წინასაარჩევნოდ ოპონენტებმა ერთმანეთი არ დაინდეს სატელევიზიო დებატების დროს, როდესაც ერთმანეთის კრიტიკა ხშირად შეურაცხყოფაშიც გადადიოდა. ბიბილოვის საარჩევნო კამპანიას რუსი პოლიტტექნოლოგების ხელიც ეტყობოდა. გაგლოევის ძმაზე, რომელსაც სამმაგ მკვლელობაში სდებენ ბრალს, არაერთი ვიდეო მომზადდა, ამისთვის საგანგებოდ გარდაცვლილების ნათესავები დაღესტნიდანაც კი ჩაწერეს. თავის მხრივ, არც გაგლოევის გუნდი ამბობდა უარს „შავ პიარზე“.

ბიბილოვმა წარმატების მოსაპოვებლად თავისი საარჩევნო კამპანიის მთავარ გზავნილად რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარება აქცია. იგი შეეცადა გაგლოევი ანტირუსულ კანდიდატად წარმოეჩინა, რომელიც მიიჩნევდა, რომ რეფერენდუმის საკითხი ამ ეტაპზე არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში და იგი მხოლოდ ბიბილოვის საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა.

ბიბილოვი მოსკოვის გულის მოგების მიზნით პირადად ჩავიდა დონბასში და ასევე ხელი შეუწყო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე დასაქმებული ეთნიკურად ოსი კონტრაქტორებისა და მოხალისეების გაგზავნას. ეს საკითხი მალევე ნეგატიურად შემოუტრიალდა ბიბილოვს, რადგან საომრად წასული სამხედროების ნაწილი ცოტა ხანში უკან დაბრუნდა. მათ ღიად გააკრიტიკეს მათდამი დამოკიდებულება, რაც გამოიხატა ომის წარმოებისთვის არსებულ მძიმე პირობებში, მათთვის დაზიანებული სამხედრო ტექნიკის გადაცემასა და რუსი სამხედრო მეთაურების არაკომპეტენტურობაში.

პირველი ტური

10 აპრილს, პირველ ტურში, გაგლოევმა ხმების 36.9% (10 705 ხმა) მიიღო, ბიბილოვმა კი - 33.5% (9 706). არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობდა სულ 28 976 ადამიანი, რაც საერთო „ამომრჩევლის“ 74.26%-ია. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია 1991-1992 წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას.

გაგლოევმა პირველ ტურში წარმატებას მიაღწია ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ოკუპირებულ ახალგორის მუნიციპალიტეტშიც, რომლის მაცხოვრებლებს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გახსნას დაჰპირდა. ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბრიდან ჩაიკეტა, მას შემდეგ, რაც სოფ. ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგო  განთავსდა. ბიბილოვმა ადგილობრივი ეთნიკურად ქართველი ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვების იმედით, აღდგომის დღეებში, 21-25 აპრილს, დროებით გამშვები პუნქტიც კი გახსნა.

მეორე ტური

არჩევნების მეორე ტური ჯერ 28 აპრილს დაინიშნა, მაგრამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი „მოქალაქის“ საჩივრის საფუძველზე, არჩევნების მეორე ტურის დღედ 8 მაისი განისაზღვრა. თარიღის გადაწევა, სავარაუდოდ, ბიბილოვის შეკვეთა იყო, რომელსაც მსგავსი გადაწყვეტილებით დროის მოგება და გადამწყვეტი ბრძოლისთვის მხარდამჭერების მობილიზაცია სჭირდებოდა. თავის მხრივ, ეს დრო გამოიყენა გაგლოევმაც, რომელსაც მხარი დაუჭირეს სხვა ოპოზიციურმა კანდიდატებმაც.

მეორე ტურში გაგლოევმა ხმების 56.09% (16 134 ხმა) მიიღო, ბიბილოვმა კი - 40.90% (11 767). ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა 3.01%-მა (867). სულ მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 29 423 ადამიანმა, რაც საერთო ამომრჩევლის 73.93%-მა. გაგლოევის უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, რომ ბიბილოვმა დამარცხება მალევე აღიარა და გამარჯვებულ გაგლოევს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია 24 მაისს ჩატარდება.

რატომ წააგო ბიბილოვმა?

ბიბილოვის მოღვაწეობის შავი ლაქა ჯაბიევის საქმეა. 2020 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრის იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ინალ ჯაბიევი ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ჯაბიევის სიკვდილს ადგილობრივი მოსახლეობის ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა. ბიბილოვი იძულებული გახდა მთავრობაც კი გადაეყენებინა, მაგრამ უარი თქვა გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის განთავისუფლებაზე. პროტესტის ნიშნად დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა უარი თქვეს სხდომებში მონაწილეობაზე.

ბიბილოვის რეპუტაციას ზიანი მიაყენა ე.წ. ჩორჩანა-წნელისის კრიზისმაც, რაც საოკუპაციო ხაზთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით იყო გამოწვეული. მას უმოქმედობაში სდებდნენ ბრალს. გარდა ამისა, ბიბილოვს 200 კვ/კმ „ოსური“ მიწის საქართველოსთვის დათმობაშიც ადანაშაულებდნენ.

ბიბილოვს ხშირად სდებდნენ ბრალს კორუფციასა და სიგარეტის კონტრაბანდაში მონაწილეობაში. მისი ოპონენტების აზრით, სათანადოდ არ იხარჯებოდა რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსებიც.

 

ვინ არის ალან გაგლოევი?

გაგლოევი 1981 წელს ცხინვალში დაიბადა. 2002 წელს „სამხრეთ-ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ეკონომიკური და იურიდიული ფაკულტეტები დაამთავრა. 2003 წელს ვლადიკავკაზში რუსეთის ფედერაციის კადრების მომზადების საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარა. 2002 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მუშაობდა, თუმცა მისი კარიერის დიდი ნაწილი „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს“ უკავშირდება, სადაც იგი 2004-2017 წლებში მუშაობდა. მის ბიოგრაფიულ ცნობებში მითითებულია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა. 2017 წელს არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებლად მიიღო მონაწილეობა, 2020 წლიდან კი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ლიდერი გახდა.

 

რა გამოწვევები ელის გაგლოევს?

გაგლოევს არაერთი პრობლემის გადაწყვეტა მოუწევს. საწყის ეტაპზე ძირითადი პოლიტიკური გამოწვევა „მთავრობის“ ჩამოყალიბება იქნება, სადაც ყველა მისი მხარდამჭერის ინტერესი უნდა იყოს დაცული. მას ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა დაუჭირა მხარი და, შესაბამისად, ახლა ელიან, რომ ეს მხარდაჭერა სათანადოდ დაფასდება. გარდა ამისა, საზოგადოების მოლოდინი საკმაოდ მაღალია. ბიბილოვისადმი უკმაყოფილება იმდენად დიდი იყო, რომ გაგლოევს განსხვავებული პოლიტიკური სიმპათიების მქონე ამომრჩეველმაც კი დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ბიბილოვის დამარცხების შემდეგ მათი პრეტენზიები უკვე გაგლოევისაკენ იქნება მიმართული.

გაგლოევის მთავარი პრობლემა ეკონომიკური გამოწვევის დაძლევა იქნება. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ცხინვალის რეგიონის დაფინანსება შემცირდება. ამის შესახებ უკვე განაცხადეს რუსეთის ეკონომიკის სამინისტროში. იმ ფონზე კი, როდესაც რეგიონის შემოსავლები პრაქტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული და არც ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის რესურსი არსებობს, მოსახლეობის ეკონომიკური პრობლემების მოგვარება გაგლოევის მთავარი თავსატკივარი იქნება. უკრაინაში ომის გახანგრძლივება რუსეთში კრიზისს გააღრმავებს, ეს კი გაგლოევის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს კიდევ უფრო გაამწვავებს.  

 

რა ელის რეფერენდუმს?

ბიბილოვმა მარცხის მიუხედავად განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდება. მისი თქმით, ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე შეგროვდა და გადაეცა „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“. თუმცა, ეს საკითხი ბიბილოვის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და, შესაძლოა, გაგლოევის მმართველობის პირობებში აქტუალობა დაკარგოს, რადგან რეფერენდუმის საკითხი ამ ეტაპზე არც რუსეთისთვისაა პრიორიტეტული. ამ საკითხზე თავისი მოსაზრება გამოთქვა სახელმწიფო დუმის წევრმა, დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა. მან თქვა, რომ გაგლოევი არ ჩქარობს რეფერენდუმის ჩატარებას. ეს საკითხი უფრო დამოკიდებულია რუსეთზე, თუ რამდენად მზად არიან რუსეთი და ბელარუსი გააფართოონ სამოკავშირეო სახელმწიფო.

 

რა შეიცვლება რუსეთისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ბიბილოვის მხარდასაჭერად ცხინვალში რუსეთის სახელისუფლებო პარტია „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი ჩავიდა, კრემლის კურატორებს თავისი გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყოლიათ. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია, პირველი ტურის შემდეგ ორივე კანდიდატს შეხვდა. რუსეთის სამთავრობო მედიამაც ინტერვიუები ორივე კანდიდატს ჩამოართვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია, განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებში გაგლოევის გამარჯვების შემდეგ რუსეთს იმედი აქვს, რომ სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა“. „მოველით, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა რუდენკომ. 

არჩევნების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციამაც, რომლის  ხელმძღვანელის, სენატორ სერგეი ცეკოვის განცხადებით, რუს სენატორებს დარღვევები არ აღმოუჩენიათ. ფედერაციის საბჭოს წევრის, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ჯაბაროვის შეფასებით, ხელმძღვანელობის ცვლილება ვერ მოახდენს გავლენას ცხინვალისა და მოსკოვის ურთიერთობებზე, რადგან ორივე კანდიდატი პრორუსულად იყვნენ განწყობილი.

რუსეთში სხვადასხვა სახელისუფლებო ჯგუფებს არჩევნებში შესაძლოა თავისი კანდიდატი ჰყავდათ, თუმცა საბოლოო ჯამში, გაგლოევის ფიგურა რუსეთთან ურთიერთობაში რადიკალურად ვერაფერს შეცვლის. ოსი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა პრორუსულად არის განწყობილი.

 

რა შეიცვლება საქართველოსთვის?

საქართველოს საგარეო სამინისტრომ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და განაცხადა, რომ „მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ცხინვალის რეგიონზე რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა იმდენად მაღალია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა ქართულ-ოსურ ურთიერთობაში რაიმე რადიკალურად შეიცვალოს. დიდი ალბათობით, შენარჩუნდება ორმხრივი ურთიერთობების არსებული ფორმატი - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (ერგნეთის შეხვედრები), ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბედი კი, დასავლეთსა და რუსეთის ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული. ერთადერთი ხელშესახები საკითხი, რომელიც თავისი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე შეიძლება გადაწყვიტოს გაგლოევმა, არის ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნა, რაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართული მოსახლეობისთვის შვება იქნება. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას (უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ პერსპექტივას), ქართულ-ოსური ურთიერთობების დინამიკაზე გადამწყვეტ გავლენას მოახდენს, თუ როგორი იქნება უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები და ომის შემდეგ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენის ხარისხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

 

შენიშვნა: სტატიაში „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები განახლდა 15 მაისს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.