X

რონდელის ბლოგი

„რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი

2022 / 05 / 18

ერეკლე იანტბელიძეკონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ევროპის კოლეჯის მაგისტრანტი

 

2022 წლის გაზაფხული პოლიტიკურად ძალიან რთული აღმოჩნდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ, არამედ ცენტრალური ევროპისათვისაც. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ ევროპის კონტინენტური უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გარდა საგარეო-პოლიტიკური კრიზისისა, ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდა, სადაც ზღვარი გავიდა სტრატეგიულ და ღირებულებით ერთიანობასა და სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის. მაგალითისათვის, ევროკავშირში საერთო კონსერვატიული ინტერესების დამცველი უნგრეთისა და პოლონეთის მმართველი წრეები ურთიერთსაპირისპირო პოზიციების გამხმოვანებლებად გადაიქცნენ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება და გააკრიტიკა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება, რამაც ერთი ორად შეაყოვნა ევროკავშირის ქმედითუნარიანობა. ამ ყოველივემ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ალიანსების სიმყიფე, რაც უნგრეთის შემთხვევაში განპირობებული იყო ეროვნული ინტერესების წინ დაყენებით. ვიქტორ ორბანმა და „ფიდესის“ (Fidesz) სამოქალაქო ალიანსმა, ნებსით თუ უნებლიედ, შეძლეს ევროპაში არსებული კრიზისი ეფექტურად გამოეყენებინათ საპარლამენტო არჩევნების წინ და დამაჯერებელი სხვაობით მოეპოვებინათ გამარჯვება.

უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში (საკანონმდებლო ორგანო) 199 დეპუტატს მიენიჭა მანდატი, რომელთა შორის ორ მესამედს „ფიდესის“ პოლიტიკური ელიტა იკავებს. ვიქტორ ორბანის გუნდმა ზედიზედ მეოთხედ მოახერხა უმრავლესობაში დარჩენა და 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით „ფიდესის“ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა (2018 წლის მონაცემებით, მმართველმა გუნდმა მოიპოვა ხმების 49,3%, ხოლო 2022 წლის მონაცემებით - 54,1%). საგრძნობია საზოგადოებრივი მხარდაჭერის ცვლილების დინამიკა, რაც 9 მარტიდან 3 აპრილამდე მკვეთრად შეიცვალა („გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ დაკარგა ხმების დაახლოებით 10%, მაშინ, როდესაც „ფიდესის“ პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო 5%-ით გაეზარდა საკუთარი უპირატესობა). ნაციონალ-კონსერვატიულად შერაცხული პოლიტიკური გუნდის წარმატება განაპირობა ე.წ. „ჯერიმანდერინგისა“ (Gerrymandering)* და მედიასაშუალებების ეფექტურმა გამოყენებამ. თუმცა, შედეგებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია სახელმწიფოში არსებულმა მკვეთრად პოლარიზებულმა პოლიტიკურმა გარემომ მოსახლეობის ურბანულ და რურალურ, ანუ სასოფლო-სამეურნეო, რეგიონებს შორის.

დასავლურ დემოკრატიებში გასაკვირი აღარაა ინტერესთა კონფლიქტი დიდ ქალაქებში მაცხოვრებელთა და სოფლად მობინადრე მოქალაქეებს შორის. ის, რაც განასხვავებს ცენტრალური ევროპის ორ სახელმწიფოს, სახელდობრ, უნგრეთსა და პოლონეთს, ეს არის პროცენტულად მაღალი კონცენტრაცია რურალურ არეალში მცხოვრები ამომრჩევლებისა. სტატისტიკურად, მოსახლეობის 40% მიეკუთვნება პატარა ქალაქებსა და სოფლად მაცხოვრებელთა რიგებს, რაც უნგრეთის შემთხვევაში შეადგენს პოტენციურად სამ მილიონ ამომრჩეველს. არჩევნებიდან არჩევნებამდე კი უფრო და უფრო იზრდება შეხედულებათა პოლარიზაცია, რასაც ხელოვნურად ასაზრდოებენ მმართველი თუ ოპოზიციური ლიდერები პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად. ვიქტორ ორბანმა ჯერ კიდევ 1994 წლიდან შეიქმნა სოფლად მაცხოვრებელი ადამიანის  რეპუტაცია და იმიჯი, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა მისი პოლიტიკური გუნდის წარმატებისა 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. მისმა აქტიურმა ჩართულობამ რეგიონალურ, კულტურულ ფესტივალებსა და პროგრამებში გარდაქმნა საზოგადოებრივი განწყობები პოლიტიკური ლიდერის მიმართ, რომელიც გამოირჩევა პრაგმატულობით, კონსტრუქციულობითა და ეროვნული ინტერესების დაცვით. შესაბამისად, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შესაძლოა ვუწოდოთ „რურალური ორბანიზმი“, რადგან გაერთიანებული ოპოზიციის პირობებშიც კი ვერ მოხერხდა ალტერნატიული ხედვის შეთავაზება, რაც შეასუსტებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას საზოგადოებაში და ჩაანაცვლებდა ვიქტორ ორბანის პოპულისტურ ხედვებს ახალი პროგრესული იდეებით. 

მიუხედავად შექმნილი იმიჯისა, პოპულიზმისა და მედიაპროპაგანდისა დასავლური სამყარო მოელოდა ვიქტორ ორბანის პოზიციების შესუსტებას უკრაინის კონფლიქტიდან გამომდინარე. მისი ხედვები მიუღებელი აღმოჩნდა ბევრი ევროსკეპტიკოსისთვისაც. ამის საპირისპიროდ, განსაცვიფრებელია, თუ როგორ შეძლო „ფიდესის“ პოლიტიკურმა გუნდმა კონკრეტულ საკითხებზე აპელირებით უნგრეთის მოსახლეობის აზრის კიდევ უფრო ეფექტური პოლარიზაცია და ოპოზიციის მხილება მათ არათანმიმდევრულ ქმედებებში.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს სახელმწიფო მედიასაშუალებების მხრიდან „ფიდესის“ პოზიციების იმგვარი ფორმულირება, რამაც გამოიწვია გაერთიანებული ოპოზიციის სტიგმატიზაცია. ქვეყნის პერიფერიულ რეგიონებში მოსახლეობას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური ძალები ღიად ცდილობდნენ სახელმწიფოს  ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. რეალურად კი, ოპოზიციის ლიდერი პიტერ მარკი-ზაი მმართველ გუნდს ადანაშაულებდა უნგრეთის „იზოლაციონიზმში“, რაც ევროპის საერთო  პოლიტიკურ ქმედებებთან ასინქრონულად მოდიოდა. ამიტომაც გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი ლოზუნგი ჟღერდა ამგვარად: „ორბანი ან ევროპა“ (Orban or Europe). გარდა ამისა, მმართველმა გუნდმა სამოქალაქო მობილიზაცია გაზარდა მცდარი რიტორიკით, თითქოს ამ არჩევნებზე წყდებოდა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, რასაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ედო სარჩულად. მოსახლეობას არჩევანი უნდა გაეკეთებინა, ერთი მხრივ, მშვიდობასა და სტაბილურობას ხოლო, მეორე მხრივ, ომსა და ქაოსს შორის. ვიქტორ ორბანმა შეძლო საგარეო პოლიტიკური კრიზისის ინტერპრეტირება არა როგორც რეგიონალურ თუ გლობალურ, არამედ როგორც შიდა პოლიტიკურ პრობლემად. რუსეთის ფედერაციაზე მზარდი ენერგოდამოკიდებულების პირობებში ორბანმა დაარწმუნა ქვეყნის პერიფერიულ რეგიონებში მაცხოვრებლების უმრავლესობა, რომ ამ რთულ პერიოდში აუცილებელი იყო სტაბილურობის შენარჩუნება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ „ფიდესი“ უზრუნველყოფდა. როგორც არჩევნების შედეგებიდან გამოჩნდა, თავად უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრი კრიტიკაც კი ვერ აღმოჩნდა ვიქტორ ორბანის შიდაპოლიტიკური პოზიციების შემასუსტებელი.

ევროკავშირის პოზიცია მკაფიოა უნგრეთის მმართველი ლიდერის მიმართ. ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ორბანს გარკვეული ირონიითა და იუმორით უწოდა „დიქტატორი“, რაც გამოწვეული იყო „ფიდესის“ მხრიდან სიკვდილით დასჯის (death penalty) აღდგენის წინადადების განხილვით. მას შემდეგ უნგრეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე ევროპაში ლეგიტიმურად აღიარეს არჩევნების შედეგები. ევროკავშირში გამოითქვა შემდეგი მოსაზრება, რომ უნგრელმა მოქალაქეებმა თავად უნდა განსაზღვრონ, თუ ვის გადასცემენ სახელმწიფოს მართვის სადავეებს, მაგრამ მათ ასევე უნდა ესმოდეთ ის გარემოებები, რამაც შეიძლება ევროპული ღირებულებების (პლურალიზმი, ტოლერანტობა, დემოკრატია) შელახვის შემთხვევაში შეამციროს ევროკავშირიდან წამოსული ფინანსური რესურსების მოცულობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნგრეთისათვის. უმთავრესი პრობლემა კი ისაა, რომ მცირე ქალაქებსა და სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის უმრავლესობას ალტერნატიული ინფორმაციის გაგების შესაძლებლობა არ ეძლევა. როგორც ციფრულ, ისე ბეჭდურ მედიაში დომინირებს „ფიდესის“ პოლიტიკური ნარატივი, რაც ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით დამოკიდებულია ევროკავშირის ფინანსურ სახსრებზე, ხოლო იდეოლოგიური შეხედულებებით ატარებს ანტიევროპულ ღირებულებით განწყობებს.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ევროპაში გამოჩნდა ის მკაფიო ელემენტები, რაც ბადებს ახალი ტიპის პოლარიზაციას საზოგადოებაში. რეგიონალური დიფერენციაცია პოლიტიკურ ინტერესებს შორის რაიმე უცხო არ ყოფილა დასავლური დემოკრატიებისათვის, თუმცა პოლიტიკური კრიზისის პირობებში ასე ეფექტურად მხოლოდ ვიქტორ ორბანის გუნდმა მოახერხა პერიფერიულ არეალში მაცხოვრებელი მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერა.

შექმნილი პრეცედენტი „რურალური ორბანიზმის“ სახით, სავარაუდოდ, სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც  აღმოცენდება. თავად უნგრეთის შემთხვევაში კი, ფაქტია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მმართველი გუნდი შეეცდება კიდევ უფრო მეტად გააღვივოს პოლარიზაცია ქვეყნის პერიფერიულ და ცენტრალურ რეგიონებს შორის, რათა მოპოვებული ლეგიტიმაცია შეინარჩუნოს. ოპოზიციურ ძალებს კი მართებთ  აქტიურობა სწორედ ისეთ სოფლებსა და რეგიონებში, სადაც, მძიმე ეკონომიკური, სოციალური და ენერგეტიკული კრიზისის პირობებშიც კი, შესაძლებელია ერთი ხელის მოსმით გადაესვას ხაზი მათ მოპოვებულ უპირატესობას სახელმწიფოს მსხვილ და ცენტრალურ ქალაქებში.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.