X

რონდელის ბლოგი

რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?

2022 / 07 / 12

ნინო ჩანადირი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი

 

 

პუტინის ომმა უკრაინაში დასავლური სამყარო რუსეთის მოწინააღმდეგედ აქცია და ის ევროპული ძალებიც კი, რომლებიც უწინ ჰიბრიდულ ურთიერთობებს ამჯობინებდნენ, იძულებული გახდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწიათ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინათ. უკრაინაში შეტევიდან თვეების შემდგომ, კიევსა და ხარკოვში წარუმატებლობის ფონზე ჩანს, რომ რუსეთი კონცენტრირებულია დონბასში სამხედრო წარმატებაზე. რადგანაც რუსეთის გეგმა უკრაინაში ისეთი წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდა, პუტინი ახლა ცდილობს ქვეყნის შიგნით „სახის შენარჩუნებას“. თუ მას არ სურს გამოჩნდეს ომში დამარცხებული, მაშინ მას მოუწევს რაღაც გამოაცხადოს გამარჯვებად. რადგანაც უკრაინის „დენაციფიკაცია“ მარტივი არ აღმოჩნდა, ახლა პუტინი შესაძლოა ემზადებოდეს დონბასში სამხედრო წარმატების გამარჯვებად გამოსაცხადებლად.  დონბასის დასაკავებლად ძალისხმევის მიმართვა და ამის ტერიტორიული გამარჯვების მოპოვებად შერაცხვა შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც პუტინის მცდელობა „შეინარჩუნოს სახე“.

ჯერ რთულია იმის წინასწარ თქმა, რა მოხდება დონბასში. თუ რუსეთი ამ ტერიტორიას ახლა აიღებს, საკითხავია, შეძლებს თუ არა მის შენარჩუნებას მაშინ, როდესაც სულ უფრო გაუჭირდება სამხედრო კამპანიის უზრუნველყოფა. სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად რუსეთის შედარებითი წარმატებისა ლუგანსკში და უკრაინელების მიერ ლისიჩანსკის დატოვებისა, მას არ აქვს განსაკუთრებული ტაქტიკური წარმატებები და ლისიჩანსკის აღებაც რუსეთისთვის საკმაო დანაკარგებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, უკრაინელებმა განაცხადეს, რომ მზად არიან იბრძოლონ საკუთარი მიწის ყოველი სანტიმეტრისთვის და მოლაპარაკებებზე მათთვის განხილვის თემა ვერ იქნება ტერიტორიის დათმობა. მიუხედავად ყველაფრისა, პარალელურად ჩნდება კითხვა: როგორ უყურებენ სხვა ევროპული ქვეყნები „პუტინისთვის სახის შენარჩუნებას“?

„შემაშფოთებელი ხმები“?

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ქვეყნების სხვადასხვა ჯგუფი არსებობს, განსხვავებული ხედვითა და საგარეო პოლიტიკით, მთლიანობაში, უკრაინამ ძლიერი ევროპული მხარდაჭერა მიიღო. ამასთან, ხედვა, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი, შესაძლოა ევროპის მასშტაბით ჰომოგენური არ იყოს. ეს კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სთავაზობდა გამოსავალს პუტინის კუთხეში მიმწყვდევის თავიდან აცილებით და მისთვის „სახის შენარჩუნებით“. ზელენსკიმ საფუძველშივე უარი თქვა ამის ნებისმიერ შესაძლებლობაზე განცხადებით, რომ „ჩვენ არ დავეხმარებით პუტინს „სახის შენარჩუნებაში“ საკუთარი ტერიტორიის ხარჯზე“. საფრანგეთმა უარყო, რომ მათ ეს საკითხი პუტინთან განიხილეს და აღნიშნა, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს რუსეთთან მოლაპარაკების პირობები. დამატებით, უკრაინის პარლამენტისთვის მიმართვისას პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ახსენა „შემაშფოთებელი ხმები“ ევროპაში, თითქოს უკრაინამ უნდა დათმოს, და მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ მომავალზე.  ეს საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ევროპაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კომპრომისი და „პუტინისთვის სახის შენარჩუნება“ დაეხმარება სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას.

ცოტა ხნის წინ იტალიამაც წარადგინა საკუთარი 4-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. როგორც ცნობილი გახდა, გეგმა მოიცავს ზავის და ფრონტის ხაზის დემილიტარიზაციის საკითხს; უკრაინის ნეიტრალიტეტს, რომლის უსაფრთხოებაც გარანტირებული იქნება ქვეყნებისგან, რომლებიც ჯერ იდენტიფიცირებული არ არიან; ორმხრივ ხელშეკრულებას უკრაინასა და რუსეთს შორის ყირიმისა და დონბასის მომავლის თაობაზე, რაც გულისხმობს მათ ავტონომიას, უსაფრთხოების საკითხების ჩათვლით, ოღონდ უკრაინის შემადგენლობაში; შეთანხმებას ევროკავშირსა და რუსეთს შორის, რაც გულისხმობს რუსეთის ჯარის გაყვანას უკრაინიდან და დასავლური სანქციების მოხსნას. თუმცა, ისევ ჩანს წუხილი, რომ რუსეთი, როგორც წარსული გამოცდილებაც აჩვენებს, არასოდეს სცემდა პატივს ხელშეკრულებებს და არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი არ გააგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, თუ დასავლეთი მასზე ზეწოლას შეაჩერებს და რომ საბოლოოდ ხელშეკრულება მინსკის ახალ ხელშეკრულებად არ გადაიქცევა. რუსეთმა ამ გეგმას უკვე უწოდა „ფანტაზია“.

აღსანიშნავია, რომ ზოგ ევროპულ ქვეყანაში, იტალიის ჩათვლით, არ არის ერთიანი პოზიცია უკრაინისთვის დამატებით შეიარაღების მიწოდების თაობაზე და ზოგი ემხრობა საკითხის „დიპლომატიურ გადაწყვეტას“. საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია გერმანიაშიც. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინას შეიარაღებას აწვდის და მუდმივად იმეორებს, რომ „პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს“, გამოკითხვები აჩვენებს, რომ აზრი მძიმე შეიარაღების მიწოდების შესახებ გაყოფილია და ბევრი თვლის, რომ ამან შეიძლება რუსეთის აგრესია სხვა ევროპული ქვეყნების მიმართაც გამოიწვიოს.

ამის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში დამოკიდებულებები რუსეთის მიმართ უფრო სწორხაზოვანია. მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებებისა და მუქარებისა, მზარდი სამოქალაქო მხარდაჭერის ფონზე ფინეთმა და შვედეთმა მიიღეს გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების შესახებ და პარალელურად გაერთიანებულ სამეფოსთან უსაფრთხოების ხელშეკრულებები გააფორმეს. ბალტიის ქვეყნები და ჩეხეთის რესპუბლიკა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებენ, რუსეთს „ტერორისტ სახელმწიფოდ“ აცხადებენ და ესმით სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობა. ამ ქვეყნებში რუსული საფრთხე უფრო მკვეთრად აღიქმება, რასაც მათი ისტორიული გამოცდილებაც ამყარებს. მოლდოვის და საქართველოს გარდა, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები და ითვლებიან განსაკუთრებით მოწყვლადად, განცდა, რომ „თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ შემდეგი ვიქნებით“, გავრცელებულია რუსეთის სხვა მეზობლებშიც, მათ შორის - ნატოს წევრ ქვეყნებშიც. პოლონეთმა, რომელიც ომის დროს უკრაინის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი გახდა, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს რუსეთის სრული გასვლა უკრაინიდან და რომ დაუშვებელია ტერიტორიული დათმობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს „შეარყევს მთლიანად დასავლურ სამყაროს“. ამ ქვეყნებს აქვთ მაღალი  მოტივაცია, რომ დაასუსტონ რუსეთი გრძელვადიანდ და დათმობები „პუტინის სახის შენარჩუნებისთვის“ მათთვის არ უნდა იყოს მისაღები. 

რა შეიძლება მოიტანოს ამ განსხვავებულმა შეხედულებებმა?

ევროპაში ერთობა იდეის ირგვლივ, რომ დაეხმარონ უკრაინას ყველა შესაძლო გზით, ამ კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მომავალი ევროპული ურთიერთობებისთვისაც. მნიშვნელოვანია ევროპულმა ძალებმა გაიგონ, რომ რუსეთის საკითხი ეგზისტენციალურია ბევრი ევროპული ქვეყნისთვის. ამ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი დამარცხდეს და დასუსტდეს და ვერ შეძლოს აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება მეზობლების მიმართ. უსაფრთხოების ამ ხედვის თაობაზე თუ ვერ მიიღწევა ერთსულოვნება, შესაძლოა ევროპის ქვეყნების ჯგუფებს შორის უნდობლობა გაჩნდეს, რამაც შესაძლოა ისინი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში გარკვეულ დისტანცირებამდეც კი მიიყვანოს. დიდი ევროპული ძალები, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები აქტორები არიან ევროკავშირში. თუ ეს ქვეყნები ვერ შეძლებენ სრულად აღიქვან და შეაფასონ ის საფრთხე, რომლის წინაშეც აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები შეიძლება დადგნენ, მაშინ შესაძლებელია ევროპის ამ ნაწილში ალტერნატიული, დამაბალანსებელი თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რომელსაც, როგორც ჩანს, ეყოლება მნიშვნელოვანი მხარდამჭერებიც, კერძოდ, გაერთიანებული სამეფო (და ასევე მოსალოდნელია ამერიკის შეერთებული შტატებიც). შესაბამისად, იმან, თუ როგორ გააგრძელებს ევროპა უკრაინასთან მიმართებით ქმედებას, შესაძლოა განსაზღვროს ევროპული ურთიერთობების მომავალი.

 

 



 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.