X

რონდელის ბლოგი

კალინინგრადის რუსული ექსკლავი და ლიეტუვური „ჩხვლეტა“

2022 / 08 / 02

გიორგი ფანიაშვილი, ანალიტიკოსი  

 

შექმნილი მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა

2022 წლის 18 ივნისს  ლიეტუვამ საკუთარი ტერიტორიის გავლით კალინინგრადში ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის სარკინიგზო ტრანზიტი აკრძალა.

ამ აკრძალვის შედეგად, ლიეტუვა საკუთარი რკინიგზის მეშვეობით კალინინგრადში აღარ გაატარებს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა, მაგალითად, ქვანახშირი, მეტალები, ცემენტი, ხე-ტყე, სამშენებლო მასალები და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები. არის იმის დიდი ალბათობაც, რომ უკვე აგვისტოში სატრანზიტო აკრძალვა შეეხოს რუსულ ნავთობპროდუქტებსაც.

სარკინიგზო ტრანზიტის გარდა, ლიეტუვის ხელისუფლებამ მკაცრი აკრძალვა გაავრცელა საავტომობილო სატვირთო ტრანზიტზეც.

კალინინგრადის ოლქის გუბერნატორის შეფასებით, სატრანზიტო აკრძალვა ვრცელდება ისეთ პროდუქციაზე, რომელიც ამ რეგიონში შემავალი ყველა ტვირთის დაახლოებით 40-50%-ს შეადგენს.

ამ ლიეტუვური „ჩხვლეტით“ რუსეთი ფრიად უკმაყოფილო დარჩა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ ეს ამკრძალავი ზომა ევროკომისიასთან შეთანხმდა და მისივე მეთვალყურეობით ამოქმედდა.

შექმნილი მდგომარეობით გამოდის, რომ ოფიციალურ მოსკოვს სერიოზული პრობლემები/შეფერხებები ექმნება თავისი ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის სასიცოცხლო საჭიროების პროდუქციით მომარაგებაში. ახლა კალინინგრადში მთელი რიგი პროდუქციის შეტანა მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზითაა შესაძლებელი. არადა, კალინინგრადის ოლქი რუსეთის ყველაზე უფრო დასავლეთით მდებარე და ყველაზე უფრო ევროპული მიწაა (კალინინგრადის ოლქს სამხრეთიდან ესაზღვრება პოლონეთი, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით – ლიეტუვა, ხოლო დასავლეთის მხრიდან – ბალტიის ზღვა, შესაბამისად, რუსეთს თავის ამ ტერიტორიაზე პირდაპირი სახმელეთო წვდომა არ გააჩნია).

ამჟამად, მიუხედავად ძალზე მძაფრი რეაქციისა, კრემლი ცდილობს მოურიგდეს ბრიუსელსა და ლიეტუვას ამ საკმაოდ შემზღუდავი ეფექტის მქონე აკრძალვის გაუქმებაში.    

რუსეთის რეაქცია მომხდარზე  

ეს ლიეტუვური „ჩხვლეტა“ რუსეთისთვის საკმაოდ არასასიამოვნო აღმოჩნდა და მისი ძალზე მწვავე რეაქციაც გამოიწვია:

კალინინგრადის გუბერნატორი ანტონ ალიხანოვი პირველი გამოეხმაურა დაწესებულ შეზღუდვებს, ევროკავშირიცა და ლიეტუვაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა, განმარტებები მოითხოვა და თქვა, რომ ეს აკრძალვა რეგიონის ეკონომიკური მოგუდვის მცდელობაა.

შესაძლო ბლოკადით დაბნეული და გაბრაზებული რუსი გუბერნატორის კვალდაკვალ, არ დააყოვნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მძაფრმა რეაქციამაც. ტრანზიტის ნაწილობრივი შეზღუდვის შემოღებასთან დაკავშირებით 20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ლიეტუვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვირგინია უმბრასენე, რომელსაც რუსული მხარის ცალსახა და ხმამაღალი პროტესტი გააცნეს. რუსეთის საგარეო უწყებამ ლიეტუვის ქმედებები შეაფასა, როგორც „პროვოკაციული“ და „ღიად მტრული“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა პროტესტის გარდა მუქარის ნოტებსაც შეიცავდა, კერძოდ, რუსული მხარის განცხადებით, თუ კალინინგრადის ოლქსა და დანარჩენ რუსეთს შორის ლიეტუვის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო ტრანზიტი არ აღდგება, რუსეთი უფლებას იტოვებს მიიღოს ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად.  

ახალი, მძაფრი განვითარება თვალთახედვიდან არ გამოჰპარვია ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის მხცოვან თავმჯდომარეს, გრიგორი კარასინსაც, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს აგრესიული რეაქცია მხოლოდ შეავსო, განაცხადა რა, რომ რუსეთი შესაძლებლობას იტოვებს მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა მისი რეგიონი არ აღმოჩნდეს ბლოკადაში. ამასთან, ალბათ, საგარეო უწყებაში თავის ძველ კონტაქტებზე დაყრდნობით იქვე დაამატა, რომ მისი ინფორმაციით, ლიეტუველ დიპლომატთან საკმაოდ უხეში საუბარი გაიმართა.  

კალინინგრადის ტრანზიტის თემა კონტროლზე აიყვანეს კრემლშიც. კალინინგრადის ოლქის სატრანზიტო შებოჭვას გვერდი არ აურა არც კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა და აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობა უპრეცედენტო და ფრიად სერიოზულია, „ბლოკადის ელემენტებს“ შეიცავს, საპასუხო ქმედებების შემუშავება კი ღრმა ანალიზს მოითხოვს.

ამავე საკითხზე შეფასებებსა და განსჯისას საგანგაშოდ შორს წავიდა ფედერაციის საბჭოს სუვერენიტეტის დაცვის კომისიის თავმჯდომარე ანდრეი კლიმოვი, რომელმაც თქვა, რომ თუ ევროკავშირი დაუყოვნებლივ არ გამოასწორებდა ვილნიუსის ამ თავხედურ გამოხტომას, ამით თავადვე მოახდენდა ლიეტუვის ევროკავშირში გაწევრიანების დოკუმენტების დეზავუირებას, რითაც ხელ-ფეხს გაუხსნიდა რუსეთს ლიეტუვის მიერ შექმნილი პრობლემის ნებისმიერი გზით გადასაჭრელად.

პატივცემულ კლიმოვს მხარი აუბა სხვა კოლეგამაც ფედერაციის საბჭოდან –  ანდრეი კლიშასმა, რომელმაც თქვა, რომ ეს სატრანზიტო შეზღუდვა არის რუსეთის სუვერენიტეტის დარღვევა და შეიძლება წარმოადგენდეს საფუძველს რუსეთის უხეში მოქმედებებისთვის.  

21 ივნისს კალინინგრადის ოლქს საგანგებოდ ეწვია ეფ-ეს-ბეს ყოფილი უფროსი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, რომელმაც სატრანზიტო შეზღუდვები დასავლეთის მიერ შემოგდებულ მორიგ მავნებლობად შეაფასა და საჯაროდ  დადო პირობა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს შეიმუშავებს და უახლოეს მომავალში აამოქმედებს, რასაც ლიეუტვის მოსახლეობაზე უარყოფითი გავლენა ექნება. 

რეალურად რას არღვევს ლიეტუვა?

ოფიციალური ვილნიუსი რუსეთიდან წამოსული ბრალდებებისა და მუქარების ნიაღვარს მედგრად დახვდა. როგორც ზემოთ ითქვა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მშვიდად, თუმცა ნათლად თქვა, რომ ეს აკრძალვა ევროკომისიასთან შეთანხმდა და ამ კონკრეტული სატრანზიტო აკრძალვის დაწესებით ქვეყანა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების მეოთხე პაკეტს ასრულებს.

ლიეტუვამ იცის რაზე საუბრობს და საკუთარ საერთაშორისო სამართლებრივ პოზიციაში წელგამართულია.

კალინინგრადის ტრანზიტის თავისუფლება უზრუნველყოფილია რუსეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 1994 წლის შეთანხმებით. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ საერთაშორისო შეთანხმების 99-ე მუხლი მხარეებს უფლებას ანიჭებს მიიღონ ისეთი აუცილებელი ზომები, რაც  საჭიროა თავიანთი უსაფრთხოების დასაცავად. ამასთან, არსებობს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილებაც „როსნეფტის“ საქმეზე, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული 99-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმის გამოყენება ასევე შესაძლებელია ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დაწესებისასაც.

ლიეტუვასა და რუსეთს შორის დადებული სატრანზიტო შეთანხმებებიც სწორედ ევროკავშირის სამართალს ექვემდებარება, რადგან მათ უპირატესი სამართლებრივი ძალა აქვთ.

ამრიგად, მეზობელ რუსეთთან პაექრობისას ლიეტუვა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ სამართლებრივ არგუმენტებს ეყრდნობა და ევროკავშირსაა ამოფარებული.

რამდენად სავარაუდოა კალინინგრადის ეკონომიკური და ჰუმანიტარული ბლოკადა? 

აქ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აიკრძალა მხოლოდ ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი და არა – ყველა ტვირთის. ეს ნიშნავს, რომ არასანქცირებული ტვირთების ლიეტუვის გავლით კალინინგრადის ოლქში სარკინიგზო თუ საავტომობილო გადაზიდვა, ასევე მგზავრების გადაყვანა არ შეფერხებულა და ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება. ამიტომ რაიმე სახის ეკონომიკურ ბლოკადაზე ან/და ჰუმანიტარული პრობლემების შექმნაზე საუბარი ზედმეტია და ეს მხოლოდ კრემლის პროპაგანდის ფანტაზიის ნაყოფია.

მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ლიეტუვური ტრანზიტის გარდა, კალინინგრადის ოლქში ტვირთების შეტანა შესაძლებელია საზღვაო და საჰაერო გზებითაც. მართალია, ახალი საზღვაო და საჰაერო ტრანზიტის მარშრუტების ამოქმედება შედარებით უფრო ძვირი სიამოვნება იქნება და დროშიც მეტად გაიწელება, თუმცა ძალისხმევის დაძაბვის შემთხვევაში, რუსეთი ამ ახალ გამოწვევას გაუმკლავდება და საკუთარ ევროპულ ექსკლავს პრობლემებისაგან დაიხსნის.

საქმის მცოდნე ექსპერტებიც თვლიან, რომ კალინინგრადის ოლქში შეიძლება შეიქმნას დეფიციტი რამდენიმე სახეობის პროდუქციაზე, ასევე მოსალოდნელია ფასების გაზრდა და გარკვეული შეფერხებები დროული მიწოდების მხრივაც, თუმცა საბოლოო ჯამში, რეგიონს ეკონომიკური სიდუხჭირისა და ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე ყოფნა პრინციპში ნაკლებად ემუქრება.

საგარეო-პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები

ლიეტუვა ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოა, ამიტომ ტრანზიტის აკრძალვის საპასუხოდ, რუსეთის მხრიდან რაიმე სამხედრო ხასიათის შურისძიება სარისკო და სახიფათო ჩანაფიქრი იქნება. უკრაინაში გვარიანად ჩაფლულ და გახლართულ რუსეთს ახალი სამხედრო-პოლიტიკური თავგადასავლები ნამდვილად არ სჭირდება, მით უმეტეს ნატოს წევრ ქვეყანასთან. შესაბამისად, სამხედრო ხასიათის რისკების წარმოქმნის ალბათობა მაღალი არ არის.

თუმცა, რუსეთმა შესაძლოა წარსულში კარგად ნაცადი ისეთი ხულიგნური პრაქტიკა გამოიყენოს, როგორიცაა ლიეტუვის საჰაერო და საზღვაო სივრცეების დარღვევა სანქცირებული პროდუქციით დატვირთული საზღვაო თუ საჰაერო ხომალდებით. ასევე შესაძლებელია პრობლემები შეექმნას იმ ლიეტუვურ პროდუქციასა და ბიზნესს, რომლებიც რაღაცნაირად მაინც არიან დაკავშირებული რუსეთთან. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ ლიეტუვა უკვე გათავისუფლდა რუსული ენერგოდამოკიდებულებისაგან და არც მისი ეკონომიკაა გადაჯაჭვული რუსეთსა და მის ბაზარზე. ამიტომ მსგავსი სახის შურისძიება ნაკლებად ეფექტიანი იქნება.

ამასთან, ლიეტუვასა და რუსეთს ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა ისედაც არ აკავშირებთ ერთმანეთთან, ამიტომ აქაც დიდს ვერაფერს შეამცირებ ან/და დააზიანებ.

დასკვნა 

ამ ეტაპზე რუსეთს მოუწევს შეეგუოს ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის სატრანზიტო აკრძალვასთან დაკავშირებულ სირთულეებს და მოლაპარაკებების გზით ეცადოს მდგომარეობის გამოსწორებას.

მაღალი ალბათობით, კალინინგრადის ტვირთებით მოსამარაგებლად მოსკოვს მოუწევს კალინინგრადის მიმართულებით დამატებითი საზღვაო თუ საავიაციო მარშრუტების ამოქმედება, გაიზრდება ფასები და გადაზიდვის დრო, რაც სერიოზულ დაბრკოლებებს შექმნის კალინინგრადის ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებში.

საბოლოო ჯამში, ეს ლიეტუვური „ჩხვლეტა“ უარყოფით გავლენას მოახდენს რუსეთის ამ ევროპული ექსკლავის ეკონომიკაზე, მეორე მხრივ კი, დამატებით ტვირთად დააწვება რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს.  

საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს მეგობარი ლიეტუვა, ევროკავშირთან ერთად, ცდილობს მაღალი ფასი გადაახდევინოს რუსეთს უკრაინაში თავზეხელაღებული შეჭრისთვის. ეს აკრძალვაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

შეიძლება პატარა ლიეტუვა საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გარდა, უსაფრთხოებითაც რისკავს, თუმცა იმასაც მშვენივრად აცნობიერებს, რომ ახლა მხოლოდ პრინციპული და ევროპელ პარტნიორებთან შეჯერებული პოლიტიკის გატარებაა მისი გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობისა და უსაფრთხოების ყველაზე რეალური გარანტი.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.