რონდელის ბლოგი
ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
ნინო ჩანადირი, ანალიტიკოსი
2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა სამხრეთკავკასიური ძალთა კონფიგურაცია. მან აზერბაიჯანს დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მოუტანა; თურქეთისთვის გახსნა შესაძლებლობა, გადაეხედა ურთიერთობებისთვის სომხეთთან, რადგან სომხეთმა ომი წააგო, შესაბამისად, აპელირებამ მის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციაზე აქტუალობა დაკარგა.
თუმცა არსებული გარემოებებით კიდევ ერთმა ძალამ მიიღო სარგებელი. რუსეთმა, რომელმაც საკუთარი სამშვიდობო მისია მიავლინა ყარაბაღში, საკუთარი როლის წყალობით სამშვიდობო პროცესში მოიპოვა გავლენის ბერკეტი როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე. დამატებით, 2020 წლის შეთანხმების კვალდაკვალ, რუსეთი აქტიურად ჩაერთო რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის საქმეში, რომელიც ათწლეულების მანძილზე იყო დაკეტილი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მტრული ურთიერთობის გამო. რუსეთი გამოვიდა ინიციატივით მხარი დაეჭირა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისთვისაც. სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ნორმალიზაციის პროცესის საკითხზე სწორედ მოსკოვში გაიმართა.
ყოველივე ეს აჩენდა შთაბეჭდილებას, რომ რუსეთის გავლენა რეგიონში შეიძლებოდა კიდევ გაზრდილიყო, რადგან ის გავლენას მოიპოვებდა მიმდინარე სამშვიდობო პროცესებზე. თუმცა, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. რუსეთს მოუწია ყურადღების კონცენტრირება უკრაინის ფრონტზე, რამაც გავლენა მოახდინა მის მისიაზე ყარაბაღში. ხშირმა მძიმე შეტაკებებმა კონფლიქტურ მხარეებს შორის დაადასტურა, რომ მისიამ ვერ შეასრულა საკუთარი როლი მშვიდობის შენარჩუნებაში. უკანასკნელ პერიოდში აზერბაიჯანმა შეძლო საკუთარი პოზიციების გაუმჯობესება, ტერიტორიული მონაპოვრის თვალსაზრისით, იმ არეალშიც, რომელიც რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლდებოდა. ეს აჩვენებს, რომ რუსეთის გავლენა ყარაბაღის სამშვიდობო პროცესზე შესუსტდა.
რუსეთის შესუსტებული როლი
რუსეთის სამშვიდობო მისიის წარუმატებლობა ხილული იყო უკრაინაში ომამდეც. პერიოდული სასაზღვრო შეტაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ისეთი, როგორიც გასული წლის ნოემბერში, ნათელს ხდიდა, რომ მისია ფუნქციას ვერ ასრულებდა. რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე მისი ყურადღების კიდევ უფრო შესუსტება გამოიწვია რეგიონში, რადგანაც უკრაინის ფრონტი არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი, როგორსაც გეგმა ითვალისწინებდა და საჭირო გახდა დიდი რაოდენობით სამხედრო რესურსი. რუსეთის ამ რესურსის მობილიზების მცდელობამ გავლენა იქონია ყარაბაღის სამშვიდობო მისიაზეც. რუსეთმა დაიწყო სამხედრო ძალების გადაჯგუფება და ცნობების მიხედვით ყარაბაღიდან უკრაინაში გადაისროლეს პერსონალისა და შეიარაღების დიდი ნაწილი. ყარაბაღის მოსახლეობამ ღიად დაიწყო უკმაყოფილების გამოხატვა მისიის მიმართ, რადგან მათი აზრით, მან ვერ უზრუნველყო მშვიდობის შენარჩუნება. აზერბაიჯანი კი მას პროსომხური პოზიციის მხარდაჭერაში სდებდა ბრალს.
მარტში აზერბაიჯანულმა ძალებმა შეძლეს კონტროლის დაბრუნება ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის მისიის კონტროლქვეშ იყო. აზერბაიჯანულმა მხარემ აიღო სოფელი ფარუხიც, რამაც გამოიწვია რუსეთის მოთხოვნა, რომ აზერბაიჯანს უკან გაეყვანა მისი ძალები. აზერბაიჯანმა რუსეთის განცხადებას „ცალმხრივი“ უწოდა, საკუთარი ნაბიჯი კი განმარტა, როგორც პასუხი სომხურ საბოტაჟზე. აგვისტოში კიდევ ერთხელ მოხდა მძიმე ბრძოლა რუსი სამშვიდობოების კონტროლირებად ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის განმარტებით, ეს იყო შურისძიება მოკლული აზერბაიჯანელი სამხედროს გამო. ბრძოლა აზერბაიჯანის მიერ დამატებითი სტრატეგიული სიმაღლეების აღებით დასრულდა. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადგილზე რუსეთის სამშვიდობო მისიის გავლენა დასუსტდა, რაც საშუალებას იძლეოდა სტატუს-კვოს ცვლილებისა ერთი ან მეორე მხარის სამხედრო წარმატების შესაბამისად.
მოგვიანებით აზერბაიჯანმა მოითხოვა ლაჩინის კორიდორის გათავისუფლება - გზისა, რომელიც სტეფანაკერტს სომხეთთან აკავშირებს, კონტროლირებულს რუსი სამშვიდობოების მიერ, და კონტროლის აზერბაიჯანისთვის გადაცემას. 2020 წელს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სომხეთი ააგებდა ალტერნატიულ გზას, ხოლო აზერბაიჯანი არსებულზე მფლობელობას დაიბრუნებდა. საკითხი უნდა მოგვარებულიყო 2020 წლიდან 3 წლის განმავლობაში. თუმცა მხარეები შეთანხმების განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იყენებდნენ. სომხური მხარე ლაჩინის გათავისუფლების მოთხოვნას „არალეგალურს“ უწოდებდა, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი პასუხობდა, რომ თუ სომხეთს არ სურდა კონფლიქტის გამწვავება, ის უნდა გასულიყო ლაჩინის კორიდორიდან და აეგო ახალი გზა. აგვისტოს მიწურულს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა აიღო ლაჩინი და მიმდებარე სოფლებზე კონტროლი მოიპოვა. მან ააგო ალტერნატიული გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან დააკავშირებს. თუმცა სომხურ მხარეს კვლავაც დასჭირდება საკუთარ ტერიტორიაზე გზის მშენებლობის დასრულება.
12 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე შეტაკებები განახლდა. სომხეთმა დაადანაშაულა აზერბაიჯანი სომხური ქალაქების დაბომბვაში, ხოლო აზერბაიჯანმა სომხეთს დასდო ბრალი მისი პოზიციებზე თავდასხმაში ლაჩინის მიმდებარედ. მსხვერპლის ზრდის პარალელურად სომხეთმა დახმარება რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ სხვა მოკავშირეებს სთხოვა. 13 სექტემბერს რუსეთმა განაცხადა, რომ მისი შუამავლობით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმება წარუმატებელი აღმოჩნდა. ბევრისთვის აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებები, რომელიც მხედველობაში არ იღებს რუსეთის სამშვიდობო მისიის არსებობას რეგიონში, პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ აზერბაიჯანი რუსეთს პროცესში მნიშვნელოვან მოთამაშედ აღარ მიიჩნევს.
დასავლეთის ჩართულობა მნიშვნელობას იძენს?
წინათ ევროკავშირს აკრიტიკებდნენ წარუმატებლობის გამო, შეესრულებინა აქტიური როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში, რამაც საშუალება მისცა რუსეთს გაეზარდა საკუთარი როლი სამხრეთ კავკასიაში. ახლა, როდესაც რუსეთის პოზიცია შესუსტდა ყარაბაღში უკრაინის ფრონტზე კონცენტრაციის გამო, ევროკავშირისთვის დგება მომენტი შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში. როგორც ჩანს, ამ შესაძლებლობას ხედავენ ბრიუსელშიც. უკანასკნელ თვეებში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ფაშინიანი, ალიევი და შარლ მიშელი. როგორც ცნობილია, შეხვედრები შეეხებოდა სატრანსპორტო კავშირების განბლოკვას, ჰუმანიტარულ საკითხებს და შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულებას სახელმწიფოთაშორისი მშვიდობის შესახებ. ახალი შეხვედრა იმავე ფორმარტში 2022 წლის ნოემბერში ჩაინიშნა.
ევროკავშირის ჩართულობის ზრდა მომგებიანი ჩანს ყველა მხარისთვის. უკრაინის ომმა უბიძგა ევროპას შეემცირებინა რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულება და ენერგიის მომწოდებლების დივერსიფიკაციის საჭიროება გააჩინა. ახალმა მემორანდუმმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს ივლისში ურსულა ფონ დერ ლეიენის ბაქოში ვიზიტის დროს, აჩვენა რომ ევროკავშირისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ენერგოსექტორში ბაქოსთან თანამშრომლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ნაწილია, შესაბამისად, ევროპის მხრიდან სხვადასხვა პროცესში გაზრდილი ჩართულობის მოტივაცია ლოგიკურია.
საინტერესოა, რომ სექტემბერში ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე სტუმრობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს. ფილიპ რიკერმა ხაზი გაუსვა ამერიკის სურვილს, დაეხმაროს აზერბაიჯანს და სომხეთს „ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევაში. ამას მალევე მოჰყვა ნენსი პელოსის ვიზიტი სომხეთში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამერიკის არსებულ ინტერესზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ. ზოგიერთისთვის ეს ნიშანი იყო იმისა, რომ მინსკის ჯგუფი მუშაობას გააგრძელებს ყარაბაღის საკითხზე. სამი ქვეყანა - შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი - ათწლეულების მანძილზე მუშაობდა მინსკის ჯგუფის ფორმატში ყარაბაღის თემაზე. უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჯგუფის მუშაობა გამოწვევების წინაშე დადგა რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უპრეცედენტოდ დაძაბული ურთიერთობის გამო. რუსული მხარე აცხადებდა, რომ ჯგუფის წევრმა ორმა სახელმწიფომ შეწყვიტა მოსკოვთან თანამშრომლობა მინსკის ფორმატში. მეორე მხრივ, შეერთებული შტატები უარყოფდა ამ ინფორმაციას და აღნიშნავდა, რომ ფორმატი კვლავაც მნიშვნელოვანი რჩება ვაშინგტონისთვის. თუმცა მინსკის ჯგუფის მუშაობისთვის ეს ერთადერთი გამოწვევა არ არის. აზერბაიჯანი ჯგუფის მუშაობის მიმართ ძლიერ უკმაყოფილებას გამოხატავდა. ალიევი აღნიშნავდა, რომ ჯგუფი ხელს უწყობდა არა კონფლიქტის გადაწყვეტას, არამედ ოკუპაციის გაგრძელებას. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ 2020 წელს მან გადაწყვიტა კონფლიქტი სამხედრო და პოლიტიკური გზით და ნაწილობრივ აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, შესაბამისად, ის ვერ ხედავს მინსკის ჯგუფის მუშაობის გაგრძელების საჭიროებას. ახლა, როდესაც აზერბაიჯანი ყარაბაღში წარმატებას აღწევს სამხედრო ოპერაციების გზით, რომელიც, სავარაუდოდ, გაგრძელდება, ნაკლებია შანსი, მას მოტივაცია ჰქონდეს, მხარი დაუჭიროს მინსკის ჯგუფის მუშაობის აღდგენას.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ უკრაინის ფრონტი ზეგავლენას ახდენს რუსეთის როლზე ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში. ის გრძელვადიან პერსპექტივაში დაასუსტებს რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალს, რომ არაფერი ვთქვათ მის დიდი ხნის წინ შელახულ რეპუტაციაზე სამშვიდობო ძალისხმევის მიმართულებით. აზერბაიჯანის გაუმჯობესებული პოზიციები შეამცირებს რუსეთის უნარს ზეგავლენის ბერკეტი შეინარჩუნოს ბაქოზე. ასევე გაიზრდება სომხეთის იმედგაცრუება რუსული პარტნიორობის მიმართ, წარუმატებელი სამშვიდობო მისიის და აზერბაიჯანთან სამხედრო დაპირისპირებისას დახმარების არ აღმოჩენის გამო. ალტერნატიული პარტნიორების მოძიება მომგებიანია სომხეთისთვისაც, რადგან ეს შესაძლებლობაა შეამციროს დამოკიდებულება რუსეთზე. ამ პერსპექტივიდან, რუსეთის შესუსტებული როლის ფონზე, დასავლეთის მხრიდან ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აჩვენოს საკუთარი პოტენციალი, როგორც ძლიერი და სანდო აქტორისა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში და დაეხმაროს კონფლიქტის მოგვარების პროცესის წინსვლაში.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- How to Respond to Russian Ultra-Orthodox-Historic-Hegemonism?
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?