X

რონდელის ბლოგი

სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე

2022 / 10 / 13

დავით შატაკიშვილი, საჯარო მმართველობის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი

 

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა, რომლის დამტკიცებასაც 6 ოქტომბერს ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათი განცხადებით, შეზღუდვების ახალი პაკეტი არის პასუხი რუსული ესკალაციის გაგრძელების, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული უკანონო რეფერენდუმებისა და მათი ანექსიის, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციისა და ბირთვული მუქარისთვის. ომის დაწყების შემდეგ დასავლეთი აქტიურად ცდილობს რუსეთის ეკონომიკურ იზოლირებას ცივილიზებული სამყაროსგან. უდავოა, რომ სანქციები მუშაობს, რამაც რუსეთის ეკონომიკა ხელშესახები პრობლემების წინაშე დააყენა, რაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდება. ქვეყანა ყოველდღიურად კარგავს როგორც გეოპოლიტიკურ პოზიციებს, ასევე ფულად რესურსებსა და აღდგენის პოტენციალს, რადგან უპრეცედენტო მასშტაბის სანქციებმა მისი თითქმის ყველა ინდუსტრია მოიცვა. შეზღუდვების ჯერჯერობით ბოლო, მერვე პაკეტიც სწორედ ამ მისიას ემსახურება და მოსკოვის ომის მანქანის გამოფიტვას ისახავს მიზნად, რათა არა მხოლოდ უკრაინასთან განიცადოს მარცხი, არამედ მომავალშიც არ მიეცეს საკუთარი იმპერიალისტური ზრახვების განხორციელების საშუალება. საინტერესოა განვიხილოთ, რას მოიცავს ახალი შეზღუდვები და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას როგორც ომის მიმდინარეობაზე, ისე კრემლის რეჟიმის მდგრადობაზე.

 

რას მოიცავს ახალი შეზღუდვები?

სანქციების მერვე პაკეტი მოიცავს ევროკავშირში რუსეთიდან 7 მილიარდი ევროს ღირებულების იმპორტის აკრძალვას.  ეს ძირითადად შეეხება ნახევარფაბრიკატებს, პლასტმასას, ქსოვილებს, ტყავს, ქაღალდს, ხის მერქანს, კერამიკას, ქიმიურ პროდუქტებსა და გარკვეული სახის ლითონებს. ამასთან ერთად, ახალი შეზღუდვები მოიცავს ევროპის ქვეყნებიდან რუსეთში ექსპორტსაც გარკვეული კატეგორიის საქონელზე, რომელიც შეზღუდავს რუსეთის წვდომას სამხედრო, ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ კომპონენტებზე და ზიანს მიაყენებს მისი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენის პოტენციალს. ეს მოიცავს მეტალურგიულ ქვანახშირს, რომელიც აქტიურად გამოიყენება მრეწველობაში, ელექტრონულ საშუალებებს, საავიაციო ინდუსტრიაში აუცილებელ დამატებით ტექნოლოგიურ კომპონენტებსა და გარკვეული სახის ქიმიკატებს.

სანქციები გაფართოვდა ინდივიდუალური პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ მოსკოვის ავტორიტარულ რეჟიმს და მხილებული არიან უკრაინის დროებით ოკუპირებული ოლქების - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმების გამართვასა და მათ ანექსიაში. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხებათ როგორც თავდაცვის ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებსა და ადამიანებს, რომლებიც ნებისმიერი სახით უჭერენ მხარს რუსულ შეიარაღებულ ძალებს, ასევე ომის შესახებ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ პირებს. ძირითადად, ეს სია მოიცავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ოლიგარქებს, სამხედრო ჩინოვნიკებსა და პროპაგანდისტებს, რომელთაც ბრალად ედებათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობა. შეზღუდვები შეეხებათ იმ სუბიექტებსაც, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან მოსკოვს.

ახალი პაკეტის მიხედვით, ევროპულ კომპანიებს აეკრძალათ რუსეთის სახელმწიფოსთვის ტექნოლოგიური, იურიდიული, არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურების გაწევა; ევროკავშირის მოქალაქეებს აღარც რუსულ სახელმწიფო კომპანიებში მმართველი პოზიციების დაკავება შეეძლებათ. გარდა ამისა, აკრძალვები გამკაცრდა კრიპტოაქტივებზეც. რუსეთის მოქალაქეებს აღარ ექნებათ წვდომა ევროპულ კრიპტოსაფულეებსა და ანგარიშებზე, მაშინ, როდესაც აქამდე ეს ლიმიტი 10 000 ევრო იყო. ზემოაღნიშნულთან ერთად, ახალი შეზღუდვები ერთ საინტერესო კომპონენტს მოიცავს - რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ლიმიტის დაწესებას, რაც შეგვიძლია უფრო ვრცლად განვიხილოთ.

 

ფასის ზედა ლიმიტი რუსულ ნავთობზე

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც რუსული ნავთობის სარეალიზაციო ფასზე ზედა ლიმიტის დაწესებას ითვალისწინებს. ეს წინადადება ჯერ კიდევ ივნისში იყო ინიცირებული, თუმცა კონსენსუსი ახლა უკვე მიღწეულია და იგი ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტთან ერთად შევა ძალაში, ხოლო აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და იაპონია ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად შეუერთდებიან. მათი განცხადებით, ასეთი ნაბიჯი ხელს შეუწყობს რუსეთში ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და დაბალი თუ საშუალო შემოსავლების მქონე ეკონომიკების ფინანსური ზიანის შემცირებას, რაც ენერგორესურსებზე ფასების ზრდით არის განპირობებული. დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების მხრიდან ჯერ კიდევ გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე რუსული მხარე დაიმუქრა, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ფასის ლიმიტის შემთხვევაში იგი სრულად შეუწყვეტდა ნავთობის მიწოდებას ამ ინიციატივის მხარდამჭერ ქვეყნებს.

რუსეთის ომის დაფინანსების მთავარი წყარო სწორედ ენერგეტიკული რესურსებიდან მიღებული შემოსავლებია, საიდანაც ქვეყანამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 158 მილიარდ აშშ დოლარამდე მიიღო. ევროპისთვის განკუთვნილი რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი მყიდველები ახლა ჩინეთი და ინდოეთი არიან. რუსეთს ასევე ხელს აძლევს ენერგორესურსებზე საგრძნობლად გაზრდილი ფასები. სწორედ ამიტომ დასავლელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რაც რუსეთს აიძულებს გაყიდოს საკუთარი ნავთობი იმდენად იაფად, რომ ვეღარ შეძლოს ომის დაფინანსება. ცხადია, ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ რთულია, თუმცა იგი ასევე დაეხმარება გლობალურ ეკონომიკას  ენერგეტიკის მაღალ ფასებთან გამკლავებაში, რაც, თავის მხრივ, ინფლაციის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

ამგვარად, დიდი შვიდეულის სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ნავთობის გლობალური შესყიდვის ფასის ზედა ლიმიტის დაწესებას. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, მისი მუშაობის პრინციპი იქნება შემდეგი - რუსული ნავთობპროდუქტების მსურველ მესამე ქვეყნებს შეეძლებათ მიიღონ ევროპული სადაზღვევო და ფინანსური სერვისები ნავთობის საკუთარი შესყიდვის გასამარტივებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაიცავენ ფასის დადგენილ ზღვარს. ნავთობპროდუქტების მაქსიმალური ღირებულება დადგინდება საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად და შეეხება ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო გადაზიდვებს. ამ მხრივ ინიციატორი ქვეყნების მთავარი უპირატესობაა, რომ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გადაზიდვის სადაზღვევო პაკეტის დაბლოკვა, რაც მესამე ქვეყნებისთვის დამატებითი თავისტკივილია. მსოფლიო ნავთობის ტანკერების 95%-ის დაზღვევას სწორედ ბრიტანული “International Group of P&I Clubs“ და რამდენიმე ძირითადი ევროპული კომპანია უზრუნველყოფს. იდეის მხარდამჭერებს აქვთ იმედი, რომ ფასის ლიმიტის დაწესება წარმოების ღირებულებასთან მიახლოებულ დონეზე უდიდესი დარტყმა იქნება მოსკოვის შემოსავლებისთვის და რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ნავთობი მაინც მივა დანიშნულების ადგილზე.

ამ კუთხით საინტერესოა რუსული ენერგორესურსების ყველაზე დიდი შემსყიდველების - ჩინეთისა და ინდოეთის პოზიციები, რომლებსაც საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვთ კრემლთან. სავარაუდოდ, ისინი ამჯობინებენ მიიღონ არასრულფასოვანი რუსული დაზღვევა, ვიდრე დაემორჩილონ ზემოაღნიშნულ წინადადებას, თუნდაც ის მიმზიდველ ფასად იყოს შეთავაზებული. თუმცა, მეორე მხრივ, თუ ისინი არ შეუერთდებიან ფასის ლიმიტის გადაწყვეტილებას, მათთვის ეს შეიძლება იყოს დამატებითი სარგებლის მომტანი და არშეერთების სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტი ფასდაკლება მიიღონ რუსულ  ნავთობპროდუქტებზე. ეს ქვეყნები ისედაც საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასად ყიდულობენ მოსკოვის ენერგორესურსებს. რუსული მხარის პოზიცია ასეთია, რომ იგი არ მიაწოდებს ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდებიან ამ ნაბიჯს და რომ რუსული ნავთობი იპოვის ალტერნატიულ ბაზრებს. მათი განცხადებით, ის ასევე აყალიბებს ბრიტანული სადაზღვევო გიგანტის მსგავს კომპანიას, რომელიც მის კლიენტებს მოემსახურება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მოსკოვი ამ მიმართულებით, თუმცა, სავარაუდოდ, მათ გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევთ, რომელთა უკანაც სრულად პარალიზებული ეკონომიკა იდგება.

რუსული ნავთობის ფასის ზედა ლიმიტი ჯერ კიდევ შესათანხმებელია, თუმცა როგორც ვარაუდობენ, მისი ფასი ბაზარზე არსებული ღირებულების დაახლოებით 60% იქნება და ბარელზე 40-60 დოლარის დიაპაზონში განისაზღვრება. აშშ ხაზინის დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ G-7-ის გეგმის შესრულების შემთხვევაში 50 განვითარებადი ბაზრისთვის ჯამური წლიური ენერგეტიკული დანაზოგი 160 მილიარდ აშშ დოლარამდე იქნება, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ფასის დადგენის შემთხვევაში იქნება ეს მაჩვენებელი. ცნობისთვის, ბლუმბერგის დათვლებით, მიმდინარე წელს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები 320 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

 

დასკვნა

დასავლელი პარტნიორების შეთანხმებული ნაბიჯები კრემლის რეჟიმს უდიდეს პრობლემებს უქმნის. ზოგადად, სანქციების ეფექტიანობის პერიოდი საშუალოდან გრძელ ვადამდეა და მათი მყისვე მოქმედების მოლოდინი გადაჭარბებულია. დასავლეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება რუსეთის ფინანსური გამოფიტვის გეგმას, რომელსაც მოსკოვი ომის დამთავრების შემდეგ უფრო მკაფიოდ დაინახავს. სამწუხაროდ, მას ჯერ კიდევ შესწევს ძალა და ფინანსები აწარმოოს აგრესიული ომი, რისი მთავარი წყაროც მისი ენერგეტიკული რესურსებიდან მიღებული შემოსავლებია. ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტიც იმ მხარდაჭერის გაგრძელებაა, რასაც დასავლეთი უკრაინის მიმართ იჩენს. ამ შეზღუდვებსაც, ცხადია, თავისი შედეგები ექნება. უპირველესად, საწარმოო კომპონენტებზე შეზღუდვა კიდევ უფრო ეჭვქვეშ დააყენებს რუსეთის ტექნოლოგიური, ინდუსტრიული თუ სამხედრო კუთხით განვითარების უნარებს, რაც აისახება როგორც შიდა ბაზარზე, ასევე - მისი პროდუქციის მომხმარებელი ქვეყნებიდან შემოსავლებზე. გარდა ამისა, ახალი სანქციები უარყოფითადაც იმოქმედებს იმ რუსული პროდუქციის რეალიზებაზე, რომელიც თუნდაც ამ დრომდე იყიდებოდა ევროკავშირში. ისედაც გამოფიტულ რუსულ ეკონომიკაში კრიპტოსაფულეებზე მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა კიდევ უფრო მეტ ადამიანს აიძულებს დატოვოს ქვეყანა. ახალგაზრდა პროფესიონალების მასობრივი გადინება ქვეყნიდან, რომელიც ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, საგრძნობლად შეანელებს ნებისმიერი სახის პროგრესს. ამგვარად, ერთ კონკრეტულ შეზღუდვას ჯაჭვური ეფექტი აქვს და მრავალ მიმართულებაზე ვრცელდება.

დიდი შვიდეულის გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასის ზედა ლიმიტის დაწესების თაობაზე, რასაც ევროკავშირიც შეუერთდა, ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. იგი მიმდინარე წლის ბოლოდან შევა ძალაში და მისი ეფექტი ამის შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდება. ივნისში მიღებული სანქციების მე-6 პაკეტი, რომელიც საზღვაო გზით რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას კრძალავს, ძალაში მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან შედის, ხოლო გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე შეზღუდვა - 2023 წლის 5 თებერვლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს ეკონომიკას მცირე დრო ექნება ამ შეზღუდვებთან სწრაფი ადაპტირებისთვის, ეს პროცესი, სავარაუდოდ, ნავთობის ფასის სწრაფ ზრდას გამოიწვევს. პროექტის ინიციატორების განცხადებით, ფასის ლიმიტის პოტენციური შედეგი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, არამედ იმ გამოწვევების ფონზე, რაც 5 დეკემბრის შემდეგ არის მოსალოდნელი. ამგვარად, სანქციები მუშაობს და მოსკოვის რეჟიმი ამას უფრო მკაფიოდ დაინახავს, როდესაც წაგებული ომის ეიფორიიდან გამოვა და  კოლოსალური დანაკარგების ფონზე საკუთარ ეკონომიკას აღდგენის პერსპექტივიდან შეაფასებს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.