X

რონდელის ბლოგი

მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?

2022 / 10 / 26

სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი

 

 

ენერგოკრიზისის საშიშროება ევროკავშირში თანდათან რეალური ხდება, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მას ენერგომიწოდება შეუჩერა. ამის შედეგად, ოქტომბერში ევროკავშირში რუსული ენერგიის ექსპორტმა 75%-იანი ვარდნა განიცადა. ევროკომისიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ ენერგორესურსების ბერკეტად გამოყენების გამო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია ენერგოიმპორტის დივერსიფიკაცია. ამასობაში, 1 ოქტომბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის ახალი გაზსადენის გახსნა აღინიშნა, რომლის მიზანიც სწორედ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება იქნება.

საბერძნეთ-ბულგარეთის დამაკავშირებელი სადენის გახსნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებისთვის და მასში, ევროკავშირთან ერთად, აზერბაიჯანიც იყო ჩართული. 182-კილომეტრიანი სადენის მშენებლობა 13 წლის წინ დაიწყო და ევროკავშირის 250-მილიონიანი დახმარებით სწრაფად დასრულდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. გაზსადენი უკავშირდება სამხრეთის ბუნებრივი აირის ხაზს და მიღებულ ენერგორესურსს აზერბაიჯანიდან საქართველოს, თურქეთისა და საბერძნეთის გავლით გაატარებს. საბერძნეთ-ბულგარეთის დამაკავშირებელი მონაკვეთი თავდაპირველად ერთ მილიარდ კუბურ მეტრი მოცულობის ბუნებრივ აირს გადაიტანს ყოველწლიურად, თუმცა მისი მოცულობა 5 მილიარდ კუბური მეტრს შეადგენს. ეს მონაცემი  აზერბაიჯანის პოტენციალს საკმაოდ ზრდის და ბულგარეთში არსებული სადენების გამოყენებით მას შეეძლება უფრო მაღალი მოცულობის ენერგიის გაყიდვა ევროპაში.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთ-ბულგარეთის სადენის გახსნამდე 18 ივლისს ევროკავშირმა ენერგოშეთანხმება დადო აზერბაიჯანთან. ეს მემორანდუმი მოიცავს ბაქოს მიერ ევროკავშირში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის 4 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდას 2022 წლის ბოლომდე, რაც ნიშნავს ჯამში 12 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის გადაზიდვას. ხელშეკრულება ასევე განიხილავს ენერგიის მოცულობის 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდასაც 2027 წლისთვის. საბერძნეთ-ბულგარეთის დამაკავშირებელი სადენის გახსნა ივლისის ხელშეკრულებას ეხმაურება და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიხედვით, იგი „დიდი ცვლილების მომტანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის“ და „რუსულ გაზზე დამოკიდებულებიდან გათავისუფლებაზე“ მიანიშნებს.

ევროპაში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული „გადაუდებელი დახმარების“ ბუნებრივი აირი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია მოქცეული, თუმცა გაუგებარია რამდენად შეუძლია ბაქოს „დიდი ენერგომოთამაშე“ გახდეს და რუსული ბუნებრივი აირი მნიშვნელოვნად ჩაანაცვლოს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადებები სავსებით პოზიტიურია, აზერბაიჯანის ენერგოშესაძლებლობების გათვალისწინებით პასუხგაუცემელია, რამდენად შეუძლია ბაქოს ევროკავშირის დიდი მოლოდინი და ნამდვილად შეძლოს  მოსალოდნელი ენერგოკრიზისის მარტივად გადატანაში კონტინენტის დახმარება.

 

შესაძლებლობების სიმცირე

აზერბაიჯანი უკვე 20 წელია ცდილობს ევროპის მნიშვნელოვანი ენერგომომმარაგებელი გახდეს, რასაც 2020 წელს ტრანსადრიატიკის გაზსადენის გახსნაც მოჰყვა. ეს მილსადენი აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიას მიაწვდის. ივლისში დადებული ენერგოშეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანი 2022 წლისთვის 12 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის გადაზიდვას აპირებს ევროკავშირში. ამჟამად აზერბაიჯანული ენერგორესურსები დასავლეთით გაედინება ტრანსანატოლიისა და ტრანსადრიატიკის მილსადენებით, რომელთაც შეუძლიათ 10 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ენერგორესურსის გადაზიდვა. დღეისათვის მისი ათვისებული მოცულობა 8 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს და აქედან გამომდინარე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის დამატებითი ბუნებრივი აირის გადაზიდვა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები საბერძნეთ-ბულგარეთის სადენსაც მოიაზრებს. აზერბაიჯანის მიერ მოპოვებული ბუნებრივი აირის ჯამური მოცულობის და არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, რთულია იმის თქმა, რომ აზერბაიჯანი რუსეთის ჩანაცვლებას შეძლებს, რადგან აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირი გაზპრომის მიერ ექსპორტირებული ენერგორესურსის (150 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი) მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. ეს კი ევროპის ენერგოკრიზისის დაძლევაში აზერბაიჯანის როლს  ბუნდოვანს ხდის. ბევრი ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ ბაქო შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ენერგოპროდუქცია და ექსპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ივლისის მემორანდუმი და ბაქოსა და ბრიუსელის განცხადებები ოპტიმიზმითაა სავსე.

სამხრეთის გაზსადენის მონაკვეთები (საბერძნეთ-ბულგარეთის დამაკავშირებელი სადენის ჩათვლით), რომელიც აზერბაიჯანიდან ევროკავშირს მიეწოდება საქართელოსა და თურქეთის გავლით (წყაროსოკარი)

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის რეზერვები საკმაოდ შეზღუდულია. ქვეყანა ენერგიას შეზღუდული რაოდენობით მოიპოვებს და ამის გარდა, მზარდი მოთხოვნის წინაშეც დგას. British Petroleum-ის მიხედვით, შაჰ-დენიზის ველს, რომელზეც აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის უდიდესი ნაწილი მოიპოვება, არ შეუძლია ივლისის მემორანდუმში ნახსენები დამატებითი 10 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდება. ამასთანავე, დარჩენილი ენერგომომპოვებელი ველები კი მსგავსი მოცულობის ენერგორესურსის მოპოვებას ვერ შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთი ხშირად განიხილება შესაძლო წყაროდ, ამ მხრივ ჯერჯერობით არანაირი პროგრესი არ შეიმჩნევა.

აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის პროდუქცია ქვეყნის შიდა მოთხოვნასაც რთულად აკმაყოფილებს. ასეთი მოთხოვნილების გამო 2021 წლის ნოემბერში ბაქომ ირანთან ხელშეკრულებაც კი დადო 1.5-2 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ყოველწლიურ იმპორტზე. ქვეყნის ენერგოექსპორტის და შიდა მოხმარების ბალანსირებისთვის აზერბაიჯანი პერიოდულად იძულებული ხდება ბუნებრივი აირი შეისყიდოს. მაგალითად, თებერვალში თურქეთში არსებული მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აზერბაიჯანმა თურქეთისთვის დღეში 4 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო. თუმცა, ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი რაც ქვეყანამ თურქმენეთთან და ირანთან  სამმხრივი ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვითაც ირანი 2 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ აირს იყიდდა თურქმენეთისგან და იმავე მოცულობის ექსპორტს გაგზავნიდა აზერბაიჯანში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის ენერგომომარაგების სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ივლისში ევროპაში ექსპორტირებული აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მოცულობა 27%-ით დაეცა, ხოლო თურქეთში 20%-ით მოიმატა.

 

სამომავლო პერსპექტივები

აზერბაიჯანს ენერგოდეფიციტის დროს ევროპისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევის შესაძლებლობა არ აქვს, რაც, ძირითადად,  ბუნებრივი აირის მომპოვებელი ველების განუვითარებლობითა და გაზსადენის მცირე მოცულობით არის გამოწვეული. აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის მომპოვებელ რამდენიმე ველს ფლობს კასპიის ზღვაში, რომელთა უმრავლესობაც ამჟამად ათვისების პროცესშია ან საჭირო ინვესტიციების მოლოდინში. ამავდროულად, ახლომდებარე თურქმენეთს, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, აქვს 20 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის რეზერვი. 2021 წლის იანვარში თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა კასპიის ზღვაში მანამდე სადავო დოსთლუგის ველის ერთობლივად ათვისების შესახებ შეთანხმება დადეს. ეს კი მიანიშნებს, რომ ორივე ქვეყანა უკვე ცდილობს საკუთარი პოტენციალის სრულად ათვისებას. მიუხედავად ამისა, მეტი ინვესტიცია კვლავ საჭიროა ორივე ქვეყნის ენერგოექსპორტის გასაზრდელად. ბუნებრივი აირის გაზრდილი პროდუქცია და ევროპაში მზარდი მოთხოვნა არსებული ტრანსადრიატიკის სადენის გაფართოების აუცილებლობას დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვნად აყენებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მიხედვით, ტრანსადრიატიკის კონსორციუმი ამჟამად ატარებს კვლევით შეფასებას, რომელზე დაყრდნობითაც მიიღებს გადაწყვეტილებას გაფართოვდება თუ არა გაზსადენი. ამასობაში, საჭიროა ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ძალისხმევა და ახალი ინფრასტრუქტურული და განვითარების ინვესტიციების მოზიდვა. სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვაც ხელსაყრელი იქნებოდა და ამავდროულად ხელს შეუწყობდა არსებული ვითარების უკეთ მოგვარებას.

არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, რომ აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს წელსვე ან მოკლევადიან პერიოდში გაზრდის. ევროპის ბუნებრივი აირის მოთხოვნის მოცულობას აზერბაიჯანი ჯერ ვერ უმკლავდება, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ევროკავშირისთვის, განსაკუთრებით, ცივი ზამთრის მოლოდინში. მეორე მხრივ, არსებული სადენების მოცულობა საკმაოდ შეზღუდულია. მომავალ ზამთარში აზერბაიჯანს ჯამში რუსული ექსპორტის მხოლოდ დაახლოებით 8%-ის დაკმაყოფილება შეეძლება და მხოლოდ 14%-ისა - 2027 წლისთვის (როგორც გათვალისწინებულია ივლისის მემორანდუმში). აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანიდან ევროპულ ბაზარზე დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის ექსპორტირების დაწყებას შესაძლოა 10 წელზე მეტიც კი დასჭირდეს. ამ პრობლემის დასაძლევად ევროკავშირმა არსებული სადენების გასავითარებლად, პოტენციური ველების გამოსაკვლევად და, ქედან გამომდინარე, ბუნებრივი აირის მეტი რაოდენობით ასათვისებლად მეტი ინვესტიცია უნდა მოიზიდოს. 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.