X

რონდელის ბლოგი

ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?

2022 / 11 / 16

ნიკა ტუღუში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციამ უკრაინაში სრულად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოშვა, რომელთა შორის აღსანიშნავია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული დაძაბული ვითარება. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომ არ დაუშვას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარება. ამ ამოცანისთვის მნიშვნელოვნად საზიანო იყო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში. ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლას ბელარუსი პოლიტიკოსების, ეკონომისტებისა და ტურისტებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან ურთიერთობების დათბობის სტიმულირების ეფექტი ჰქონდა. ლუკაშენკოს ვიზიტამდე ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა ბელარუსის პრეზიდენტის უახლოესი პირი - ვიქტორ შეიმანი, რაც საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრებმა მინსკის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესწავლის მცდელობად შეაფასეს (JAMnews 2022). ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას ბელარუსის პრეზიდენტმა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის დამაიმედებელი განცხადებაც გააკეთა: „ჩვენ არა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გვსურს თქვენთან, არამედ სერიოზული ურთიერთობების დამყარებას ვისახავთ მიზნად“ (Eurasianet 2022).

აღნიშნული მოვლენების ფონზე უნდა დაისვას კითხვა: არის თუ არა ბელარუსის და რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ,,აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?

ბელარუსისა და ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ბოლოდროინდელი ტენდენციები

თვალშისაცემია, როგორ შეიცვალა ბელარუსის პრეზიდენტის პოლიტიკური ხედვა წლების განმავლობაში. ალექსანდრე ლუკაშენკოს მყარი პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ბელარუსი 2009 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკის წინააღმდეგ  წავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად დაიძაბა ურთიერთობები რუსეთ-ბელარუსს შორის და რუსეთმა, აღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ბელარუსს 500 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სესხიც კი შესთავაზა, მაგრამ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ბელარუსის დიპლომატიური პოზიცია ფულზე არ იყიდება“ და დასძინა, რომ ბელარუსის მოქალაქეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ვიზიტების შემთხვევაში (Lambert 2022). ამ პოზიციის შემდგომი ცვლილება დასავლეთსა და ბელარუს შორის გაფუჭებულმა ურთიერთობებმა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ბელარუსმა მიიჩნია, რომ თავი აღარ უნდა მოაწონოს ბრიუსელსა და სტრასბურგს, საკუთარი საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე დაიწყო ზრუნვა. დღესდღეობით, როდესაც ბელარუსული კომპანიების უმრავლესობა ევროკავშირსა და აშშ-ს აქვთ სანქცირებული, ბელარუსს  ეკონომიკის გადარჩენისთვის ერთადერთი არჩევანი დარჩა - რუსეთის ბაზრის უფრო აქტიურად ათვისება. სწორედ ამიტომ სცადა ბელარუსმა რუსეთის ფედერაციის გულის მოგება და ოკუპირებული აფხაზეთის შესაძლო აღიარებაც ამ საგარეო-პოლიტიკური ინტერესის ნაწილია.

ნიშანდობლივია, რომ ბელარუსისა და ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობები ახალ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროშია გადასული, ხოლო რამდენად გახდება ეს პოლიტიკური თანამშრომლობის საფუძველი, ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.

ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუშიც ლაპარაკობდა (2022 წლის 25 აგვისტოს): „უკანასკნელ პერიოდში ბელარუსული ბიზნესი ინტერესს ავლენს აფხაზეთის მიმართ, დღესდღეობით ბელარუსი ბიზნესმენების ჯგუფი იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჩვენ წამოვიწყებთ ბელარუსულ-აფხაზურ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტს, რომელიც სამომავლოდ, ვიმედოვნებ, მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენი ურთიერთობები დაახლოვდება და ჩვენს ხმას გაიგონებენ, დაინახავენ, რომ ჩვენთან საქმის დაჭერა შესაძლებელია“, - განაცხადა ბჟანიამ (БЖАНИЯ 2022). თუ რა კონკრეტულ პროექტზე იყო საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.

ბელარუსსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთ ფორმას ტურიზმი წარმოადგენს. ამ მიმართულებით მუშაობენ როგორც რუსული, ისე ბელარუსული კომპანიები (მაგალითად, “Эладатур”, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყანათა სიაშიც კი ჰყავს შეყვანილი), რომლებიც, ერთი მხრივ,  ბელარუსის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ტურებს სთავაზობენ და, მეორე მხრივ, აფხაზეთის მაცხოვრებლებს ბელარუსში სამგზავრო ტურებზე იწვევენ.

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მაგალითია მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს გამართული ტელეხიდი „სოხუმი-მინსკი“, რომელიც „ბელარუს-აფხაზეთის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს“ შეეხებოდა  (Шария, Тему признания Абхазии Белоруссией деликатно обходили 2022). ამ ტელეხიდის ფარგლებში განხილული იყო „ორი ქვეყნის“ პრეზიდენტების შეხვედრა და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ეკონომიკური და რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ ბელარუსის მხრიდან, როგორც წინასწარ იყო ცნობილი, კონფერენციას უნდა დასწრებოდა ბელარუსის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო შეხვედრას მხოლოდ ქალაქ მინსკის საკრებულოს დეპუტატი ოლეგ ჩესალოვი და ბელარუსული პარტია „სამშობლოსთვის“ წევრი ანდრეი ივანოვი დაესწრნენ. ტელეხიდში ბელარუსის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც საბჭოთა კავშირის აღდგენისა და „ბრესტიდან-ვლადივოსტოკამდე“ ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეებით იყვნენ შთაგონებული. შეხვედრის შემდგომ მხარეებმა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება გადაწყვიტეს და 16-20 დეკემბერს მინსკში დაგეგმილ სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმზე, სახელწოდებით „ლივადია“, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაცია იქნა მიწვეული.

იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ ზემოხსენებული კონფერენციებისა და ტელეხიდების მნიშვნელობა, აუცილებელია ვახსენოთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლებმა პროტესტი გამოთქვეს, როცა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის ტერიტორიები რუსეთს იჯარით დაუთმო. ამან, ერთი მხრივ, აფხაზ მოსახლეობასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მწვავე წინააღმდეგობა გამოიწვია და, მეორე მხრივ, ჩრდილოელი მფარველი გაანაწყენა (Шария, Очередной раскол в русской общине Абхазии 2022). როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაცია დაახლოებით ნახევარი მილიარდი რუბლით უმცირებს ეკონომიკურ დახმარებას აფხაზეთს (Заводская 2022). ეს ქმედება გამოიწვია როგორც რუსეთის სამხედრო ოპერაციის კრახმა უკრაინაში, ისე აფხაზეთის მოსახლეობის პოზიციამ, როცა ფაქტობრივად წინ აღუდგნენ რუსეთის ხაზინისთვის ვალის დაბრუნების პროცესს. ამ მოვლენების პარალელურად აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი ცდილობს გააღრმაოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ბელარუსთან, რადგან სწორედ ბელარუს ტურისტებს, კომპანიებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ ახლა ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის გაჯანსაღება და მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა. აღნიშნულ შეხვედრაზე საინტერესო განცხადება გააკეთა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ: „ჩვენ გამოვდივართ იმ ფაქტიდან, რომ ამჟამად მიმდინარეობს საუბარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებაზე და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მეგობრული ურთიერთობები გადაიზრდება დიპლომატიურ და პოლიტიკურ კონტაქტში, ...ასევე ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია განვითარდება ისე, რომ „აფხაზეთმა“ შეძლოს მნიშვნელოვანი რეგიონული მექანიზმის, „სამოკავშირეო ქვეყნის“ სხდომებში თანასწორუფლებიანი მონაწილეობა“ (Шария, Тему признания Абхазии Белоруссией деликатно обходили 2022).

ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს სოხუმს ეწვია რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ საპარლამენტო დელეგაცია რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრის არტემ ტუროვის ხელმძღვანელობით (Sputnik АБХАЗИЯ 2022). დელეგაციის ვიზიტი მიგვანიშნებს, რომ ბელარუსის ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანით სწორედ რუსეთის ფედერაციაა დაინტერესებული, რომელიც ცდილობს, ერთი მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ წახალისებით მის მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბერკეტის შენარჩუნებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ცდილობს შეინარჩუნოს დიპლომატიური ლავირების შესაძლებლობა როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან, ისე საქართველოს ხელისუფლებასთან, რასაც მისი ვიზიტის შემდგომ გამოქვეყნებული ოფიციალური პრეს-რელიზიც ადასტურებს, რომლის სათაურშიც წერია, რომ ლუკაშენკო „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ტერიტორიებს“ ეწვია და, ამასთან, ასლან ბჟანიას „თანამდებობა“ არსად იყო ნახსენები (ბელქანია 2022).

დასკვნა

ამრიგად, ზემოთ აღნიშნულმა მოვლენებმა და განცხადებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული პრობლემები. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რაც უფრო მეტად გაღრმავდება ურთიერთობები ბელარუსსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, მით უფრო სათუო გახდება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის განხორციელება ბელარუსთან მიმართებით. ერთი რამ ცხადია: ბელარუსიდან ვიზიტების გახშირებას აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი უყურებს, როგორც აღიარების პროცესის წინაპირობას და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ დღეს ბელარუსის ხელისუფლებისა და ბიზნესის ცალკეული წარმომადგენლები ცდილობენ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ოკუპირებულ აფხაზეთთან, შესაძლებელია ხვალ ამ ურთიერთკავშირს შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს და აფხაზეთისადმი ინტერესი უფრო მეტმა ბელარუსმა პოლიტიკოსმა, ბიზნესმენმა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელმა გამოიჩინოს. ეს კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეა. მინსკსა და სოხუმს შორის გაღრმავებულმა ურთიერთობებმა, ოკუპირებულ აფხაზეთს შესაძლოა შედეგად მოუტანოს „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ დამკვირვებლის სტატუსი ან სრულფასოვანი წევრობა, რისი წინაპირობაც ბელარუსის მიერ „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარება იქნება.

დასასრულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელარუსის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა. ამასთანავე, ბელარუსის ხელისუფლებას მოუწევს დაფიქრება, თუ რას დაკარგავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტით, რადგან საქართველო და ბელარუსი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ.

 

გამოყენებული წყაროები:

Eurasianet. 2022. Belarus’s Lukashenko visits Abkhazia. September 28.

JAMnews. 2022. What Belarus special representative's visit to Abkhazia could mean for its recognition by Minsk. Tbilisi, June 26.

Lambert, Michael. 2022. "The Belarusian Irony of Fate in Abkhazia." Modern Diplomacy, January 30.

Sputnik АБХАЗИЯ. 2022. Аслан Бжания встретился с парламентариями собрания Союза России и Беларуси. November 1.

БЖАНИЯ, АСЛАН. 2022. Глава государства ответил на вопросы журналиста Владимира Соловьева в ходе утреннего выпуска Соловьев LIVE. (28 August).

Заводская, Елена. 2022. "Абхазский бюджет с некритическим дефицитом." Ekho Kavkaza, October 28.

Шария, Виталий. 2022. "Очередной раскол в русской общине Абхазии." Ekho Kavkaza, October 28.

—. 2022. "Тему признания Абхазии Белоруссией деликатно обходили." Ekho Kavkaza, october 18.

ბელქანია, ბადრი. 2022. ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები. ოქტომბერი 4.

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.