X

რონდელის ბლოგი

სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ

2022 / 12 / 21

დავით შატაკიშვილი, საჯარო მმართველობის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი

 

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთისთვის სანქციების მეცხრე პაკეტის დაწესების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, საკვების ხელოვნური კრიზისის შექმნის შემდეგ, კრემლი ახლა ზამთარს იყენებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ იარაღად, რომ მილიონობით უკრაინელი დატოვოს წყლის, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე. მისი თქმით, სანქციების მეცხრე პაკეტი არის პასუხი 10 თვეზე მეტი უწყვეტი აგრესიასა და ვითარების ბოლოდროინდელ ესკალაციაზე, რომელიც უკრაინაში ანადგურებს კრიტიკული მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს აყენებს რისკის ქვეშ. გარდა ეკონომიკური შეზღუდვებისა, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს უკრაინას 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროეკონომიკური დახმარების პაკეტი გამოეყოფა. საპასუხოდ, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი შეისწავლის სანქციების სიას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა, სანქციების მუშაობასა და რუსეთის ეკონომიკურ დაღმასვლასთან ერთად, მათი მხრიდან საპასუხო ნაბიჯის ეფექტიანობა კიდევ უფრო დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. საინტერესოა განვიხილოთ, თუ რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას, როგორც ომის მიმდინარეობაზე, ასევე რუსეთის ეკონომიკასა და მისი აღდგენის პოტენციალზე.

გაფართოებული ეკონომიკური შეზღუდვები

სანქციების მეცხრე პაკეტის მიხედვით, ახალი შეზღუდვები დაწესდება ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტზე, რომელიც შეეხება ორმაგი დანიშნულების პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ კომპონენტებს, რასაც მოსკოვი საკუთარ სამხედრო და თავდაცვის ინდუსტრიაში აქტიურად იყენებს. გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდება დამატებით 168 კომპანიას, რომლებიც სხვადასხვა კუთხით  არიან დაკავშირებული კრემლის სამხედრო მრეწველობასთან. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, რომ რუსეთს შეეზღუდოს წვდომა ქიმიურ ნივთიერებებზე, ღამის ხედვისა და სანავიგაციო სისტემებზე, გენერატორებზე, ელექტრონიკასა და ისეთი სახის ტექნიკურ საშუალებებზე, როგორებიცაა მყარი დისკები, კომპიუტერული ტექნიკა, კამერები და ლინზები. სანქციების გვერდის ავლის რისკების შემცირების მიზნით შეზღუდვები ასევე შეეხო რუსეთის მიერ კონტროლირებად სუბიექტებს, რომლებიც მდებარეობენ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში. გარდა ამისა, სია გაფართოვდა საავიაციო ინდუსტრიის კომპონენტებზე, რომელიც თვითმფრინავების ძრავებსა და მათ სათადარიგო ნაწილებს მოიცავს. ზემოაღნიშნული შეზღუდვა ასევე შეეხება პილოტირებად და უპილოტო საფრენ აპარატებს.  ამ კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ საფრენი აპარატების ძრავების და მათი სათადარიგო ნაწილების ექსპორტი აიკრძალა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, მაგალითად, ირანში, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ამ პროდუქტების რუსეთისთვის მიწოდება. როგორც ჩანს, რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უჭერენ მხარს მის ღია აგრესიას უკრაინაში და უფრო მეტიც, სანქციების გვერდის ავლაშიც ეხმარებიან.

ევროკავშირის სანქციების ჯერჯერობით ბოლო პაკეტის მიხედვით, აქტივები დამატებით ორ რუსულ ბანკს გაეყინება, ხოლო „რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკი“ დაემატება კრემლის მიერ კონტროლირებადი იმ ორგანიზაციების სიას, რომელზეც ფინანსური ოპერაციების სრული აკრძალვა ვრცელდება. გარდა ამისა, ახალი შეზღუდვები კრძალავს ევროკავშირის ინვესტიციებს რუსეთის ენერგეტიკულ და მომპოვებელ ინდუსტრიებში.

უკრაინაში, კრემლის მძიმე და გაუმართლებელი ქმედებების მიუხედავად, ევროკავშირი არ კრძალავს აგრო და საკვები პროდუქტებით, მათ შორის, ხორბლითა და სასუქებით ვაჭრობას რუსეთსა და მესამე ქვეყნებს შორის, რათა მსოფლიოში საკვების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და დღის წესრიგში არ დადგეს კრიზისი, რომლის ხელოვნური შექმნის მცდელობებიც რუსეთს არაერთხელ ჰქონია. სწორედ ამიტომ საკვები პროდუქტებით ვაჭრობისას, ფინანსური ტრანზაქციების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ევროკავშირმა წარმოადგინა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს გაყინული აქტივების ნაწილობრივ შემსუბუქებასა და ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გარკვეულწილად გაზრდას იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო და სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობაში. მათი განცხადებით, თითოეულ ასეთ შემთხვევას განიხილავენ ინდივიდუალურად და ეს არ უნდა იყოს აღქმული, როგორც რაიმე სახის კომპრომისი.

 

სანქციების ეფექტიანობა და რუსული ომის მანქანის უწყვეტი ფინანსები

სანქციების ყოველ ახალ პაკეტს თან სდევს გარკვეული კრიტიკა მათი არაეფექტიანობის შესახებ, რომლის მხარდამჭერთა მთავარი არგუმენტიც ომის უწყვეტობაა. ზოგადად, სანქციების მუშაობის პერიოდი საშუალო ვადით განისაზღვრება და მისი მყისიერი შედეგების შესახებ მოლოდინი გადაჭარბებულია. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, რომელსაც განუზომლად დიდი ენერგეტიკული და სხვა ბუნებრივი რესურსების შესაძლებლობა აქვს. ევროკავშირისა და სხვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან აგრესორი ქვეყნისთვის დაწესებული რიგი შეზღუდვების ძალაში შესვლას რამდენიმე თვეც კი სჭირდება. სწორედ ამიტომ, ერთი შეხედვით, დღეს მიღებულმა სანქციამ მოქმედება შესაძლოა 6 თვის ან კიდევ უფრო მეტი ხნის შემდეგ დაიწყოს. ეჭვგარეშეა, რომ სანქციები მუშაობს და რუსეთის ეკონომიკას უდიდეს ზიანს აყენებს, რაც საშუალოდან გრძელ ვადამდე პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდება.

ცხადია, შეზღუდვები არ ნიშნავს ყველა სახის ვაჭრობის სრულ ბლოკადას. აქედან გამომდინარე, მოსკოვი აგრძელებს სავაჭრო ოპერაციებს როგორც მის მოკავშირეებთან, ასევე სანქციების დამწესებელ ქვეყნებთანაც კი - იმ პროდუქტებით, რომლებიც არ არის მოყოლილი შეზღუდვებში. იგი საკუთარი ენერგეტიკული რესურსების რეალიზებას კი პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს როგორც ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, ასევე აფრიკის სახელმწიფოებში. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდიც, რომ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ქვეყნის შიგნით დაიწყო უზარმაზარი სახსრების მობილიზება და გაყიდული ერთი ბარელი ნავთობიდან 40 დოლარს ე.წ, „შავ სალაროშიც“ ინახავდა, პოტენციურად ისეთ კრიზისებთან გასამკლავებლად, რომელთა წინაშეც ახლა აღმოჩნდა. ამგვარად, ნათელია, თუ საიდან იღებს მოსკოვი, ერთი მხრივ, ომის წარმოების, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების იმიტაციის შექმნისთვის საჭირო ფინანსებს.

სანქციების მეცხრე პაკეტის დაწესებამდე სულ ორიოდე კვირით ადრე, 5 დეკემბერს, ძალაში შევიდა დიდი შვიდეულის ქვეყნების გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასის ზედა ლიმიტის დაწესების შესახებ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი,  დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და იაპონიაც შეუერთდნენ. შეთანხმების შედეგად, გლობალური საზღვაო გზით გადაზიდული ნავთობის ფასი ბარელზე 60 აშშ დოლარით განისაზღვრა. ევროპის ლიდერების განცხადებით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კრემლის საბიუჯეტო ენერგეტიკულ შემოსავლებს. ქვეყნები, რომლებიც არ შეუერთდებიან ამ გადაწყვეტილებას, ვერ ისარგებლებენ ევროკავშირის საზღვაო და სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით, ასევე საკრედიტო ინსტიტუტებით, ენერგო ტრანსაქციების განსახორციელებლად. ამ მხრივ, მოსკოვის საპასუხო გადაწყვეტილება და ნავთობის ფასის ზედა ლიმიტის შედეგების კონტურები, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერიოდში გამოიკვეთება.

 

დასკვნა

დასავლელი პარტნიორების კოორდინირებული მუშაობა და ეკონომიკური სანქციები კრემლის საბიუჯეტო შემოსავლებს მნიშვნელოვნად ამცირებს, ეჭვქვეშ აყენებს მისი სწრაფი ინდუსტრიული აღდგენის პოტენციალსა და მინიმუმამდე დაჰყავს სამომავლოდ რუსული აგრესიის რისკები მეზობელ ქვეყნებში. ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი სანქციების მეცხრე პაკეტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ეტაპობრივად გამოფიტოს მოსკოვის ომის მანქანა. ამ პაკეტში, ყველა სხვა შეზღუდვასთან ერთად, უპილოტო საფრენი აპარატების ძრავებისა და მათი კომპონენტების ექსპორტის აკრძალვა, მათ შორის მესამე ქვეყნებში, უდავოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მით უმეტეს, უკრაინაში, რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო იერიშების გათვალისწინებით.

ცხადია, ახალი შეზღუდვები რუსულ აგრესიას ვერ შეაჩერებს, თუმცა მისი ეკონომიკური, სამხედრო და ინდუსტრიული წარმოების შესაძლებლობების საგრძნობ გაუარესებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. ხშირ შემთხვევაში, სანქციების ახალ ინიციატივებს მოჰყვება ხოლმე აზრი, რომ თითქოს მათ ყველა რესურსი ამოწურეს და ახალი წინადადების მიღება შესაძლოა არაეფექტიანი იყოს, ან ფიზიკურად არ დარჩეს ინდუსტრია, რაზეც შეზღუდვები გავრცელდება, რაც, ცხადია, ასე არ არის. სანქციებს ყოველთვის აქვს მიზნობრივი რესურსი და მოქმედების ფართო არეალი. ამგვარად, სანქციები მუშაობს და ყველა ახალი ინიციატივა არის წინგადადგმული ნაბიჯი რუსული აგრესიის არა მხოლოდ შესაჩერებლად, არამედ სამომავლოდ აღსაკვეთადაც.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.