X

რონდელის ბლოგი

რა სურს რუსეთს საქართველოსგან?

2023 / 01 / 09

ნინო იმედაშვილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

რა სურს რუსეთს საქართველოსგან?

კითხვაზე, თუ რა სურს რუსეთს საქართველოსგან, ყველას გვიფიქრია. ხშირად პოლიტიკოსებს რეალობასთან შეუსაბამო მოლოდინიც გასჩენიათ, რომ რუსეთთან „დალაგება“ დამოუკიდებელ საქართველოს შეუძლია. არადა ამ კითხვაზე პასუხი პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების საარჩევნო ქცევას და ჩვენი ქვეყნის ადეკვატურ (დემოკრატიულ) განვითარებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ რა სურს რუსეთს?  

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის ისტორიული აგრესია 1801 წლიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა, დღესაც კი ისმის რუსული აგრესიის შესახებ გარკვეული „დეფორმაციული ნარატივი“, რომ აგრესიაზე პასუხისმგებლობა აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას ეკისრება. თითქოს მსხვერპლმა გამოიწვია რუსეთი, გააღიზიანა და, საბოლოო ჯამში, ვერც მორიგი ომი აიცილა თავიდან, ვერც მორიგი ოკუპაცია და ვერც ეკონომიკური თუ ენერგეტიკული სანქციები. მაგალითად, უახლესი „დეფორმაციული ნარატივით“, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის რეგულარული არმიის მორიგი შემოჭრა საქართველოში და ოკუპაციის გაფართოება პრეზიდენტ სააკაშვილს ბრალდება, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა უკრაინაში - პრეზიდენტ ზელენსკის.  გარდა იმისა, რომ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს, რასაც არაერთი ისტორიული წყაროც ადასტურებს, ეს ნარატივი რუსული პროპაგანდის პირმშოა, რომელსაც ორი მიზანი აქვს:

1) მსხვერპლის დადანაშაულებით ეს არის მცდელობა, რომ რუსეთის ბრალეულობა შეინიღბოს, რათა დასავლეთმა მას დაბალი ფასი გადაახდევინოს მეზობელი ქვეყნის დაპყრობის გამო.

2) ისტორიის დეფორმაცია - ისტორიას დიდი გავლენა აქვს როგორც პოლიტიკური ელიტების გადაწყვეტილებებზე, ისე ამომრჩევლის საარჩევნო ქცევაზე. საერთო ჯამში კი - ქვეყნის დასავლურ განვითარებაზე. თუ ქართული საზოგადოება დაიჯერებს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს, ხოლო 2022 წლის ომი უკრაინის ბრალია და ეს საკითხი ქართულ საზოგადოებაში განხეთქილებას შეიტანს, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად და რუსეთის შესაკავებლად არჩეული დასავლური კურსის მიმართ ერთიანობა დაირღვევა.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ნათლად ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე რუსეთის მოთხოვნები მოსაზღვრე ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს მიმართ.

 

რას ითხოვს რუსეთი?

ამერიკელმა მეცნიერმა ტომას ამბროსიომ 2009 წელს გამოცემულ წიგნში „Authoritarian Backlash: Russian Resistance to Democratization in the Former Soviet Union“ რუსეთის ურთიერთობა მეზობლებთან (კერძოდ, მისი აგრესიულობა) ახსნა რეგიონში დემოკრატიის გავრცელების მიმართ კრემლის წინააღმდეგობით. რადგან დემოკრატია, რომელიც გადამდებია და ხშირად ტალღებად ვრცელდება, პოლიტიკური ძალის და ლიდერების მუდმივი განახლების გზაა, იგი საფრთხეს უქმნის რუსეთის მმართველი ავტორიტარული რეჟიმის ,,სტაბილურობას“. შესაბამისად, დემოკრატიზაციის გზაზე მდგომი მეზობლების მიმართ კრემლის სტრატეგიაა, რომ მათი პროდასავლური ლიდერები თავიდან მოიშოროს დესტაბილიზაციის ორგანიზებით. ტომას ამბროსიოს მიხედვით, ავტორიტარული რუსეთი ცდილობს სამეზობლოში მსგავსი რეჟიმების აღდგენა/უზრუნველყოფით  შეაჩეროს დემოკრატია და გადაირჩინოს თავი.

უკრაინის ომის ფონზე სულ უფრო ნაკლებადაა საეჭვო, რომ  კრემლი, პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის არდაშვების შიშით

  1. დემოკრატიის გავრცელების ხელშემწყობ ქვეყნებს და ორგანიზაციებს (აშშ, ნატო და ევროკავშირი) მიიჩნევს მტრად.
  2. ინარჩუნებს იმ ორგანიზაციებს (დსთ, ევრაზიული კავშირი, კუხო), რომლებიც დემოკრატიის გზაზე მდგარ მოსაზღვრე ქვეყნებზე ზეწოლისთვის სჭირდება.
  3. ავრცელებს მითს, რომ რუსეთი და მისი მოსაზღვრე ქვეყნები განსხვავებული კულტურისაა და დემოკრატიული ფასეულობები მათთვის შეუთავსებელია.
  4. ეწინააღმდეგება ნატო/ევროპის კავშირის გაფართოებას. მათგან რუსეთს ობიექტური საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ კრემლისთვის „უსაფრთხოება“ ავტორიტარიზმის სინონიმია, რაც ასეთი სამეზობლოს პირობებში ძნელია.

რუსეთის სამხედრო აგრესია სწორედ ამ შიშებით აიხსნება. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინთან ბოლო შეხვედრისას ის დარწმუნდა, რომ მას მხოლოდ ძალაუფლებაში დარჩენა უნდა და ამიტომ  რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ გაჰკვირვებია.

კრემლისთვის განსაკუთრებით პრობლემური მისი დასავლეთი (ბელარუსი, უკრაინა) და სამხრეთი (საქართველო, სომხეთი) სამეზობლოა. ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს დემოკრატიულ დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილი და შესაძლებლობა აქვთ. ცენტრალური აზია (უზბეკეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი) ამ მხრივ ნაკლებად სადარდებელია, რადგანი იქ რუსეთის შესაძლო კონკურენტები ისევ ავტორიტარული სახელმწიფოები (ჩინეთი) თუ იქნება. ამიტომ რუსეთის მმართველი რეჟიმის პოლიტიკური „სტაბილურობისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთის და სამხრეთის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა ამ ქვეყნებზე მნიშვნელოვანი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ზეგავლენით. 

ამ ეტაპზე, რუსეთს ეს სრულფასოვნად მარტო ბელარუსში გამოუვიდა. სუვერენიტეტის გარეშე დარჩენილ ქვეყანას სრულად აკონტროლებს კრემლი. სანაცვლოდ, რუსული „დახმარებებით“ ძალაუფლებაში ყოფნის  28 წელს მიითვლის ლუკაშენკო. ნიშანდობლივია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით ბელარუსის ფორმალური მმართველი უკრაინაში რუსული აგრესიის თანამონაწილეა.

რუსეთს სურს „ბელარუსის მოდელი“ განავრცოს თავის მოსაზღვრე მეზობლებზე. ესაა მოდელი, როცა დამოუკიდებლობა რეალურად ქვეყანას დაკარგული აქვს, სტრატეგიული აქტივები (რკინიგზა, კომუნიკაციები, ნავთობსადენები და გაზსადენები) კრემლის ხელშია და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ასევე საკადრო პოლიტიკაზე სრული კონტროლიც კრემლს აქვს.

აქედან გამომდინარე,  კრემლი ფიქრობს, რომ მისი „უსაფრთხოება“, ანუ პოლიტიკური ძალის ცვლილების არდაშვება საუკეთესოდ არის დაცული, თუ მოსაზღვრე ქვეყნებს პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და სამხედრო კავშირები არ აქვთ დასავლეთთან. მეზობლად არავინ იძლევა ალტერნატიული, ანუ დემოკრატიული განვითარების მაგალითს. ამიტომ რუსეთს უნდა, რომ თავისი მოსაზღვრე ქვეყნები დასავლეთისგან იზოლაციაში ამყოფოს, რადგან მხოლოდ ამ გზით მიიღწევა რუსეთის, ანუ მმართველი ძალის, „უსაფრთხოება“ .

 

როგორ შეუქმნა საფრთხე საქართველომ რუსეთს?

ზემოაღწერილი ლოგიკიდან გამომდინარე, თუ  კრემლი ვერ  ჩაერევა მოსაზღვრე ქვეყნების სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში და ვერ გააკონტროლებს ამ ქვეყნების საგარეო, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და სამხედრო კავშირებს, მისი მესვეურნი მიიჩნევენ, რომ დომინაცია სუსტდება/იკარგება და თავად რუსეთის „სტაბილურობას“ საფრთხე ემუქრება.

საქართველო რამდენიმეჯერ შეეწინააღმდეგა რუსეთის კონტროლს და დომინაციას, კერძოდ:

  1. საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება უკანონოდ ჯერ კიდევ 1990 წლის 20 ივნისს და უკანონოდ ცნო საქართველოს ოკუპაცია.  ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები (1990 წლის 28 ოქტომბერს) და ჯერ კიდევ მოქმედ საბჭოთა კავშირში დაამარცხა კომუნისტური პარტია. ქვეყნის დამოუკიდებლობაც (1991 წლის 9 აპრილი) საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991 წლის 26 დეკემბერი) გამოაცხადა.
  2. რუსეთის კონტროლის გარეშე ენერგეტიკული კავშირები დაამყარა აზერბაიჯანთან და თურქეთთან და 2002 წელს წარმატებული სატრანზიტო ენერგეტიკული პროექტის მშენებლობა დაიწყო:  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთკავკასიური გაზსადენი.
  3. საქართველო იყო პირველი პოსტსაბჭოთა რეგიონში, რომელმაც  პოლიტიკური ელიტის მიერ დაწერილი საარჩევნო ციფრები არ მიიღო, რადგან ის არ გამოხატავდა ხალხის ნებას. 2003 წელს გაყალბებული არჩევნები მშვიდობიანად გააპროტესტა და ოფიციალური გამოცხადებული გამარჯვებული პოლიტიკური ძალა (მოქალაქეთა კავშირი) შეცვალა.
  4. საქართველომ უარი თქვა რუსეთს ეკონტროლებინა საკადრო პოლიტიკა არა მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, არამედ საგარეო და ენერგეტიკული კავშირები. საქართველო ღიად ითხოვდა დასავლურ  ორგანიზაციებში ინტეგრაციას და ამ მიზნით ატარებდა რეფორმებს. 

სწორედ ამიტომ რუსეთმა  არაერთხელ მიმართა საქართველოზე ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სამხედრო ზეწოლას. უკრაინის მაგალითმა ეს ყოველივე უნდა შეგვახსენოს და ისიც დაგვანახოს, რომ კრემლის სურვილებზე დათანხმება ბოლოს ლუკაშენკოს მოდელით მთავრდება.

 

დასკვნა, ანუ სადაა გამოსავალი

ავტორიტარულ რუსეთს ნახევარ გზაზე გაჩერება არ შეეძლო და არ შეუძლია. ქვეყანა, რომელზეც მას დომინირების აღდგენა სურს, ან სრულად უნდა ჩაერთოს კრემლის დანაშაულებრივ ქსელში, ან წინააღმდეგობა გაუწიოს მას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჩნდება ომის რისკი, როგორც ეს ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის მაგალითებმა აჩვენა. მაგრამ ამ რისკთან ერთად ჩნდება საერთაშორისო დახმარების და თანადგომის იმედიც. რუსული გავლენის ზონაში დარჩენა კი ასევე არ გვაცილებს ომის რისკს, რისი მაგალითიც ბელარუსია, ოღონდ - უკვე აგრესორის მხარეზე და საერთაშორისო იზოლაციის პირობით.

თუ საქართველო გააგრძელებს (შეჩერებულ) დემოკრატიულ რეფორმებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს ფუნქციურ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და ექნება ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ქოლგის მიღების შანსი. პროცესი მყისიერი არაა და გზა სარისკოა, მაგრამ სხვა ალტერნატივაც არ არსებობს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.