X

რონდელის ბლოგი

მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე

2023 / 01 / 25

ნინო ჩანადირი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი

 

ომმა უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, მეზობელი მოლდოვის ჩათვლით, რომელსაც ასევე აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება.  ომმა გაამწვავა ის გამოწვევები, რომლებიც მოლდოვას სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდა, თუმცა, იმავდროულად ქვეყნისთვის ახალი ფანჯარაც გაიხსნა. 2022 წლის ივნისში მოლდოვამ უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს ფართო საზოგადოებამ მიიჩნია ევროკავშირის პოლიტიკურ ნაბიჯად, რომელიც გამოხატავს, რომ ევროკავშირი ამ ქვეყნებს საკუთარ ნაწილად მიჩნევს და ენდობა მათ ადმინისტრაციულ უნარს გაატარონ რეფორმები და დააკმაყოფილონ ევროკავშირის კრიტერიუმები. ამასთან  მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე განიხილებოდეს იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც მოლდოვას აქვს უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში. ასევე იმ პოლიტიკური პოზიციების ფონზე, რომლებიც მოლდოვის ხელისუფლებამ კრიზისულ პერიოდში გამოავლინა. უფრო კონკრეტულად კი,  როგორ აჩვენა ამ პოზიციებმა ევროკავშირს, რომ მოლდოვას შეუძლია იყოს სანდო პარტნიორი.

როგორ იმოქმედა ომმა მოლდოვაზე?

მოლდოვას, ქვეყანა 3 მილიონზე მეტი მოსახლეობით, სხვა აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებთან ბევრი რამ აქვს საერთო, განსაკუთრებით, რუსეთიდან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში. უკრაინისა და საქართველოს მსგავსად, მოლდოვაც რუსული ოკუპაციის მსხვერპლია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს დნესტრისპირეთი, აღმოსავლეთ მოლდოვაში, თუმცა სეპარატისტულ დნესტრისპირეთს, რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებს, არ აქვს საერთაშორისო აღიარება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აქტუალური გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებული მოლდოვის რეგიონის საკითხის განხილვაც. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად კლასიფიცირებას, მაშინ როდესაც, წინათ საბჭო ტერიტორიას აღწერდა, როგორც „რუსეთის ფედერაციის მიერ ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფს“.

წყარო: BBC ( https://www.bbc.com/news/world-europe-18284837)

უკრაინაში ომის ადრეულ სტადიაზე არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთი შეეცდებოდა დნესტრისპირეთის რუსულ სამხედრო ბაზას დაკავშირებოდა უკრაინის ფრონტის გაჭიმვით აღმოსავლეთ უკრაინიდან ქვეყნის სამხრეთ ნაწილებამდე, ოდესის ჩათვლით, და იქიდან დნესტრისპირეთამდე. ასე რუსეთი შეეცდებოდა რეგიონის გამოყენებას უკრაინაზე ახალი იერიშისთვის. ამის პარალელურად, დაძაბულობამ იმატა მოლდოვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონშიც, მას შემდეგ, რაც მოხდა რამდენიმე აფეთქება, რომელმაც საბჭოთა დროინდელი კავშირგაბმულობის პუნქტი დააზიანა. აფეთქებების შემდეგ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. მოლდოვის ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს ქმედებები მიზანმიმართულად ემსახურებოდა რეგიონში დაძაბულობის გამოწვევას. ეს აძლიერებდა ეჭვს, რომ რუსეთი ქმნიდა დასაყრდენს, რომ მას რეგიონი უკრაინის ომში თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. თუმცა, მოსკოვის გეგმა, რომ წარმატებისთვის მიეღწია სამხრეთ უკრაინაში და დაეკავშირებინა უკრაინის ფრონტი დნესტრისპირეთთან, მარცხით დასრულდა, უკრაინელების მძლავრი წინააღმდეგობისა და მოსკოვის სამხედრო ჩავარდნის გამო.

მოლდოვის სისუსტეა მისი დამოკიდებულება რუსეთზე სავაჭრო კავშირებით და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დამოკიდებულება ენერგოსექტორში. ათწლეულების მანძილზე ეს ბერკეტი იყო მოსკოვის ხელში - ეთამაშა მოლდოვის მოსახლეობის სენტიმენტებით. მუდმივი მუქარა ენერგიის ფასების ზრდითა თუ მომარაგების შეწყვეტით უბიძგებდა მოსახლეობას ლოიალური დარჩენილიყო „რუსული პარტნიორობის“ მიმართ.

სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ექსპორტში შეფერხებებს გავლენა აქვთ რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყნებზე, მოლდოვის ჩათვლით. მთავარი გავლენის მქონე ფაქტორად რჩება ენერგოდამოკიდებულება და მისი ეფექტი მოლდოვის მოსახლეობაზე. ენერგოკრიზისი ქვეყნისთვის შეეხება როგორც გაზს, ისე ელექტროენერგიას. რუსეთის მიერ კონტროლირებადმა გაზპრომმა გაზარდა ფასი გაზზე და კვლავაც იმუქრება მიწოდების კიდევ უფრო შემცირებით. ამავე დროს, მოლდოვაში პრობლემაა ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება, რომელიც მოლდოვას მიეწოდება უკრაინიდან (რომელსაც თავადაც აქვს ელექტროენერგიის პრობლემები) და ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან, სადაც მდებარეობს სადგური, რომელიც მოლდოვის ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს გამოიმუშავებს. მოლდოვამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ენერგიის მომწოდებლების დივერსიფიცირება. ამ მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება მის უახლოეს გეგმებში შედის.

როგორც მოსალოდნელი იყო, სოციალური მდგომარეობის გაუარესება მოლდოვაში გამოიყენა რუსეთმა მოლდოვის პროევროპულ მთავრობაზე წნეხის გასაძლიერებლად. მთავრობის წინააღმდეგ ჩატარდა გამოსვლები, სადაც ცხოვრების გაძვირებაში სანდუს ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ მის გადადგომას. მიიჩნევა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა კრემლის დაფინანსებულია და მონაწილეები ფულს იღებდნენ გამოსვლაში მონაწილეობისთვის.

მოლდოვის ხელისუფლების პოზიციები ომის პირობებში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო რუსეთიდან ზეწოლის ზრდა, მოლდოვის ხელისუფლება და პრეზიდენტი სანდუ მყარად უჭერენ მხარს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. რთული შიდა გამოწვევების მიუხედავად, მოლდოვამ მიიღო ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, რითაც ევროკავშირის აღფრთოვანება გამოიწვია. თავად სანდუმ არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ამბობდა, რომ „უკრაინა დღეს მოლდოვის თავისუფლებასაც იცავს“. მიიჩნევა, რომ სანდუ პროევროპელი პოლიტიკოსია, რომელიც აძლიერებს მოლდოვის შესაძლებლობებს შეუერთდეს ევროკავშირს. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ომის პირობებში მოლდოვას ხელისუფლების პოზიციებმა დაარწმუნა დასავლელი პარტნიორები, რომ ქვეყანას შეუძლია იყოს სანდო მოკავშირე. შესაბამისად, საჭიროა გაგრძელდეს მისი მხარდაჭერა, რომ გაძლიერდეს მისი უნარი შეინარჩუნოს პროდასავლური პოზიციები.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ევროკავშირი მეტ ყურადღებას დაუთმობს აუცილებლად გასატარებელ რეფორმებს მოლდოვაში, განსაკუთრებით, კარგი მმართველობის, სამართლის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ კორუფცია, მათ შორის მაღალ დონეებზე არსებული, განგრძობადად ასუსტებდა ქვეყნის შესაძლებლობას, გაეუმჯობესებინა ეკონომიკური გარემო და სტაბილურობა. შესაბამისად, ამ შიდა გამოწვევებთან ბრძოლა მოლდოვის მთავარი ამოცანა იქნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. და ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრობის იდეის მხარდაჭერა იზრდება საზოგადოებაში.  

შეჯამება

პოლიტიკური განვითარება ცხადყოფს, რომ მოლდოვას აწმყო და მომავალი დაუკავშირდა მოვლენებს უკრაინაში. უკრაინის ომმა გააღრმავა მოლდოვის გამოწვევები უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სოციალურ სექტორებში. თუმცა, მიმდინარე ვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების და პოლიტიკური რეალობა ევროპაში, და მოლდოვას ხელისუფლების მიერ უკრაინის მხარდამჭერმა პოზიციამ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი მისცა. ფაქტმა, რომ მოლდოვამ შეინარჩუნა პროუკრაინული პოზიცია, მიუხედავად რთული საშინაო ვითარებისა და რუსეთიდან გაზრდილი წნეხისა, დაარწმუნა ევროკავშირი, რომ ქვეყანას შესწევს უნარი იყოს სანდო პარტნიორი. ცხადია, რომ მოლდოვაში იაზრებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის საბოლოო მარცხი მოლდოვისთვის ძლიერი პოზიტიური სცენარია, რაც შეამცირებს რუსეთის გავლენას არა მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში, არამედ მოლდოვის პოლიტიკაში, რაც შესაძლებელს გახდის კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას ევროკავშირის წევრობის გზაზე. 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.