X

რონდელის ბლოგი

ოკუპირებული აფხაზეთი: კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ – მომხრეები და მოწინააღმდეგეები

2023 / 03 / 21

მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

 

მაშინ, როდესაც საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა, დასავლეთის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას ცდილობდა და კანონის მიღების საჭიროებასა და „აგენტებზე“ საუბარს კვლავაც აგრძელებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე ვერ ხერხდება მსგავსი „კანონის“ მიღება, რაც რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა. სტატიაში განვიხილავთ, თუ ვინ ლობირებს ოკუპირებულ აფხაზეთში „კანონის“ მიღებას, ვინ არის წინააღმდეგი და რა პოზიცია უკავია დე ფაქტო ხელისუფლებას. 

კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ: რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია

2020 წლის 12 ნოემბერს „აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა“ დამტკიცდა. პროგრამის 37-ე ღონისძიების თანახმად, აფხაზური „კანონმდებლობა“ რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციებისა და „უცხოეთის აგენტების“ საქმიანობას დაარეგულირებს.

2021 წლის 23 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრმა ანრი ბარციცმა და რუსეთის იუსტიციის მინისტრმა კონსტანტინ ჩუიჩენკომ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ხელი მოაწერეს უწყებებს შორის 2022-2023 წლებში თანამშრომლობის პროგრამას, „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოეთის აგენტების საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ჰარმონიზაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს და მასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას. რუსეთთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, კანონის მიღების პროცესი 2023 წელს უნდა დასრულდეს. თუმცა მოსკოვში მიაჩნიათ, რომ პროცესი ჭიანურდება, რის გამოც აფხაზურ მხარეს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღების ნელი ტემპის გამო საყვედურობენ.

ვინ არიან კანონის მხარდამჭერები?

ოკუპირებულ აფხაზეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების საკითხი აქტუალური 2021 წლის მიწურულს გახდა, როდესაც დე ფაქტო რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი ინალ არძინბა დაინიშნა. დღეს არძინბა დე ფაქტო მთავრობიდან ერთადერთი ფიგურაა, ვინც კანონის მიღების საჭიროებაზე ხმამაღლა ლაპარაკობს.

2022 წლის 15 სექტემბერს არძინბამ განაცხადა, რომ „არაკომერციული ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებაზე უკვე მუშაობენ. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია ამ ორგანიზაციების საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდა, დე ფაქტო რესპუბლიკის შიდა საქმიანობაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა. არძინბას ბევრი კრიტიკული შენიშვნა აქვს, განსაკუთრებით, აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების მთავარი დონორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. მისი შეფასებით, ამ ორგანიზაციების მთავარი მიზანია აფხაზური საზოგადოების ქართულ საზოგადოებაში რბილი ინტეგრაცია ჰუმანიტარული დახმარების, კონფერენციების, საგანმანათლებლო ტრენინგების, ახალგაზრდებთან აქტიური მუშაობის გზით.

არძინბას მოთხოვნაა, რომ მათი საქმიანობის ძირითადი სფერო ჰუმანიტარული იყოს და არ მოიცავდეს პოლიტიკურ პროექტებს. ასევე ამ ორგანიზაციებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე პროექტები წინასწარ უნდა შეათანხმონ და პროექტების განხორციელების შესახებ ანგარიშები, თანამშრომელთა სიები, დაფინანსების წყაროების შესახებ მონაცემები წარადგინონ. მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც ქართულ მხარესთან რაიმე სახის თანამშრომლობას/დიალოგს მოიცავს (ამ საკითხზე დეტალურად იხ. რონდელის ფონდის გვერდზე გამოქვეყნებული სტატია: ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე).

არძინბამ არასამთავრობო ორგანიზაციები ნეგატიურ კონტექსტში ბოლოს თბილისში მიმდინარე მოვლენების დროს მოიხსენია. 9 მარტს არძინბამ თბილისში მიმდინარე მოვლენები პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობად შეაფასა. მისი თქმით, „ე.წ. მშვიდობიანი მოქალაქეები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა მეთოდს: „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქუჩების გადაკეტვის და აგრესიული ქმედებების სხვა ფორმებს. რაც ცალსახად მიუთითებს, რომ მათ ინსტრუქციები აქვთ მიღებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს შესაბამისი დანაყოფებისგან“. მან ამ ღონისძიებების მომზადებაში ტრადიციულად აღნიშნა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული როლის შესახებ. არძინბას შეფასების საწინააღმდეგოდ, აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ თუ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და ხელისუფლების შეცვლის მიმართულებით პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა შეუძლიათ, აფხაზეთში ნაკლებად ფიქრობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საგარეო-პოლიტიკური ორიენტირის შეცვლის მიზნით „ფერადი რევოლუციების“ ხელშეწყობის შესაძლებლობა აქვთ.

ვინ ეწინააღმდეგება და ვინ იკავებს თავს კანონის მიღების მხარდაჭერისგან?

აფხაზეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას ღიად ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლური ფონდებიდან ფინანსდება, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები კი ან თავს იკავებენ ამ საკითხზე აზრის დაფიქსირებისგან ან ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ.

სამოქალაქო საზოგადოების რეაგირება

არძინბას ინიციატივებს საწყის ეტაპზე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მწვავე შეფასება მოჰყვა. 2022 წლის იანვარში დე ფაქტო ხელისუფლების პირველი პირებისადმი მიმართვას ხუთასამდე ადამიანმა მოაწერა ხელი. მათი აზრით, ასეთი კანონის მიღება ნეგატიურ შედეგს მოიტანს და დე ფაქტო რესპუბლიკის საერთაშორისო იმიჯსაც დააზიანებს. კანონის მიღებას არ ეთანხმება „სახალხო დამცველი“ ასიდა შაკრილიც. 2022 წლის 8 ივნისს დე ფაქტო პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ საზოგადოებას თავს ახვევენ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების აუცილებლობის იდეას, რომელიც არ ასახავს აფხაზურ რეალობას. შაკრილის შეფასებით, ამ ინიციატივის მიზანია, ერთი მხრივ, აფხაზეთის გარე კავშირების შეზღუდვა, მეორე მხრივ კი – აფხაზეთის შიგნით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა. ასეთი ხედვა გავრცელებულია აფხაზეთის მთელ სამოქალაქო სექტორში.

საჯარო განხილვა „საზოგადოებრივ პალატაში“

2022 წლის 15 ნოემბერს ე.წ. საზოგადოებრივ პალატაში, რომელიც საკონსულტაციო ორგანოა და მისი წევრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, შეხვედრა ჩატარდა, სადაც თანამედროვე პირობებში სამოქალაქო საზოგადოების როლი და კანონმდებლობა განიხილეს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას არეგულირებს.

შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც (არდა ინალ-იფა, ინალ ხაშიგი, ლიანა კვარჩელია და სხვ.) იყვნენ. მათი შეფასებით, არსებულ კანონმდებლობაში ყველა მექანიზმია საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებისთვის (ოკუპირებულ აფხაზეთში კანონი არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ 2005 წლის 21 ოქტომბერს მიიღეს). მათი შეფასებით, „ეს შიდა სახელმწიფოებრივი საკითხია, რომელიც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის შედეგად უნდა დარეგულირდეს და ამ საკითხში არ არის საჭირო რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, მაშინ, როცა ჰარმონიზაცია შესაძლებელია საბაჟო თუ ორმაგი მოქალაქეობის საკითხებში“.

საყურადღებოა, რომ აღნიშნულ შეხვედრას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა აფხაზეთის ისტორიაში დიდი როლი შეასრულეს. როგორც მან აღნიშნა, რუსეთიც კი არ წყვეტს ურთიერთობის ყველა არხს დასავლეთთან და ამიტომ მათთაც საკითხის განხილვის დროს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის, ანრი ბარციცის განცხადებით კი, იგი მზად არის ნებისმიერ ფორმატში ისაუბროს, თუ რას აკეთებს „სამინისტრო“ ამ კანონპროექტის მოსამზადებლად. მისი თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორი ფორმით იქნება მიღებული კანონპროექტი, ეს იქნება ცვლილებები არსებული კანონში თუ ცალკე კანონი. ბარციცმა აღნიშნა, რომ კანონპროექტმა განხილვის არაერთი ეტაპი  უნდა გაიაროს და  ჯერ გასარკვევია ბევრი დეტალი.

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ აფხაზური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინტერესებს იცავენ. ამ საკითხზე აზრი გამოთქვა დე ფაქტო რესპუბლიკის გმირმა და ყოფილმა დე ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამაც. მისი თქმით, იგი ზოგიერთ საკითხში კატეგორიულად არ ეთანხმება ამ ორგანიზაციებს და თანახმაა მათ საქმიანობაზე სახელმწიფო ორგანოების უფრო მკაცრი კონტროლი განხორციელდეს, მაგრამ იგი წინააღმდეგია, რომ ისინი უცხოეთის აგენტებად აღიარონ, რადგან აგენტად ვინმეს მიჩნევა აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. როგორც მან აღნიშნა, ახლა ვინც უნდათ, რომ „აგენტებად“ აქციონ, აქტიური მონაწილეები იყვნენ „აფხაზი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა“. კობახიას ასეთი შეფასება განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან იგი საზოგადოებაში არ არის ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი სიმპათიით.

რას ამბობს დე ფაქტო ხელისუფლება?

არძინბასგან განსხვავებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ ნაკლებად კრიტიკული არიან დე ფაქტო ხელისუფლების სხვა ლიდერები. ისინი საჯაროდ არ აკრიტიკებენ მათ საქმიანობას და მათთან ურთიერთობაში გარე სამყაროსთან ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობებს ხედავენ.

კანონის შესახებ თავის მოსაზრებას შედარებით ღიად დე ფაქტო ხელისუფლების მეორე რანგის ფიგურები აკეთებენ. მაგ., 2022 წლის 26 ოქტომბრის ინტერვიუში კრისტიან ბჟანიამ, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილემ, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ თქვა, რომ ეს სარკისებურად აისახებოდა აფხაზეთზეც. ამიტომაც მან გამოთქვა ვარაუდი, რომ რაღაც პერიოდში აფხაზეთს მოუწევს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძევება. საკითხის ამგვარად დაყენება სამოქალაქო სექტორში შეცდომად მიაჩნიათ, რადგან, მათი შეფასებით, მანამ, სანამ აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციები საქმიანობენ, განსაკუთრებით გაერო, ქართული მხარისთვის რთული იქნება იმის მტკიცება, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია.

კანონის შესახებ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მაქსიმ გვინჯიამ (იგი 2010-2011 წლებში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იყო). 12 მარტს რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „1992-1993 წლებში საქართველოსთან ომის და მას შემდეგ, რაც რესპუბლიკა ბლოკადაში აღმოჩნდა, აფხაზური სამოქალაქო საზოგადოება ეკონომიკურ, კულტურულ და საგარეო-პოლიტიკურ პროცესებში მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ბევრმა წარმომადგენელმა ეს პროექტები განახორციელა დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში. პირადად ვიცნობ აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უმრავლესობას, რომლებიც თანამშრომლობენ სხვა ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იღებენ გრანტებს და თავისი ქვეყნის პატრიოტები არიან“.

ძირითადი დასკვნები

  • რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას და მათზე სრული კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად, რაც კრემლის დაკვეთით ხორციელდება და ოკუპირებულ რეგიონში რუსული მოდელის დანერგვის სურვილით არის განპირობებული. რუსეთის ასეთი აქტიურობა იმითაც არის გამოწვეული, რომ აფხაზეთსა და სხვა ოკუპირებულ რეგიონებში დასავლური ორგანიზაციების საქმიანობა რუსეთის ინტერესების საფრთხედაც აღიქმება.
  • იმ ფონზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა დიდია, საინტერესოა, რომ კანონის მიღების საკითხზე ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ან საერთოდ არ საუბრობენ, ან ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ. რადგან ფიქრობენ, რომ ამ საკითხზე ღია წინააღმდეგობის დაფიქსირება შეიძლება რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯად ჩაითვალოს.
  • დე ფაქტო ხელისუფლებაში არაერთ წამყვან ფიგურას მიაჩნია, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ ომში თუ მის შემდეგ პერიოდში აფხაზური „სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. გარდა ამისა, დღევანდელი დე ფაქტო მთავრობა აღიარებს, რომ სამოქალაქო სექტორისა და დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებით, ომის შემდგომ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური თუ ჰუმანიტარული პროექტი განხორციელდა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო და არის დე ფაქტო რესპუბლიკისთვის.

რა შეიძლება მოხდეს?

ოკუპირებულ აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოებასა თუ ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტაში არსებული განწყობები მიუთითებს, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ნეგატიურ მოვლენად აღიქმება დე ფაქტო რესპუბლიკაში, რაც შეზღუდავს დე ფაქტო რესპუბლიკის კავშირებს გარე სამყაროსთან, შეასუსტებს რეგიონში მეტ-ნაკლებად განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებას, შეამცირებს საერთაშორისო ორგანიზაციების/დასავლური ფონდების დაფინანსებულ პროექტებს და კიდევ უფრო გაზრდის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხს. აფხაზეთში ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, შეანელოს კანონის მიღების პროცესი და თავიდან აირიდოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლის რუსული მოდელის დანერგვა.

თავის მხრივ, რუსეთში მიაჩნიათ, რომ აფხაზეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და დროულად უნდა გადაწყვიტოს ის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებული სიმწვავით აღიქმება აფხაზურ საზოგადოებაში, მაგ., „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემა, ორმაგი მოქალაქეობის საკითხის მოგვარება, უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის შესყიდვის უფლების მინიჭება, ენერგოსექტორის რუსეთისთვის გადაცემა, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება და ა.შ. რაც უფრო გაღრმავდება რუსეთის პრობლემები უკრაინის ფრონტზე და გლობალურადაც მეტი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება მოსკოვი, მით უფრო გაიზრდება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ რუსეთის მოთხოვნები შეასრულოს.

მოკლევადიან პერიოდში ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება კანონის მიღების პროცესი შეაჩეროს/შეანელოს, უკრაინაში რუსეთის ისეთი მარცხია, რომლის დროსაც კრემლისთვის ეს საკითხი აზრსა და აქტუალობას დაკარგავს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.