X

რონდელის ბლოგი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი

2023 / 05 / 11

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

 

2022 წლის მაისში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში ახალ დე ფაქტო პრეზიდენტად ალან გაგლოევი აირჩიეს. გაგლოევმა „პრეზიდენტობის“ პირველი წელი თავის წინამორბედთან ბრძოლას მოანდომა, რაც აქტუალური, სავარაუდოდ, მიმდინარე წელსაც იქნება. ჩვენს სტატიაში გაგლოევის „პრეზიდენტობის“ პირველ წელს შევაჯამებთ.

 

„ხელისუფლებაში“ მოსვლა

პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერმა და უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა ალან გაგლოევმა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი არალეგიტიმური არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა. 2022 წლის 10 აპრილს, პირველ ტურში, გაგლოევმა ხმების 36.9% მიიღო, ბიბილოვმა კი - 33.5%. მეორე ტური, რომელიც 8 მაისს ჩატარდა, გაგლოევმა ხმების 56.09% მიიღო, ბიბილოვმა კი - 40.90%. გაგლოევის გამარჯვება, მეტწილად, საპროტესტო ამომრჩეველმა და ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანებამ უზრუნველყო.

ბიბილოვის წარუმატებლობაზე გავლენა მოახდინა რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოვლენამ, რამაც ადგილობრივ საზოგადოებაში ბიბილოვის პოლიტიკური რეპუტაცია შეარყია. პირველი ე.წ. ჯაბიევის საქმეა, რომელიც ბიბილოვის მოღვაწეობის შავი ლაქაა. 2020 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ჯაბიევი ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ჯაბიევის სიკვდილს ადგილობრივი მოსახლეობის ხანგრძლივი პროტესტი  და პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.

ბიბილოვის რეპუტაციას ზიანი მიაყენა ე.წ. ჩორჩანა-წნელისის კრიზისმაც, რაც 2019 წლის აგვისტოში საოკუპაციო ხაზთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით იყო გამოწვეული. ბიბილოვს ხშირად სდებდნენ ბრალს კორუფციაშიც. მისი ოპონენტების აზრით, სათანადოდ არ იხარჯებოდა რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსებიც.

ფაქტორები, რამაც ბიბილოვის დამარცხებას შეუწყო ხელი, გამოწვევად შეიძლება იქცეს გაგლოევისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ შეძლებს გამოწვევებს დროულად გაუმკლავდეს, გაგლოევის შეცდომებს დამარცხებული ბიბილოვი პოლიტიკური რევანშისთვის გამოიყენებს. ამ მხრივ მიმდინარე წელი გაგლოევისთვის შეიძლება კრიტიკულიც გამოდგეს.

 

გაგლოევ-ბიბილოვის ბრძოლა

გაგლოევის მმართველობის პირველი წელი პრაქტიკულად გაგლოევ-ბიბილოვის პირდაპირი თუ ირიბი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ამ მხრივ რამდენიმე ძირითადი საკითხის გამოყოფა შეიძლება, კერძოდ:

რეფერენდუმის გაუქმება

გაგლოევმა პირველი, რაც გააკეთა „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების თაობაზე დანიშნული რეფერენდუმის გაუქმება იყო. რეფერენდუმი ბიბილოვის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, რასაც არ ჰქონდა კრემლის მხარდაჭერა. გაგლოევს გადაწყვეტილება რუსეთში მოუწონეს და ბიბილოვი რეფერენდუმის საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს. ამ ბრძოლაში ბიბილოვი აშკარად დამარცხდა და გამოჩნდა, რომ  რეფერენდუმი ამ ეტაპზე კრემლის ინტერესებში არ შედიოდა.

ე.წ. ჯაბიევის საქმე

ადგილობრივების შეფასებით, ამ საქმეში დამნაშავეები ჯერ არ დასჯილან და საქმე ჭიანურდება, რამაც შეიძლება გაგლოევის მიმართაც გააჩინოს ეჭვები, რომ იგი, ბიბილოვის მსგავსად, არ აპირებს დამნაშავეების დასჯას. აღნიშნული საფრთხე ესმის გაგლოევსაც, ამიტომაც 2022 წლის ოქტომბერში ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება განაახლა, 2023 წლის მარტში კი საქმეზე წინასწარი გამოძიება დაასრულა. გაგლოევის „გაპრეზიდენტების“ შემდეგ დააკავეს ყველა ის მილიციელი, რომლებიც ჯაბიევის საქმესთან არიან დაკავშირებულები. თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ყოფილ დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევზეც, რომელზე თავდასხმის მცდელობასაც ედავებოდნენ ჯაბიევს. თავის დაზღვევის მიზნით, ჯაბიევის საქმის გაჭიანურებაზე გაგლოევმა განაცხადა, რომ „საქმე მზად არის სასამართლოში გადასაცემად, მაგრამ ეჭვმიტანილები აჭიანურებენ, რადგან ვერ ახერხებენ საქმის მასალების გაცნობის დასრულებას“. გაგლოევი ორ ცეცხლს შუაა, ადგილობრივები სამართლის აღსრულებას მოითხოვენ, ჯაბიევის საქმეში ეჭვმიტანილთა დასჯა კი,  მსგავს საზოგადოებაში, სადაც ყველა ერთმანეთის ნათესავი ან ახლობელია, მეორე მხარის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

დონბასის ფრონტი

ბიბილოვს გაგლოევის წინააღმდეგ ფრონტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასშიც აქვს გახსნილი, სადაც ამჟამად იგი ძირითადად ატარებს დროს და საიდანაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პროპაგანდისტულ ვიდეოებს ავრცელებს. ბიბილოვს იმის ჩვენება უნდა, რომ გაგლოევი რუსეთის სამხედრო აგრესიას საკმარისად არ უჭერს მხარს და მოსკოვის პოლიტიკის ღია მხარდაჭერისგან თავს იკავებს. ბიბილოვის საპირწონედ, პერიოდულად გაგლოევიც ჩადის დონბასში ან ჰუმანიტარულ დახმარებებს აგზავნის. თუმცა, ამ მხრივ, ბიბილოვს ფრონტის ხაზზე ყოფნის უპირატესობა აქვს.

ე.წ. ჩორჩანა-წნელისის კრიზისი

2023 წლის 2 თებერვალს გაგლოევმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფ. წნელისის მონაკვეთი მოინახულა და „მესაზღვრეებს“ პროფესიული დღე მიულოცა. ე.წ. ჩორჩანა-წნელისის კრიზისი ბიბილოვის სახელს უკავშირდება. ბიბილოვს ბრალს სდებდნენ, რომ მისი უნიათობის გამო ქართულმა მხარემ სოფ. წნელისის სიახლოვეს საპოლიციო საგუშაგო გახსნა, რითაც ოსურ მოსახლეობას დღემდე საფრთხე ექმნება. გაგლოევის მსგავსი ვიზიტი და ამ საკითხზე პერიოდული განცხადებები ბიბილოვთან პოლიტიკური ბრძოლის ჭრილში უნდა განვიხილოთ, რომლის მიზანიც ბიბილოვის ისეთ პოლიტიკურ ლიდერად წარმოჩენაა, ვისი „პრეზიდენტობის“ დროსაც ცხინვალმა „ოსური მიწები“ დათმო.

კორუფცია

გაგლოევის „გაპრეზიდენტების“ შემდეგ ბიბილოვის დროს განხორციელებული პროექტების შესწავლას საფუძვლიანად მოკიდეს ხელი. ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა რამდენიმე „სახელმწიფო საწარმოს“ ხელმძღვანელის წინააღმდეგ, რომლებსაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ან  თანხების დაუსაბუთებელ ხარჯვას ედავებიან. რუსული ფულის არამართებული ხარჯვა მოსკოვში ბიბილოვისადმი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზიც იყო.

რუსული ფულის მიღებას გაგლოევიც აგრძელებს. რეგიონის „ბიუჯეტი“ პრაქტიკულად სრულად რუსეთის მიერ ფინანსდება, გარდა ამისა, 2023-2025 წლებში საინვესტიციო პროგრამის სახით, ცხინვალი დამატებით 3.5 მლრდ რუბლს მიიღებს. თუ გაგლოევს კრემლის ნდობის მოპოვება სურს, რაც მას შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოადგება, მან კრემლის კურატორებს უნდა აჩვენოს, რომ რუსული ფულის ხარჯვა ბიბილოვზე უკეთ შეუძლია.

„მთავრობის“ ფორმირება

გაგლოევს საკმაოდ გაუხანგრძლივდა ახალი დე ფაქტო მთავრობის ფორმირება, რაც საკადრო რესურსის სიმწირითა და წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ჯგუფებთან აღებული ვალდებულებებითაც შეიძლება აიხსნას. მას ბიბილოვის დროინდელი „მინისტრების“ შესაცვლელად დიდი დრო დასჭირდა, ზოგიერთის დანიშვნა და მოხსნაც კი მოასწრო. ყველაზე დიდი ცვლილება „პრეზიდენტობის“ თითქმის  ერთწლიანი მოღვაწეობის თავზე შემოიტანა, როდესაც 2023 წლის აპრილში ახალი ვიცე-პრემიერი, შს, განათლების, ფინანსთა და მშენებლობის „მინისტრები“ და ცხინვალის „მერი“ დანიშნა.

ამ ცვლილებებს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერალური ხაზინის შემოწმება უსწრებდა, როდესაც ჯამში  87 შენიშვნა მომზადდა. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით შენიშვნები იმ თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემას ეხება, რომლებიც რამდენიმე ადგილას მუშაობენ. რეგიონში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ მაღალი ანაზღაურების მიღების მიზნით ადამიანები რამდენიმე უწყებაში ერთდროულად არიან გაფორმებული, რაც ბიბილოვს პოლიტიკური მხარდამჭერების დასაქმების შესაძლებლობას აძლევდა. კრემლის მოთხოვნაა, რომ ეს პრაქტიკა შეწყდეს.

 

პუტინთან ნანატრი შეხვედრა

გაგლოევმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა, რის გამოც მას მოწინააღმდეგეები აკრიტიკებდნენ.  მოსკოვში მისი ვიზიტები მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორებთან (მაგ., რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი) შეხვედრებით შემოიფარგლებოდა, რაც ეჭვებს აჩენდა, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამდა მას კრემლი. საბოლოოდ შეხვედრა საკმაოდ დაგვიანებით გაიმართა. გაგლოევი ჯერ 2023 წლის 22 თებერვალს უნდა შეხვედროდა პუტინს, თუმცა, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, იგი კორონავირუსით დაავადდა, რის გამოც შეხვედრა მხოლოდ 16 მარტს მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დროს ახალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ  მიუღიათ, პუტინთან დაგვიანებული აუდიენცია გაგლოევისთვის მაინც დიდი შვებაა, რადგან ეს დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში მას გარკვეულ უპირატესობას მიანიჭებს.

 

რა შეიცვალა ქართულ მხარესთან ურთიერთობაში?

გაგლოევის „პრეზიდენტობის“ პირველ წელს, წინა წლებთან შედარებით, ქართულ მხარესთან ურთიერთობაში მცირე პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება, რაც მეტწილად საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღდგენასა და შედარებით გამარტივებაში გამოიხატება.

გადაადგილების აღდგენა და გამარტივება

გაგლოევი ოკუპირებულ ახალგორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს წინასაარჩევნოდ დაჰპირდა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გახსნას, რომელიც ე.წ. ჩორჩანა-წნელისის კრიზისის შემდეგ ჩაკეტილი იყო. ამ მხრივ გაგლოევმა პირობა შეასრულა და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის რაიონების მოსახლეობას ყოველი თვის 20-30 რიცხვებში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა ოძისი-მოსაბრუნისა და პერევი-ქარძმანის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების საშუალებით შეუძლიათ. გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს და თვეში დაახლოებით 2500-3000 ადამიანი კვეთს საოკუპაციო ხაზს.

გარდა ამისა, 2023 წლის აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვარზე გადაადგილებისათვის მისაღები ე.წ. საშვის აღებაც გამარტივდება. ცვლილების შედეგად, განაცხადის შეტანა „საზღვრის“ გადაკვეთისათვის შესაძლებელი იქნება, როგორც ჯავის, ასევე ახალგორის „ადმინისტრაციაში“. ამ გადაწყვეტილებამდე განაცხადის შეტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის საჭირო საშვის ჩაბარება ახალგორისა და ჯავის ადმინისტრაციაში შესაძლებელი იქნება ქსნის ხეობისა და სინაგური-ქარძმანის ზონის მაცხოვრებლებისთვისაც.

საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შედეგად, ახალგორისა და ჯავის მოსახლეობას შეუზღუდავად შეუძლიათ ხელბარგის გადატანა, მათ შორის ისეთი პროდუქციის, რომელზეც რუსეთში სანქციებია დაწესებული. ამ გადაწყვეტილებით ასევე გამარტივდა მოსახლეობისთვის სხვადასხვა სოციალურ თუ სამედიცინო სერვისების მიღება, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნა, გარდა იმისა, რომ გაგლოევის წინასაარჩევნო დაპირება იყო, შესაძლოა მოსკოვის გადაწყვეტილებაც იყოს, რომელმაც მსგავსი ნაბიჯით „დააფასა“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია, რომელიც კრემლის შეფასებით, უარს ამბობს ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. ამავე კონტექსტში შეიძლება ვახსენოთ გაგლოევის მიერ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმაც. ეს ორი საკითხი შესაძლოა მოსკოვის გზავნილი იყოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რომ ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხში კრემლმა „დააფასა“.

მეარაყიშვილის საქმე

2022 წლის დეკემბერში შეწყდა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ცხინვალის ე.წ. საქალაქო პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო დახურა საქმე, რომელიც 2017 წლის 16 აგვისტოს აღიძრა. მეარაყიშვილი დე ფაქტო ხელისუფლების, განსაკუთრებით, ბიბილოვის მწვავე კრიტიკოსი იყო და მისი „სამართლებრივი“ დევნაც მის დაშინებას და გაჩუმებას ისახავდა მიზნად.

ერგნეთის შეხვედრები

გაგლოევის პერიოდში შეუფერხებლად გაგრძელდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ერგნეთში მიმდინარე შეხვედრები. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებზე მხარეები ერთმანეთს პრეტენზიებსაც უყენებენ, ბოლო პერიოდში პოზიტიური დღის წესრიგიც გაჩნდა, კერძოდ, მხარეები საირიგაციო სეზონისთვის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

რა გამოწვევა ელის გაგლოევს?

წელს გაგლოევის მთავარი გამოწვევა 2024 წელს დაგეგმილი არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები იქნება, რომლისთვისაც მზადება პოლიტიკურმა ჯგუფებმა უკვე დაიწყეს. ბოლო თვეებში რამდენიმე ახალი პოლიტიკური პარტიაც დაფუძნდა და ნელ-ნელა პოლიტიკურ ველზე გადაჯგუფებაც იწყება. რევანშისთვის ემზადება ბიბილოვიც, რომელიც, დონბასში სამხედრო წარმატებისა და გაგლოევის შეცდომების იმედად, ოკუპირებულ რეგიონში მთავარ პოლიტიკურ ძალად დაბრუნებას აპირებს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.