რონდელის ბლოგი
საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
საუდის არაბეთმა საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ივლისიდან დღიური 1 მილიონი ბარელით დაეცემა. ეს გადაწყვეტილება მან ნავთობის ბაზრის სტაბილურობისა და ბალანსის საჭიროებით ახსნა. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში „ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია“ (OPEC) და მისი პარტნიორები (ცნობილი, როგორც OPEC+) ნავთობის მოპოვების დღიურად 2 მილიონი ბარელით შემცირების თაობაზე შეთანხმდნენ. მიმდინარე წლის აპრილში კი OPEC+-ის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ წლის ბოლომდე საერთო დღიური წარმოების 1.66 მილიონი ბარელით შემცირების შესახებ განაცხადა, საიდანაც საუდის არაბეთის წილი დაახლოებით ნახევარი მილიონი ბარელია.
2023 წლის 4 ივნისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ შეხვედრაზე OPEC+-ის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების რაოდენობის უცვლელად დატოვების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება და ზემოაღნიშნული უკვე არსებული ორი შეზღუდვა მომავალი წლის ბოლომდე დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ნედლი ნავთობის ყველაზე მსხვილმა ექსპორტიორმა საუდის არაბეთმა ნავთობის მიწოდება ერთპიროვნულად, დამოუკიდებლად შეამცირა და, შესაბამისად, ივლისიდან მისი წარმოება დღიური 10 მილიონი ბარელიდან 9 მილიონ ბარელამდე დაიკლებს. საინტერესოა განვიხილოთ, თუ რა მიზნები შეიძლება იდგეს ამ გადაწყვეტილების მიღმა, რამდენად ექნება ამას გავლენა ნავთობის საბაზრო ფასზე და რა სტრატეგიული მიზნები ამოძრავებს OPEC-ის დე ფაქტო ლიდერ საუდის არაბეთს.
რა შეიძლება იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის მიწოდების შემცირება ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების ზრდას იწვევს, რითაც ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი ქვეყნები იღებენ, მათ შორის – რუსეთის ფედერაცია. ნედლი ნავთობის წარმოების შეზღუდვის წინა ორმა გადაწყვეტილებამ, ცხადია, გავლენა იქონია საბაზრო ფასებზეც. მაგალითად, 2022 წლის ოქტომბერში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 87-დან 93 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლომდე 80 აშშ დოლარამდე შემცირდა. 2023 წლის აპრილის გადაწყვეტილების შემდეგ კი ამავე ტიპის ნავთობის ფასი ბრელზე 83-დან 87 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მაისში ისევ დაიკლო და 80-დოლარიან ნიშნულსაც ჩამოსცდა. სწორედ ამიტომ ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ რადგან წინა ორმა შეზღუდვამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილების მიზანი სწორედ ნავთობის ფასების ზრდაა, რომლის შემდეგაც ნავთობის ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 77 აშშ დოლარს, ხოლო WTI-ის ფასი კი 73 აშშ დოლარს აღწევს.
ახალი ამბავი არ არის, რომ საუდის არაბეთი რუსეთისთვის ხელსაყრელ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს და მისი ბოლო გადაწყვეტილებაც შესაძლოა გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს რუსეთის ფედერაციის შემცირებულ შემოსავლებთან, რადგან უკრაინაში მისი აგრესიული ომის წარმოების მთავარი დაფინანსების წყარო სწორედ ენერგეტიკული რესურსებიდან მიღებული შემოსავლებია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის უკვე გართულებულია ნავთობით ვაჭრობა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სანქციების ათ პაკეტთან ერთად დიდი შვიდეულის სახელმწიფოებმა მას სარეალიზაციო ფასის 60-დოლარიანი ზედა ზღვარი დაუწესეს, იგი მაინც ახერხებს ამ შეზღუდვას თავი ე.წ. „ბნელი ფლოტის“ ტანკერების გამოყენებით დააღწიოს, რომლებიც მანიპულირებენ ადგილმდებარეობის მონაცემებით ან გადასცემენ ნავთობს გემიდან გემზე, მისი ადგილწარმოშობის შენიღბვის მიზნით. თუმცა, ცხადია, ეს ძალისხმევაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც საუდის არაბეთის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ნავთობის მოპოვების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად მისი ფასის ფაქტორს არ იყენებენ, ეს ნაბიჯი შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ნავთობის ფასების მომატების მცდელობა გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და საერთაშორისო მოთხოვნის შესაძლო შემცირების საპასუხოდ. ცნობისთვის, OPEC+ წევრი სახელმწიფოები გლობალური ნედლი ნავთობის დაახლოებით 40%-ს მოიპოვებენ, რაც ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკას უდიდესი გავლენა აქვს გლობალურ ფასებზე. ჯამურად, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ მათ მიერ შემცირებული ნავთობის წარმოების დღიური რაოდენობა 3.66 მილიონ ბარელს აღწევს, რაც გლობალური მოთხოვნის დაახლოებით 3%-ს შეადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, საუდის არაბეთმა უნდა შეწყვიტოს გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავება და დაუბრუნდეს ნავთობის წარმოების გონივრულ ნიშნულს. გასული წლის მეორე ნახევრიდან აშშ-მ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან მილიონობით ბარელი ნავთობის გამოთავისუფლება დაიწყო, რომლის მიზანიც ენერგეტიკული ფასების შემცირება იყო. ამასთან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპის ქვეყნებმა OPEC ალიანსი ნავთობის ფასებით მანიპულირებაში, გლობალური ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს.
საუდის არაბეთმა 2022 წელს ნავთობის რეალიზაციიდან რეკორდული, 161 მილიარდი აშშ დოლარის, წმინდა მოგება მიიღო. ეს მეტწილად საერთაშორისო ბაზარზე ენერგორესურსების ფასის ზრდითა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით იყო განპირობებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საუდის არაბეთს ბარელ ნავთობზე დაახლოებით 81 აშშ დოლარის შემოსავალი სჭირდება, რათა შეასრულოს უკვე დაგეგმილი ხარჯების ვალდებულება. უკანასკნელი წლების განმავლობაში იგი ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტებით გამოირჩევა, მათ შორისაა 500 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ზღაპრული უდაბნოს ქალაქის, სახელად Neom-ის მშენებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მწარმოებლებს სჭირდებათ შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად, მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ ნავთობის მომხმარებელ ქვეყნებზე მაღალი ფასების გავლენა. ნავთობის ზედმეტად მაღალმა ფასებმა შეიძლება გამოიწვიოს ინფლაცია, შეამციროს მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობა და აიძულოს ცენტრალური ბანკები, გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები. თავის მხრივ, რეფინანსირების მაღალ განაკვეთს აქვს ინფლაციის შეკავების რეალური ბერკეტი, თუმცა კომერციული ბანკების მხრიდან გასაცემი ფულის მასის შემცირება ეკონომიკური ზრდის შენელებას იწვევს, რასაც ჯაჭვური ეფექტი აქვს.
საუდის არაბეთის სტრატეგიული ინტერესები
გლობალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, როდესაც სახელმწიფოები ინფლაციის შეკავების მცდელობების პარალელურად ეკონომიკური ზრდის მიღწევას ცდილობენ, ცხადია, რომ ნავთობის OPEC+ ალიანსის არაწევრი მომხმარებელი სახელმწიფოებისთვის ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობას ართულებს, მიუღებელია. თუმცა, ყველაფერთან ერთად, ამ გადაწყვეტილების მიღმა შეგვიძლია უფრო ფართო ინტერესებიც დავინახოთ, რაც საუდის არაბეთის სამეფოს რეგიონული ჰეგემონიის განმტკიცებისკენაა მიმართული.
პირველ რიგში, საუდის არაბეთის გადაწყვეტილება ნედლი ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ აჩვენებს მისი საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის საჭიროებას. ოფიციალურ ერ-რიადს სჭირდება კოლოსალური თანხა საკუთარი ამბიციური ეკონომიკური დღის წესრიგის „ხედვა 2030-ის“ დასაკმაყოფილებლად, რაც ქვეყანაში 3.2 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს. მაგალითად, გასულ წელს ქვეყანამ სატრანსპორტო და სამშენებლო სექტორებში 2-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე გასული 5 წლის საშუალო მაჩვენებელი იყო. ამგვარად, მისი სურვილი, გაიზარდოს ნავთობის გლობალური ფასები საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უდიდესი რისკის წინაშე აყენებს გლობალური ეკონომიკის აღდგენის დინამიკას.
მეორე მხრივ, საუდის არაბეთის გადაწყვეტილება, რომელსაც ვაშინგტონის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა, აძლიერებს მოსაზრებას მისი არათანმიმდევრული დიპლომატიური პოლიტიკის შესახებ. შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის ურთიერთობები, ეკონომიკური და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. ამის დასტურია, თუნდაც, მიმდინარე წლის მარტის გადაწყვეტილება, რომელიც საუდის არაბეთის მხრიდან 121 ერთეული ამერიკული წარმოების ბოინგის საჰაერო ხომალდის შეძენას ითვალისწინებს, რომლის ღირებულებაც, ჯამურად, 37 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან ერთად, ქვეყანა აძლიერებს დიპლომატიურ და ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან, ჩინეთთან და მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. როგორც ჩანს, იგი ამერიკას განიხილავს, როგორც სამხედრო შეიარაღებისა და საჭირო წვრთნების მომწოდებელ ქვეყანას, ჩინეთს - როგორც მისი ენერგორესურსების უმსხვილეს მყიდველ სახელმწიფოს და რუსეთს - როგორც მთავარ მოკავშირეს OPEC+-ში.
ათწლეულების განმავლობაში საუდის არაბეთი პოზიციონირებდა, როგორც ერთგვარი გარანტი, რომელიც უზრუნველყოფდა გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობას, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკის მდგრად განვითარებასაც გულისხმობდა. თუმცა, მის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ მისი პოლიტიკა გადავიდა მხოლოდ საკუთარი ინტერესების პრიორიტეტიზაციაზე. ამასთან ერთად, ნავთობის მოპოვების შემცირება და არსებული რეზერვების გამოთავისუფლება აჩენს მისი დეფიციტის რისკებს, როდესაც მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ექსპერტების ვარაუდით, ნავთობისა და ბენზინის ფასები მიმდინარე და მომავალ წელს შედარებით გაიზრდება, რაც ასევე მთავარი პოლიტიკური საკითხი იქნება აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. საუდის არაბეთს კი ვაშინგტონისგან სასურველი პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდების მიღების სანაცვლოდ ექნება ფასების შემცირების შესაძლებლობა, თუნდაც ბაზარზე ენერგორესურსების მიწოდების გაზრდის გზით.
***
ამგვარად, საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების შემცირების თაობაზე ზრდის როგორც ნავთობის ფასის მომატების რისკებს, ასევე ახალ პრობლემებს უქმნის ისედაც რთული გამოწვევების წინაშე მდგარ მსოფლიო ეკონომიკას, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც გლობალური ინფლაციის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ენერგეტიკულ რესურსებზე გაზრდილი ფასებია. ოფიციალური ერ-რიადი მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით უფრო და უფრო აძლიერებს საკუთარ გეოპოლიტიკურ პოზიციებს და სხვადასხვა ქვეყანაზე გავლენის მნიშვნელოვან ბერკეტებს იგდებს ხელში, რაც მას გრძელვადიან პერიოდში დანარჩენი მსოფლიოსთვის საკმაოდ საფრთხილო და ანგარიშგასაწევ ძალად აყალიბებს.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?