X

რონდელის ბლოგი

რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე

2017 / 02 / 22

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში სავსებით სამართლიანად განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებაში საზეიმო არაფერია. იქვე დასძინა, რომ არსებულ პირობებში ეს იყო საუკეთესო შესაძლებელი გამოსავალი.

საერთაშორისო მოლაპარაკებებში წარმატების მიღწევა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მომლაპარაკებლის ხელოვნებაზეც, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების მოლოდინში ხელსაყრელი, მომგებიანი პოზიციის ჩამოყალიბება. ეს რთული ამოცანაა, მოითხოვს სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მრავალი მიმართულებით კარგად კოორდინირებულ, მათ შორის სინქრონულ ქმედებებს, დარგში არსებული საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზს, პირადი კონტაქტების გამოყენებას და ა.შ. ამ საქმიანობაში ვლინდება დიპლომატიის ხელოვნება. ამიტომ არასრულფასოვნად მომზადებული მოლაპარეკების პოზიცია (negotiating position) განაპირობებს არასახარბიელო შედეგს. ასეთ დროს ვითარების გამოსასწორებლად შეიძლება მთავარი მომლაპარაკებლის ცოდნა, გამოცდილება და ხელოვნება საკმარისი არც აღმოჩნდეს.

თუ ჩვენი დელეგაცია არ იყო კმაყოფილი მოლაპარაკების მოლოდინში ჩამოყალიბებული საკუთარი პოზიციით, შეიძლებოდა გამოეყენებინა დროის გაყვანის რამდენიმე ხერხი. მაგალითად, უარი ეთქვა მოლაპარაკების „დიაგონალურ“ ფორმატზე და მოლაპარაკების მხარედ საქართველოს მხრიდან დაესახელებინა ნავთობისა და გაზის კორპორაცია. საჭიროების შემთხვევაში, ენერგეტიკის სამინისტროს შეეძლო არ დაემტკიცებინა მიღწეული შეთანხმების ტექსტი ან გაეტანა ის მთავრობის სხდომაზე და ა. შ. ხოლო თუ საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მაინცდამაინც ენერგეტიკის მინისტრს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაშინ მოლაპარაკებაში მის პარტნიორად „გაზპრომის“ ხელმძღვანელი უნდა მოგვეთხოვა. ბატონი მილერის გადატვირთული გრაფიკი ამ შემთხვევაში ჩვენს უპირატესობად გარდაიქმნებოდა.

საინტერესოა, ვინ უმზადებდა ენერგეტიკის მინისტრს მოლაპარაკების პოზიციას და რატომ გაიფლანგა ჩვენ ხელთ არსებული უპირატესობა. უპირატესობაზე იმოტომ ვამახველებ ყურადღებას, რომ არსებობდა წლების განმავლობაში მოქმედი ხელშეკრულება, რომლის პირობების შეცვლით დაინტერესებული იყო რუსეთი, სომხეთი და არა - საქართველო. შესაბამისად, ამ ცვლილებებისათვის არგუმენტები რუსეთს უნდა წარმოედგინა. არგუმენტები, რომლებიც საქართველოსათვის უნდა ყოფილიყო, უარეს შემთხვევაში, გასაგები და, უკეთეს შეთხვევაში, მომგებიანი. თუ ასეთი არგუმენტები  რუსეთს არ წარმოუდგენია, იბადება კითხვა:  ვინ მოუმზადა ენერგეტიკის მინისტრს მოლაპარაკების პოზიცია, ვინ ჩააყენა იგი ისეთ მდგომარეობაში, რომლის საუკეთესო შესაძლებელი შედეგი საზეიმო არ არის?

ქვემოთ არის მოყვანილი მოსაზრებები, თუ რა დაუჯდება ქვეყანას ასეთი არაკომპეტენტური დამოკიდებულება.

როგორც ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, შარშანწინ და შარშან საქართველომ სომხეთში დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისათვის ტრანზიტის საფასურად მიიღო 200 მლნ. კუბური მეტრი აირი. „გაზპრომი“ 1000 კუბურ მეტრს $185-ად გვპირდება. იმისათვის, რომ ამ ფასად შევიძინოთ 200 მლნ.კუბური მეტრი აირი, საჭიროა $ 37 მლნ. თუ ამ თანხას მივიღებთ ტრანზიტში, არც წავაგებთ და არც მოვიგებთ. თუ ამ ფასად შევძლებთ შევისყოდოთ დამატებით 200 მლნ. კუბურ მეტრზე მეტი აირი აზერბაიჯანიდან ან ირანიდან, მაშინ ფინანსურად მოვიგებთ, თანაც ამაღლდება ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი. თუ მიღებული თანხა ამისათვის საკმარისი არ აღმოჩნდება, მაშინ წავაგებთ.

თუ ვივარაუდებთ, რომ შარშან საქართველომ სომხეთისათვის  2 მლრდ. კუბური მეტრი აირი გაატარა, ხოლო ტრანზიტის მანძილი შეადგენს 221 კმ.-ს, გამოდის, რომ $ 37 მილიონის მისაღებად 1000 კუბ.მეტრი აირის  100 კილომეტრზე გატარების სატრანზიტო ტარიფი დაახლოებით უნდა შეადგენდეს $8.37-ს.

საოცარ დამთხვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ უკრაინა საკუთარი ტერიტორიის გავლით სამართლიან სატრანზიტო ტარიფად რუსული აირისთვის  $ 7.9 - ს მიიჩნევს. „გაზპრომი“ კი იხდის $2.5-ს და არ ეთანხმება სატრანზიტო ღირებულების ზრდას. ამ საკითხზე  მოსალოდნელია გაიმართოს ხანგრძლივი სამართლებრივი დავა ევროპულ სასამართლოებში უკრაინასა და რუსეთის შესაბამის უწყებებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე საეჭვოა, რომ „გაზპრომს“ დაეშვა საქართველოსთან დადებულ ხელშეკრულებაში თავისთვის საზიანო პრეცედენტი. სავარაუდოდ, უკრაინის მაგალითზე დაყრდნობით, ის შემოგვთავაზებდა სატრანზიტო ფასს $ 2-3 ოდენობით, რაც წლიურად  $ 8.84-13.26 მილიონს ნიშნავს. თან „გაზპრომმა“ გაამაგრა საკუთარი პოზიცია  კარგი ფასის - $ 185-ის შემოთავაზებით, რაც, სხვათა შორის, ნაკლებია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული ქვეყნისათვის შეთავაზებული ფასი.

ალბათ, ჩვენს დელეგაციას იმასაც ეუბნებოდენ, რომ ეს ფასი საუკეთესოა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში რუსეთის მიერ  ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნებისათვის პოლიტიკური მოსაზრებებით შეთავაზებულ უფრო უკეთეს ფასს. იმედია, ამ საკითხებზე ჩატარდა კონსულტაციები უკრაინის დელეგაციასთან დავოსში შეხვედრის დროს. უკრაინელებს აქვთ გამოცდილება, რომელიც ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება. პოზიციების შეჯერება სასარგებლო იქნებოდა ორივე მხარესათვის. უკრაინელ სპეციალისტებს ყოველთვის აინტერესებდათ, თუ როგორ მოახერხა საქართველომ „გაზპრომის“ დათანხმება სატრანზიტო ღირებულების აირით გადახდაზე ...  

„გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებების შედეგად რუსეთთან ერთად გამოვლინდა კიდევ ერთი უპირობო გამარჯვებული - სომხეთი. „გაზპრომთან“ საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულების შედეგად სომხეთში ბუნებრივი აირის ფასი უკვე გაიაფდა. სომხეთი ამას მხოლოდ რუსეთს უმადლის, რომელმაც „ურჩი ქართველები“ მოარჯულა და თავის მოკავშირეს - სომხეთს - ფასის შემცირებაში ხელი შეუწყო. ჩვენს დამსახურებას სომხეთი ვერ ხედავს, უფრო სწორად, ჩვენ არაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ერევნისათვის დაგვენახებინა. შესაბამისად, ორმხრივ ურთიერთობებში სომხეთთან ამ რესურსს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ.

მოსალოდნელია, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შედეგად, რადგან ფასი გაიაფდა, აირის მოხმარებამ სომხეთში მოიმატოს. ჩვენი სატრანზიტო შემოსავალიც ვალუტაში გაიზრდება. მაგრამ ის, რა თქმა უნდა, ვერ გადაფარავს ხელშეკრულების ახალი პირობებით განსაზღვრულ დანაკარგებს. თანაც საეჭვოა, რომ  მომავალ წლებში „გაზპრომმა“ შეგვინარჩუნოს ფასი $ 185 1000 კუბურ მეტრზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ „გაზპრომმა“ შეცვალა საქართველოსთვის  შეღავათიანი ფასი, ეს შეიძლება გახდეს ჩვენი მხრიდან ხელშეკრულების გადახედვის სერიოზული საბაბი.

თუ რუსეთის მთავარი არგუმენტი იყო ხელშეკრულების მონეტარიზაცია, ჩვენი პოზიცია უნდა ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაირად: საქართველომ უნდა მიიღოს იმ ოდენობის სატრანზიტო შემოსავალი, რომ მოახერხოს ამ თანხით „გაზპრომისაგან“ სომხეთში მიწოდებული აირის 10%-ის მოცულობის შეძენა. უნდა ჩამოგვეყალიბებინა კორელაცია აირის ფასსა და ტრანზიტის ღირებულებას შორის; ამ კორელაციაში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სომხეთში მიწოდებული აირის ოდენობის დინამიკა.

აქ სიმარტივისათვის არ ვიღებთ მხედველობაში აირის ტრანზიტის თვითღირებულების ხარჯებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენს დელეგაციას უნდა ესარგებლა იმ გარემოებით, რომ ჩრდილოეთ -სამხრეთის გაზსადენი გადის მაღალმთიან რეგიონში. შესაბამისად, მისი მომსახურება, მაგალითად, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალ მილსადენთან შედარებით, უფრო რთულია და ძვირი.

დამატებით არგუმენტად უნდა მოგვეყვანა მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ შეიძლება ძლიერი ოპოზიციის არსებობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ამ თვალსაზრისით, ერთი - ორი კარგად ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაამყარებდა ჩვენი დელეგაციის პოზიციას მოლაპარაკებებზე.

ამრიგად, ზემოთქმულიდან გამომდინარე გთავაზობთ რამდენიმე დასკვნას:

  1. აირის სტაბილური ფასის პირობებში ტრანზიტის ღირებულება სტაბილურია; აირის ფასის ზრდის პროპორციულად უნდა იზრდებოდეს ტრანზიტის ღირებულებაც.
  2. თუ „გაზპრომთან“ ორწლიანი ხელშეკრულების დადება გარდაუვალია, მისი მოქმედების ამოწურვის მოლოდინში აუცილებლად უნდა მოხდეს მოლაპარაკების ახალი რაუნდის ინიცირება და ხელშეკრულების პირობების გადახედვა.
  3. თუ კონტრაქტი იდება ორი წლით და მეორე წელს პირობები საქართველოსათვის მნიშვნელოვნად გაუარესდება, ეს შეიძლება გახდეს კონტრაქტის გადახედვის საბაბი. მით უმეტეს, რომ პრეცედენტი არსებობს.
  4. ყვალაფერთან ერთად, მთავრობის დაინტერესება ამ კონტრაქტის დადებით შეიძლება განპირობებული ყოფილიყო ლარის გაუფასურების ფონზე სავალუტო შემოსავლების გაზრდის სურვილით.
  5. უკეთესია კუთვნილი თანხა ჩაირიცხოს პირდაპირ მთავრობის ანგარიშზე, ყოველგვარი საშუამოვლო იურიდიული პირების გვერდის ავლით; ეს გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.