X

რონდელის ბლოგი

სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან

2017 / 03 / 14

ნატო ათწლეულების განმავლობაში პარტნიორ ქვეყნებთან ინტენსიური ურთიერთობების პროცესში პარტნიორი ქვედანაყოფებისგან ყოველთვის მოითხოვდა ალიანსის ძალებთან სამხედრო თავსებადობის მიღწევას. ხშირად სამხედრო მექანიზმის გამართული მოქმედება გაცილებით დიდ როლს ასრულებდა და ისეთი პოლიტიკური წინაპირობების მნიშვნელობასაც კი აღემატებოდა, როგორიცაა შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლი და გაზრდილი გამჭვირვალობა. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით მე-5 მუხლს (კოლექტიური თავდაცვა) უნდა მოესპო ყველანაირი ეჭვი, ახალი წევრების (ანუ ყოფილი პარტნიორების) თავდაცვისუნარიანობისა და მათი კოლექტიური დაცვის შესაძლებლობის საკითხი ყოველთვის ინარჩუნებდა სიმწვავეს და ხშირად ხდებოდა პოლიტიკური თუ აკადემიური დისკუსიების განხილვის საგანი.    

ალიანსის გაფართოების ყოველი ტალღა იწვევდა მწვავე დისკუსიას იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამებოდა ახლად შეძენილი წევრების სამხედრო წონა გაფართოების პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც მე-5 მუხლის მოქმედების არეალს საგრძნობლად ზრდიდა. მართლაც, 50-იანი წლების ბოლოს გაჩენილი ბერლინის კრიზისის მსგავსად, როცა ალიანსის წევრებმა „ჩუმად“ აღიარეს ქალაქის დასავლური ზონების დაცვის არარეალურობა, ისეთი ახალი წევრების მიღების მზადყოფნა, როგორიც იყო სლოვაკეთი ან/და, განსაკუთრებით, პერიფერიაზე მდებარე ბალტიის ქვეყნები, ავტომატურად იწვევდა სერიოზულ ეჭვს, თუ რამდენად გულწრფელი და ერთსულოვანი იყო ალიანსი ახლად შეძენილი წევრების დაცვის საკითხში.  არსებულმა ბზარმა ალიანსის ერთსულოვნებაში ლოგიკურად დააყენა ეჭვქვეშ საერთოდ მე-5 პუნქტის გამოყენების შესაძლებლობაც.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ერთგვარი ინტელექტუალური პინგპონგი გაგრძელდა და განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ნათელი მოეფინა რუსეთის ენერგიულ ქმედებებს საკუთარი შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა სახეობისა და გვარეობის მოდერნიზაციის განსახორციელებლად, განსაკუთრებით, საქართველოსთან 2008 წლის ომის დროს დატოვებული სავალალო შთაბეჭდილების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მუდმივი ესკალაციისა 2008 წლიდან 2014 წლამდე, როცა რუსეთმა შეგნებულად გაზარდა ნატოს საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნების მასშტაბი და ინტენსივობა, დასავლეთს მანამ არ შეუცვლია საკუთარი „მძინარე“ ინტელექტუალური პარადიგმა, სანამ საკუთრივ კრემლმა არ მოინდომა დასავლეთის გამოწვევა ყირიმის პირდაპირი ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებით.   

უკრაინის კონფლიქტმა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ტრადიციულ კამათს იმის შესახებ, სურდა თუ არა ნატოს ახალი წევრების დაცვა თავის აღმოსავლეთ პერიფერიაზე. უელსისა და ვარშავის სამიტების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ამ ერთსულოვნების დადასტურება იყო. და მართლაც, მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა, რათა გაქარწყლებულიყო ყველანაირი პოლიტიკური და სამხედრო ეჭვი აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების დასაცავად. საინტერესოა, რომ ისტორიულად ნატოს თანამშრომლობის პირველი ჩარჩო-პროგრამა PFP (Pertnership for Peace) სწორედ მომავალი წევრი-ქვეყნების ინტენსიურ მომზადებას ემსახურებოდა სამომავლოდ ერთობლივი ოპერაციების ჩასატარებლად და ამ სახით უნდა გაეზარდა როგორც ალიანსის სამხედრო პოტენციალი, ასევე საბრძოლო შესაძლებლობების „კალათა“. თუმცა წლების განმავლობაში რუსული რევიზიონისტური მისწრაფებების ჯიუტმა უგულებელყოფამ და კრემლთან სტრატეგიული თანამშრომლობის სურვილმა, თანდათანობით დააკნინა PFP-ის სამხედრო მნიშვნელობა და შეკავების ერთადერთ ფაქტორად მხოლოდ მე-5 პუნქტი დატოვა. ალიანსის მთელი ძალისხმევის მიპყრობა "out of area" ოპერაციებზე მოითხოვდა წევრი და კანდიდატი სახელმწიფოებისგან სამხედრო ქვედანაყოფების მომზადებას კონტრინსურგენტული სახის საბრძოლო ოპერაციებისთვის ავღანეთში და რუსეთის მხრიდან კონვენციური საფრთხის არსებობას უგულებელყოფდა. ამის შედეგად, ნატოს მოგვიანებით იმის აღიარება მოუწია, რომ მას უბრალოდ აკლდა რესურსი კოლექტიური თავდაცვის ფუნქციის უზრუნველსაყოფად. ანალიტიკურ ცენტრ RAND-ის მიერ ჩატარებულმა მრავალმა სიმულაციამ და საბრძოლო „გეიმინგმა“ პირდაპირ აჩვენა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში საბრძოლო ქვედანაყოფების რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაზრდის სასწრაფო აუცილებლობა პოტენციური რუსული შეტევის მოსაგერიებლად. ამის საფუძველზე ალიანსმა შეიმუშავა აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად გარკვეული რაოდენობის და შესაძლებლობების მქონე ქვედანაყოფების გადასროლის ვარიანტი. მიუხედავად ამისა, რუსულ ძალებს მაინც აქვთ ოპერატიული უპირატესობა - ისინი რეგიონში განლაგებული ნატოს ძალების განადგურებას მანამდე შეძლებენ, სანამ ალიანსის ძირითადი საბრძოლო მასა მოახერხებს ჩამოსვლას და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას. სწორედ ამიტომ ჩნდება გარკვეულწილად მიამიტური, მაგრამ ამავდროულად ლოგიკური კითხვა: რა დრო სჭირდება ნატოს, რომ დაეხმაროს და გადაარჩინოს რუსეთის თავდასხმის მსხვერპლი ქვეყანა? ეს კითხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებისთვის, არამედ, და განსაკუთრებით, მათთვისაც, ვინც, მიუხედავად რუსეთის მკვახე ოპოზიციისა, ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის.  

ნატოს აღმოსავლეთის ფლანგისგან განსხვავებით, სადაც გარკვეული რაოდენობის საბრძოლო დაჯგუფებები განლაგდება, საქართველოს ამგვარი მხარდაჭერის ფუფუნება, სამწუხაროდ, არ აქვს. შესაბამისად, გაცილებით მეტი სიმწვავით ჩნდება კითხვა, თუ როგორ და რითი აპირებს საქართველო მოსალოდნელი რუსული შემოტევის პირობებში იმდენი დროის მოგებას, რომ საშუალება მისცეს ალიანსს და საერთაშორისო საზოგადოებას ჩაერთონ კონფლიქტში და შეაჩერონ რუსეთი. ეს კითხვა პირდაპირ მიუთითებს იმ აუცილებლობაზე, რომ საქართველომ და რუსეთის მოსაზღვრე სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა გაცილებით მეტი რესურსი უნდა ჩადონ საკუთარ სამხედრო სფეროში და საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, რათა შეძლონ გაზრდილი სამხედრო პოტენციალის საფუძველზე მეტი დრო მოიგონ ნატოს ჩარევისთვის პირობების უზრუნველსაყოფად. რუსეთი კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ფაქტების შექმნისა და დასავლეთისთვის შეცვლილი სურათის თავის სასარგებლოდ სწრაფად წარდგენის დიდოსტატია. საქართველოს შემთხვევაში ეს გულისხმობს ქართული შეიარაღებული ძალების სწრაფ განადგურებას და ამის წარდგენას დასავლეთისთვის, როგორც fait accompli, რაც, რასაკვირველია, საგრძნობლად შეზღუდავდა დასავლეთის რეაგირების მასშტაბსა და ალტერნატივებს. პრაქტიკული თვალსაზრისით კი, თუ ნატო დარწმუნებულია, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა დახმარების აღმოსაჩენად, საქართველოს შემთხვევაში ეს იქნება დაგვიანებული ნაბიჯი, ამ დახმარების შანსი თავიდანვე ნულის ტოლია.  შესაბამისად, საქართველოს მხრიდან იქნებოდა მეტად სწორი გადაწყვეტილება, თუ ის შეეცდებოდა ყველა ხერხით საპირისპიროს დამტკიცებას და დაარწმუნებდა ნატოს თავის საბრძოლო შესაძლებლობებში, პირველ რიგში, საჭირო დროის, ანუ ერთგვარი „შესაძლებლობის ფანჯრის“ უზრუნველყოფის თვალსაზრისით. „შესაძლებლობის ფანჯარა“ კი მხოლოდ მაშინ „გაიხსნება“, თუ საქართველოს მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები დაამტკიცებენ მდგრადობის მაღალ დონეს  და მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობას იმდენ ხანს გაუწევენ, რამდენიც საკმარისი იქნებოდა ნატოსა და მეგობარი ქვეყნებისათვის გადაწყვეტილების მისაღებად პოლიტიკური და სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად.    

ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტი არის არა პანაცეა, არამედ საკმაოდ პრაქტიკული მექანიზმი, რომლის ამოქმედებას თავისი წინაპირობები სჭირდება. ამ წინაპირობებიდან ერთ-ერთი უმთავრესია დარწმუნება, რომ ალიანსის გადაწყვეტილება დახმარების აღმოჩენის შესახებ არ იქნება დაგვიანებული და წინასწარვე განწირული. სწორედ ამიტომ ბალტიის ქვეყნები ისევე, როგორც ფინეთი და შვედეთი, აქტიურად ავითარებენ საკუთარ საბრძოლო შესაძლებლობებს. სამწუხაროდ, მათგან განსხვავებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები უფრო შეკვეცილი დაფინანსების ოპტიმალურ გამოყენებაზეა გადასული, ვიდრე სტრატეგიულ განვითარებაზე. აშკარაა, რომ საქართველოს არა აქვს დასაკარგი დრო და მან გაცილებით მეტი რესურსი უნდა ჩადოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება-განვითარებისათვის. არავის აქვს ილუზია, რომ საქართველო უსასრულოდ შეძლებს რუსული ძალების ბრძოლებში შეკავებას, მაგრამ მან უნდა შეძლოს საკმარისი წინააღმდეგობის გაწევა და სწორედ რუსული აგრესიის იმ პერიოდით შეჩერება, რაც საჭირო იქნება საერთაშორისო დახმარების მისაღებად. პრინციპი საკმაოდ მარტივია და ორმხრივი - რაც უფრო დარწმუნებულია ნატო საქართველოს შესაძლებლობებში მარტო დაიცვას საკუთარი თავი, მით უფრო ექნება მას ჩარევისა და დახმარების აღმოჩენის სურვილიცა და შესაძლებლობაც.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.