X

რონდელის ბლოგი

ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?

2017 / 09 / 18

ავტორი: გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

 

2017 წლის ზაფხული ალბათ ხანძრებით დაგვამახსოვრდება. ვერ გავამტყუნებ მათ, ვინც მიზეზებს, ცხელი და მშრალი აგვისტოს გარდა, მავანის ავ განზრახვაში ეძებს. ამდენ ადგილას ერთდროულად ცეცხლის სტიქია არასდროს დაგვტყდომია. 9 აგვისტოს, ვერა-მთაწმინდის ხანძრის შემდეგ, ფეისბუკის ჩემს გვერდზე დავწერე: „რა დასკვნა გამოიტანა საქართველოს მტერმა გუშინდელი ხანძრიდან: ის, რომ ერთი ასანთით შეიძლება ისეთი ზიანის მოყენება, რასაც ჩვეულებრივ საჰაერო დაბომბვა ან დიდი სახმელეთო ქვედანაყოფის იერიში ჭირდება“. ერთი კვირის შემდეგ ხანძრები დაუჯერებელი რეგულარულობით შთანთქავდნენ ჩვენს ტყეებს ბორჯომის ხეობაში, აბასთუმანში, აჭარაში, კახეთში, თუშეთში და კიდევ ვინ მოთვლის სად?! ვერ ვამტკიცებ, რომ ისინი ჩვენმა მტერმა გააჩინა - ამას, იმედია, გამოძიება დაადგენს, მაგრამ, ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ, სულ მცირე, ეს შესაძლებელია.

პირველივე შემთხვევებმა გამოავლინა, რომ ქვეყანა ამგვარი გამოწვევებისთვის მზად არ არის - აშკარად გამოიკვეთა, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ გააჩნია საკმარისი საკუთარი ტექნიკური საშუალებები. ხანძრების უმეტესობა ძნელად მისადგომ მთიან ადგილებში ჩნდებოდა და მათი ჩაქრობა ავიაციის გარეშე შეუძლებელი აღმოჩნდა.

ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებში პარტნიორების, პირველ რიგში, უახლოესი მეზობლების დახმარებას ითხოვენ. აზერბაიჯანმა და თურქეთმა თავიანთი ავიაციით ასეთი დახმარება მაშინვე გაგვიწიეს და ამაში არაფერია გასაკვირი - დიდი მადლობა მათ. სომხეთმაც კი გამოგზავნა მეხანძრეები და შეიძლება ისეთი გავლენა ვერ მოახდინა ცეცხლის ჩაქრობაზე, მაგრამ კეთილმეზობლობა კი დაგვიდასტურა.

უცნაური რამ მაშინ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობამ ბორჯომის ხეობაში მძვინვარე ხანძრის ჩაქრობაში ავიაციით დახმარება შემოგვთავაზა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა და ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინვე აგვიხსნეს, რომ თხოვნით რუსეთისთვის მათ არ მიუმართავთ - ჩვენი გაჭირვების ამბავი რომ შეიტყვეს, თავად შემოგვთავაზეს და ჩვენ უარი ვუთხარითო. მერე პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა დააზუსტა, რომ რუსეთის მიერ ამგვარ შეთავაზებას ძალიან პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს; ხოლო სულ ბოლოს თავად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს რუსეთისთვის დახმარება ყოველგვარი შუამავლების (გაეროს) გარეშე თავად უთხოვია. ეს თხოვნა რუსულ მხარეს ჯერ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ შეუთვალა (ბატონ კარასინს), ხოლო ბოლოს სრულიად ოფიციალური არხითაც - მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ვერბალური ნოტით გაიგზავნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე.

 

 

როდესაც ეს ამბავი გამჟღავნდა,პრაქტიკულად მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ექსპერტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მკვეთრად გააკრიტიკეს მთავრობა ამგვარი საქციელისთვის.

აქ მოკრძალებით შევეცდები ძალიან მოკლედ გამოვხატო ჩემი მოსაზრება, თუ რატომ არ შეიძლება რუსეთის დახმარების მიღება და, მით უმეტეს, ჩვენგან ამის თხოვნა, მიუხედავად იმისა, ამ ხანძრებს რუსეთი აჩაღებს თუ ბუნება გადაირია და ცეცხლი თავად ჩნდება.

ხელისუფლების მთავარი არგუმენტი, რომლითაც რუსული МИД-ის მიერ მათი თხოვნის გამჟღავნების შემდეგ შეგვთავაზა, იყო ის, რომ თითქოს დახმარების მოთხოვნაც და რუსეთის მიერ მისი შეთავაზებაც მხარეების მიერ კეთილი ნების გამოხატულება იყო და ორმხრივი ურთიერთობებების გამოსწორებას შეუწყობდა ხელს.

ეს მართლაც იქნებოდა სასიკეთო ნიშანი, ბოლო წლებში, მათ შორის ამ ხელისუფლების მმართველობის ხუთი წლის განმავლობაში რუსეთს თუნდაც იოტისოდენა ინტერესი რომ ეჩვენებინა ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ.  მცოცავი ოკუპაციის, ჩვენი მოქალაქეების რეგულარული გატაცებების, აფხაზური და სამხრეთოსური „არმიების“ რუსულ შეიარაღებულ ძალებში შეერთებისა და ბევრი სხვა ამბის შესახებ ჩვენმა ხელისუფლებამ თავადაც კარგად იცის.

მაშ, რატომ შეიძლება სდომოდა რუსეთს ვითომდა მეგობრული ჟესტის გაკეთება და ილ-76-ის გამოგზავნა ჩვენი ხანძრების ჩასაქრობად (ჩვენს ხელისუფლებას ისიც ემახსოვრება, რომ 2008 წელს დაბასთან ტყის დიდი მასივი სწორედ რუსულმა ავიაციამ გადაწვა - ყოველგვარი შენიღბვის გარეშე)? მოტივი, ჩემი აზრით, საკმაოდ მარტივია - საქართველო რუსული დახმარების ამ ფორმით მიღებით საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში (სულ მცირე, რუსეთისთვის) რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპაცაიის ლეგიტიმაციისკენ დგამს ნაბიჯს. მოსწონს თუ არა ეს ჩვენს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, დახმარების თხოვნის გაგზავნით მან ამგვარი მზადყოფნის სიგნალი უკვე გაუგზავნა რუსეთს, რომელმაც ეს ამბავი მას საქვეყნოდ გაუვრცელა. 

გავიმეორებ, რომ სამხილების არქონის გამო პირდაპირ ვერ დავადანაშაულებ რუსეთს საქართველოში ხანძრების მიზანმიმართულ გაჩენაში, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ მათი მეშვეობით კრემლმა უკვე მიიღო მისთვის სასურველი თხოვნა  ქართული ხელისუფლების მხრიდან (რომ არაფერი ვთქვათ საქართველოსთვის მოყენებულ ზარალზე და გამოვლენილ სისუსტეებზე). ამჯერად ქართული საზოგადოების მკვეთრად უარყოფითმა რეაქციამ რუსული თვითმფრინავების ჩვენს საჰაერო სივრცეში ლეგალურად შემოსვლა შეუძლებელი გახადა. ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობამ აგვისტოს ცხელ დღეებში ჩათვალა, რომ რუსეთისგან დახმარების მიღება ჩვენი ღირსების შემლახავი იქნებოდა. პირადად მე მიმაჩნია, რომ, ღირსების გარდა, ამგვარი ნაბიჯი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებას შეუქმნიდა პირდაპირ და გრძელვადიან საფრთხეს. უკვე ვახსენე რუსეთის სურვილი შეგვაგუოს „ახალ რეალობებს“, ანუ ოკუპაციას, თუმცა მას შეაძლოა სხვა მიზნებიც ჰქონოდა. მაგალიტად წარმოვიდგინოთ, რომ ილ-76 ტიპის ცეცხლის მქრობელი თვითმფრინავის სახით რუსული დახმარების მიღების შემდეგ ავად რუსეთის ხელისუფლება უგზავნის ხოვნას ჩვენს მთავრობას სხვა, უკვე სამხედრო ილ-76-ის საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაფრენის ნებართვის თაობაზე (მაგალითად სომხეთის ან სირიის მიმართულებით).

ვისაც კიდევ აქვს ილუზია, რომ ჩვენი სახელმწოფო ინტერესების და სუვერენიტეტის დათმობის გარეშე დღევანდელ რუსულ რეჟიმთან მოლაპარაკება შესაძლებელია, აშკარად ცუდად იცნობს რუსეთს და მისი ხელისუფლების არცთუ დაფარულ გეგმებს. ვისაც წინა ათწლეულები არ ახსოვს, ან ამ პერიოდში რუსეთის მტრული დამოკიდებულება იმდროინდელი ქართული ხელისუფლების შეცდომების ბრალი ჰგონია, უკანასკნელი ხუთი წლის მოვლენებს გადახედოს.

რუსეთს დიდი ხანია სურს საქართველოში საკუთარი აგრესიის და ოკუპაციის საერთაშორისო ლეგიტიმაცია. აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების კამპანია მან პირწმინადად წააგო. სხვადასხვა დაპირებითა და ქრთამების მეშვეობით რუსეთმა მხოლოდ ხუთი სახელმწიფო დაარწმუნა „დამოუკიდებლად“ ეღიარებინა მის მიერ ოკუპირებული ორი ქართული რეგიონი. ამ ხუთიდან ორმა, ქართული დიპლომატიის მეცადინეობით და ჩვენი მოკავშირეების დახმარებით, აღიარება  უკანვე წაიღო. დღეს კი იმის მომსწრე ვხდებით, თუ როგორ ცდილობს კრემლი ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავის სახით ერთგვარი ტროას ცხენი შემოგვაპაროს, რომლის მიღება, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ჩვენ მიერ რუსულ ოკუპაციასთან შეგუების და საერთაშორისო მასშტაბით მისი ლეგიტიმაციის მანიშნებელი გახდებოდა.   

P.S. 1980-იანი წლების ცნობილ ბრიტანულ კომედიურ სერიალში Yes Prime Minister იყო ერთი ეპიზოდი, სადაც უსაფრთხოების მრჩეველი უხსნის პრემიერ-მინისტრს, თუ რას ნიშნავს რუსული (საბჭოთა) „სალამის ტაქტიკა“: მისი თქმით, რუსეთი არასდროს დგამს ისეთ ნაბიჯს, რომ დასავლეთს რეაგირების საშუალება მისცეს. ამის ნაცვლად ის თავის აგრესიულ მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად აღწევს. მაგალითისთვის ის სთავაზობს პრემიერს ასეთ სცენარს - დასავლეთ ბერლინში ჩნდება დიდი ხანძარი. მის ჩასაქრობად აღმოსავლეთ ბერლინიდან კომუნისტური რეჟიმი აგზავნის სახანძრო ბრიგადებს, მერე წესრიგის დასაცავად - პოლიციის ქვედანაყოფებს, აღმოსავლეთგერმანელებს საბჭოთა ჯარები მოჰყვებიან, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, და ასე შემდეგ. არ ვიცი, ეს რამ გამახსენა... https://www.youtube.com/watch?v=JKbDKsNsjac

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.