X

რონდელის ბლოგი

დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის

2018 / 03 / 15

ავტორი: შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

 

თუ სწორად მახსოვს, ჟენევის მოლაპარაკებების 25 რაუნდში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ამაზე უფრო რუტინული და მოსაწყენი იშვიათად თუ რამე შემხვედრია. პირველ ორ-სამ შეხვედრაზე გადაწყდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისა და ცხელი ხაზის შექმნა და მას შემდეგ ახალი და მნიშვნელოვანი იქ არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, რომ არ გამოიყენებს ძალას ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ამის შემდეგ საქართველო უშედეგოდ ითხოვს, რომ ამგვარი ვალდებულება  რუსეთმაც აიღოს. რუსეთი, თავის მხრივ, ითხოვს, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ურთიერთთავდაუსხმელობის შესახებ, რაც, ცხადია, საქართველოსთვის მიუღებელია. დროდადრო თანათავმჯდომარეები უშედეგოდ ცდილობენ რაღაც კომპრომისული ვარიანტი მონახონ. მეორე სამუშაო ჯგუფში, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, ძირითადი კითხვა, როგორც წესი, არის, თუ როდის დატოვებენ აფხაზები და ოსები დემონსტრატიულად შეხვედრას და შემდეგ - როდის დაბრუნდებიან.

და მაინც, ჟენევა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. პირველი იმიტომ, რომ ყველა რაუნდი იწყება იმით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოახსენებს საერთაშორისო საზოგადოებას (გაეროს, ევროკავშირს, ეუთოს, აშშ-ს და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს), რომ რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია 12 აგვისტოს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის, არ გაუყვანია ჯარი ომამდე არსებულ პოზიციებზე. სხვა საერთაშორისო ფორმატი, სადაც რუსეთს ხელშეკრულების შესრულებისაკენ მოუწოდებენ, არ არსებობს.

მეორე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდება ადგილზე შექმნილ სამხედრო ვითარებას და კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის გაჩენის შემთხვევაში, ატყობინებს მთავარ საერთაშორისო მოთამაშეებს სწორედ ჟენევის ფორმატში. ამდენად, მშვიდობის შენარჩუნებაში იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

მესამე, მართალია, „კონსტრუქციული ორაზროვნება“ ჟენევის ფორმატის საფუძველთა საფუძველია, მაგრამ იგი აშკარად უკეთესია საქართველოსთვის, ვიდრე ნებისმიერი აქამდე არსებული. ომამდე არსებულ ჭუბურხინჯის ფორმატში რუსი გენერალი, რომელიც ფაქტობრივად საოკუპაციო ძალების სარდალი იყო, გაეროს მანდატით გამართულ მოლაპარაკებებს თავმჯდომარეობდა, როგორც ნეიტრალური შუამავალი. თან მოთამაშე იყო, თან - მსაჯი. ჟენევის ფორმატში კი საკმარისად მკაფიოდ ჩანს, ვინ არის კონფლიქტის მხარე, და ვინ - შუამავალი.

და მეოთხე, ჟენევის ფორმატის გარეშე 12 აგვისტოს შეთანხმება, ფაქტობრივად, მკვდარ დოკუმენტად გადაიქცევა. აღარ იარსებებს მექანიზმი, რომელიც ამ შეთანხმების განხორციელებას დააკვირდება. საქართველოს კი აწყობს, რომ ეს შეთანხმება რაც შეიძლება დიდხანს იყოს აქტუალური.

რაც შეეხება პროგრესს,  იმიტომ არ გვაქვს, რომ მხარეების პოზიციებია რადიკალურად განსხვავებული და არა იმიტომ, რომ ფორმატია ცუდი. საქართველოს და რუსეთის სხვა თანამდებობის პირები რომ შეხვდნენ ან სხვა ქალაქში, ან სხვა კამპანიაში, რომელიმე მხარის პოზიცია ამის გამო შეიცვლება?

საქართველოს პოზიციაა, რომ რუსეთმა მოახდინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო აღიარება, ოკუპაცია, და ფაქტობრივი ანექსია და მან ეს ნაბიჯები უკან უნდა წაიღოს. რუსეთის პოზიციაა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. სადავო საკითხები საქართველომ სოხუმთან და ცხინვალთან უნდა მოაგვაროს პირდაპირი დიალოგის გზით და ეს არ არის რუსულ-ქართული ურთიერთობების თემა. რუსეთს ოკუპირებული კი არ აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, არამედ „ძმურ დახმარებას უწევს ახალ დამოუკიდებელ რესპუბლიკებს“ რათა ისინი კიდევ ერთხელ არ გახდნენ საქართველოს მხრიდან აგრესიის ობიექტი.

 

 

პუტინის რუსეთი რომ ამ პოზიციას არ გადახედავს, ცხადზე უცხადესია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც დასავლეთთან მისი დაპირისპირება ლამის ყოველდღიურად მწვავდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყინულის გალღობა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც რუსეთი  დამარცხდება  მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირებაში. მერე უკვე შეიძლება, რომ მშვიდობის შენარჩუნების ფორმატიდან ჟენევა კონფლიქტის მოგვარების ფორმატად გადაიქცეს.

ოღონდ ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის ფორმატი გადარჩეს, საქართველოს მთავრობის მოულოდნელი წინადადებები კი ამას ეჭვქვეშ აყენებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგი მზადაა პირადად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებებში.

დღეის მდგომარეობით მხარეები დაახლოებით თანაბარ დონეზე არიან წარმოდგენილი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები საქართველოდან და რუსეთიდან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ან თანაშემწის მოადგილე აშშ-დან, ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრები“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლებიდან და ლეგიტიმური მთავრობების ხელმძღვანელები. რა კონფიგურაციას მივიღებთ დონის ამაღლების შემთხვევაში? კვირიკაშვილი, პუტინი ან მედვედევი, დონალდ ტრამპი, ხაჯიმბა და ბიბილოვი (ცხადია, რომ რუსეთი შანსს ხელიდან არ გაუშვებს, დიპლომატიური გამარჯვება იზეიმოს და ამ ორ ჩინოვნიკს წითელ ხალიჩას გაუშლის ჟენევაში), სანაკოევი და ყოლბაია? და ეს წელიწადში ოთხჯერ?

ვთქვათ, დასავლელი პარტნიორებისაგან დონის აწევა არ მოვითხოვეთ, მაშინ გამოგვდის ფაქტობრივად ოთხი „სახელმწიფოს მეთაურის“ შეხვედრა: კვირიკაშვილი, პუტინი ან მედვედევი, ხაჯიმბა და ბიბილოვი და დასავლეთის შედარებით დაბალი რანგის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში, ჟენევაში სიარული რა საჭიროა, სოჭი არ ჯობია?

კონფლიქტების გადაწყვეტაში რეალური პროგრესი რომ იყოს, ყველაფერი სწორად რომ მიდიოდეს და მოლაპარაკებების დაგვირგვინებას სჭირდებოდეა „ოთხმხრივი შეხვედრა“, მაშინ კი, ბატონო, ამაზე დათანხმებაც შეიძლება, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ახლო მომავალში პროგრესზე ოცნებაც კი არ შეიძლება.

ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის ფორმატი დარჩეს არსებული სახით, არ გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც მას შეარყევს, იმიტომ, რომ თუ სტატუს-კვო რაიმე ფორმით შეიცვალა, რუსეთი ახალ ფორმატზე შეთანხმებას დიდ ფასს დაადებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ არსებული ფორმით იყოს შენარჩუნებული რუსეთის სტატუსიც - კონფლიქტის მონაწილე მხარის, ოკუპანტის და არავითარ შემთხვევაში შუამავლის თბილისსა და ცხინვალ-სოხუმს შორის პირპდაპირ მოლაპარაკებებში.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.