X

რონდელის ბლოგი

ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)

2018 / 03 / 26

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ბლოგის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

 

სხვადასხვა წყაროს თანახმად, საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა Bitcoin-ის წარმოების მხრივ და,  შესაბამისად, მსოფლიო წარმოების ფრიად მნიშვნელოვან ნაწილს - 15 %-ს ფარავს (იხ.: http://cbw.ge/business/georgia-among-three-countries-largest-number-bitcoin-miners/, http://forbes.ge/news/3175/Three-Countries-With-the-Largest-Number-of-Bitcoin-Miners). ამასთან, წყაროები ასახელებენ მხოლოდ კომპანია “Bitfury”-ს, რომელიც ყველაზე ძლიერი მოთამაშეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, როგორც ირკვევა, ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოშიც, თუმცა საქართველოში Bitcoin-ს სხვა  არაერთი კომპანია მოიპოვებს. 

უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ არსებული ინფორმაცია ერთობ წინააღმდეგობრივია, მაგრამ სამი გარემოება ეჭვს არ იწვევს: ა) Bitcoin-ის წარმოებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ყოველწლიურად სწრაფად იზრდება; ბ) ასეთი ჭარბი მოხმარება უკვე გახდა სერიოზული მსჯელობის საგანი რიგ ქვეყნებში, მაგალითად, ჩინეთსა და ისლანდიაში; გ) საქართველო ნამდვილად არის Bitcoin-ს წარმოების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში.

საინფორმაციო რესურსმა Forbes.ge-მ საერთოდ პირველ ადგილზე გაიყვანა საქართველო. საიტზე აღნიშნულია, რომ საქართველო, ჩინეთი და აშშ ერთად აწარმოებენ Bitcoin-ის 80%-ს (იხ.:http://forbes.ge/news/3175/Three-Countries-With-the-Largest-Number-of-Bitcoin-Miners).

ცხადია, წარმოებული რაოდენობიდან გამომდინარე Bitcoin-ების დიდი ნაწილი  ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმების მეშვეობით გადის საერთაშორისო ბაზარზე, ანუ ექსპორტზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი ჩვენს სტატისტიკას არ აქვს ასახული საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ციფრია, რომელიც ხელს უწყობს ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში და, შესაბამისად, სავაჭრო ბალანსის გაჯანსაღებასა და ლარის გამყარებას. შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ 2017 წელს წარმოებული Bitcoin-ის რაოდენობა აღემატება დამატებით იმპორტირებული ელექრტოენერგიის მოცულობას, ანუ $66 მილიონს. ამ შეფასებას ამყარებს შემდეგი გარემოებები, რაც ბლოგის პირველ ნაწილში დადასტურებულია შესაბამისი ცხრილებით: 2016 წელს საქართველო იყო ელექტროენერგიის ნეტო-ექსპორტიორი, ხოლო 2017 წლის მშპ-ის ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას.

საინტერესოა, სინამდვილეში ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის რა ხვედრითი წილი მოდის Bitcoin-ის წარმოებაზე? რიგი მონაცემებით, ეს რაოდენობა ფრიად მნიშვნელოვანია (იხ.:http://bizzone.info/energy/2018/1518568899.php).  საქართველოში წარმოებული Bitcoin-ების რა რაოდენობა იყიდება საერთაშორისო ბაზარზე? ეს და სხვა კითხვები ელოდება პასუხებს.

მსოფლიოში Bitcoin-ის წარმოებაზე იხარჯება დაახლოებით $1.5 მილიარდი ღირებულების ელექტროენერგია, უპირატესად ელექტროენერგიის დაბალი ღირებულების ქვეყნებში (იხ.:https://hackernoon.com/does-bitcoin-mining-really-consume-more-electricities-than-entire-countries-fde32e152941). იმავე წყაროს ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა მხოლოდ 1.5-ჯერ აღემატება Bitcoin-ის წარმოებისათვის მსოფლიოში დახარჯულ ელექტროენერგიას.

შესაბამისად, თუ საქართველოს ხვედრითი წილი Bitcoin-ის მსოფლიო წარმოებაში არის 15%-ი, ამ მიზნებისათვის ჩვენს ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის ფასი უნდა იყოს დაახლოებით $225 მილიონი. ეს ძალიან დიდი მოცულობაა და საჭიროებს დაზუსტებას. მაგრამ თუ ეს მეტ-ნაკლებად ასახავს რეალობას, მაშინ რა რაოდენობის Bitcoin-ები იწარმოება ყოველწლიურად საქართველოში და რა რაოდენობით გადის Bitcoin-ი ექსპორტზე?

რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი თანამედროვე ტექნოლოგიური დარგების განვითარებას. ამასთან, ამ დარგის განვითარებით დაკავებული მეწარმეებიც დაინტერესებული უნდა იყვნენ ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაჯანსაღებით, რაც, საბოლოო ჯამში, მათ კეთილდღეობაზეც აისახება.

სამართლებრივი სისტემის სტაბილურობა, გასაგები და გამჭვირვალე თამაშის წესები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია ბიზნესის განვითარებისათვის. როგორც ზემოთ აღინიშნა, მთავრობა ხელს უნდა უწყობდეს ბიზნესის განვითარებას; მას არ უნდა შეეძლოს  დადგენილი შეღავათიანი პირობების ცალმხრივად შეცვლა. ეს ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, Bitcoin-ის  წარმოებისა და ვაჭრობის სახით საქმე გვაქვს აბსოლუტურად ახალ, უნიკალურ მოვლენასთან. იგი აგრესიულად შემოიჭრა ეკონომიკურ ურთიერთობებში და მისი გავლენა ეკონომიკურ პროცესებზე დღეს და მომავალში კარგად შეფასებული არ არის. აგრეთვე არ არის ჩამოყალიბებული შესაბამისი რეგულატორული მექანიზმები, ქვეყნებში დაიწყო ამ თემების აქტიური განხილვა, ეს კარგად ჩანს ჩინეთისა და ისლანდიის მაგალითზე (იხ. ბლოგის პირველი ნაწილი). ერთი რამ ცხადია, რომ როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესი უნდა იყოს დაინტერესებული მდგრადი, გასაგები და სამართლიანი რეგულატორული მექანიზმების ჩამოყალიბებით.

Bitcoin-ის წარმოებისა და ვაჭრობის ბიზნესი უკვე მყარად დგას ფეხზე საქართველოში. კარგი იქნება, თუ შესაბამისი კომპანიები გამოაქვეყნებენ მონაცემებს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, მაგალითად, წლიურ ბალანსს. ეს დააკმაყოფილებდა საზოგადოებაში არსებულ ინტერესს და ბოლოს მოუღებდა ამ თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის სპეკულაციას.

ალბათ უნდა დაიწყოს დიალოგი მთავრობასა და Bitcoin-ის წარმოებისა და ვაჭრობის ბიზნესით დაკავებულ მეწარმეთა შორის. ეს აუცილებლობა უკვე წარმოიქმნა.  მიზანი - ურთიერთმისაღები, გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება. როგორც ვარიანტი, შესაძლოა შეთანხმდეს, მაგალითად, ხუთწლიანი ეტაპობრივი გეგმა, რომლის განხორციელების შედეგად Bitcoin-ის  წარმოება დაბრუნდება ჩვენი ქვეყნის ჩვეულებრივ სამართლებრივ სივრცეში, რომელიც, სხვათა შორის, მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. 2018 წლის მონაცემებით საქართველომ 2.12 პუნქტით გაიუმჯობესა მაჩვენებელი და ქვეყნების ჩამონათვალში დაიკავა საპატიო მეცხრე ადგილი (იხ.: http://www.doingbusiness.org/~/media/WBG/DoingBusiness/Documents/Annual-Reports/English/DB2018-Full-Report.pdf).

ეს ეტაპობრივი გეგმა შეიძლება შეიცავდეს ხუთწლიან პერიოდზე გათვლილი ელექტროენერგიის საფასურის, მიწის მოხმარების და საგადასახადო შეღავათების ეტაპობრივ, თანდათანობით გაუქმებას. უპრიანია, მთავრობის მხრიდან ამ მოლაპარაკებების ფუნქცია დაეკისროს საქართველოს ბიზნესომბუდსმენს. ეს პროცესი დაადასტურებს სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობის განმტკიცებას და მოგვცემს საშუალებას გარკვეული პერიოდის შემდეგ სამართლიანი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაჯანსაღებას.   

 ნათელია, რომ ქართველი ენერგეტიკოსების ძალისხმევით მიღწეული წარმატებები შესანარჩუნებელი და შემდგომში გასავითარებელია. არსებობს შესაბამისი საპროექტო და საინვესტიციო გეგმები. 2016-2025 წლებში დაგეგმილია 52 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება. შესაბამისად, 2025 წლისათვის საერთო გენერაციის სიმძლავრე 2015 წელს არსებული 3,718.16 მგვტ-დან 6,680.51 მგვტ-მდე გაიზრდება. (იხ.:http://gnerc.org/files/wliuri%20angariSi/anual%20report%202015_opt.pdf). ამ გეგმის ნაწილი უკვე განხორციელდა 2016 წელს. ექსპლუატაციაში შევიდა მცირე სიმძლავრის 4 ჰიდროელექტროსადგური (ჯამში 8.7 მგვტ.) და ერთი საშუალო სიმძლავრის ელექტროსადგური (108 მგვტ.), 1 თბოელექტროსადგური (13.2 მგვტ.) და 1 ქარის ელექტროსადგური (20.7 მგვტ.), რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 150.6 მგვტ-ია (წყარო: http://gnerc.org/files/wliuri%20angariSi/ANNUAL%20REPORT%202016_opt.pdf). ზუსტად ამ შთამბეჭდავი გეგმების განხორციელებამ უზრუნველყო 2016 წელს ელექტროენერგიაზე 6,2%-მდე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ გეგმებს თანმიმდევრულად უჭერენ მხარს სერიოზული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. მაგალითად, ახლახან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მიიღო გადაწყვეტილება „ნენსკრა-ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობის დაფინანსების თაობაზე, რისთვისაც დაამტკიცა $229 მილიონიანი სესხი. ეს იქნება 280 მეგავატის სიმძლავრის სადგური, რომელიც ყოველწლიურად 1,2 მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს (იხ.: https://www.newsgeorgia.ge/ebrr-vydelil-kredit-na-stroitelstvo-nenskra-ges-v-svanetii).

ამ გეგმების განხორციელებისა და გაწონასწორებული რეგულატორული პოლიტიკის შედეგად ელექტროენერგეტიკა აუცილებლად შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაჯანსაღებაში.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.