X

რონდელის ბლოგი

რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე

2018 / 04 / 12

ავტორი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

 

როდესაც 2006 წელს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დავალებით ბრიტანეთში მცხოვრები ორმაგი აგენტი ალექსანდრე ლიტვინენკო პოლონიუმის მცირე დოზით სასიკვდილოდ მოწამლეს, ამ დანაშაულს, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებებით (რადიოაქტიური მასალების გაუვრცელებლობის შესახებ) აკრძალული ნივთიერების გამოყენებით მოხდა, არც დიდი ბრიტანეთისა და არც მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი არ იყო საკმარისად ადეკვატური. მაშინ ლონდონი ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას დასჯერდა. დაახლოებით ისეთივე სახის დანაშაული ჩაიდინა რუსეთის ხელისუფლებამ (გონივრული ეჭვით) ამა წლის 4 მარტს გაერთიანებული სამეფოს ქალაქ სოლსბერში. ამჯერად რუსეთის ასევე ყოფილი აგენტის - სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის (ასევე საერთაშორისო შეთანხმებით აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებით) მკვლელობის მცდელობას ყველასთვის ცნობილი საკმარისად მკაცრი და სრულიად მართებული რეაგირება მოჰყვა არა მარტო ბრიტანეთის მთავრობის, არამედ ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნების დიდი ნაწილის მხრიდანაც.

 

რა შეიცვალა 2006 წლის შემდგომ და ახლა რის გამო გასცეს რუსეთს უფრო მკაცრი პასუხი?

  • 2006 წელს რუსეთი ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების კრიზისის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. პუტინის პოლიტიკა, რომელმაც მოგვიანებით ევროპული და საერთაშორისო წესრიგის დანგრევას მიჰყო ხელი, ჯერ არ იყო საყოველთაო საფრთხედ აღიარებული; რუსეთს ჯერ არ განეხორციელებინა აგრესია ევროპული სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ, აქტი, რომელმაც, შელახა გაეროს წესდებით (1944), ჰელსინკის (1975) აქტითა და პარიზის ქარტიით (1990) გამაგრებული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი და შემდგომში საფუძვლად დაედო ევროპაში საზღვრების გადახედვის პროცესს.
  • 2014 წელს რუსეთმა მეორედ შელახა სუვერენული ევროპული სახელმწიფოს - ახლა უკვე უკრაინის - ტერიტორიული მთლიანობა, მოახდინა რა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია.  
  • იმავე წელს რუსეთმა შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, შემდგომი სრულმასშტაბიანი სამხედრო ჩარევით იქ მიმდინარე კვაზიშიდა კონფლიქტში  და ამ ქვეყნის დაშლის მცდელობით ახალი რეალობის წინაშე დააყენა ევროპა და მთელი დასავლური სამყარო.
  • ევროკავშირის მცდელობას, გაეგრძელებინა ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპეიზაცია და მათი თანდათანობით ინტეგრირება, რუსეთმა უპასუხა ჩერნოგორიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობით, სერბეთში ანტიევროპული ძალების მხარდაჭერით, სომხეთის იძულებით, რომ უარი ეთქვა ასოცირების შესახებ ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ანალოგიური ქმედებით უკრაინის მიმართ.
  • რუსეთმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებაში და ამით რეგიონში გაამძაფრა ესკალაციის საფრთხე.

  • 2014 წლიდან რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა საინფორმაციო ომი დემოკრატიული სამყაროს, მათ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ. გაახშირა ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდების გამოყენება, მათ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ მთელი რიგი კიბერშეტევებით, უცხო სახელმწიფოებში მიმდინარე არჩევნების პროცესში ჩარევებით (აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016, გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები 2017, 2107 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი კატალონიაში და ა.შ.).
  • სირიის კონფლიქტში რუსეთი პირდაპირ, სამხედრო ძალის გამოყენებით, ჩაერია, როგორც მხარე და, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს წესდების 51-ე მუხლი (ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება) ფორმალურად ამის უფლებას აძლევდა, რეალურად გაეროს ადამიანის უფლებების დეკლარაციის პრინციპების სრული უგულებელყოფით (აჯანყების უფლება, როგორც ბოლო საშუალება) დაუპირისპირდა ტირანიის წინააღმდეგ აჯანყებულ მოსახლეობას და პრაქტიკულად ხელისუფლება შეუნარჩუნა ანტიჰუმანურ რეჟიმს. სანაცვლოდ, მან ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სამხედრო ბაზების ხანგრძლივად დამკვიდრება შეძლო, რითაც გააკონტროლებს რეგიონში განთავსებული ნატოს საზღვაო ძალების გადაადგილებას.
  • 2008 წლიდან რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს, ახდენს ყველა სახის ჯარის სრულ მოდერნიზებას და ზრდის სამხედრო-სტრატეგიულ შესაძლებლობებს. ამასთან, ის ამკაცრებს ანტიდასავლურ რიტორიკას, კერძოდ, მისი ხელისუფალნი  უკვე ცდილობენ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას, მათი სტაბილურობის საფუძვლების დასუსტებას.

შედეგად, ევროპისა და აშშ-ის ელიტებმა გააცნობიერეს, რომ რეალურად ცალმხრივი ომის პირობებში იმყოფებიან რუსეთთან და რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ საპასუხო ზომების და ახალი მიდგომების შემუშავება.

 

რა შეიცვალა ევროკავშირში?      

2008 წლიდან აშშ-სა და მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი დაიწყო, რომელმაც დასავლური დემოკრატიები შედარებით მოწყვლადი გახადა. ლიბიასა და, შემდგომ, სირიაში მიმდინარე ომების ფონზე ლტოლვილთა ნაკადების მოზღვავებამ დაღი დაასვა ევროკავშირის სტაბილურობას. გაიზარდა ნაციონალისტური, ევროსკეპტიკური, ულტრამემრჯვენე და მემარცხენე ძალების გავლენა საზოგადოებაზე. ამ პროცესებს აქტიურად უწყობდა ხელს რუსეთი. 

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღეს, სწორედ შექმნილმა ვითარებამ განაპირობა, მაგრამ ასევე მრავალი ფაქტი მიანიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ბრიტანულ საინფორმაციო ქსელებისა და სოციალური მედიის გამოყენებით თავისთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის შექმნის გზით მოახდინა პირდაპირი გავლენა რეფერენდუმის შედეგზე - ამაშიც ბრიტანეთის ხელისუფლებას ეჭვი აღარ ეპარება.

დამატებით, სანამ ევროკავშირი თავის რიგ ქვეყნებში (საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია) ფინანსური კრიზისით გამოწვეულ პრობლემებს უდიდესი ძალისხმევით აგვარებდა, რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამით დასუსტებული კავშირი დაშლას დაიწყებდა და მისი სიმტკიცის გამოცდას ხისტი თუ რბილი ძალით, პროპაგანდითა თუ სხვა ჰიბრიდული ხერხებით განაგრძობდა. ის ასევე სცდიდა ევროატლანტიკური ერთობის გამძლეობასაც და იმედოვნებდა, რომ აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის მოსვლის შემდეგ ნატოს ერთიანობაც შეირყეოდა.

სამწუხაროდ, ამ ყველაფრის გაცნობიერების ფონზე, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი უკვე დაწყებული იყო და მისი უკან შემობრუნება - შეუძლებელი.

 

ბრექსიტის ანატომია

2017 წელს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა (27 წევრი ქვეყნით), ევროკავშირის შესახებ შეთანხმების (TEU) 50-ე მუხლის თანახმად, „გასვლის“ მოლაპარაკებები დაიწყეს. ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნები და მისი ინსტიტუტების მაღალი წარმომადგენლები 2016 წელს ბრიტანეთისთვის გასვლის შემდეგ ყველანაირი შეღავათების მოხსნას უჭერდნენ მხარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ 3 მილიონამდე ბრიტანელ მოსამსახურეს მოუწევდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დატოვება, კვლავ აღიმართებოდა საბაჟო ბარიერები ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის, გაერთიანებული სამეფო დატოვებდა ევროკავშირის ყველა სახის პოლიტიკას და ბრიტანელებს დასჭირდებოდათ ვიზის აღება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სამოგზაუროდ, დაეკარგებოდათ იქ მუშაობის ან რეზიდენტობის უფლება. ასევე შეწყდებოდა  თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, მონაწილეობა ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებში - ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საინვესტიციო ფონდში, ბრიტანულ კომპანიებს შეეზღუდებოდათ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი დაარსებისა და ოპერირების უფლება და ა. შ. ყველაფერი ეს ერთიანად დამაზიანებელი იქნებოდა როგორც გაერთიანებული სამეფოს, ისე ევროკავშირისთვის. სამაგიეროდ, ასეთი მიდგომა შეასუსტებდა სხვა წევრ ქვეყნებში ევროკავშირიდან გასვლის მსურველთა მოტივაციასა და პოზიციებს საზოგადოებაში.

საბედნიეროდ, ევროკავშირიდან გასვლა მყისიერად არ ხდება. „გასვლის ხელშეკრულებაზე“ მოლაპარაკებებისთვის ორი წელია გამოყოფილი და იგი 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ - კიდევ ორი წელი, 2020 წლის ბოლომდე, გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს. ამ დროის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი, პრაქტიკულად, ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრის მოვალეობას შეასრულებს და ისარგებლებს ყველა არსებული შეღავათით, მაგრამ არ ექნება ხმის უფლება ინსტიტუტებში. 

სინამდვილეში, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირთან ინსტიტუციური „გაყრა“ არ წარმოადგენდა იმდენად მნიშვნელოვან გამოწვევას, რამდენადაც ფუნქციური კავშირების გაწყვეტა, რომლის პერსპექტივაც მკაფიოდ ჩანდა მოლაპარაკებების დაწყების მომენტში.

 

გავლენა ბრექსიტის შედეგებზე

თუ ყურადღებით დავაკვირდებით ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის წარმოებულ „გასვლის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს, შევამჩნევთ შემდეგს:

ევროკავშირის პოზიცია მოლაპარაკებების წინ საკმაოდ ხისტი იყო. 2017 წლის ზაფხულში შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი - „მოსალაპარაკებელი პოზიცია“ - მკაფიოდ განსაზღვრავდა ყველა მიმართულებით დიდი ბრიტანეთისთვის მისი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მესამე ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სტატუსით დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდებოდა ისეთი ქვეყნების რიგში, რომლებსაც არანაირი ხელშეკრულება არ გააჩნიათ ევროკავშირთან და ეს  კატასტროფულ შედეგებს მოუტანდა, პირველ რიგში, მის ეკონომიკას.

დიდი ბრიტანეთის მთავრობას კი სხვა იმედი ჰქონდა (თუმცა იქაც გაყოფილია აზრი მეტი დამოუკიდებლობისა და მეტი თანამშრომლობის მომხრეთა შორის). პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ფიქრობდა, რომ მისი ქვეყანა დარჩებოდა ევროკავშირის ერთიან ბაზარში, არ დაკარგავდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, მისი მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მუშაობის უფლებას, ბიზნესის წარმოების თავისუფლებას და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ეკონომიკური სტაბილურიბის თვალსაზრისით, ასევე აწყობდათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობა, ზემოაღნიშნული არგუმენტების გამო, ასეთი დათმობების შესაძლებლობას არ იძლეოდა.

იმისთვის, რომ ბრიტანეთისთვის „ეპატიებინათ“ ამპარტავნება და დაევიწყათ ის ზიანი, რომელიც მან ევროკავშირის იმიჯს  მიაყენა, საჭირო იყო რაღაც გამაერთიანებელი იმპულსი. როგორც ცნობილია, ყველაზე ძლიერ ადამიანებსაც და ქვეყნებსაც საფრთხე აერთიანებთ. სინამდვილეში, საფრთხე უკვე კარგა ხანია არსებობდა, ეს იყო რუსეთის მზარდი ამბიციები და თავდაჯერება, მისი მცდელობები დაეშალა ევროპული ერთიანობა, რაც უკვე სრულიად გასაგები იყო როგორც ევროპის, ისე მისი მოკავშირეების მთავრობებისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძნელი იყო ამ საფრთხის სრულფასოვნად მიწოდება ევროპის მოსახლებისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში იგივე საკუთარი მთავრობები უმტკიცებდნენ რომ „რუსეთი მტერი არ იყო “ და რომ შესაძლებელი იყო „რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობა“. 

რუსეთის ქმედებების ნეგატიურმა გავლენამ ევროპისა და მთლიანად დასავლეთის ერთიანობაზე, მის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე სწორედ მაშინ მიაღწია კრიტიკულ ზღვარს, როდესაც ევროკავშირი თავის ერთ-ერთ უდიდესი წევრისგან სრული დისტანცირების საფრთხის წინაშე დადგა.

შექმნილი ახალი კონტექსტით, სადაც რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე, ერთი მხრივ, ძალზე რეალური გახდა და, მეორე მხრივ, დიდი ბრიტანეთის მომავალი  მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა, აიხსნება გაერთიანებული სამეფოს  განსხვავებული, დროული და უფრო მკაცრი პასუხი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაზე, ვიდრე ლიტვინენკოს საქმის დროს. რუსეთის ამ თავხედურ თავდასხმაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობისთვის ევროკავშირის სოლიდარობის მაღალმა ხარისხმა  მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მათ შორის გაჩენილი ბზარის გამთლიანებას და გზა გაუხსნა ბრექსიტის პროცესის ნორმალურ და ორივესთვის ნაკლებსაზიონოდ წარმართვის პერსპექტივას. დიპლომატების გაძევებითა და რუსეთისთვის შესაძლო ახალი სანქციების დაწესებით არ შემოიფარგლა ევროკავშირის „პატიება“ ბრიტანეთის მიმართ. 23 მარტს ევროპულმა საბჭომ „გასვლის შეთანხმების“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ახალი სახელმძღვანელო დირექტივები მიიღო, სადაც:

  • გამოთქმულია წუხილი, რომ კავშირიდან გასვლის შემდეგ დიდი ბრიტანეთისთვის შეუძლებელი იქნება ერთიან ბაზარში მონაწილეობა;
  • ნეგატიური ეფექტის შერბილების მიზნით ახალი დირექტივები დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დადებას ითვალისწინებს;
  • სახელმძღვანელო დოკუმენტი ასევე მიანიშნებს ისეთი შეთანხმების გაფორმებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება;
  • გათვალისწინებულია დანაშაულთან ბრძოლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა, ტრანსპორტისა და ბიზნესის წარმოების თავისუფლების შენარჩუნება, უსაფრთხოების დარგში „პოსტბრექსიტის“ თანამშრომლობის ახალი ფორმების დამკვიდრება და ა.შ.

ეს ყველაფერი აჩენს იმედს, რომ დიდ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ნორვეგისა თუ შვეიცარიის მსგავსად, კვლავაც დარჩება ევროკავშირთან მჭიდროდ ინტეგრირებულ ქვეყნად.  

ამრიგად, სოლსბერში მომხდარის შედეგად მივიღეთ არა მარტო ევროკავშირის სრული სოლიდარობა მისი „წამსვლელი“ წევრი ქვეყნის მიმართ, არამედ მთელი დემოკრატიული ევროატლანტიკური სივრცისაც, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ჩათვლით (რომლებიც ასევე შეუერთდნენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ). „სკრიპალის საქმემ“ კატალიზატორის როლი შეასრულა  ევროატლანტიკურ სივრცეში დემოკრატიული ქვეყნების კონსოლიდაციის პროცესში (თუმცა ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა), რაც უკვე გარდაუვალი გახდა რუსეთთან მზარდი კონფრონტაციის პირობებში და  რუსეთის  ხელისუფლებას ახლა უკვე გაუჭირდება წისქვილის ბორბლის უკუღმა დატრიალება. 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.