X

რონდელის ბლოგი

ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია

2018 / 05 / 18

ავტორი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

 
 „რბილი ამარცხებს მაგარს…“

  ლაო ძი: „დაო დე ძინი            

        

შესავალი

როდესაც 2013 წლის 3 სექტემბერს მაშინდელმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ოფიციალურად განაცხადა უარი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე,  შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ქვეყანამ თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ საბოლოოდ გადაწყვიტა. ლოგიკურად აქვე უნდა დასრულებულიყო სომხეთის შიდა ტრანსფორმაციაც და მისი ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივაც, მაგრამ მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ არც თავად სომხეთსა და არც ევროკავშირს უარი არ უთქვამთ თანამშრომლობის გაგრძელებაზე და გაღრმავებაზეც კი.

ეს „გაორებული“ პოლიტიკა საბედისწერო აღმოჩნდა სომხეთის მთავრობისთვის, რადგან ევროკავშირთან დაახლოების მიზანი შეუთავსებელია მმართველობის იმ მოდელთან, რომელსაც, მოსახლეობაში ინსტიტუტებზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ის მისდევდა და რომელიც ქვეყნის დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრისა და კარგი მმართველობის შეუფერხებლად განვითარებას ამუხრუჭებდა.

ევროკავშირის მრავალწლიანმა „ჩარევამ“ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში არა მარტო ამ ქვეყნების განვითარებას და სტაბილურობას შეუწყო ხელი, არამედ ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას მოსახლეობაში, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მართვაში მონაწილეობის ამბიცია გაუჩნდა. ამ თვითშეგნების გარეშე ვერც ერთი ხავერდოვანი რევოლუცია ამ სივრცეში, მათ შორის ვერც სომხეთში,  ვერ შედგებოდა. 

 

ევროკავშირის რბილი გავლენის გავრცელება

წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ევროკავშირის რბილი და ნორმატიული ძალის გამოყენების მიზანი დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის განვითარება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, სტაბილურობის ხელშეწყობა და ქვეყნების საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრირება იყო. 

ევროკავშირის ეს მიდგომა ერთიანად ვრცელდებოდა როგორც რუსეთზე, ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპასა თუ აზიაში მდებარე რესპუბლიკებზე. პოლიტიკის ხორცშესხმა ჰუმანიტარული, ტექნიკური, ფინანსური დახმარების ერთიანი ინსტრუმენტებით ხდებოდა. 1994 წლიდან მოყოლებული ევროკავშირმა ამ ქვეყნებთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები (PCA) გააფორმა, რომლებიც სტანდარტული იყო და ყველა ქვეყნისთვის ერთნაირ ვალდებულებებსა და ევროკავშირთან ურთიერთობების რეჟიმს აწესებდა. შეთანხმებები მოიცავდა პოლიტიკურ თანამშრომლობას, სავაჭრო ურთიერთობებს და გაძლიერებულ დარგობრივ თანამშრომლობას. ამასთან, ევროკავშირი და ხელმომწერი ქვეყანა, შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით, ქმნიდნენ თანამშრომლობის ინსტიტუტებს. PCA-ს უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო პრაქტიკულად ყველა პარტნიორ ქვეყანაში პოლიტიკური და საბაზრო ინსტიტუტების  ევროპული  წესითა და მოდელით მოწყობა.

ევროკავშირის გაფართოების მეხუთე ტალღის დასრულების ეტაპზე, 2003 წელს, მთლიანად კავშირის სამეზობლოში რეფორმების დაჩქარების მიზნით, შემოიღეს ახალი  - ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP). აღმოსავლეთ ევროპის უკლებლივ ყველა სახელმწიფო (რუსეთის გარდა) ENP-ში გაერთიანდა და აიღო ვალდებულება, რომ ევროკავშირის  ნაკარნახევი რეფორმების სამოქმედო გეგმით გაეგრძელებინა სახელმწიფო მშენებლობა.

 

ხავერდოვანი რევოლუციები: ელიტების მმართველობიდან ხალხის მმართველობისკენ

აღმოსავლეთ ევროპაში ქვეყნებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს ევროპული ყაიდის სახელმწიფოების მშენებლობისკენ, რომელიც მმართველობის გამჭვირვალობით, ანგარიშგებით, ადამიანის უფლებების პატივისცემის, თავისუფალი ბაზრის, ღია და სამართლიანი კონკურენციის სოციალური სამართლიანობით ხასიათდება.  სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში რეფორმები მაინც ზედაპირული რჩებოდა, ნელა იცვლებოდა პოლიტიკური კულტურა და საზოგადოებრივი ცნობიერება, ნაკლებად შეინიშნებოდა სამოქალაქო ჩართულობა და ეკონომიკური განვითარების სირთულეები არ იძლეოდა ამ სივრცეში ევროპული ყაიდის სახელმწიფოების სრულფასოვნად ჩამოყალიბების საშუალებას.

მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, ევროკავშირი აგრძელებდა ქვეყნებთან თანმიმდევრული, ერთიანი რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და ამასთან ერთად იზრდებოდა მისი გავლენა მოსახლეობასა და ელიტებზე. გარკვეულ ეტაპზე  ინსტიტუტებსა და დემოკრატიის ხარისხზე გაზრდილი საზოგადოებრივი მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოვიდა ადგილობრივი ელიტებისგან ამ სიკეთეების მიწოდების დონესთან. ელიტური მმართველობის სისტემამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში გამოავლინა შემდგომი რეფორმების მიმართ „რეზისტენტობა“. როგორც ჩანს, ამიტომ გახდა აუცილებელი ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები, რომელთა გარეშეც შეუძლებელი ჩანდა, რომ პოსტსაბჭოური ელიტები შეძლებდნენ საკუთარ ქვეყნებში ღია პოლიტიკური კონკურენციის წესების დამკვიდრებას. იმ ქვეყნებში, სადაც მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია, ევროპეიზაციის პროცესი სწრაფად დაწინაურდა, გაიზარდა მოსახლეობის აქტიურობა, ჩართულობა. ეს მოვლენა ამ ქვეყნების მმართველობაში შეიძლება „კოპერნიკულ გადატრიალებად“ მივიჩნიოთ.    

2009 წელს ევროკავშირის ახალმა ინიციატივამ - აღმოსავლეთის პარტნიორობამ - ასოცირების შეთანხმებისთვის გაუხსნა კარი პოსტსაბჭოთა სივრცის ექვს სახელმწიფოს, რომელთაგანაც ოთხი მზად აღმოჩნდა, რომ მოლაპარაკებები დაეწყო.  მაგრამ 2014 წელს ამ ხელშეკრულებებს მხოლოდ სამმა ქვეყანამ მოაწერა ხელი - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ. ეს სწორედ ის ქვეყნებია, სადაც ხავერდოვანი რევოლუციების შედეგად ხალხის გავლენა მთავრობაზე მნიშვნელოვანად გაიზარდა.   

ევროკავშირის შეთავაზება და სომხეთის არჩევანი

ევროკავშირის „შეთავაზება“ ითვალისწინებდა „სამეზობლოს“ ქვეყნების შიდა ტრანსფორმაციაში, მათი სახელმწიფოს მშენებლობაში, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ხელშეწყობას და ევროკავშირთან თანდათანობით დაახლოებას. ეს შეთავაზება არ გულისხმობდა კონფლიქტების მოგვარებაში აქტიურ ჩარევას, არც ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და არც რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიებს.  

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ამ შეთავაზებაში ევროკავშირში მომავალი გაწევრიანების შესაძლებლობას ხედავდნენ, სომხეთი კი მხოლოდ მოკლევადიან პრაქტიკულ სარგებელს. საკუთარი უსაფრთხოების ამოცანებს სომხეთი ვერ უკავშირებდა ამ შეთავაზებას, ამიტომ არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ რუსეთის მიერ შექმნილი და მართული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრობა. ОДКБ-ში მონაწილეობა სომხეთს ავალდებულებს შეუერთდეს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი პარტნიორების შეხედულებებსა და ინტერესებს.  2008 წელს  ОДКБ-ის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად მიიღეს განცხადება, რომელიც რეალურად აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას „სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობისთვის“ და, უფრო მეტიც, სწორედ ამ ორგანიზაციის სამიტზე წევრი ქვეყნების მეთაურებმა მოითხოვეს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების მყარად დაცვა“, რაც რუსეთს რეგიონული მასშტაბის საერთაშორისო მხარდაჭერას აძლევდა საქართველოს ტერიტორიების გრძელვადიანი ოკუპირებისთვის. ამ ორგანიზაციის განცხადებები ხშირად იმეორებენ, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით დაუშვებელია და ასეთი მცდელობები სერიოზულ „შედეგს იქონიებს“.

ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება სომხეთმა იმავე 2013 წელს მიიღო, როცა ევროკავშირთან ასოცირებაზე თქვა უარი, რაც რუსეთის მცდელობის, შეეჩერებინა ევროკავშირის „ეკონომიკური ექსპანსია“ „რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების არეალში“ (პუტინ-მედვედევის 2007 წელს გაჟღერებული მტკიცება), მხარდაჭერას ნიშნავდა. რუსეთის მიერ შექმნილი ეს ორგანიზაცია თავისი არსით, პირველ რიგში, საბაჟო კავშირია, რომელიც მის წევრებს ბოჭავს სხვა სახელმწიფოებთან გაატარონ თავისუფალი და დამოუკიდებელი სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკა. სავარაუდოდ, სომხეთს არ აწყობდა ასეთი სახით საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის შეზღუდვა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი წევრობა ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის შემდგომი მხარდაჭერის პირობა იყო.

 

სომხეთის სტრატეგია და ევროკავშირის პოლიტიკა

მიუხედავად რუსეთისკენ აღებული კურსისა, სომხეთს არ მიუტოვებია მცდელობა, რომ დარჩენილიყო ევროკავშირის პარტნიორად და გაეგრძელებინა მასთან დაახლოება. რა მიზნებს ისახავდა სომხეთის ხელისუფლება, როდესაც ევროკავშირთან CEPA-ზე მოლაპარაკებები დაიწყო (2015)? მოცემულ სიტუაციაში, როდესაც გადაულახავი წინააღმდეგობების გამო სომხეთის ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის პროცესი ეჭვქვეშ დადგა, ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობაში მნიშვნელოვნად არაფერი შეუცვლია. 2014-2015 წლებში მიმდინარე ENP-ის რეფორმამ უბრალოდ გააძლიერა პარტნიორ ქვეყნებს შორის „დიფერენციაციის“ შესაძლებლობა, რაც ევროპული მისწრაფების მქონე ქვეყნებს „მეტი-მეტისთვის“ ინსტრუმენტის აქტიურად გამოყენების საშუალებას აძლევდა. ასოცირების შეთავაზება სომხეთისთვის არავის გაუუქმებია, მაგრამ მისი რეალიზაცია მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობად დარჩა.

გაკეთებული არჩევანის შემდეგ რატომ დარჩა სომხეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილედ? ალბათ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებისა და მისი საინვესტიციო ბანკისა და ფონდის გამოყენების შესაძლებლობის გამო, რომელიც წელიწადში მინიმუმ 100 მლნ. ევროს აღწევს და ქვეყანას ეხმარება ინფრასტრუქტურული პროექტების, მცირე ბიზნესის განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერაში. ეს ასევე საშუალებაა, რომ ქვეყანამ მოიზიდოს დასავლური კერძო ევროპული ინვესტიციები, განავითაროს ადამიანური კაპიტალი. გარდა ამისა, ევროკავშირთან  თანამშრომლობის პროექტების სრულად გაწვეტა და მისგან დისტანცირება სარისკო იყო მოსახლეობის უკმაყოფილების შესაძლო პროვოცირების თვალსაზრისით. ევროკავშირმა დახმარებითა და ინტენსიური მუშაობით ამ ქვეყანაში ხალხის პოზიტიური დამოკიდებულება დაიმსახურა. 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სომხეთის მოსახლეობის მხოლოდ 20% აღიქვამს ევროკავშირს ნეგატიურად, დანარჩენისთვის კი ევროკავშირი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წყაროა. ამიტომ, ევროკავშირისადმი  საკმაოდ მაღალი მხარდაჭერის გათვალისწინებით (ასევე უკრაინიდან მიღებული გაკვეთილის გამოც), სომხეთის მთავრობა ვერ გაბედავდა ბრიუსელისგან დისტანცირებას. მთავრობა ცდილობდა გაემართლებინა შეხედულება, რომ შესაძლებელი იყო ორივე მიმართულებით (რუსეთისა და ევროკავშირის) აქტიური თანამშრომლობა და ურთიერთგახსნილობა. ის, რომ სომხეთის ხელისუფლება ანგარიშს უწევდა ევროკავშირს, ასევე ნათელი გახდა მას შემდეგაც, რაც ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის მკაცრი განცხადებიდან მეორე დღესვე (რუსეთს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია) გაათავისუფლეს რევოლუციური მოვლენების დროს დაკავებული სახალხო ლიდერი და მისი მომხრეები.  

სავარაუდოდ, სომხეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა რუსეთის ხელისუფლება, რომ ევროკავშირთან მისი ურთიერთობა არ დააზარალებდა სომხეთის პრორუსულ პოლიტიკას,  ამავე დროს ააცილებდა მოსახლეობის მხრიდან გართულებებს და დადებითად იმოქმედებდა სომხეთში რუსეთის იმიჯზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც არ ერევა არც სომხეთის შიდა სუვერენულ საქმეებში და არც მისი დემოკრატიული განვითარების არჩევანში.   

ევროკავშირი სომხეთის ამ მიდგომას გაგებით მოეკიდა. ის გრძელვადიან გათვლებზე დამყარებულ პოლიტიკას ახორციელებს და ამიტომ სომხეთის უარი ასოცირებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის კონტექსტში მხოლოდ მცირე ინციდენტად მიიჩნია. ევროკავშირის ამოცანად კვლავ დარჩა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოდერნიზაციის ხელშეწყობა და მათ მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ მაღალი ინტერესის და სიმპათიის შენარჩუნება.

სწორედ ამ მოსაზრებების გამო მოხდა CEPA-ს ფორსირებულად გაფორმება სომხეთთან 2017 წლის დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. შეთანხმება არ ითვალისწინებს სომხეთთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას, მაგრამ დანარჩენ საკითხებში ის პრაქტიკულად ტოლს არ უდებს ასოცირების შესახებ საქართველოსთან გაფორმებულ შეთანხმებას.   

 

პოსტრევოლუციური განვითარება სომხეთში

სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის გაცხადებული მიზანი საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლა არ ყოფილა.  ახალი ლიდერების  შეხედულებები სრულად ემთხვევა მოსახლეობის უმეტესობის განწყობას, რომელიც იგივე 2017 წლის გამოკითხვით მიიჩნევს, რომ რუსეთი სომხეთისთვის ევროკავშირზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პარტნიორია.

რევოლუცია შიდა პოლიტიკის ცვლილების აუცილებლობამ გამოიწვია - კორუფციის აღმოფხვრის, კანონის უზენაესობის, ადამიანთა უფლებების, ასევე სოციალური შეჭირვებისა და  უპერსპექტივობის დაძლევის მოთხოვნამ. ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი და მისი  კაბინეტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებით უნდა დაკავდნენ, რომ გაამართლონ თავიანთი ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. ამ ამოცანების განსახორციელებლად სომხეთს, პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სასამართლოსა და სამართალდამცავი სტრუქტურების (განსაკუთრებით, პოლიციის) ძირეული რეფორმირება  მოუწევს. მეტი საზოგადოებრივი კონტროლი უნდა დაწესდეს უსაფრთხოების სტრუქტურებზე, ეკონომიკური ინსტიტუტები უნდა გახდეს გამჭვირვალე და ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის წესები უნდა დამკვიდრდეს. ასევე ბიუჯეტი უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე  და დაწესდეს მონიტორინგი საზოგადოებრივი ფინანსების ხარჯვაზე, უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა. ამ ამოცანების გადასაწყვეტად სომხეთს არა რუსეთის, არამედ კვლავ ევროკავშირის დახმარება დასჭირდება, რისთვისაც CEPA-ს გამოიყენებს. CEPA კი ევროკავშირს უფლებას ანიჭებს, რომ მონიტორინგი აწარმოოს სომხეთის შიდაპოლიტიკური განვითარების პროცესებზე და მიუთითოს იმ რეფორმების კორექტირებაზე, რომელთა განხორციელებაც ფერხდება.

რაც უფრო მეტი ხარისხით იქნება წარმოდგენილი დემოკრატია სომხეთში, მით მეტად შესუსტდება რუსეთის გავლენა ამ ქვეყნის შიდა თუ საგარეო გადაწყვეტილებებზე. რაც უფრო მეტად დამკვიდრდება საბაზრო ეკონომიკის ღია და გამჭვირვალე წესები, მით უფრო შესუსტდება იქ რუსული სახელმწიფო კომპანიების მონოპოლისტური პოზიციები. რაც უფრო მეტად გაუმჯობესდება სოციალური ფონი, მოსახლეობის მით უფრო ნაკლები ნაწილი წავა რუსეთში სამუშაოს საძებნელად.

სომხეთის შიდა ტრანსფორმაცია აუცილებლად გაზრდის მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ სიმპათიასა და მხარდაჭერას. ევროკავშირის მხარდაჭერის ზრდა დასავლეთსა და რუსეთს შორის მძაფრი გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში არ შეიძლება უარყოფითად არ აისახოს ქვეყანაში რუსეთის მხარდაჭერაზეც. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში რევოლუციურ პროცესებში რუსეთი პრაქტიკულად არ ჩარეულა, რუსეთის ხელმძღვანელები შეეცდებიან სერიოზულად გააკონტროლონ იქ მიმდინარე პროცესები და შეაფერხონ  სომხეთის ისეთი მიმართულებით განვითარება, რომელიც შეასუსტებდა მასზე რუსეთის გავლენას. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა აქტიური მხარდაჭერა აღმოუჩინონ სომხეთის ახალ ხელისუფლებას, გააძლიერონ სამოქალაქო სექტორი და არ მისცენ საშუალება რუსეთს, რომ ქვეყანა კვლავ თავის სრულ დაქვემდებარებაში მოაქციოს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.