X

რონდელის ბლოგი

თურქეთის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები

2018 / 07 / 02

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

2018 წლის 24 ივნისს თურქეთში გაიმართა რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ არჩევნების შემდეგ შედის ძალაში გასულ წელს რეფერენდუმის შედეგად მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობა, რაც ითვალისწინებს საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლას. პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის პარალელურად უქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, შემოდის ვიცე-პრეზიდენტის/ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობები, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დანიშნავს და შეცვლის საკუთარი შეხედულებისამებრ.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები თურქეთში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფონზე ჩატარდა და თავისი შინაარსით პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის საერთო-სახალხო ნდობის ვოტუმის მინიჭებას უტოლდებოდა.

ერდოღანის მომხრეები - მმართველი AK Parti („სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“) და  მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციის MHP („ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“) გაერთიანდნენ საარჩევნოდ ჩამოყალიბებულ ე.წ. „სახალხო ალიანსში“. ერდოღანის მოწინააღმდეგეებმა კი ჩამოაყალიბეს ე.წ. „ეროვნული ალიანსი“, რომელშიც შევიდნენ მემარცხენე-ცენტრისტული CHP („სახალხო-რესპუბლიკური პარტია“), მემარჯვენე-ცენტრისტული İYİ Parti („კარგი პარტია“) და კონსერვატიული SP („კეთილდღეობის პარტია“) პარტიები. ერდოღანის მოწინააღმდეგე მემარცხენე ორიენტაციის პროქურთული HDP („ხალხთა დემოკრატიული პარტია“) ტაქტიკური მოსაზრებებით ალიანსში არ გაერთიანებულა. შესაბამისად, ამ უკანასკნელის უმთავრესი ამოცანა იყო თურქეთის პარლამენტში მოსახვედრად არსებული 10%-იანი საარჩევნო ბარიერის დამოუკიდებლად დაძლევა, რისი მიღწევაც საარჩევნო კოალიციებში შემავალ პარტიებს ერთობლივად ადვილად შეეძლოთ. 

 

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

24 ივნისის არჩევნების უმთავრესი ინტრიგა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილი იყო, სადაც ქვეყნის მართვის 16-წლიანი გამოცდილების მქონე ერდოღანმა პირველივე ტურში შეძლო დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. „ეროვნულმა ალიანსმა“ ვერ შეძლო საერთო კანდიდატზე შეთანხმება და მასში შემავალმა ყველა პარტიამ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. საბოლოო ჯამში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

რეჯეფ თაიფ ერდოღანი (AK Parti - „სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“)

52,6 %

მუჰარემ ინჯე (CHP - „სახალხო-რესპუბლიკური პარტია“)

30,6 %

სელაჰათინ დემირთაში (HDP - „ხალხთა დემოკრატიული პარტია“)

8,4 %

მერალ აქშენერი (İYİ Parti - „კარგი პარტია“)

7,3 %

თემელ ქარამოლაოღლუ (SP – „კეთილდღეობის პარტია“)

0,9 %

 

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის პოპულარობა გრძელვადიანია და ნაკლებად ექვემდებარება ცვლილებებს. მაგალითად, მან 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 51,8 % მიიღო, ხოლო 2017 წლის რეფერენდუმში მის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს მოსახლეობის 51,4%-მა დაუჭირა მხარი. ერდოღანმა ძირითადად გაიმარჯვა შიდა ანატოლიისა და შავიზღვისპირეთის ტრადიციულად კონსერვატიულად და ნაციონალისტურად განწყობილ რეგიონებში, ასევე სტამბოლსა და ანკარაში. ინჯემ წარმატება მოიპოვა მემარცხენედ განწყობილ დასავლეთის გუბერნიებში, ხოლო დემირთაშმა - ძირითადად ქურთული წარმოშობის მოქალაქეებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთში.  

მოქმედი პრეზიდენტის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საარჩევნო კოალიციის ჩამოყალიბებამ, რითაც მოხდა ნაციონალისტურად განწყობილი ხმების ერდოღანის სასარგებლოდ მოზიდვა. ნაციონალისტურად და კონსერვატიულად (შესაბამისად, ანტიდასავლურად) განწყობილმა თურქმა ამომრჩეველმა ერდოღანის სახით ხმა მისცა სტაბილურობას. მათთვის მიმზიდველი აღმოჩნდა ერდოღანის  ძლიერი - „ახალი თურქეთის“ - იდეა, რომელმაც უნდა დაძლიოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური სახის პრობლემები და გაატაროს უფრო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. საერთო ჯამში ერდოღანმა  26,3 მლნ ხმა მიიღო.

მართალია, მთავარი ოპოზიციური პარტიის - CHP-ის კანდიდატმა ინჯემ 15,3 მლნ. მოქალაქე მიიმხრო და საკუთარ პარტიაზე 8%-ით მეტი ხმაც მიიღო, მაგრამ მიღებული 30,6% მეორე ტურში გასასვლელად არ აღმოჩნდა საკმარისი. ინჯეს, ამ, ერთი შეხედვით, „წარუმატებლობას“ ობიექტური მიზეზი აქვს. საქმე ისაა, რომ ისტორიულად თურქი ამომრჩევლის სტრუქტურა ნაკლებად ექვემდებარება ცვლილებას. მისი დაახლოებით 60-65%, როგორც წესი, მხარს უჭერს მემარჯვენე (შესაბამისად, ნაციონალისტურ და კონსერვატიულ) პოლიტიკურ ძალებს, ხოლო დაახლოებით 35-40% - მემარცხენე ორიენტაციის პარტიებსა და კანდიდატებს. ინჯემ არჩევნების მეორე დღესვე აღიარა დამარცხება და ერდოღანს გამარჯვება მიულოცა.     

პატიმრობაში მყოფმა HDP-ის კანდიდატმა სელაჰათინ დემირთაშმა, გასაგები მიზეზების გამო, ვერ აწარმოა სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანია და İYİ Parti-ს კანდიდატ მერალ აქშენერის მსგავსად საკუთარ პარტიაზე ნაკლები ხმა მიიღო.  

 

საპარლამენტო არჩევნების შედეგები

თურქეთის პოლიტიკურმა პარტიებმა 24 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში შემდეგი შედეგი აჩვენეს:

პარტიის დასახელება

მიღებული ხმები (%)

პარლამენტში გაყვანილი დეპუტატების რაოდენობა

AK Parti („სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“)

42,6

295

CHP („სახალხო-რესპუბლიკური პარტია“) 

22,6

146

HDP („ხალხთა დემოკრატიული პარტია“)

11,7

  67

MHP („ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“)

11,1

  49

İYİ Parti („კარგი პარტია“)

10,0

  43

SP („კეთილდღეობის პარტია“)        

  1,3

   0

 

არჩევნების შედეგების მიხედვით, თურქეთის ახალ პარლამენტში 5 პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი. მმართველმა პარტიამ, წინა არჩევნებთან შედარებით, დაახლოებით 7%-ით ნაკლები ხმა მიიღო, მაგრამ მაინც დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე. ეს ამ პარტიის ზედიზედ მე-13 გამარჯვებაა, რაც რეკორდულია თურქეთის ისტორიისთვის. მართალია, პარტიამ ვერ შეძლო საკანონმდებლო ორგანოში 301 დეპუტატის გაყვანა, რაც საშუალებას მისცემდა მას დამოუკიდებლად ჩამოეყალიბებინა ახალი მთავრობა, მაგრამ ამისათვის მას ადვილად შეუძლია, რომ AK Parti – MHP-ის საარჩევნო ალიანსი სამთავრობო კოალიციად გარდაქმნას.

საარჩევნო გეოგრაფიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვნად არ განსხვავდება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისგან. მმართველმა პარტიამ ტრადიციულად გაიმარჯვა ცენტრალურ ანატოლიასა და შავიზღვისპირეთში, ასევე დიდ ქალაქებში (იზმირის გარდა). მან ასევე ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღო ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში. ოპოზიციური CHP კი კვლავ ძლიერი იყო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში - ეგეოსის ზღვის სანაპიროსა და თრაკიაში (თურქეთის ევროპული ნაწილი). ხოლო პროქურთულმა HDP-მ უპირატესობა მოიპოვა ძირითადად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ გუბერნიებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მან ხმების გარკვეული ნაწილი მიიღო თურქეთის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ულტრამემარცხენე ამომრჩევლისგანაც. მართალია, MHP-მ და İYİ Parti-მ ვერ შეძლეს რომელიმე კონკრეტულ რეგიონში ხმების კონცენტრირებული რაოდენობის მიღება, მაგრამ მათ მიღებული ხმების რაოდენობით დაამტკიცეს, რომ  თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ძალები არიან.

დასკვნები

  • თურქეთის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკას. სწორედ ამიტომ შეძლო მან დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება;
  • მოსალოდნელია, რომ მინიმუმ მომდევნო 5 წლის განმავლობაში იგი „მტკიცე ხელით“ მართავს ქვეყანას;
  • თურქეთი გადავა საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე, რითაც საფუძვლიანად შეიცვლება ქვეყნის მართვის აქამდე არსებული ფორმა;
  • თურქეთს ეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელიც დიდი ალბათობით AK Parti – MHP-ის მონაწილეობით ჩამოყალიბდება. შესაბამისად, ქვეყნის მართვის საქმეში გაიზრდება MHP-ისა და მისი ლიდერის - დევლეთ ბაჰჩელის როლი;
  • ოპოზიციამ ისევ ვერ მოახერხა  საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება; ვერ შეძლო მემარჯვენე ორიენტაციის ამომრჩევლის მოზიდვა და გაუჭირდა თურქეთის მოქალაქეებისთვის შეეთავაზებინა ქვეყნის განვითარების ალტერნატიული გზა;
  • თურქეთის საზოგადოება იდეოლოგიური თვალსაზრისით კვლავ პოლარიზებულია, სადაც დაახლოებით თანაბრადაა გადანაწილებული მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიები;
  • კვლავ ნარჩუნდება სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და უსაფრთხოების სახის პრობლემები - ომი სირიაში, დაძაბული ურთიერთობები დასავლეთთან, ტერორიზმი - ბრძოლა FETÖ-ს („ფეთულა გულენის ტერორისტული ორგანიზაცია“) PKK-ის („ქურთისტანის მუშათა პარტია“), „დაეშის“ წინააღმდეგ,   საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრება, ლტოლვილთა დიდი რაოდენობა, უმუშევრობა, ინფლაცია, თურქული ლირის დევალვაცია, შიდა და საგარეო დავალიანება და ა.შ., რომელთა მოგვარებაზე ზრუნვა მოუწევს თურქეთის ხელისუფლებას. განსაკუთრებით რთული იქნება ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება; 
  • მუჰარემ ინჯეს, მიღებული ხმების რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა გაუჩნდეს დამატებითი პოლიტიკური ამბიციები, რის შედეგადაც მოსალოდნელია, რომ მან მოინდომოს CHP-ის ლიდერობა ან ჩამოაყალიბოს სრულიად ახალი პოლიტიკური პარტია;
  • მიუხედავად იმისა, რომ İYİ Parti-მ ვერ მიიღო ხმების ის რაოდენობა, რომელსაც მისგან ელოდნენ, იგი მაინც რჩება მემარჯვენედ განწყობილ, მაგრამ ხელისუფლებით უკმაყოფილო ამომრჩევლის ხმების მიზიდვის ცენტრად, რაც დადასტურდა კიდეც ამ არჩევნებში;
  • საქართველოსა და თურქეთში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე ნაკლებად მოსალოდნელია ქართულ-თურქული ურთიერთობების შეცვლა. ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებში, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც ქვეყნებს შორის მოკავშირეობას, კეთილმეზობლურ ურთიერთობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას გულისხმობს, არ შეიცვლება. თავად გეოგრაფია და საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია კარნახობს ჩვენს ქვეყნებს, რომ ერთმანეთის მიმართ ჩამოყალიბებული კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ურთიერთობა სამომავლოდაც გაგრძელდეს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.