X

რონდელის ბლოგი

ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები

2019 / 09 / 06

შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

ჩორჩანაში (არ)მომხდარმა ინციდენტმა დაგვავიწყა გუგუტიანთკარში მომხდარი ბევრად უფრო სერიოზული შემთხვევა, როდესაც ოკუპანტებმა დამატებითი მიწები მიიტაცეს და სოფელში მცხოვრები სამი ოჯახი საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს.

თუ დავაკვირდებით, ჩორჩანაში  განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, საქართველოს პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უკეთ დაცვის მიზნით საჭირო იყო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებითი პოსტის ჩადგმა. ეს ქმედება არ არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებულ შეთანხმებას. თუ არ ჩავთვლით მარიონეტული რეჟიმის მიერ წამოყენებულ დღემოკლე „ულტიმატუმს“, უსაფრთხოების გარემოს გაუარესება ამ ამბავს არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარტნიორების მხრიდან  გაკეთდა განცხადებები, რომელიც „ორივე მხარეს“ მოუწოდებდა თავშეკავებისაკენ („ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავი შეიკავონ ესკალაციისაგან და გამოიყენონ ცხელი ხაზი და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ვითარების განმუხტვის მიზნით“ -  აშშ. „ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა აქტორს შორის ინფორმაციის გაცვლისათვის, რათა შემცირდეს ესკალაციის შესაძლებლობა“ - ევროკავშირი, „მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მზადყოფნა დიალოგის გაგრძელებისათვის“ - გერმანია).

გასაგებია, რისგან უნდა შეეკავებინა თავი მეორე მხარეს - ულტიმატუმების წამოყენებისა და ძალის გამოყენების აშკარა თუ ფარული მუქარისაგან, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რისგან უნდა შეიკავოს თავი ქართულმა მხარემ.

ფოტო: qartli.ge, ჩორჩანა 

აშშ, ევროკავშირი და საქართველოს სხვა დასავლელი პარტნიორები ასევე გამოეხმაურნენ გუგუტიანთკარის მოვლენებს, როგორც ძირითადად ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემას, რომელიც „ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივ მოსახლეობას ართმევს წვდომას საკუთარ ბაღებსა და წყლის რესურსებზე“ (ევროკავშირი). „ბორდერიზაციის პროცესი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, რადგანაც ის ზიანს აყენებს ოჯახებს და აფერხებს ადამიანებისა და საქონლის გადაადგილებას“ - აშშ. - არც ერთი სიტყვა რუსეთის მიერ საქართველოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციაზე.

რატომ?

იმიტომ, რომ, მართალია, დასავლეთი 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას (თუმცა ძალიან ფრთხილობს ამ ტერმინის ხმარებისას), მას მიაჩნია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულების ოკუპაცია უკვე მომხდარი ფაქტია და თუ ბორდერიზაციისას რუსი მესაზღვრეები არ სცდებიან ადმინისტრაციულ საზღვრებს (როგორც ეს განსაზღვრულია საბჭოთა გენშტაბის მიერ 70-80-იან წლებში გამოშვებული რუკებით), მაშინ საქმე გვაქვს ჰუმანიტარულ და არა სამხედრო-პოლიტიკურ პრობლემასთან.

საქართველო, თავისთავად ცხადია, მიიჩნევს, რომ, მაგალითად, ზნაურის რაიონის ოკუპაცია ზუსტად ისეთივე უკანონობაა, როგორიც, ვთქვათ, გორის რაიონისა, და რუსების მიერ დამატებითი მიწების მისაკუთრება, თუნდაც ეს ხდებოდეს, ვთქვათ, ზნაურის რაიონის საზღვრებში, ოკუპაციის გაფართოებაა. ცალკე საკითხია, რომ ქართული სოფლების კუთვნილი მიწების ყოველი შემოღობვა მძაფრ პროტესტს იწვევს ქართულ მოსახლეობაში (და უმეტეს შემთხვევაში ეს პროტესტი მიმართულია სწორედ საქართველოს ხელისუფლებისაკენ, რომელიც ვერაფერს აკეთებს საკუთარი მიწის დასაცავად) და აქედან გამომდინარე,რუსეთის ხელში საქართველოზე ზეწოლის მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება მარტოა ამ გამოწვევის წინაშე.

რა შეიძლება გაკეთდეს?

მოდი, ერთი წუთით შევეცადოთ, რომ გუგუტიანთკარის მოვლენები სხვა კუთხით დავინახოთ. შევხედოთ არა მხოლოდ და არა უპირველეს ყოვლისა, როგორც ოკუპაციას (როგორც ვთქვით, დასავლეთის თვალში ის ერთხელ უკვე ოკუპირებულია და მეორედ ოკუპირება ძნელად აღიქმება), არამედ - როგორც ეთნიკურ წმენდას.

რუსი მესაზღვრეები რომც ფიქრობდნენ, რომ გუგუტიანთკარის მიტაცებული ნაწილი  „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაა და მათ უფლება აქვთ „მოკავშირე ქვეყნის“ საზღვარი გაამაგრონ, ეს არ აძლევს მათ უფლებას გამოაძევონ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ ადამიანებს არ ჩაუდენიათ დანაშაული, არ წარმოადგენენ საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, ცხოვრობენ საკუთარ სახლ-კარში. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოხდა მათი გამოძევება, მათი ეთნიკური წარმოშობაა - ისინი ქართველები არიან.

ცხადია, მხოლოდ რამდენიმე ოჯახის გამოძევებაზე რომ იყოს საუბარი, ეთნიკურ წმენდად კვალიფიცირება არასერიოზული იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომ, როგორც მინიმუმ, 2008 წლიდან რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე ატარებს ქართველების ეთნიკური წმენდის მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომლის მსხვერპლიც უკვე გახდა 25 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველი. ქართული სოფლები ჯერ გადაწვეს, მერე დაანგრიეს და ბოლოს გადახნეს. სოფელ ერედვის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ათასზე მეტი ქართული ოჯახი ცხოვრობდა, აწყობენ ნაგავსაყრელს. მტკიცებულება იმდენია, რომ მათ ჩამოთვლას აზრი არა აქვს.

გუგუტიანთკარის ამბავი ადასტურებს, რომ ეთნიკური წმენდა არ იყო ერთჯერადი აქტი და იგი დღემდე გრძელდება. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ხვალ ახალგორსა თუ გალში, თუმცა ვერავინ გამორიცხავს, რომ ეთნიკური წმენდის მორიგი ტალღა შესაძლოა იქაც დაიწყოს. ახალგორის მოსახლეობა მასობრივად ამბობს, რომ რუსი მესაზღვრეები მათ ეუბნებიან, რომ თუ ახლო მომავალში არ დატოვებენ ახალგორს, მერე გვიანი იქნება და მათ აღარ გაუშვებენ. გალში იმისათვის, რომ პასპორტი აიღონ, ქართულ მოსახლეობას სთხოვენ ეროვნებაზე და ქართულად ჟღერად გვარებზე უარი თქვან, აფხაზური გვარი აიღონ და ეროვნება აფხაზურით შეიცვალონ.

საქართველომ ყველაფერიუნდა გააკეთოს და მთელ მსოფლიოს უნდა აუხსნას, რომ ეს არ არის მხოლოდ ბორდერიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ჰუმანიტარული პრობლემა, რომელზეც მხარეებმა  ცხელი ხაზისა და ჟენევის თანათავმჯდომარეების  მეშვეობით უნდა  ისაუბრონ (თუმცა, როგორც ამ მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ვადასტურებ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გაგრძელდეს), არამედ ეს არის ეთნიკური წმენდა - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც საერთაშორისო საზოგადოება ვერ დარჩება გულგრილი და ნეიტრალური.

ცხადია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი ოკუპაციაზე, როგორც პრობლემაზე, მაგრამ ამავდროულად, ბევრად უფრო დიდი აქცენტი უნდა გავაკეთოთ მიმდინარე ეთნიკურ წმენდაზე. შეიძლება, ეს აქცენტების ცვლილება შიდა საკანონმდებლო აქტით დავიწყოთ.

რაც შეეხება იმას, რითაც დავიწყე - ჩორჩანას პოსტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოკუპაციის გაფართოებისაგან დაგვიცვას, არამედ იმიტომაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაიცვას ეთნიკური წმენდის გაგრძელებისაგან.

დაბოლოს, როდესაც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის საფრთხე სულ უფრო რეალურად იკვეთება, რუსეთის მოქმედი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ეთნიკური წმენდის ფაქტის საერთაშორისო აღიარება შეიძლება ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი გახდეს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.