X

რონდელის ბლოგი

რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?

2019 / 10 / 07

 

ა.წ. 27 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, პირველად 2008 წლის შემდეგ, გაიმართა რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამ მოვლენის მნიშვნელობა თავისთავად ცხადია, ამიტომ ჩვენი მიზანია, უფრო ფართო წარმოდგენა შევიქმნათ ამ შეხვედრაზე, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც გავრცელდა შეხვედრის შემდეგ.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ასეთი ინფორმაცია საკმაოდ მწირია, მაგრამ გარკვეული დასკვნების გაკეთება მაინც შესაძლებელია. თუმცა, ვიდრე ამაზე გადავალთ უმჯობესია ძალიან მოკლედ ვისაუბროთ შეხვედრის ფორმატსა და ორგანიზებაზე.

შეხვედრა გაიმართა შვეიცარიის ხელშეწყობით. შეხვედრის ორგანიზებაში შვეიცარული მხარის როლზე, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

„შეხვედრა გაიმართა ორმხრივ ფორმატში და იგი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო, რომ შეხვედრის ოთახში სერგეი ლავროვსა და დავით ზალკალიანს დახვდებოდა გაეროში შვეიცარიის მუდმივი წარმომადგენელი იურგ ლაუბერი, რომელიც მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ შეხვედრას დატოვებდა. შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ ეს ასეც მოხდა“.

შეხვედრის ინიციატორი იყო ქართული მხარე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა მაშინ, როდესაც საქართველოში, საექსპერტო წრეებში, შეხვედრის ორგანიზებაში შვეიცარიის როლზე ჯერ კიდევ გრძელდებოდა მსჯელობა. შემდგომში, ეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ დაადასტურა.

უშუალოდ შეხვედრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ოფიციალური პირებისა და უწყებების მიერ გაკეთებულ კომენტარები, მართალია, ასევე საკმაოდ მწირია, მაგრამ მაინც საკმაოდ საინტერესო სურათს ხატავს. პირველ რიგში, ალბათ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ კომენტარს, რომელიც გაკეთდა  ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრის თაობაზე საქართველოში დაწყებული დებატების ფონზე, რომლშიც ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ რუსეთთან დიალოგი ოკუპაციის თემის აქტუალიზებისა და ამ პრობლემით გამოწვეული სირთულეების გადასაჭრელად არის საჭირო. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ კომენტარში აღნიშნულია:

„საქართველოს მხრიდან ჩვენ უმეტესწილად კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები ოკუპაციის თაობაზე. ჩანს, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები, ამ მოლაპარაკებების ფორმატსა და პროტოკოლზე ფიქრს გაცილებით დიდ დროს უთმობენ, ვიდრე ფიქრობენ მათი შინაარსისა და მიმართულებების თაობაზე“.

ამავე კონტექსტში საინტერესოა თავად ს. ლავროვის განცხადება, რომ ქართული მხარის ზოგიერთი კომენტარი მასში ღიმილსა და გაოცებას იწვევს.

რა თქმა უნდა, რუსული მხარე ამით ერთმნიშვნელოვანად ამბობს, რომ არ აპირებს ოკუპაციის თემის განხილვას ქართულ მხარესთან. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ პოზიციის საჯაროდ გამოხატვა მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმების „დამშვიდებას“ ისახავდეს მიზნად. რუსეთის მხარე ასე მკაფიოდ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების და, რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ეს მეორე „სამიზნე ჯგუფი“ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველი.

ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ რუსეთი არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ დიპლომატიური და სხვა მისთვის ხელმისაწვდომი არხებითა და მექანიზმებით გაააქტიურებს მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ შორის, განსაკუთრებით, ჩვენს პარტნიორებთან, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი უკვე დიდი ხანია „გადაწყვეტილია“, ხოლო ქართული საზოგადოება  რეალურად ამ აზრს  კარგა ხანია შეგუებულია.      

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის მხარიდან ოკუპაციის თემის განხილვის ერთმნიშვნელოვნად უარყოფის მიუხედავად, ღიად დაფიქსირდა დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელების მოლოდინი. ამასთან, აღნიშნა, რომ პრობლემა არა ქართულ საზოგადოებაშია, რომელიც ასეთი დიალოგისთვის მზად არის, არამედ საქართველოს ხელისუფლებაში. კერძოდ, ზემოთ უკვე ნახსენებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია:

„ჩვენი მხრივ, დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის და საქართველოს ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგი“.

ამავე თემაზე სიანტერესოა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის კომენტარი, რომელშიც იგი აცხადებს:

„ნებისმიერი კონსტრუქციული დიალოგი, თუნდაც ასეთი პროცესის დასაწყისი, სათავეს სწორედ ასეთი შეხვედრებიდან იღებს (იგულისხმება ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა). კრემლში ისევე, როგორც მთლიანად რუსეთში, სურთ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. რუსეთის პრეზიდენტი ყოველთვის დადებითად აფასებდა მეგობრულ, თითქმის ძმურ ურთიერთობებს რუსებსა და ქართველებს შორის, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, აქ ჯერ კიდევ პრობლემებია“.

საქართველოსა და რუსეთს შორის ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, მაღალ დონეზე  დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელების მოლოდინი მართლაც საკმაოდ რეალისტურია. სხვა თუ არაფერი, ძნელი წარმოსადგენია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 11 წლის შემდეგ განახლებული კონტაქტი, მხოლოდ ერთი შეხვედრით შემოიფარგლოს.

ამ მოლოდინს ამყარებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის,  ბატონი ზურაბ აბაშიძის კომენტარი ამ თემაზე ონლაინ-ჟურნალ „სავასთვის“ ა.წ. 27 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში. ამ ინტერვიუში იგი ამბობს:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მაღალ დონეზე შეხვედრების იდეას იმის გათვალისწინებით, რომ ამ შეხვედრებზე განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების რთული, აქტუალური საკითხები“.

რას მოუტანს რუსეთთან დიალოგი საქართველოს ამაზე მსჯელობა რთულია საერთაშორისო, საგარეო და შიდა პოლიტიკური კონტექსტის შეფასებისა და თუნდაც, 2012 წლიდან მოყოლებული რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობათა დინამიკის სიღრმისეული ანალიზის  გარეშე.

ერთი შეხედვით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ 11 წლის შემდეგ გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ რუსეთის მხრიდან დასმული მკაფიო აქცენტები, ისევე, როგორც მანამდე რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გამოცდილება, იმედიანად არ უნდა განგვაწყობდეს.   

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.