X

კონფერენციები და სემინარები

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი 2013

2013 / 12 / 11

2013 წლის 10-11 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და სლოვაკური ორგანიზაციის - ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ერთობლივი ორგანიზებითა და ვიშეგრადის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით  გაიმართა ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ვილნიუსის სამიტის შემდეგ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებს.  

უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ეს პირველი სამხრეთკავკასიური ფორუმი ჩატარდა ცენტრალური ევროპისა და სამხრეთ კავკასიის წამყვან ანალიტიკურ ცენტრებთან თანამშრომლობით. მასში მონაწილეობას იღებდნენ:  საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი (ჩეხეთის რესპუბლიკა), პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი (პოლონეთი), საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტი (უნგრეთი), სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (SPECTRUM) (სომხეთი) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს დაქვემდებარებული  სტრატეგიული კვლევების ცენტრი (აზერბაიჯანი).

ფორუმს  ესწრებოდნენ მაღალი რანგის საჯარო მოხელეების, საელჩოებისა  და აკადემიური წრეების, ასევე  ანალიტიკური ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლები. ფორუმში მონაწილეობას ასევე იღებდნენ სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების ექსპერტები და რეგიონში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებამ  განიხილა რეგიონში უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.

ფორუმზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე  და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე პოლიტიკისა  და უსაფრთხოების  საკითხებში - ელჩი, ტრასივოლუს ტერი სტამატოპულუსი.  

 

ფორუმში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სპიკერმა და მოდერატორმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, აშშ-დან და სლოვაკეთიდან. 

დისკუსიები გაიმართა შემდეგ საკითხებზე: 

• სამხრეთ კავკასიის პერსპექტივები ვილნიუსის სამიტის შემდეგ

• ინტეგრაციის განსხვავებული ამბიცია და ხედვა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - კონცეპტების შეჯახება თუ სინერგიის ძიება

• შავი ზღვის რეგიონი: თეორიული კონცეპტი თუ გეოპოლიტიკური რეალობა

• საგარეო აქტორები სამხრეთ კავკასიაში: აშშ, რუსეთი, თურქეთი, ევროკავშირი, ნატო და ეუთო

• უსაფრთხოების სექტორის რეფორმა აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში: მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები.   

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.