X

კონფერენციები და სემინარები

კონფერენცია -„ნატოს ვარშავის სამიტი - გამოწვევები და მოლოდინები“

2016 / 06 / 22

2016 წლის 22 ივნისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია -„ნატოს ვარშავის სამიტი - გამოწვევები და მოლოდინები“ გაიმართა. 

ნატოს ვარშავის სამიტი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ნატოს სამომავლო განვითარების გზის განსაზღვრის პროცესში. ბოლო სამიტის შემდგომ, რომელიც დიდ ბრიტანეთში  ჩატარდა, ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში გაჩნდა ახალი გამოწვევები, როგორც კონვენციური, ისე ჰიბრიდული მიმართულებით.  

რუსეთის პოლიტიკამ  ნატო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ცივი ომის დასრულების შემდგომ ევროპაში არსებული მშვიდობის საკითხს საფრთხე შეუქმნა.  პირველად ეს ცვლილებები  2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ხოლო შემდგომ, უკვე 2014 წელს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაში გამოიხატა. საქართველოში მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ, ასევე ყირიმზე თავდასხმამ და მილიტარიზაციამ გაართულა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება.

კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლების 2016 წლის ვარშავის სამიტის დღის წესრიგის შესახებ დისკუსიაში ჩართულობას.

კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა ისაუბრეს 2016 წლის ნატოს სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელოვანებაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე ნატოს აღმოსავლეთის საზღვრებზე არსებული მთავარი გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ნატოს პოლიტიკა, ახალი საფრთხეებსა და გამოწვევებთან მიმართებაში სტრატეგიული მიდგომა, რომელიც ძირითად კონცენტრირებულია აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოზე, საქართველოს ამჟამინდელი ჩართულობა ნატოში და საქართველო-ნატოს სამიტის შემდგომი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

კონფერენცაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სიხარულიძე, საქართველოში რუმინეთის ელჩი დიმიტრუ ბადეა, საქართველოში პოლონეთის ელჩი ანდჟრეი ჩაიზკოვსკი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორი კრისტინა ბალიესიტე.

ღონისძიების პირველი სხდომა მიეძღვნა თემას - უსაფრთხოების გამოწვევებზე ნატოს პასუხი, რომელსაც ხელმძღვანელობდა  სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი. პანელის მომხსენებელთა შორის იყვნენ  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, საქართველოში ამერიკის საელჩოს მისიის ხელმძღვანელი ნიკოლას ბერლინერი, პოლონეთის საქარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მიქალ მიარკა. 

კონფერენციის მეორე სხდომაზე განხილული იყო აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითები, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სიხარულიძე. პანელის ერთ-ერთმა მომხსნებელმა, საქართველოს თავდაცვის მინიტრმა თინა ხიდაშელმა ისაუბრა ნატოს სამიტთან მიმართებაში საქართველოს თავდაცვის რეფორმების უახლეს მიღწევების შესახებ. მოხსნებელთა შორის იყვნენ ასევე საქართველოში თურქეთის ელჩი ზეკი ლევანტ გუმრუქჩუ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი, საერთაშორისო საქმეთა პოლონური ინსტიტუტის წარმომადგენელი არტურ კაცპრზიკ და საქართველოს საგარეო საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე. 

კონფერენციის დასასრულს, შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნოდარ ხარშილაძე.

ყოველი სხდომის დასასრულს გაიმართა აქტიური დისკუსია და კითხვა პასუხის რეჟიმი დამსწრე აუდიტორიასა და მომხსნებლებს შორის. 

კონფერენციას ორგანიზება გაუწიეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა და საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ რუმინეთის,  პოლონეთის საელჩოებისა, ნატოს სამოკავშირეო ოფისის მხარდაჭერით.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.