X

კონფერენციები და სემინარები

სამუშაო შეხვედრა - „როგორ უზრუნველვყოთ გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება“

2017 / 01 / 25

2017 წლის 25 იანვარს სასტუმრო „თბილისი რუმსში“  რონდელის ფონდის, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - „როგორ უზრუნველვყოთ გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება“.  შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ენერგეტიკის საკითხების შესახებ  სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის გამართულიყო დიალოგი.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე და მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის დირექტორი მურმან მარგველაშვილი. შეხვედრას უძღვებოდა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

ღონისძიების დასაწყისში კახა გოგოლაშვილმა ხაზი გაუსვა ამ შეხვედრის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და რომ ამასთან დაკავშირებით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საჭიროა მუდმივი თანამშრომლობა და დიალოგი.

მურმან მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რისკებზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საჭიროა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ძირითადი მიზნები და ამოცანები და ილაპარაკა ენერგეტიკის სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საექსპერტო და სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს მომხსენებლებსა და დამსწრე აუდიტორიას შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.