X

კონფერენციები და სემინარები

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი

2017 / 04 / 21

2017 წლის 20-21 აპრილს, თბილისში სასტუმრო “Holiday Inn”-ში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის (STRATPOL, სლოვაკეთი) ერთობლივი ორგანიზებით სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი გაიმართა.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი 2013 წლიდან არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერთაშორისო უსაფრთხოების პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აერთიანებს ექსპერტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სამეცნიერო წრეების, კვლევითი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან,  რათა ერთად განიხილონ ფართო რეგიონში მიმდინარე  აქტუალური საკითხები.

ფორუმის პირველ დღეს დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა და  სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა რიჩარდ ტურჩანმა. ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

ღონისძიების მეორე დღეს მოხსენებითი სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარაო საქმეთა მინისტრი ბატონი მიხეილ ჯანელიძე. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკიდან  მომდინარე საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ორდღიან ფორუმზე, რომელიც ჯამში რვა სესიისგან შედგებოდა, მომხსენებლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა:  ბარაკ ობამას მმართველობის შემდგომი პერიოდი - რა შეიცვალა ევროპული უსაფრთხოებისთვის; უსაფრთხოების საკითხი შავი ზღვის რეგიონში - სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები; ევროინტეგრაციისაკენ სწრაფვა; რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები; ინფორმაციის უსაფრთხოება და ა.შ.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმის სტრატეგიული მხარდამჭერი იყო ვიშეგრადის ფონდი (International Visegrad Fund), ხოლო პარტნიორებს შორის იყვნენ „Foreign Policy Council Ukrainian PRISM“, „Regional Studies Centre (სომხეთი)“ და „Open Ukraine Foundation.“  

იხილეთ ფორუმის ამსახველი ვიდეო ბმულზე.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.