X

ლექციები და ტრენინგები

პროექტის „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამა“ კურსდამთავრებულთა კონფერენცია

2022 / 10 / 14
2022 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა რონდელის ფონდში მიმდინარე პროექტის - „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამა“ 2021-2022 აკადემიური წლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების, მუდმივ მხარდაჭერასა და მეგობრობას, რომლის წვლილი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფასდაუდებელია. მეტიც, აშშ-ის როლი უმნიშვნელოვანესია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - აღნიშნა ეკა მეტრეველმა.
„ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამას“ რონდელის ფონდი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით 20 წელიწადზე მეტია ახორციელებს. ერთწლიანი სასწავლო პროგრამა ხელს უწყობს ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებასა და უსაფრთხოების სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში მათ კარიერულ წინსვლას.
პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უნარ-ჩვევების გაძლიერებას.
პროგრამა ხორციელდება ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და 2001 წლიდან მოყოლებული უკვე 500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. 2021-2022 აკადემიური წლის ნაკადში მონაწილეობდა სამთავრობო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის 32 წარმომადგენელი, ახალ ნაკადში კი 36 მონაწილეა.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.