სიახლეები
ბოლო 24 საათი სირიაში, 5 თებერვალი
2020 / 02 / 01
ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
- შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის. თუმცა, მხარეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე კონფლიქტის დეესკალაციის მიმართულებით;
- თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ასადის რეჟიმს მოუწოდა უკან დაიხიოს და ალყა მოხსნას თურქული სადამკვირვებლო მისიებისგან. მან იქვე დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთს თავად მოუწევს ამის გაკეთება;
- გრძელდებოდა ასადის რეჟიმისა და რუსეთის ინტენსიური შეტევა იდლიბის პროვინციაზე. ასადის რეჟიმის ნაწილებმა მოახერხეს დამატებითი დასახლებული პუნქტების დაკავება იდლიბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მათ ასევე ალყა შემოარტყეს კიდევ ერთ თურქულ სადამკვირვებლო მისიას;
- ქ. იდლიბიდან თურქეთის მიმართულებით ლტოლვილთა ახალი დიდი ტალღა დაიძრა. გაეროს მონაცემებით, ბოლო 2 თვეში ლტოლვილად იქცა 520 000-ზე მეტი სირიელი. მათ შორის 80% ქალები და ბავშვები არიან;
- თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და აღორძინების პარტიის“ პრეს-სპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ თურქეთში ლტოლვილთა დიდი ნაკადების შემოსვლის შემთხვევაში ეს პრობლემა ევროპასაც შეეხება;
- თურქეთმა დამატებითი სამხედრო კოლონები გაგზავნა იდლიბის პროვინციის მიმართულებით;
- აშშ-მა დაგმო ასადის რეჟიმის მიერ ორგანიზებული შეტევა და მხარი დაუჭირა თურქეთის ქმედებებს;
- რუსულ მედიაში გაჩნდა ანტითურქული სტატიები, სადაც ანკარას ადანაშაულებენ ჯიჰადისტების ხელშეწყობაში.