სიახლეები
ბოლო 24 საათი სირიაში, 6 თებერვალი
2020 / 02 / 06
ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
- ასადის რეჟიმმა დაიწყო ქ. სარაქიბის დაკავება, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. გარდა იმისა, რომ აქ ერთდება ალეპო-ლატაკიისა და ალეპო-დამასკოს დამაკავშირებელი გზები, ეს დასახლებული პუნქტი არის ბოლო დამაბრკოლებელი წერტილი ქ. იდლიბის გზაზე, რისი აღებაც ასადის რეჟიმის საბოლოო მიზანს წარმოადგენს;
- ასადის რეჟიმის ძალებმა ალყაში მოაქციეს დამატებით 4 თურქული სადამკვირვებლო პუნქტი (სამხედრო ნაწილი) ქ. სარაქიბის გარშემო, რის შემდეგაც ორივე მხარემ გახსნა ცეცხლი;
- ასადის რეჟიმის ძალები 4 კმ-ზე მიუახლოვდნენ ქ. იდლიბს. რუსულმა ავიაციამ კი დაბომბა ოპოზიციის ნაწილები ქალაქის მისადგომებთან;
- ასადის რეჟიმმა რუსეთის საჰაერო მხარდაჭერით შეძლო დამატებითი ტერიტორიების დაკავება ქ. ალეპოს სიახლოვესაც;
- რუსეთმა ოფიციალურად აღიარა საკუთარი სამხედროების გარდაცვალების ფაქტი სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე შეტაკებების დროს. რუსი ოფიცრები აქტიურად მონაწილეობენ ასადის რეჟიმის ძალების შეტევის დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში;
- თურქეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლას იდლიბის პროვინციაში პოზიციების გასამაგრებლად. მათ ქ. იდლიბის აღმოსავლეთით კიდევ ერთი დამატებითი სადამკვირვებლო პუნქტი დააარსეს;
- ისრაელის ავიაციამ დაბომბა ქ. დამასკოს სიახლოვეს განთავსებული ირანის სამხედრო ნაწილები. შედეგად მოკლულია 12 პროირანელი მებრძოლი;
- აშშ-მა კიდევ 2 ოპერატიული სამხედრო ბაზა დააარსა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. ამგვარად, ამერიკული ბაზების რაოდენობა აქ 11-მდე გაიზარდა.