სიახლეები
ბოლო 24 საათი სირიაში, 11 თებერვალი
2020 / 02 / 11
ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
- თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქ. იდლიბის თავზე ჩამოაგდეს ასადის რეჟიმის კუთვნილი მი-17 ტიპის ვერტმფრენი. ორივე სირიელი პილოტი ადგილზევე დაიღუპა;
- საპასუხოდ, რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაბომბა ქ. იდლიბის ცენტრალური ნაწილი, რის შედეგადაც დაიღუპა 13 და დაშავდა 33 მშვიდობიანი მოქალაქე;
- ასადის რეჟიმის ძალებმა სრულად დაიკავეს დამასკო-ალეპოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
- ოპოზიციის ძალებმა თურქეთის არმიის საარტილერიო მხარდაჭერის შედეგად შეძლეს კონტრშეტევის განხორციელება ქ. იდლიბის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც მათ დაიკავეს ადრე დაკარგული სოფ. ნაირაბი. მოგვიანებით ასადის რეჟიმმა დაიწყო სახმელეთო შეტევა აღნიშნული სოფლის დაბრუნების მიზნით;
- მოსალოდნელია, რომ შედგება პუტინ-ერდოღანის სატელეფონო საუბარი, სადაც მხარეები ისაუბრებენ იდლიბის საკითხზე;
- თურქეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლას იდლიბის პროვინციაში. ვარაუდობენ, რომ ამ მომენტისთვის დაახლოებით 12 000 თურქი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება იდლიბის პროვინციაში.