X

პრეზენტაციები

კვლევის - „აღმოსავლეთ პარტნიორობა და სოციალური-ეკონომიკური პოლიტიკის ელემენტები საქართველოში“ პრეზენტაცია

2014 / 12 / 16

16 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა კვლევის - „აღმოსავლეთ პარტნიორობა და სოციალური-ეკონომიკური პოლიტიკის ელემენტები საქართველოში“ - შედეგების ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია. კვლევა ჩატარდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, ასოციაცია „ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისათვის“ და საქართველოს ასოციაცია „ქალი და ბიზნესის“ ერთობლივი ძალისხმევით.

 კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში გატარებული რეფორმების ანალიზს შემდეგი მიმართულებებით: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება; მისი სტატუსი  და გავლენა ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით, შრომითი მიგრაცია - საქართველოდან ქალთა მიგრაციის სოციალური პირობების ჭრილში, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა საქართველოში და მისი დაახლოება ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა. მონაწილეებს ასევე მიმართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჯულია ბლასიუსმა, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას და ასევე ისაუბრა ფრიდრიხ ებერტის ფონდში მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევების მოკლე მიმოხილვა: კახა გოგოლაშვილმა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, და ნათია დაღელიშვილმა, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, ისაუბრეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ასპექტებზე და ყურადღება გაამახვილეს ხელშეკრულების სარგებელზე, როგორიცაა ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების გაუქმება და ქართული პროდუქციის და მომსახურების ევროკავშირის ბაზარზე გასვლა. განხილული იქნა საკითხი, თუ რა შესაძლო გავლენას იქონიებს კონკურენტი სავაჭრო ორგანიზაციების გამოჩენა, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ისე ევრაზიის კავშირის ტერიტორიაზე, საქართველოს ვაჭრობაზე მის მეზობელ ქვეყნებთან. ნინო ელიზბარაშვილმა, საქართველოს ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“, ილაპარაკა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საქართველოში, ოლეგ შატბერაშვილმა, „ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“, წარმოადგინა თავისი კვლევის შედეგები, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის განვითარების გზებს. 

პრეზენტაცია აუდიტორიასთან აქტიური დისკუსიით გაგრძელდა. ახალი პუბლიკაცია გადაეცა ღონისძიების ყველა მონაწილეს. 

 კვლევა ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის განხორციელება საქართველოში“  ფარგლებში.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.